არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კითხვა 4

ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?

ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?

დარვინი ფიქრობდა, რომ ყველა ცოცხალ არსებას ერთი წინაპარი ჰყავდა. მისი წარმოდგენით, დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების ისტორია დიდ ხეს ჰგავდა. მოგვიანებით სხვებმაც გაიზიარეს აზრი, რომ „სიცოცხლის ხის“ მთავარი ღერო მაშინ აღმოცენდა, როცა პირველი მარტივი უჯრედები გაჩნდნენ. ხე მაშინ დაიტოტა, როცა ახალი სახეობები წარმოიქმნა და ეს პროცესი ცხოველთა და მცენარეთა ახალი ოჯახების წარმოშობასთან ერთად გაგრძელდა. დიდი ტოტები პატარა ტოტებად განშტოვდა, როცა ცხოველთა და მცენარეთა ოჯახებიდან დღეს არსებული ყველა სახეობა წარმოიშვა. სინამდვილეში ასე მოხდა ყველაფერი?

რას ამტკიცებენ მეცნიერები? ბევრი მათგანი ამტკიცებს, რომ ნამარხები მხარს უჭერს სიცოცხლის ერთი საწყისიდან წარმოშობის თეორიას. მათი აზრით, რადგან ყველა ცოცხალ ორგანიზმს ერთი „კომპიუტერული ენა“ ანუ დნმ აქვს, სიცოცხლის ყველა ფორმას ერთი საერთო წინაპარი უნდა ჰყავდეს.

რას ამბობს ბიბლია? „დაბადებაში“ ნათქვამია, რომ მცენარეები, წყლის ბინადრები, ცხოველები და ფრინველები „მათი გვარისდა მიხედვით“ შეიქმნა (დაბადება 1:12, 20—25). ეს სიტყვები არ გამორიცხავს გვარის შიგნით ცვლილებებს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ გვარებს შორის მაინც არსებობს გამყოფი ზღვარი. თუ ბიბლიაში აღწერილი შემოქმედების პროცესი სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ ნამარხებში ახალი ტიპის ორგანიზმები ერთდროულად და სრულად ჩამოყალიბებული ფორმით უნდა გვხვდებოდეს.

რაზე მეტყველებს ფაქტები? რას ადასტურებს ფაქტები — ბიბლიაში აღწერილ შემოქმედების პროცესს თუ დარვინის შეხედულებებს? რა ცხადყო ბოლო 150 წლის განმავლობაში გაკეთებულმა აღმოჩენებმა?

დარვინის ხე წაიქცა

ბოლო წლებში მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს მრავალი ერთუჯრედიანი ორგანიზმის გენეტიკური კოდი. მსგავსად მოიქცნენ მცენარეებისა და ცხოველების შემთხვევაშიც. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ შედარებების საფუძველზე დაამტკიცებდნენ დარვინის „სიცოცხლის ხის“ არსებობას. მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა.

რა აჩვენა გამოკვლევებმა? 1999 წელს ბიოლოგი მალკოლმ გორდონი წერდა: „როგორც ჩანს, სიცოცხლეს არაერთი საწყისი ჰქონდა. სიცოცხლის ხე ერთი ფესვიდან არ აღმოცენებულა“. არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ სიცოცხლის ხის მთავარი ტოტები ერთ მთავარ ღეროს უკავშირდება, როგორც ეს დარვინს ეგონა? გორდონი დასძენს: „ეს ტრადიციული შეხედულება საერთო წინაპრის შესახებ ვერ ესადაგება დღეს არსებულ სამეფოებს. მას არათუ მრავალ, არამედ თითქმის ვერც ერთ ფილუმს ვერ მივუსადაგებთ. ამის გაკეთება შესაძლოა ფილუმებში შემავალი მრავალი კლასის შემთხვევაშიც გაგვიჭირდეს“.29 *

ბოლოდროინდელი გამოკვლევებიც ეჭვქვეშ აყენებს საერთო წინაპრის შესახებ დარვინისეულ თეორიას. მაგალითად, 2009 წელს ერთ სამეცნიერო ჟურნალში (New Scientist) დაიბეჭდა მეცნიერ-ევოლუციონისტის, ერიკ ბაფტესტეს, სიტყვები: „არანაირი მტკიცება არ გაგვაჩნია იმისა, რომ სიცოცხლის ხე ნამდვილად არსებობს“.30 იმავე სტატიაში მოყვანილი იყო ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტის, მაიკლ როუზის სიტყვები: „ყველამ კარგად ვიცით, რომ სიცოცხლის ხე, რბილად რომ ვთქვათ, დავმარხეთ. ახლა იმის აღიარება უფრო გვიჭირს, რომ ბიოლოგიაზე მთელი ჩვენი ფუნდამენტური შეხედულება შესაცვლელია“.31 *

რას ადასტურებს ნამარხი ნაშთები?

მრავალი მეცნიერი პალეონტოლოგიურ მონაცემებს იშველიებს იმ მოსაზრების მხარდასაჭერად, რომ სიცოცხლეს ერთი საწყისი ჰქონდა. მაგალითად, ისინი ირწმუნებიან, რომ პალეონტოლოგიური მონაცემების თანახმად თევზები ამფიბიებად გადაიქცნენ, ქვეწარმავლები კი ძუძუმწოვრებად. მაგრამ სინამდვილეში რას ამტკიცებს ეს მონაცემები?

ევოლუციური პალეონტოლოგიის სპეციალისტი, დეივიდ რაუფი, აღნიშნავს: „დარვინის თანამედროვე თუ ჩვენი დროის გეოლოგების მიერ მოპოვებული მონაცემები საკმაოდ არასტაბილურია და ვერ გვიდასტურებს სიცოცხლის თანდათანობით განვითარების იდეას. როგორც ეს მონაცემები ადასტურებს, ნამარხებში აღმოჩენილი სახეობები უეცრად ჩნდებიან, თავიანთი არსებობის განმავლობაში თითქმის არ განიცდიან ცვლილებებს და ქანებიდან უცებ ქრებიან“.32

სინამდვილეში ნამარხების უმეტესობა ადასტურებს, რომ დროის დიდ მონაკვეთშიც კი ორგანიზმებს საგრძნობი ცვლილებები არ განუცდიათ. ფაქტები არც იმას მოწმობს, რომ ევოლუციის შედეგად სიცოცხლის ერთი ფორმა სხვა ფორმად იქცა. ისინი თავიანთი ჩამოყალიბებული აგებულებითა და ნიშან-თვისებებით უეცრად გაჩნდნენ. მაგალითად, ქანებში ვერ ვპოულობთ სონარისა და საექოლოკაციო სისტემის მქონე ღამურების პრიმიტიულ წინაპრებს.

ცხოველთა ძირითადი ჯგუფების ნახევარი, როგორც ჩანს, დროის შედარებით მცირე მონაკვეთში გაჩნდა. რადგან ქანებში სიცოცხლის მრავალი ახალი და განსხვავებული ფორმა უეცრად ჩნდება, პალეონტოლოგებმა ამ პერიოდს „კამბრიული აფეთქება“ უწოდეს. რა პერიოდს ეწოდება კამბრიული პერიოდი?

დავუშვათ, მეცნიერთა ვარაუდები სწორია. ამ შემთხვევაში დედამიწის ისტორია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დროის დიაგრამის სახით, რომელიც (1) ფეხბურთის მოედნის სიგრძეზეა გადაჭიმული. ამ მოედნის სიგრძის 7/8 უნდა გაიაროთ, რომ მიადგეთ იმ მონაკვეთს, რომელსაც პალეონტოლოგები (2) კამბრიულ პერიოდს უწოდებენ. ცხოველთა ძირითადი ჯგუფების ნამარხები კამბრიული პერიოდის მცირე მონაკვეთს განეკუთვნება. რამდენად სწრაფად გამოჩნდნენ ისინი? ამ მონაკვეთს მიუახლოვდებით თუ არა, ერთი ნაბიჯიც არ გაქვთ გადადგმული, რომ უცებ სხვადასხვა სახის ყველა ცოცხალი ორგანიზმი ჩნდება.

სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმების შედარებით სწრაფმა გამოჩენამ ზოგიერთი ევოლუციონისტი დააფიქრა დარვინის თეორიის ტრადიციული ვერსიის სისწორეზე. მაგალითად, 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში ბიოლოგმა და ევოლუციონისტმა სტიუარტ ნიუმენმა ისაუბრა ახალი ევოლუციური თეორიის საჭიროებაზე, რომელიც უკეთ ახსნიდა სიცოცხლის ახალი ფორმების უეცრად გამოჩენას. მან აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რომ დარვინისეული მექანიზმი, რომლითაც ყველანაირი ევოლუციური ცვლილების ახსნას ცდილობენ, დაკარგავს თავის აქტუალურობას. ის მხოლოდ ერთ-ერთი იქნება სხვა მექანიზმებს შორის და შესაძლოა არცთუ ისე მნიშვნელოვანი, როცა საქმე მაკროევოლუციის ანუ ევოლუციის შედეგად ცოცხალ ორგანიზმთა სხეულის აგებულებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებების ახსნაზე მიდგება“.33

პრობლემები, რომლებიც კვლევისას იჩენს თავს

რატომ არის შეცვლილი ზოგ სახელმძღვანელოში სავარაუდო თანმიმდევრობით წარმოდგენილი ნამარხი ნაშთების ზომა?

მარცხნივ ზემოთ: სახელმძღვანელოებში მოცემული ზომები

მარჯვნივ ზემოთ: რეალური შეფარდებითი ზომა

რა შეიძლება ითქვას იმ ნამარხ ნაშთებზე, რომლებსაც იმის დასამტკიცებლად იყენებენ, როგორ გადაიქცა თევზი ამფიბიად და ქვეწარმავალი ძუძუმწოვრად? არის ეს სანდო მტკიცება იმისა, თუ როგორ განვითარდა ევოლუციის პროცესი? ნამარხი ნაშთების უფრო გულდასმით გამოკვლევისას რამდენიმე პრობლემა იჩენს თავს.

პირველი პრობლემა ეს არის სახელმძღვანელოებში არასწორად წარმოდგენილი ქვეწარმავლებსა და ძუძუმწოვრებს შორის გარდამავალი ფორმების შეფარდებითი ზომა. სინამდვილეში ერთი ჯგუფის წარმომადგენლებიდან ზოგი ძალიან დიდია, ზოგი ძალიან პატარა და არა ისეთი, როგორიც სახელმძღვანელოებშია აღწერილი.

მეორე უფრო სერიოზული პრობლემა ამ ორგანიზმებს შორის რაიმე ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ფაქტების არქონაა. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, წარმოდგენილ ნიმუშებს შორის დროის ინტერვალი მილიონობით წელია. აღმოჩენილ ნამარხებს შორის არსებული დროის შუალედების შესახებ, ზოოლოგი ჰენრი ჯი ამბობს: „ამ ნამარხებს შორის არსებული დროის ინტერვალი იმდენად დიდია, რომ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით მათი სავარაუდო ნათესაური კავშირის შესახებ“.34 *

თევზებისა და ამფიბიების ნამარხი ნაშთების შესახებ ბიოლოგმა მალკოლმ გორდონმა აღნიშნა, რომ აღმოჩენილი ნამარხები საკმაოდ მცირე და „არაშთამბეჭდავი ნიმუშებია იმ ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა, რომელიც იმ დროს არსებობდა ამ ჯგუფებს შორის“. შემდეგ მან დასძინა: „რთულია იმის განსაზღვრა, საერთოდ განიცადეს თუ არა ამ ორგანიზმებმა შემდგომი სახეცვლილება ან რა ნათესაური კავშირი არსებობდა მათ შორის“.35 *

სინამდვილეში რას ვიგებთ „ფილმიდან“?

2004 წელს „ნეშნლ ჯიოგრეფიკში“ დაბეჭდილ სტატიაში ნამარხი ნაშთები შედარებული იყო „ევოლუციის შესახებ ფილმს, რომლის 1 000 კადრიდან 999 ამოჭრილი და დაკარგულია სამონტაჟო ოთახში“.36 განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს მაგალითი.

თუკი ნამარხი ნაშთების „95 კადრი“ ადასტურებს, რომ ევოლუციის შედეგად ცხოველთა ერთი სახეობა სხვა სახეობად არ გარდაქმნილა, მაშ რატომ აწყობენ პალეონტოლოგები დარჩენილ „5 კადრს“ ისე, რომ საპირისპირო დაამტკიცონ?

წარმოიდგინეთ, რომ იპოვეთ 100 000-კადრიანი მხატვრული ფილმის 100 კადრი. როგორ განსაზღვრავთ ფილმის სიუჟეტს? შეიძლება წინასწარ უკვე გაქვთ წარმოდგენილი ფილმის შინაარსი. როგორ მოიქცევით, თუკი აღმოაჩენთ, რომ 100 კადრიდან მხოლოდ 5 ერგება თქვენ მიერ წარმოდგენილ სიუჟეტს, დარჩენილი 95 კადრის მიხედვით კი ფილმის შინაარსი სულ სხვაგვარად ვითარდება? გონივრული იქნება, თუ ხუთი კადრის საფუძველზე იმის მტკიცებას დაიწყებთ, რომ თქვენ მიერ წინასწარ წარმოდგენილი სიუჟეტი სწორია? ან შეეცდებით ეს ხუთი კადრი ისე დააწყოთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ფილმის შინაარს მოერგოს? განა უფრო გონივრული არ იქნება, თუ სიუჟეტზე წარმოდგენას 95 კადრის საფუძველზე შეიქმნით?

როგორ უკავშირდება ეს მაგალითი ევოლუციონისტების შეხედულებას ნამარხ ნაშთებზე? წლების განმავლობაში მეცნიერები არ აღიარებდნენ, რომ ნამარხი ნაშთების უმეტესობა ანუ ფილმის 95 კადრი იმაზე მოწმობდა, რომ დროთა განმავლობაში სახეობებში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა. რატომ არაფერს ამბობენ მეცნიერები ამ სერიოზულ მტკიცებაზე? სამეცნიერო წიგნის ავტორი, რიჩარდ მორისი, აღნიშნავს: „როგორც ჩანს, პალეონტოლოგები მტკიცედ იდგნენ თავიანთ აზრზე და ვერ ელეოდნენ ტრადიციულ იდეას ეტაპობრივი ევოლუციური განვითარების შესახებ მაშინაც კი, როცა ფაქტები საპირისპიროს მოწმობდა. ისინი პალეონტოლოგიური მონაცემების გაშიფვრას ტრადიციული ევოლუციური იდეების საფუძველზე ცდილობდნენ“.37

„ნამარხი ნაშთების საფუძველზე იმის მტკიცება, რომ ესა თუ ის გვარი გარკვეული თანმიმდევრობით განვითარდა, მეცნიერულ ჰიპოთეზას კი არა, საბავშვო ზღაპარს უფრო ჰგავს, რომელიც გართობს, შესაძლოა რამესაც გასწავლის, მაგრამ მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს“ (ჰენრი ჯი, In Search of Deep Time — Beyond the Fossil Record to a New History of Life, გვ. 116, 117).

რა შეიძლება ითქვას თანამედროვე ევოლუციონისტებზე? რატომ აწყობენ ისინი ნამარხებს გარკვეული თანმიმდევრობით — იმიტომ, რომ ეს გენეტიკური კვლევებით დასტურდება და ამ თანმიმდევრობას თავად ნამარხების უმეტესობა კარნახობს თუ იმიტომ, რომ ტრადიციულ ევოლუციურ იდეებს მოარგონ? *

თქვენ როგორ ფიქრობთ? რას უჭერს ფაქტები მხარს — ბიბლიას თუ დარვინის თეორიას? დაფიქრდით იმ ფაქტებზე, რომლებიც უკვე განვიხილეთ.

  • დედამიწაზე სიცოცხლის პირველი ფორმა სულაც არ ყოფილა მარტივი.

  • უჯრედის შემადგენელი ნაწილების შემთხვევით წარმოშობის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.

  • დნმ, „კომპიუტერული პროგრამა“ ანუ კოდი, რომელიც უჯრედს მართავს, საოცრად რთული და გენიალურია. მასთან შედარებით ადამიანის მიერ შექმნილი ინფორმაციის შემნახველი ნებისმიერი სისტემა თუ პროგრამა პრიმიტიული ჩანს.

  • გენეტიკური კვლევები ადასტურებს, რომ სიცოცხლე ერთი საერთო წინაპრისგან არ წარმოქმნილა. უფრო მეტიც, ნამარხი ნაშთებიდან ჩანს, რომ ცხოველთა დიდი ჯგუფები ერთბაშად გაჩნდა.

ამ ფაქტების განხილვის შემდეგ, თქვენი აზრით, ეთანხმება ისინი იმას, რაც ბიბლიაში წერია სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით? მრავალი ფიქრობს, რომ მეცნიერება და ბიბლია ერთმანეთს არ ეთანხმება. მართლა ასეა ეს? სინამდვილეში რას გვეუბნება ბიბლია?

^ აბზ. 9 ბიოლოგიური ტერმინი ფილუმი (იგივე ტიპი) ერთნაირი აგებულების ცხოველთა დიდ ჯგუფს გულისხმობს. მეცნიერებს ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაციის შვიდსაფეხურიანი სისტემა აქვთ შემუშავებული, რომელშიც ყოველი მომდევნო საფეხური შედარებით ვიწრო არეალს მოიცავს. სამეფო ამ კლასიფიკაციის ყველაზე დიდი ჯგუფია. მას მოჰყვება ტიპი, კლასი, რიგი, ოჯახი, გვარი და სახეობა. მაგალითად, ცხენის კლასიფიკაცია ასეთია: ცხოველთა სამეფო, ტიპი — ქორდიანები, კლასი — ძუძუმწოვრები, რიგი — კენტჩლიქიანები, ოჯახი — ცხენისებრთა, გვარი — ცხენი, სახეობა — შინაური ცხენი.

^ აბზ. 10 აღსანიშნავია, რომ არც ამ სამეცნიერო ჟურნალში მოყვანილი სტატია, არც ბაფტესტე და არც როუზი იმას არ ამტკიცებდნენ, რომ ევოლუციის თეორია მცდარია. ისინი მხოლოდ იმას გულისხმობდნენ, რომ დარვინის სიცოცხლის ხის იდეა, რომელსაც მისი თეორია ეყრდნობა, ფაქტებით არ დასტურდება. ეს მეცნიერები სხვა გზებით ცდილობენ ევოლუციის თეორიის ახსნას.

^ აბზ. 21 ჰენრი ჯი იმას არ ამბობს, რომ ევოლუციის თეორია მცდარია. მას უბრალოდ იმის თქმა უნდა, რომ ნამარხი ნაშთები მწირ ინფორმაციას გვაწვდის.

^ აბზ. 22 მალკოლმ გორდონი მხარს უჭერს ევოლუციის თეორიას.

^ აბზ. 50 აღსანიშნავია, რომ ამ ჩარჩოში ციტირებულ მეცნიერთაგან არც ერთი არ აღიარებს ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას შემოქმედებასთან დაკავშირებით. ისინი ევოლუციას ემხრობიან.

^ აბზ. 54 ევოლუციონისტები სიტყვა „ჰომინიდს“ იყენებენ ადამიანთა ოჯახისა და პრეისტორიული ადამიანისმაგვარი მაიმუნების აღსაწერად.