არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლის როლი

მშობლის როლი

მშობლის როლი

„ბავშვის ტვინი კარგად ვითარდება, როდესაც პატარა გრძნობს, რომ უყვართ, ეფერებიან, დროს უთმობენ და მასში ცნობისწადილს აღვივებენ“, — ამბობს ჰარვარდის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი პიტერ გორსკი. ჩვენი, როგორც მშობლების მოვალეობა ის კი არ არის, რომ ბავშვის ტვინი სრულყოფილად ავამოქმედოთ, არამედ ის, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის ჯანმრთელ ადამიანად განვითარებას; მასში გაწონასწორებული და ჰუმანური პიროვნების ჩამოყალიბებას.

რა სასიხარულოა მშობლისთვის, როდესაც ხედავს, რომ შვილი ზნეობრივად სუფთა და სხვებისადმი ყურადღებიანია! ასეთი შედეგების მისაღწევად აუცილებელია თავად მისცეთ შვილს კარგი მაგალითი — იყოთ ბავშვის მეგობარი, აზრების გამზიარებელი და მასწავლებელი. მართალია ბავშვებს აქვთ თანდაყოლილი უნარი, რომ სწორად მოიქცნენ, მაგრამ მშობლებმა აღზრდის პროცესში ზნეობრივი ფასეულობები თანდათანობით უნდა ჩაუნერგონ მათ.

ვინ აყალიბებს ბავშვის ხასიათს?

მკვლევარებს სხვადასხვა თვალსაზრისი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ძირითადად ვინ აყალიბებს ბავშვის ხასიათს. ზოგი ფიქრობს, რომ ბავშვს ხასიათი თანატოლების ზეგავლენით უყალიბდება. მაგრამ ბავშვთა განვითარების სფეროში მომუშავე სპეციალისტების ბერი ბრაზელტონისა და სტენლი გრინსპანის აზრით, მშობლები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე გამჭრიახები ჩამოყალიბდნენ.

ცხოვრებისეული გამოცდილება და თანატოლების ზეგავლენა მხოლოდ ემატება იმას, რაც ბავშვებში უკვე ჩანერგილია ადრეულ ასაკში. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ოჯახში თანაგრძნობითა და გაგებით ეპყრობოდნენ. ასევე, საჭიროა ასწავლოთ ბავშვებს, მართონ საკუთარი გრძნობები, როგორც ამას მოწიფული ადამიანები აკეთებენ. ამგვარად აღზრდილი ბავშვები, ჩვეულებრივ, უკეთესი თანამშრომლები და სხვებისადმი თანამგრძნობები არიან.

ადრეული ასაკიდანვე ბავშვის აღზრდა ადვილი არ არის. წარმატების მისაღწევად — განსაკუთრებით თუ ახალგაზრდა მშობელი ხართ — გონივრულია, გამოცდილი ადამიანების რჩევას მოუსმინოთ და შემდეგ არჩეული კურსის შესაბამისად მოიქცეთ. ბავშვის განვითარების შესახებ, ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტების მიერ გამოცემულია უამრავი წიგნი. ძალიან ხშირად ამ სახელმძღვანელოებში არსებული ინფორმაცია ბიბლიაში მოცემული სანდო რჩევების მსგავსია. ღვთის სიტყვაში მოცემული გონივრული რჩევების მიყოლა დიდ დახმარებას უწევს მშობლებს ბავშვების სათანადოდ აღზრდაში. განვიხილოთ ზოგიერთი პრაქტიკული რჩევა.

დაუშურველად გამოავლინეთ სიყვარული

ბავშვები ჩითილებივით კარგად ვითარდებიან და იფურჩქნებიან მაშინ, როდესაც მათზე ზრუნავენ და ყოველთვის სიყვარულით აქცევენ ყურადღებას. წყალი და მზის სინათლე კვებავს ნორჩ მცენარეს და ხელს უწყობს, რომ კარგად გაიზარდოს და მყარად გაიდგას ფესვები. მსგავსადვე, როდესაც მშობლები სიყვარულით აღსავსე სიტყვებს ეუბნებიან შვილებს და ეფერებიან, ბავშვებიც გონებრივად და ემოციურად ჯანმრთელები და ძლიერები იზრდებიან.

ბიბლიაში მარტივადაა ნათქვამი: ‘სიყვარული აშენებს’ (1 კორინთელები 8:1). მშობლები, რომლებიც დაუშურველად ავლენენ სიყვარულს შვილებისადმი, ბაძავენ თავიანთ შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნათლობისას იესომ მოისმინა მამის ხმა, რომელიც შვილისადმი სიყვარულსა და მოწონებას გამოხატავდა. ამ სიტყვებმა ძალიან გაამხნევა ის მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული იყო! (ლუკა 3:22).

ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მის მიმართ სიყვარულს ავლენთ, ძილის წინ უკითხავთ და ასევე ეთამაშებით. ექიმი ფრეიზერ მასტარდი ამბობს: ‘ყველაფრით, რასაც ბავშვი აკეთებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენს. როცა ბავშვი ხოხვას სწავლობს, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ რეაგირებთ და როგორ ახალისებთ მას’. მშობლების მხრიდან გამოვლენილი სიყვარული და მზრუნველობა ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და მომავალში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და მოწიფულ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

იყავით ბავშვის მეგობარი და იქონიეთ მასთან ახლო ურთიერთობა

ბავშვთან დროის გატარება განამტკიცებს თქვენს ურთიერთობებს. გარდა ამისა, ის ბავშვს სხვებთან ურთიერთობასაც ასწავლის. ბიბლია მოუწოდებს მშობლებს, რომ იქონიონ ახლო ურთიერთობა შვილებთან ნებისმიერ ხელსაყრელ დროს — როგორც სახლში, ასევე სხვაგან (მეორე რჯული 6:6, 7; 11:18—21).

ბავშვთა განვითარების დარგში მომუშავე სპეციალისტები ერთი აზრის არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ის დრო, რომელსაც მშობლები შვილებთან ატარებენ, ძვირადღირებულ სათამაშოებსა და გართობაზე მეტად მნიშვნელოვანია. მათთან ყოფნა შესაძლებელია მაშინაც კი, როცა ყოველდღიური საქმეებით ხართ დაკავებულნი, და ეს ძვირად­ღირებული სიამოვნება არ არის. მაგალითად, შეგიძლიათ მათთან ერთად გაისეირნოთ პარკში და დატკბეთ ბუნებით, რაც იმის შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ დაუსვათ შინაარსიანი კითხვები ბავშვებს და ესაუბროთ მათ.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ არის „ცეკვა-თამაშის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 4, აქ). დიახ, უზრუნველად თამაში აუცილებელია, იმისათვის, რომ ბავშვი გონებრივად და ემოციურად განვითარდეს და სხვებთან ურთიერთობა ისწავლოს. ფრეიზერ მასტარდის სიტყვების თანახმად, ბავშვებთან თამაში არა მხოლოდ სასურველია, არამედ აუცილებელიც. ის ამბობს: „ნეირონებს შორის კავშირები, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად, ბავშვის ტვინში ძირითადად თამაშის დროს ვითარდება“. სათამაშოები, რომლებსაც ბავშვები თავად იგონებენ მშობლებისგან დამოუკიდებლად თამაშის დროს, შეიძლება ძალიან უბრალო იყოს; მაგალითად, ბავშვებმა შეიძლება სათამაშოდ ცარიელი მუყაოს ყუთი გამოიყენონ. უსაფრთხო, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ძვირადღირებული, ულტრათანამედროვე სათამაშოების მსგავსად, არანაკლებ აღძრავენ ცნობისწადილს ბავშვებში *.

სპეციალისტების აზრით, თუ უფროსები მკაცრ წესებს დაუდგენენ ბავშვებს და ყოველთვის მიუთითებენ იმის შესახებ, თუ რა უნდა აკეთონ, ეს ხელს შეუშლის ბავშვებში წარმოსახვითი და შემოქმედებითი უნარის სათანადოდ განვითარებას. აუცილებელია ზომიერება. მიეცით ბავშვს იმის საშუალება, რომ საკუთარი სამყარო შეიქმნას და რამე გამოიგონოს. ხშირად ბავშვები თავად პოულობენ გასართობს, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებთ. უნდა იცოდეთ, თუ რას აკეთებს თქვენი ბავშვი, სად თამაშობს ის და დარწმუნდეთ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება.

დრო გამოუყავით

ბავშვი რომ კარგად აღიზარდოს, ამისათვის დასწავლება აღმზრდელობითი ზომების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. მრავალი მშობელი ყოველდღიურად გამოყოფს დროს, რათა უკითხოს ბავშვებს. ეს კი იმის საშუალებას აძლევს მშობლებს, რომ აუხსნან პატარებს, რა არის ცუდი და რა — კარგი; ასევე რა თვალსაზრისი აქვს ჩვენს შემოქმედს ზნეობრივ ფასეულობებზე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ტიმოთემ, რომელიც მისიონერი და ღვთის სიტყვის ერთგული გადამცემი იყო, ‘ჩვილობიდანვე იცოდა წმინდა წერილები’ (2 ტიმოთე 3:15).

ბავშვების სინაპსური კავშირები აქტიურდება, როდესაც მათ მშობლები უკითხავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ისეთმა ადამიანმა უკითხოს, ვინც ყურადღებიანი და გულისხმიერია. პედაგოგიკის მეცნიერებათა პროფესორი ლინდა ზიგელი იძლევა რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება წაუკითხოთ ბავშვებს: „აარჩიეთ თემები, რომლებიც ბავშვებს აინტერესებთ და რასაც დიდი სიამოვნებით უსმენენ“. ასევე ეცადეთ, უკითხოთ რეგულარულად და ერთი და იმავე დროს. თუ ასე მოიქცევით, ბავშვები ყოველთვის მოუთმენლად დაელოდებიან ამ დროის დადგომას.

სწავლება დისციპლინას მოითხოვს. სიყვარულით მიცემული დარიგება დაეხმარება ბავშვებს წარმატების მიღწევაში. „ბრძენი შვილი ისმენს მამის დარიგებას“, — ნათქვამია იგავების 13:1-ში. მაგრამ გახსოვდეთ, დარიგებაში და აღმზრდელობითი ზომების გატარებაში მრავალი რამ იგულისხმება; მაგალითად, ამაში შეიძლება შედიოდეს სიტყვიერი შენიშვნების მიცემა, რაიმე სასურველზე უარის თქმა ან დასჯის რომელიმე სხვა მეთოდის გამოყენება. ზემოხსენებული დ-რ ბერი ბრაზელტონის სიტყვების თანახმად, დასჯა „ბავშვებს ასწავლის, როგორ მართონ საკუთარი გრძნობები და ემოციები და როგორ აკონტროლონ საკუთარი საქციელი. ყველა ბავშვს აინტერესებს, სანამდე მოუთმენენ მშობლები. აღმზრდელობითი ზომების გატარება ისევე აუცილებელია, როგორც სიყვარულის გამოვლენა“.

როგორ შეუძლიათ მშობლებს შეამოწმონ, სათანადოდ სჯიან შვილებს თუ არა? პირველ რიგში, ბავშვს უნდა ესმოდეს, რატომ ისჯება. ბავშვმა შენიშვნის მიცემისას უნდა იგრძნოს, რომ ამას მზრუნველობითა და სიყვარულით აკეთებთ.

ძალისხმევა, რომელიც წარმატებით გვირგვინდება

ფრედმა ჩვევად გაიხადა, რომ თავისი გოგონასთვის ადრეული ასაკიდანვე ეკითხა ძილის წინ. მან შეამჩნია, რომ დროთა განმავლობაში ბავშვმა დაიმახსოვრა ბევრი მოთხრობა; ასევე, ის კითხვის დროს თვალს ადევნებდა სტრიქონებს, არჩევდა სიტყვებს და იმას, თუ როგორ გამოითქმებოდა ისინი. კრისიც რეგულარულად უკითხავდა შვილებს. ის მათთვის საკითხავად სხვადასხვა თემებს არჩევდა. როდესაც ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ, ის იყენებდა სურათებს ისეთი წიგნებიდან, როგორიცაა მაგალითად „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, რათა მორალურ და სულიერ საკითხებზე ესაუბრა მათთან *.

ზოგი მშობელი ბავშვებს არა მარტო უკითხავს, არამედ ცდილობს, რომ ისინი სხვა დამატებით საქმიანობებშიც ჩართოს; მაგალითად, ფანქრებითა და საღებავებით ახატვინოს, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დააკვრევინოს, ბუნებაში გაასეირნოს ან ზოოპარკში წაიყვანოს. ეს იძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობას, ასწავლოთ ბავშვს კარგი მანერები და სწორად მოქცევა. ბავშვის ადვილად ამთვისებელი გული და გონება შესანიშნავი ნიადაგია მსგავსი აღზრდისთვის.

ღირს კი ეს ყველაფერი ამდენი ძალისხმევის ფასად? მშობლები, რომლებიც მშვიდობიან ოჯახურ ატმოსფეროში ცდილობენ ამ რჩევების გათვალისწინებას, დაინახავენ, რომ მეტად ეხმარებიან შვილებს დადებითი განწყობის განვითარებაში. თუ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე განუვითარებთ გონებრივ შესაძლებლობებს და სხვებთან ურთიერთობას ასწავლით, მაშინ მათ არ გაუჭირდებათ სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების შესაბამისად ცხოვრება.

საუკუნეების წინ ბიბლიაში, იგავების 22:6-ში, ჩაიწერა ბრძნული სიტყვები: „აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან“. მშობლების როლი ბავშვების აღზრდის საკითხში ფასდაუდებელია. დაუშურველად გამოავლინეთ სიყვარული შვილებისადმი. გაატარეთ დრო მათთან ერთად, აღზარდეთ ისინი და ასწავლეთ მათ. ეს მოგიტანთ ბედნიერებას როგორც თქვენ, ასევე თქვენს შვილებს (იგავები 15:20).

[სქოლიოები]

^ აბზ. 15 იხილეთ სტატია „უფასო აფრიკული სათამაშოები“, რომელიც მოცემულია 1993 წლის 22 მარტის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ (ინგლ.).

^ აბზ. 23 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე ბავშვებისთვის შესანიშნავი სახელმძღვანელოა წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, რომელიც ასევე გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო 17 გვერდზე]

ეთამაშეთ თქვენს პატარას

▪ ბავშვებს დიდხანს არ შეუძლიათ გონების კონცენტრირება, ამიტომ ეთამაშეთ მათ მხოლოდ მაშინ, როცა ეს სურთ.

▪ როცა ბავშვს სათამაშოებს მისცემთ, შეამოწმეთ, რამდენად უსაფრთხოა ისინი და რამდენად უწყობს ხელს ბავშვის გონებრივ განვითარებას.

▪ ითამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც აქტიურ მოქმედებას მოითხოვს. ბავშვებს მოსწონთ, როცა ერთი და იმავეს გაკეთებინებენ, მაგალითად, სათამაშოს იატაკზე აგდებენ და გთხოვენ, რომ აიღოთ.

[საავტორო უფლება]

წყარო: Pediatrics for Parents

[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უკითხოთ ბავშვებს

▪ ეცადეთ უკითხოთ ბავშვებს გარკვევით და გამოთქმით. ბავშვი ენას მშობლების ლაპარაკის მოსმენით სწავლობს.

▪ როდესაც ძალიან პატარებთან ერთად წიგნს ათვალიერებთ, დაასახელეთ საგნები და ადამიანები, რომლებსაც სურათზე ხედავთ.

▪ როცა ბავშვი წამოიზრდება, შეარჩიეთ წიგნები მათთვის საყვარელ თემებზე.

[საავტორო უფლება]

წყარო: Pediatrics for Parents

[სურათები 18, 19 გვერდებზე]

გაატარეთ დრო თქვენს ბავშვებთან ერთად სასიამოვნო ატმოსფეროში.