არჩეულ მასალაზე გადასვლა

ყველა რელიგია ერთია? ყველა რელიგიას მიჰყავს ადამიანი ღმერთამდე?

ყველა რელიგია ერთია? ყველა რელიგიას მიჰყავს ადამიანი ღმერთამდე?

ბიბლია გვპასუხობს:

 რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ბიბლიაში თაყვანისმცემლობის არაერთ ფორმაზეა საუბარი, რომელიც ღვთისთვის მიუღებელია. ქვემოთ ვიმსჯელებთ, როგორ თაყვანისცემას არ იწონებს ღმერთი.

1. ცრუ ღმერთების თაყვანისცემა

 როცა ბიბლიაში საუბარია ცრუ ღმერთების თაყვანისცემაზე, ხშირად გამოყენებულია ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ამონასუნთქი“, „ამაოება“, „უსარგებლო“ (იერემია 10:3—5; 16:19, 20). ძველად იეჰოვამ a ისრაელ ერს ასეთი მითითება მისცა: „არ გყავდეს სხვა ღმერთები ჩემ გარდა“ (გამოსვლა 20:3, 23; 23:24). როდესაც ისრაელებმა სხვა ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს, „აენთო იეჰოვას რისხვა“ მათზე (რიცხვები 25:3; ლევიანები 20:2; მსაჯულები 2:13, 14).

 ღმერთს დღესაც ასეთივე დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, ვინც თაყვანს სცემს „ეგრეთ წოდებულ ღმერთებს“ (1 კორინთელები 8:5, 6; გალატელები 4:8). ყველას, ვისაც მისი თაყვანისცემა სურს, იგი მოუწოდებს, კავშირი გაწყვიტონ მათთან, ვინც ცრუ ღმერთებს სცემს თაყვანს: „გამოდით მათგან და გამოეყავით“ (2 კორინთელები 6:14—17). დაფიქრდით: თუ ყველა რელიგია ერთია და მათ ღმერთამდე მივყავართ, მაშინ რატომ გვაძლევს ღმერთი ასეთ მითითებას?

2. ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა მისთვის მიუღებელი სახით

 ისრაელები ზოგჯერ ღვთის თაყვანისცემის დროს ისეთ წეს-ჩვეულებებს ასრულებდნენ, როგორსაც ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლები, მაგრამ იეჰოვასთვის ამაზრზენი იყო ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცრუთაყვანისმცემლობასთან აღრევა (გამოსვლა 32:8; კანონი 12:2—4). პირველ საუკუნეში იესომ გაკიცხა რელიგიური წინამძღოლები იმის გამო, რომ ღმერთს მისთვის მიუღებელი სახით სცემდნენ თაყვანს. ისინი თავს მორწმუნეებად წარმოაჩენდნენ, მაშინ როცა თვალთმაქცობდნენ და დავიწყებული ჰქონდათ „უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება“ (მათე 23:23).

 დღესაც იმავეს თქმა შეიძლება: ღმერთამდე მხოლოდ იმ რელიგიას მივყავართ, რომელსაც საფუძვლად ჭეშმარიტება უდევს, ჭეშმარიტება, რომლის გაგებაც ბიბლიის ფურცლებიდან შეგვიძლია (იოანე 4:24; 17:17; 2 ტიმოთე 3:16, 17). ის რელიგიები, რომელთა მოძღვრებებიც არ ეთანხმება ბიბლიას, სინამდვილეში ადამიანებს ღმერთს აშორებს. ხალხის აზრით, ისეთ სწავლებებს, როგორიცაა სამება, სულის უკვდავება, მარადიული სატანჯველი, ბიბლიური საფუძველი აქვს, მაგრამ ეს სწავლებები ცრუთაყვანისმცემლობიდან იღებს სათავეს. ასეთი თაყვანისმცემლობა „ამაოებაა“, რადგან ხალხს ღვთის მოთხოვნების შესრულებისკენ კი არა, ადამიანთა ადათ-წესებისა და ტრადიციების დაცვისკენ მოუწოდებს (მარკოზი 7:7, 8, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

 ღმერთს სძულს რელიგიური თვალთმაქცობა (ტიტე 1:16). ადამიანი ღმერთთან რომ დააახლოოს, რელიგია მისგან გარკვეული წეს-ჩვეულებების ფორმალურად დაცვას კი არ უნდა მოითხოვდეს, არამედ მისი ცხოვრების წესზე უნდა ახდენდეს გავლენას. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუ ვინმეს თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, მაგრამ ენას არ ლაგმავს და თავის გულს აცდუნებს, ფუჭია მისი თაყვანისცემა. ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და უმანკოდ დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ (იაკობი 1:26, 27). სიტყვები „წმინდა . . . თაყვანისცემა“, რომელიც სუფთა და უთვალთმაქცო თაყვანისმცემლობაზე მიუთითებს, „ბიბლიის საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ გადმოტანილია როგორც „უმწიკვლო ღვთისმსახურება“.