არჩეულ მასალაზე გადასვლა

კამპანია, რომელმაც არაერთი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა

კამპანია, რომელმაც არაერთი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა

მექსიკის ერთ-ერთ შტატში, ტაბასკოში, თვითმკვლელობის გახშირებული შემთხვევების გამო 2017 წელს იეჰოვას მოწმეებმა წამოიწყეს ორთვიანი სპეციალური კამპანია, რომლის დროსაც ავრცელებდნენ 2014 წლის აპრილის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს სახელწოდებით „სამი მიზეზი, რის გამოც ღირს სიცოცხლე“. ამ კამპანიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დროული დახმარება

ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ფაუსტინო, გაესაუბრა ქალბატონს, რომელიც ძალიან წუხდა თავისი 22 წლის ვაჟის გამო. მისი ვაჟი დეპრესიით იტანჯებოდა და თავის მოკვლაც კი სცადა. დედამ არ იცოდა, როგორ დახმარებოდა თავის შვილს. როდესაც ფაუსტინომ ეს ჟურნალი შესთავაზა, მან თქვა: „ჩემს შვილს ზუსტად ეს სჭირდება!“. მომდევნო დღეს ფაუსტინომ ამ ქალბატონის ვაჟი მოინახულა და მასთან ერთად განიხილა ჟურნალში მოცემული ბიბლიური რჩევები. რამდენჯერმე მისვლის შემდეგ ფაუსტინომ შენიშნა, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი თავს ბევრად უკეთ გრძნობდა. ის ამბობს: „ახლა იგი გაცილებით მშვიდად გამოიყურება და უფრო ბედნიერია“. აღსანიშნავია, რომ ამ მამაკაცმა ნასწავლი თავის ძმას გაუზიარა, რომელიც ასევე დეპრესიაშია.

კარლამ, რომელიც ჰუიმანგუილოში ცხოვრობს, ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ თავისი კლასელის დასახმარებლად გამოიყენა. აი, რას გვიყვება ის: „შევნიშნე, რომ ერთი ჩემი კლასელი გოგონა, რომელიც 14 წლისაა, ძალიან დამწუხრებული იყო. როცა გამოველაპარაკე, თავისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ მომიყვა. საუბრისას შევნიშნე, რომ მარცხენა ხელზე ნაიარევი ჰქონდა“. როგორც აღმოჩნდა, გოგონა ხშირად ისერავდა ხელებს და ფეხებს. ფიქრობდა, რომ შეუხედავი იყო და მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა. კარლამ თანაკლასელს ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ შესთავაზა; წაკითხვის შემდეგ გოგონამ კარლას უთხრა, რომ ეს ჟურნალი სწორედ მისთვის იყო დაბეჭდილი. მეტიც, მან ღიმილით უთხრა კარლას, რომ ახლა უკვე იცის, რატომ ღირს სიცოცხლე.

ქალაქ ვილიაერმოსაში მცხოვრები ერთი მამაკაცი დეპრესიაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც სამსახური დაკარგა, ცოლმა მიატოვა და შვილებთან ერთად მარტო დარჩა. სასოწარკვეთილი ღმერთს სთხოვდა დახმარებას, თუმცა თავს მაინც უიმედოდ გრძნობდა. ერთხელაც, როცა თავის მოკვლა დააპირა, კარზე იეჰოვას მოწმეებმა, მარტინმა და მიგელმა, დაუკაკუნეს და ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ შესთავაზეს. როგორც კი მამაკაცმა ჟურნალის სათაურს მოჰკრა თვალი, მიხვდა, რომ ეს მის ლოცვაზე პასუხი იყო. მარტინმა და მიგელმა მას ბიბლიიდან გამამხნევებელი აზრები წაუკითხეს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მოწმეებმა მამაკაცი კვლავ მოინახულეს, ის გაცილებით მშვიდად გამოიყურებოდა. ახლა მოწმეები მასთან კვირაში ორჯერ ბიბლიის შესწავლას ატარებენ.

სასიხარულო ცნობას პატიმრებიც ისმენენ

ამ კამპანიის დროს მოწმეებმა ტაბასკოს შტატში მდებარე რამდენიმე ციხეში პატიმრები მოინახულეს. მოწმეებმა მათ ბიბლიიდან სასიხარულო ცნობა გაუზიარეს და დაანახვეს, რომ სიცოცხლეს ნამდვილად აქვს აზრი. მათ პატიმრებისთვის მომზადებული ჰქონდათ ვიდეორგოლები და ბიბლიური მოხსენება; გარდა ამისა, მოწმეებმა იმსჯელეს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემულ მნიშვნელოვან აზრებზე. მოსმენილმა არა მხოლოდ პატიმრებზე, არამედ ციხის პერსონალზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთმა პატიმარმა აღნიშნა: „სამჯერ ვცადე თავის მოკვლა. ზოგი მეუბნებოდა, რომ ღმერთი ზრუნავს ჩემზე, თუმცა მათ არასდროს გამოუყენებიათ ბიბლია, რომ ამაში დავერწმუნებინე. თქვენმა სიტყვებმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა“.

აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიამ ბევრის ყურადღება მიიპყრო. ჯანდაცვის მინისტრმა იეჰოვას მოწმეები შეაქო საზოგადოების სასიკეთოდ გაწეული შრომისთვის. გარდა ამისა, ადგილობრივ გაზეთში მოწმეების კამპანიის შესახებ დაიბეჭდა სტატია სათაურით „მათ სუიციდის წინააღმდეგ გაილაშქრეს“.