არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

დაბადების 1:26​ — „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად“

დაბადების 1:26​ — „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად“

 «ღმერთმა თქვა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენ ანარეკლად, ჩვენ მსგავსებად. მას დაემორჩილონ ზღვის თევზები, ცის ფრინველები, შინაური ცხოველები, ყველა სხვა ცხოველი დედამიწაზე და მთელი დედამიწა“» (დაბადება 1:26, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 «თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს“» (დაბადება 1:26, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 ღმერთმა ადამიანები თავის ხატად, ანუ ანარეკლად იმ გაგებით შექმნა, რომ მათ აქვთ უნარი, გამოიმუშაონ ისეთი თვისებები, როგორიც ღმერთს აქვს, მაგალითად, სიყვარული, თანაგრძნობა და სამართლიანობა.

 «ღმერთმა თქვა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენ ანარეკლად“». იეჰოვამ a თავისი შემოქმედების დასაწყისში შექმნა ერთი ძლიერი სულიერი ქმნილება, რომელიც მოგვიანებით იესო ქრისტეს სახელით გახდა ცნობილი. ბიბლიაში ნათქვამია: „მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე“ (კოლოსელები 1:16). იესო ირეკლავს იეჰოვას თვისებებს — „ის უხილავი ღვთის ანარეკლია“ (კოლოსელები 1:15). აღნიშნულიდან გამომდინარე, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ იეჰოვამ სწორედ იესოს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „შევქმნათ ადამიანი ჩვენ ანარეკლად“.

 „მას დაემორჩილონ … შინაური ცხოველები, ყველა სხვა ცხოველი დედამიწაზე და მთელი დედამიწა“. ღმერთს ცხოველები არ შეუქმნია თავის ანარეკლად. მათში არ არის ჩადებული ისეთი თვისებების გამოვლენის უნარი, როგორიც ადამიანებს აქვთ, მაგალითად სიყვარულის. ადამიანებისგან განსხვავებით ცხოველებს არც სინდისის გრძნობა აქვთ. მიუხედავად ამისა, ღმერთი მათ კეთილდღეობაზეც ზრუნავს. ამიტომ დაავალა ღმერთმა ადამიანებს, რომ დაემორჩილებინათ ცხოველები. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ უნდა ეზრუნათ ცხოველებზე. იეჰოვამ ადამიანებს მიანდო ცხოველებზე და ყველანაირ ქმნილებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა (ფსალმუნი 8:6—8; იგავები 12:10). ღმერთი მოელის, რომ ისინი პირნათლად შეასრულებენ ამ დავალებას.

კონტექსტი

 დაბადების პირველი ორი თავი მოგვითხრობს, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო, ჩვენი პლანეტა და სიცოცხლე დედამიწაზე. იეჰოვამ ყველაფერი შესანიშნავად შექმნა, მაგრამ ადამიანი მიწიერ ქმნილებებს შორის ყველაზე გამორჩეული იყო. შემოქმედებითი საქმიანობის დასასრულს „დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31).

 უყურეთ ამ მოკლე ვიდეოს და გაიგეთ მეტი ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ მოთხრობილი შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ.

მცდარი შეხედულებები

 მცდარი შეხედულება: მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ ღვთის მსგავსი თვისებების გამოვლენა.

 სინამდვილე: ბიბლიის მრავალ თარგმანში ამ მუხლში გამოყენებულია სიტყვა „კაცი“, რის გამოც ზოგი ფიქრობს, რომ აქ მხოლოდ მამაკაცებზეა საუბარი. თუმცა ორიგინალ ებრაულ ტექსტში ამ ადგილზე გამოყენებული სიტყვა გულისხმობს როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. ორივე სქესის ადამიანებს შეუძლიათ აირეკლონ ღვთის თვისებები, მოიპოვონ მისი მოწონება და მიიღონ მარადიული სიცოცხლის ძღვენი (იოანე 3:16).

 მცდარი შეხედულება: ღმერთს ადამიანის მსგავსი სხეული აქვს.

 სინამდვილე: „ღმერთი სულია“ — ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ მკვიდრობს ფიზიკურ სამყაროში (იოანე 4:24). მართალია, ბიბლიაში ზოგან მოხსენებულია მისი სახე, ხელები, გული და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მხოლოდ მხატვრული გამონათქვამებია, რომელთა მეშვეობით ღმერთი ადამიანებისთვის გასაგები ენით აღგვიწერს საკუთარ თავს (გამოსვლა 15:6; 1 პეტრე 3:12).

 მცდარი შეხედულება: დაბადების 1:26 ამტკიცებს, რომ იესო ღმერთია.

 სინამდვილე: იეჰოვასა და იესოს ახლო, მამაშვილური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ერთი და იგივე პიროვნება არიან. იესო ასწავლიდა, რომ ღმერთი მასზე აღმატებული იყო (იოანე 14:28). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უყურეთ ვიდეოს „ღმერთია იესო ქრისტე?“ ან წაიკითხეთ სტატია „რატომ ეწოდება იესოს ღვთის ძე?“.

 უყურეთ ამ ვიდეოს, რომელშიც მოკლედაა მიმოხილული ბიბლიის წიგნი „დაბადება“.

a იეჰოვა ღმერთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.