არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კითხვა 5

გონივრულია, გვჯეროდეს ბიბლიის?

გონივრულია, გვჯეროდეს ბიბლიის?

ოდესმე ვინმეზე წინასწარ შეგქმნიათ არასწორი წარმოდგენა? შეიძლება თქვენზე სხვების საუბარმა იმოქმედა. სანამ შეხვდებოდით, ალბათ ფიქრობდით, რომ არ მოგეწონებოდათ ეს ადამიანი, მაგრამ შეხვედრის შემდეგ მიხვდით, რომ მასზე არასწორი წარმოდგენა გქონიათ. ბევრს სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ბიბლიის მიმართ.

მრავალი განათლებული ადამიანი სკეპტიკურად არის განწყობილი ბიბლიის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რატომ? ხშირ შემთხვევაში ამ წიგნს ისე წარადგენენ, რომ ხალხს ის არაპრაქტიკული, არამეცნიერული და მცდარი ჰგონია. მაგრამ არის კი ეს ბიბლიის ობიექტური შეფასება?

ამ ბროშურის კითხვისას, ალბათ გაგაოცათ იმის გაგებამ, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაცია მეცნიერულად ზუსტია. ბევრი გააკვირვა იმის გაგებამ, რომ ბიბლიაში სინამდვილეში არ წერია ის, რასაც მრავალი რელიგია ასწავლის. მაგალითად, ზოგი ამბობს, რომ ბიბლიის თანახმად ღმერთმა სამყარო და სიცოცხლე ექვსი 24-საათიანი დღის განმავლობაში შექმნა. სინამდვილეში, ბიბლიაში ისეთი არაფერია ნათქვამი, რაც ეწინააღმდეგება მეცნიერთა ვარაუდებს სამყაროსა და დედამიწის ასაკთან დაკავშირებით. *

ბიბლიაში მოკლედ არის აღწერილი, როგორ შექმნა ღმერთმა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე, რაც დიდ გასაქანს აძლევს მეცნიერებს კვლევისა და თეორიების ჩამოყალიბებისთვის. მასში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ღმერთმა შექმნა სიცოცხლე და ყველა ცოცხალი არსება „მათი გვარისდა მიხედვით“ (დაბადება 1:11, 21, 24). შეიძლება ეს ცნობები არ ეთანხმება ზოგიერთ მეცნიერულ თეორიას, მაგრამ ისინი არ ეწინააღმდეგება მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტებს. მეცნიერების ისტორიის განმავლობაში მრავალი თეორია შექმნეს და უარყვეს, ფაქტები კი ფაქტებად დარჩა.

მრავალს რელიგიამ გაუცრუა იმედები, რის გამოც ისინი თავს იკავებენ ბიბლიის გამოკვლევისგან. ისინი რელიგიებში ხედავენ ფარისევლობას და უზნეობას. ისინი იმასაც ხედავენ, რომ ხშირად სწორედ რელიგია უწყობს ხელს ომების გაჩაღებას. მაგრამ ღირს ბიბლიის განსჯა მათი საქციელის საფუძველზე, ვინც აცხადებს, რომ ბიბლია მისთვის ავტორიტეტია? მრავალი ჰუმანური მეცნიერი შეძრა იმან, როგორ გამოიყენა ზოგიერთმა დაუნდობელმა ფანატიკოსმა ევოლუციის თეორია საკუთარი რასისტული მიზნების განსახორციელებლად. მაგრამ მათი საქციელით უნდა განვსაჯოთ ევოლუციის თეორია? გაცილებით უკეთესი იქნება, თუ გამოვიკვლევთ ამ თეორიის არსს და მას ფაქტებს შევადარებთ.

გირჩევთ, ბიბლიასაც ამ კუთხით მიუდგეთ. შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, თუ როგორ განსხვავდება მისი სწავლებები იმისგან, რასაც რელიგიების უმეტესობა ასწავლის. ბიბლია ომებისა და ძალადობისკენ კი არ მოუწოდებს ხალხს, არამედ ასწავლის, რომ ღვთის მსახურებისთვის მიუღებელი უნდა იყოს არათუ ომი, არამედ სიძულვილიც კი, რომელიც ყოველგვარი ძალადობის მიზეზია (ესაია 2:2—4; მათე 5:43, 44; 26:52). ბიბლია მხარს არ უჭერს ფანატიზმსა და ბრმა რწმენას. პირიქით, მასში ნათქვამია, რომ ნამდვილი რწმენა ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული, ხოლო ღვთის მსახურება — გააზრებული (რომაელები 12:1; ებრაელები 11:1). ბიბლია ჩვენში ცნობისწადილს არ კლავს. პირიქით, აღგვძრავს, ვეძებოთ პასუხები იმ რთულ და მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც ადამიანებს ოდითგანვე აწუხებთ.

მაგალითად, არასდროს გიფიქრიათ, თუ ღმერთი არსებობს, რატომ ხდება ამდენი ბოროტება? ბიბლია ამ და სხვა კითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს გვცემს. * კარგს იზამთ, თუ ხელს არ ჩაიქნევთ ჭეშმარიტების ძიებაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ სარწმუნო ფაქტებზე დაფუძნებულ დამაჯერებელ, საინტერესო და გონივრულ პასუხებს. ამ პასუხების არსებობა კი ნამდვილად არ არის შემთხვევითი.

^ აბზ. 5 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 9 იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-11 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.