არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის ღვთის სამეფოს მეფე?

ვინ არის ღვთის სამეფოს მეფე?

ღვთივშთაგონებით ბიბლიის დამწერებმა მნიშვნელოვანი დეტალები გაგვიმჟღავნეს, რაც ღვთის სამეფოს მეფის ვინაობის დადგენაში გვეხმარება. აი, რა იყო მასზე ნაწინასწარმეტყველები:

  • იქნებოდა ღვთის რჩეული. „მე, თავად მე, დავაყენე ჩემი მეფე . . . მთხოვე და გიბოძებ ხალხებს მემკვიდრეობად, კიდით კიდემდე მთელ დედამიწას მოგცემ საკუთრებად“ (ფსალმუნი 2:6, 8).

  • იქნებოდა მეფე დავითის მემკვიდრე. „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე . . . მისი მმართველობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება დავითის ტახტზე და მის სამეფოში, რათა . . . განმტკიცდეს . . . ეს სამეფო“ (ესაია 9:6, 7).

  • დაიბადებოდა ბეთლემში. „ბეთლემო . . . შენგან გამომივა მმართველი . . . მისი დიდება დედამიწის კიდეებს მისწვდება“ (მიქა 5:2, 4).

  • უარყოფდნენ და მოკლავდნენ. „ათვალწუნებული იყო და არაფრად ვაგდებდით . . . ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა, ჩვენი დანაშაულისთვის შეიმუსრა“ (ესაია 53:3, 5).

  • მკვდრეთით აღდგებოდა და განდიდდებოდა. „შენ არ დამტოვებ სამარეში, არ გაიმეტებ შენს ერთგულს საფლავისთვის . . . მარადიული ბედნიერება მოაქვს შენს მარჯვენასთან ყოფნას“ (ფსალმუნი 16:10, 11).

რატომ იქნება იესო ქრისტე საუკეთესო მმართველი?

ერთადერთი პიროვნება, ვისზეც საუკეთესო მმართველთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები შესრულდა, იესო ქრისტეა. როცა ანგელოზმა მარიამს ამცნო, რომ ქრისტე უნდა ეშვა, ასეთი რამ უთხრა: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, თავისი წინაპრის, ტახტს მისცემს და . . . მისი სამეფო სამარადისოდ იარსებებს“ (ლუკა 1:31—33).

იესოს დედამიწაზე არასდროს უმეფია. მან კაცობრიობაზე ზეციდან უნდა იმმართველოს როგორც ღვთის სამეფოს მეფემ. რატომ არის ის საუკეთესო მმართველი? დავფიქრდეთ, რას აკეთებდა იესო დედამიწაზე.

  • იესო ზრუნავდა ხალხზე. ის ეხმარებოდა განურჩევლად ყველას — კაცსა თუ ქალს, ახალგაზრდასა თუ მოხუცს. იესო ადამიანებს არც მდგომარეობის და არც წარმომავლობის მიხედვით განასხვავებდა (მათე 9:36; მარკოზი 10:16). სახარებებიდან ვიგებთ, რომ მას გული დაეწვა და განკურნა კეთროვანი, რომელმაც სთხოვა: „თუკი მოისურვებ, შეძლებ ჩემს განკურნებას“ (მარკოზი 1:40—42).

  • იესომ ღვთისმოსაწონად ცხოვრება გვასწავლა. მან თქვა: „ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“. იესომ ისიც გვასწავლა, რომ სხვებს ისე მოვპყრობოდით, როგორ მოპყრობასაც თავად ვისურვებდით. ამ პრინციპს „ოქროს წესი“ ეწოდა. მან აგრეთვე დაგვანახვა, რომ ღვთისთვის მხოლოდ ჩვენი საქმეები კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ფიქრები და მოტივებიც. ასე რომ, თუ გვსურს, ღმერთს ვასიამოვნოთ, უმართებულო ფიქრებს და სურვილებს გასაქანი არ უნდა მივცეთ (მათე 5:28; 6:24; 7:12). იესომ ისიც გვასწავლა, რომ ნამდვილ ბედნიერებას იმ შემთხვევაში ვიგრძნობთ, თუ გავიგებთ, რას მოელის ღმერთი ჩვენგან და მისი ნების თანახმად ვიცხოვრებთ (ლუკა 11:28).

  • იესომ სხვების სიყვარული გვასწავლა. ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა და აკეთებდა, მსმენელის გულს სწვდებოდა. „ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა, რადგან . . . ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა“ (მათე 7:28, 29). ის ასწავლიდა ხალხს, რომ ჰყვარებოდათ თავიანთი მტრები. იესო თავისი მკვლელებისთვისაც კი სთხოვდა ლოცვაში ღმერთს: „მამა, აპატიე, არ იციან, რას აკეთებენ“ (მათე 5:44; ლუკა 23:34).

ზემოხსენებული ფაქტები უდავოდ იმაზე მოწმობს, რომ იესო საუკეთესო მმართველი იქნება. როდის დაიწყებს ის მმართველობას?