არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარგი და ცუდი მეგობრები

კარგი და ცუდი მეგობრები

კარგი და ცუდი მეგობრები

ახალგაზრდა ქალი, დავარქვათ მას სარა, მწუხარებას მოეცვა. მამაკაცი, რომელსაც მეგობრად მიიჩნევდა, მკვლელი აღმოჩნდა. „თუ შეეძლო ასეთი რამ გაეკეთებინა მას, ვისაც ვენდობოდი, სხვას როგორღა ვენდო?“ — თქვა მან. კაცმა, რომელსაც სარა თავის გულისტკივილს უზიარებდა, ჰკითხა მას, თუ იცოდა, რა ღირებულებებით ცხოვრობდა ის პიროვნება. სარამ ჰკითხა: „რას გულისხმობთ?“ მან არც კი იცოდა, რა იგულისხმებოდა ღირებულებებში. თქვენ თუ იცით? იცით, რა ღირებულებებით ხელმძღვანელობს ცხოვრებაში თქვენი მეგობარი?

როგორც სარას შემთხვევა გვიჩვენებს, ეს — არც მეტი, არც ნაკლები — შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოს. ბიბლიური იგავი ამას შემდეგი სიტყვებით გადმოგვცემს: „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20, სსგ). თუმცა სარას მსგავსად ბევრი მეგობრებს იმის საფუძველზე ირჩევს, თუ რამდენად ეწყობიან მათ და როგორ გრძნობენ თავს მათ კომპანიაში. რასაკვირველია, მოგვწონს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებენ. მაგრამ, თუ ეს მეგობრების შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმია და შინაგან თვისებებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ან საერთოდ არ ვითვალისწინებთ, ამან შეიძლება იმედგაცრუებამდე მიგვიყვანოს. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, ხელმძღვანელობს თუ არა სწორი ღირებულებებით ცხოვრებაში პიროვნება?

მაღალი ზნეობრივი ღირებულებების აუცილებლობა

უპირველეს ყოვლისა, თავად ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ მაღალზნეობრივი ღირებულებებით. საჭიროა ვიცოდეთ, რა არის სწორი და რა — არასწორი, რა არის კარგი და რა — ცუდი, და ყოველთვის მტკიცედ დავიცვათ მაღალი ზნეობრივი პრინციპები. ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავები 27:17, სსგ). როდესაც ორი მეგობარი მაღალზნეობრივი ღირებულებით ცხოვრობს, მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ერთმანეთის წინსვლას, რაც მათ შორის ურთიერთობასაც უფრო გაამყარებს.

საფრანგეთში მცხოვრები პაკომი ამბობს: „ჩემთვის ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც მისმენს, გულთბილად მესაუბრება, მაგრამ შენიშვნასაც მაძლევს, თუ რაღაცა არასწორად გავაკეთე“. დიახ, ჩვენი საუკეთესო მეგობრები — ახალგაზრდები იქნებიან თუ ხანდაზმულები — ისინი არიან, რომლებიც გვეხმარებიან, კვლავაც სწორ გზაზე ვიაროთ და შენიშვნასაც გვაძლევენ, თუ არასწორად ვიქცევით. ბიბლიაში ნათქვამია: „მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია“ (იგავები 27:6, სსგ). ზნეობრივად და სულიერად რომ გავძლიერდეთ, მათთან უნდა ვიქონიოთ ურთიერთობა, ვისაც უყვარს ღმერთი და მისი პრინციპები. „სკოლაში არავინ იყო, ვინც ჩემს რწმენასა და ქრისტიანულ ღირებულებებს იზიარებდა, — იხსენებს საფრანგეთში მცხოვრები სელინი. — ამან დამანახა იმის აუცილებლობა, რომ ნამდვილი მეგობრები ქრისტიანულ კრებაში უნდა მყოლოდა. ისინი დიდ დახმარებას მიწევდნენ, რომ გაწონასწორებული ვყოფილიყავი“.

მომავალი მეგობრების შეფასების კრიტერიუმები

თუ გსურთ მასთან დამეგობრება, ვინც ეს-ეს არის გაიცანით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვინ არიან მისი მეგობრები?“ ის, თუ ვისთან აქვს ახლო ურთიერთობა, ბევრს ამბობს მასზე. აგრეთვე, გაიგეთ, რას ფიქრობენ მასზე მოწიფული ადამიანები, ვის აზრსაც ხალხი პატივს სცემს. გარდა ამისა, გონივრულია, ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ იმას, თუ ჩვენ როგორ გვექცევიან მომავალი მეგობრები, არამედ იმასაც, თუ როგორ ექცევიან სხვებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისგანაც სანაცვლოდ არაფერს ელიან. თუ პიროვნება ყოველთვის და ყოველ ადამიანთან არ ავლენს დადებით თვისებებს, როგორიცაა პატიოსნება, ერთგულება, მოთმინება და ყურადღებიანობა, რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენ ყოველთვის კარგად მოგექცევათ?

იმისათვის, რომ გაიგოთ, სინამდვილეში როგორია პიროვნება, საჭიროა მოთმინება, გამჭრიახობა და, ამასთან ერთად, დრო, რათა დააკვირდეთ მას. ბიბლია გვირჩევს: „ზრახვა კაცის გულში ღრმა წყალია, ხოლო გონიერი კაცი ამოხაპავს მას“ (იგავები 20:5). საჭიროა მომავალ მეგობარს ვესაუბროთ ისეთ სერიოზულ საკითხებზე, რაც გამოავლენს მის პიროვნებას, აღძვრებს და, რაღა თქმა უნდა, მის ცხოვრებისეულ ღირებულებებს. როგორი ადამიანია? ბუნებით თბილია თუ ცივი? ოპტიმისტია და მხიარული თუ პესიმისტი და ცინიკოსი? მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს თუ — სხვებზეც? სანდოა თუ არასაიმედო? თუ თქვენთან კრიტიკულად ლაპარაკობს სხვებზე, ზურგს უკან თქვენზეც უარყოფითად ხომ არ ისაუბრებს? „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“, — თქვა იესო ქრისტემ (მათე 12:34). ამიტომაც მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, თუ რას ლაპარაკობს ადამიანი.

ის, რაც პირველ რიგში უნდა გაერთიანებდეთ

ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მათ მეგობრებს უნდა ჰქონდეთ მათივე მსგავსი გემოვნება. ერთმა პატარა ბიჭმა თქვა: „არასოდეს დავუმეგობრდები მას, ვისაც არ უყვარს ტკბილეული“. მართალია, მეგობრებს ბევრი რამ უნდა აერთიანებდეთ, რომ ერთმანეთს გაუგონ, და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, უნდა ჰქონდეთ საერთო ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები. მაგრამ აუცილებელი არაა, რომ მათ ერთი და იგივე თვისებები და წარმომავლობა ჰქონდეთ. სინამდვილეში, განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება შესაძლოა ორმხრივ სასარგებლოც იყოს.

ბიბლიაში ჩაწერილია მეგობრობის ორი დაუვიწყარი მაგალითი: იონათანსა და დავითს, რუთსა და ნაყომის ღვთისა და მისი პრინციპებისადმი ერთგულება აერთიანებდათ *. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში მეგობრები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან როგორც ასაკით, ისე წარმომავლობით. როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, ახალგაზრდებს და უფროსი ასაკის ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთისთვის კარგი მეგობრები იყვნენ.

სარგებლობა, რომელიც ასაკობრივ სხვაობას მოაქვს

ჩვენზე უფროსი ან უმცროსი ასაკის ადამიანებთან მეგობრობა შესაძლოა ორმხრივ სასარგებლო იყოს. აი, რას ფიქრობენ ახალგაზრდები პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე:

მანუელა (იტალია): „რამდენიმე ხნის წინ დავუმეგობრდი ჩემზე უფროსი ასაკის წყვილს. მე გულწრფელი ვიყავი მათთან და ისინიც გულახდილები იყვნენ ჩემთან, რაც სიხარულს მანიჭებდა. ისინი არანაირად მაგრძნობინებდნენ, რომ მათზე პატარა ვიყავი. ამან აღმძრა, უფრო დავახლოვებოდი მათ. მათთან მეგობრობა ძალიან მეხმარება პრობლემებთან გამკლავებაში. მივხვდი, როდესაც ჩემს პრობლემებზე ვესაუბრები ჩემს თანატოლებს, მათ შორის გოგონებს, რომლებთანაც ვმეგობრობ, ისინი დაუფიქრებელ რჩევებს მაძლევენ. მათგან განსხვავებით, უფროსი ასაკის მეგობრებს აქვთ გამოცდილება, გამჭრიახობა და გაწონასწორებულობა, რაც ახალგაზრდებს ჯერ არ გვაქვს. მათი დახმარებით უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებ“.

ცულეიკა (იტალია): „მეგობრულ შეხვედრებზე მარტო ახალგაზრდები არ ვიკრიბებით. ჩვენთან ერთად უფროსი ასაკის ადამიანებიც არიან. როცა უფროსები და ახალგაზრდები ერთად ვიკრიბებით, ბოლოს ყველა კმაყოფილი ვრჩებით. ჩვენ გვსიამოვნებს ურთიერთობა, რადგან ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს ვუზიარებთ“.

უფროსებო, თქვენც გამოავლინეთ ინტერესი ახალგაზრდებისადმი. როგორც ზემოხსენებული კომენტარები აჩვენებს, მრავალი ახალგაზრდა ძალიან აფასებს თქვენს გამოცდილებას და მათ სიამოვნებთ თქვენთან ურთიერთობა. ამელია, 80 წელს გადაცილებული ქვრივი, ამბობს: „ვცდილობ, რომ ურთიერთობა ვიქონიო ახალგაზრდებთან. მათი ენერგიულობა ძალებს მმატებს“. ასეთმა გამამხნევებელმა ურთიერთობებმა შესაძლოა უფრო მეტი კურთხევები მოგიტანოთ. ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ მათ წარმატებაში დიდი როლი შეასრულეს მეგობრებმა, რომლებიც რამდენიმე წლით მაინც იყვნენ უფროსები და კარგ მაგალითსა და სასარგებლო რჩევებს აძლევდნენ.

მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება

კარგი მეგობრების ყოლისთვის არ არის აუცილებელი ახალი მეგობრების შეძენა. თუ უკვე გყავთ კარგი ამხანაგები, რატომ არ დაფიქრდებით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მათთან მეგობრული ურთიერთობის განსამტკიცებლად. დიდი ხნის მეგობრებს ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც ძვირფას განძს. ყოველთვის დააფასეთ მათი ერთგულება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ნამდვილი ბედნიერება — და ნამდვილი მეგობრობა — დროის გამოყოფასა და ხელგაშლილობას მოაქვს. შედეგები ნამდვილად ღირს ძალისხმევად და მსხვერპლის გაღებად. თუმცა, მეგობრების არჩევისას თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ, ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას. ასე რომ, როდესაც ახალი მეგობრების შეძენას ფიქრობთ, ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ მათით, ვინც მოგწონთ ან ვისგანაც სარგებლობის მიღება შეგიძლიათ. მათაც დაუახლოვდით, ვისაც სხვები შესაძლოა ყურადღებას არ აქცევენ ან ვისაც უჭირს სხვებთან დამეგობრება. საფრანგეთში მცხოვრები გაილი ამბობს: «როდესაც ერთად ვიკრიბებით, იმ ახალგაზრდებსაც ვეპატიჟებით, რომლებიც თავს მარტოდ გრძნობენ. მათ ვეუბნებით: „დღევანდელი დღე ჩვენთან ერთად გაატარე, მარტო ნუ დარჩები. ერთმანეთსაც უკეთესად გავიცნობთ“» (ლუკა 14:12—14).

მეორე მხრივ, თუ კარგ ადამიანებს თქვენთან დამეგობრება უნდათ, ნუ შეაქცევთ მათ ზურგს. იტალიაში მცხოვრები ელიზა აღნიშნავს: „შესაძლოა გულში წყენა გაქვს დარჩენილი იმის გამო, რომ წარსულში ვინმემ შენი იმედები არ გაამართლა. შესაძლოა ფიქრობდე, რომ სულაც არ გჭირდება მეგობრები. ამიტომაც საკუთარ თავში იკეტები, ყველას ერიდები და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ. ნაცვლად იმისა, რომ მეგობრები შეიძინო, ნებისმიერ ასეთ შესაძლებლობას გაურბიხარ“. იმის მაგივრად, რომ ნება დართო უსაფუძვლო შიშსა და ეგოისტურ სურვილებს, ხელი შეგიშალოს მეგობრების შეძენაში, გულღია იყავი სხვებთან. ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ მათი, ვისაც სურს, რომ დაგვიმეგობრდეს.

თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ ნამდვილი მეგობრები

მეგობრების შეძენა მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე სურვილს, ლოდინსა და ასეთი სტატიების კითხვას. საჭიროა ისწავლოთ, როგორ შეიძინოთ მეგობრები; ეს ველოსიპედის ტარების სწავლას ჰგავს. მხოლოდ წიგნების კითხვით ვერც ველოსიპედის ტარებას ისწავლით და ვერც მეგობრების შეძენას. საჭიროა პრაქტიკა, თუნდაც რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დამთავრდეს. ბიბლია აჩვენებს, რომ მტკიცე ურთიერთობებს ადამიანები მაშინ ამყარებენ, როცა ღვთის მეგობრები არიან. მაგრამ ღმერთი ამ მხრივ ვერ გვაკურთხებს, თუ ამისათვის არაფერს ვაკეთებთ. გსურთ, გყავდეთ ნამდვილი მეგობრები? გულს ნუ გაიტეხთ! დახმარებისთვის ლოცვით მიმართეთ იეჰოვას, გულწრფელი ინიციატივა გამოავლინეთ და თქვენ თვითონ იყავით სხვებისთვის მეგობარი.

[სქოლიო]

^ აბზ. 12 მეგობრობის ამ მაგალითების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიის შემდეგ წიგნებში: „რუთი“, „პირველი მეფეთა“ და „მეორე მეფეთა“.

[ჩარჩო/სურათი 11 გვერდზე]

რჩევა მშობლებს

როგორც ბევრ სხვა რამეს, იმის სწავლასაც, რაც მეგობრობას უკავშირდება, ადამიანი ოჯახიდან იწყებს. იდეალურ შემთხვევაში, ოჯახი აკმაყოფილებს ბავშვის ურთიერთობების მოთხოვნილებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი ასეთ გარემოში იზრდება, მის აზროვნებაზე, გრძნობებსა და ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს სხვებთან ურთიერთობა. მაგალითად, დაფიქრდით თუნდაც იმაზე, თუ რა საოცრად სწრაფად სწავლობენ უცხო ენას იმიგრანტთა შვილები მხოლოდ და მხოლოდ სხვა ბავშვებთან ურთიერთობით.

მშობლებო, თქვენ განსაკუთრებული შესაძლებლობა გაქვთ ბავშვების დასახმარებლად, რომ გონივრულად აირჩიონ მეგობრები. როგორც პატარა ბავშვებს, ისე მოზარდებს არ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება მშობლების ხელმძღვანელობის გარეშე. და სწორედ აქ გვექმნება პრობლემა. ბევრ ახალგაზრდას თავიანთ თანატოლებთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვს, ვიდრე მშობლებთან ან სხვა უფროსი ასაკის ადამიანებთან.

ზოგი სპეციალისტის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახალგაზრდები რჩევისთვის თანატოლებს უფრო მიმართავენ, ვიდრე მშობლებს, ის არის, რომ ბევრი მშობელი თვითონვე არ არის დარწმუნებული საკუთარ მორალურ უფლებებში. მშობლებმა უნდა იტვირთონ ღვთისგან დაკისრებული პასუხისმგებლობა — უნდა უხელმძღვანელონ შვილებს და იზრუნონ მათზე (ეფესოელები 6:1—4). მაგრამ როგორ? ფსიქოლოგი რონ ტაფელი ესაუბრა იმ მშობლებს, რომლებიც გაურკვევლობაში არიან, რადგან შვილებთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ. ის წერს, რომ ბევრ მშობელს „იტაცებს მასმედიის მიერ აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, ნაცვლად იმისა, რომ შვილებისადმი ნამდვილი მზრუნველობა გამოავლინონ“. რატომ მიმართავენ ისინი ასეთ საშუალებებს? „ისინი თავიანთი შვილების ბუნებას არ იცნობენ იმდენად კარგად, რომ უშუალოდ მათ მოთხოვნილებებს უპასუხონ“.

მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, რომ მშობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ შვილებთან. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ბავშვები იმ შემთხვევაში მიმართავენ მეგობრებს, თუ ოჯახში ვერ იღებენ იმას, რაც მათ სჭირდებათ. რა სჭირდებათ ბავშვებს? „მზრუნველობა, დაფასება, მფარველობა, იმის ახსნა, თუ რა მოითხოვება მათგან და ის, რომ ოჯახის წევრებად იგრძნონ თავი“, — აღნიშნავს ტაფელი. „თანამედროვეობის ტრაგედიაა ის, რომ მოზარდების უმეტესობა ამ ძირითად მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს უფროსებისგან და საკუთარ ოჯახშიც ვერ გრძნობს თავს ისე, როგორც უნდა გრძნობდეს“.

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რომ კარგი მეგობრული ურთიერთობები განავითარონ? პირველი ნაბიჯია, დაფიქრდეთ თქვენს პირად ცხოვრებასა და თქვენს მეგობრებზე. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი და მათი მიზნები და ცხოვრების წესი კეთილშობილური, უანგარო, სულიერი და არამატერიალისტურია? „საქმეები უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები; შვილები შეამჩნევენ, თუ როგორები ხართ სინამდვილეში როგორც თქვენ, ასევე თქვენი მეგობრები და მათი შვილები“, — აღნიშნავს დუგლასი, ქრისტიანი უხუცესი და მამა.

მრავალი ცხოველიც კი ინსტინქტურად და ხშირად გააფთრებით იცავს თავის ნაშიერს სხვა საშიში ცხოველებისგან. ერთი სპეციალისტი, რომელიც დათვების ქცევას აკვირდება, ამბობს: „დედა დათვები თვალის ჩინივით უფრთხილდებიან თავიანთ პატარებს, რათა არაფერმა მიაყენოს ზიანი“. განა ასეთივე მზრუნველობა არ უნდა გამოავლინონ ადამიანებმა? იტალიაში მცხოვრები რუბენი ამბობს: «მშობლები ჩემთან ერთად მსჯელობდნენ წმინდა წერილების საფუძველზე. მათ დამანახვეს, რომ ჩემთვის უკეთესი იყო, ზოგიერთებთან ურთიერთობისთვის თავი ამერიდებინა. ამან თავიდან გამანაწყენა. „თურმე მეგობრების ყოლის უფლებაც არ მქონია!“ — ასეთი იყო ჩემი პირველი რეაქცია. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მშობლები მართლები იყვნენ. მე მადლობელი ვარ მათ მიერ გამოვლენილი მოთმინებისთვის, რადგან დაცული აღმოვჩნდი».

ამასთანავე, გააცანით თქვენს შვილებს ის ადამიანები, რომლებიც კარგი რეპუტაციით სარგებლობენ; ისინი დაეხმარებიან მათ კარგი მიზნების დასახვაში. წარმატებული და ბედნიერი ახალგაზრდა ფრანცისი იხსენებს: „დედაჩემმა შეამჩნია, რომ მე და ჩემს ძმებს, ძირითადად, მარტო ერთმანეთთან გვქონდა ურთიერთობა. ასე რომ, ის დაგვეხმარა, აქტიური, სრული დროით მსახური თანაქრისტიანებიც დაგვეპატიჟა. ასე დავუმეგობრდი მათ ჩვენივე სახლში“. თუ თქვენც მსგავს ძალისხმევას გამოავლენთ, შვილებისთვის თქვენი ოჯახი ის ხელსაყრელი გარემო იქნება, სადაც ჯანსაღი მეგობრული ურთიერთობები აღმოცენდება.

[სურათი 9 გვერდზე]

დააკვირდით მომავალი მეგობრების საქციელს.

[სურათი 10 გვერდზე]

უანგარო მეგობრობისთვის ასაკი და წარმომავლობა ხელისშემშლელი ფაქტორები არ არის.