არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 12

გამოავლინეთ ნამდვილი რწმენა!

გამოავლინეთ ნამდვილი რწმენა!

ღმერთი აფრთხილებს თავის მსახურებს, რომ რწმენის გამოცდებს შეხვდებიან. მის სიტყვაში ნათქვამია: „გეღვიძოთ! თქვენი მტერი, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). როგორ ცდილობს სატანა, რწმენა დაგინგრიოთ?

გქონიათ ასეთი წინააღმდეგობა?

მან შეიძლება სხვები, მათ შორის თქვენი ახლობლები, გამოიყენოს იმისათვის, რომ ხელი შეგიშალოთ წმინდა წერილების გამოკვლევაში. ამაზე იესომაც იწინასწარმეტყველა: „კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათე 10:36). კეთილმოსურნე ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შეიძლება არ იციან, რამდენად ძვირფასი ჭეშმარიტებაა ჩაწერილი ღვთის სიტყვაში. ან შეიძლება ის აშინებთ, თუ რას იფიქრებენ სხვები. მაგრამ წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „კაცთმოშიშს მახე უგია, იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება“ (იგავები 29:25). თუ წმინდა წერილების შესწავლას სხვების გამო შეწყვეტთ, მოეწონება ეს ღმერთს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ, თუ ნამდვილ რწმენას გამოავლენთ, ღმერთი დაგეხმარებათ. „ჩვენ მათ არ ვგავართ, ვინც უკან იხევს დასაღუპავად, არამედ მათ, ვინც რწმენის წყალობით გადარჩება“ (ებრაელები 10:39).

გავიხსენოთ დუმასის შემთხვევა, რომელზეც ერთ-ერთ წინა თავში ვისაუბრეთ. თავიდან ცოლი დასცინოდა მას ახალი მრწამსის გამო. მაგრამ მოგვიანებით მან თავადაც დაიწყო ღვთის სიტყვის შესწავლა. თუ არც თქვენ შეწყვეტთ იმის კეთებას, რაც სწორია, შეიძლება თქვენს მეგობრებსა თუ ახლობლებსაც გაუჩნდეთ წმინდა წერილების შესწავლის სურვილი. ოჯახის წევრები შეიძლება „უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი თქვენი საქციელით, როცა დაინახავენ თქვენს კარგ საქმეებს და მათდამი გამოვლენილ დიდ პატივისცემას“ (1 პეტრე 3:1, 2).

გარდა ამისა, სატანა ცდილობს, ადამიანები იმაში დაარწმუნოს, რომ წმინდა წერილების შესასწავლად დრო არა აქვთ. მას უნდა, რომ ცხოვრების საზრუნავმა, მაგალითად, პრობლემებმა და ფულის შოვნაზე ფიქრმა, თქვენში მოაშთოს სიტყვა და თქვენი რწმენა უნაყოფო გახადოს (მარკოზი 4:19). ნუ წამოეგებით სატანის ამ ანკესზე. წმინდა წერილებში ნათქვამია: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). დიახ, ნამდვილად მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ ცოდნის გაღრმავება ღმერთსა და იესოზე, მესიაზე, რათა მარადიულად იცხოვროთ სამოთხეში დედამიწაზე!

ღმერთს ლოცვაში დახმარება სთხოვეთ.

გაიხსენეთ მოსე, რომელიც ეგვიპტის სამეფო ოჯახის წევრი იყო. მას შეეძლო სიმდიდრე და სახელი მოეხვეჭა და ძალაუფლებისკენ ესწრაფა. მაგრამ მოსემ „წარმავალ ხორციელ სიამეს ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა არჩია“. რატომ მოიქცა ის ასე? „ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრაელები 11:24, 25, 27). აშკარაა, რომ მოსეს ღვთისადმი ძლიერი რწმენა ჰქონდა. ის ღვთის ინტერესებს საკუთარ ეგოისტურ სურვილებზე წინ აყენებდა, რის გამოც ღმერთმა უხვად აკურთხა. თუ თქვენც მსგავსად მოიქცევით, ღმერთი თქვენც გაკურთხებთ.

სატანა სხვადასხვა საშუალებით შეეცდება, მახეში გაგაბათ. მაგრამ ნუ დაუშვებთ, რომ მისი მსხვერპლი გახდეთ. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაგეცლებათ“ (იაკობი 4:7). როგორ შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ მას?

განაგრძეთ წმინდა წერილების შესწავლა. ყოველდღე იკითხეთ ღვთის სიტყვა; გამოიკვლიეთ მასში ჩაწერილი სწავლებები; გაითვალისწინეთ წმინდა წერილებში მოცემული რჩევები. ამგვარად „აღიჭურვეთ ღვთის სრული საჭურვლით“, და წინ აღუდექით სატანის თავდასხმებს (ეფესოელები 6:13).

ახლო ურთიერთობა იქონიეთ მათთან, ვისაც ნამდვილი რწმენა აქვს. მოძებნეთ ისინი, ვინც კითხულობს წმინდა წერილებს, იკვლევს მათ და ნასწავლს ცხოვრებაში იყენებს. როგორც წმინდა წერილებში ვკითხულობთ, ასეთი ადამიანები ყურადღებიანები არიან, რათა გაამხნეონ ერთმანეთი და სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ წაახალისონ. ისინი რწმენის განმტკიცებაში დაგეხმარებიან (ებრაელები 10:24, 25).

ურთიერთობა იქონიეთ მათთან, ვისაც ნამდვილი რწმენა აქვს.

დაუახლოვდით იეჰოვას. ლოცვაში ღმერთს დახმარება სთხოვეთ და მიენდეთ მას. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ღმერთს სურს, დაგეხმაროთ. „ყველა თქვენი საწუხარი [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:6, 7). „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანასაც ვერ შეძლებთ, და გამოსავალსაც გიჩვენებთ, რომ ბოლომდე მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13).

სატანა დასცინის ღმერთს და ამბობს, რომ განსაცდელების დროს ვერავინ უერთგულებს. მაგრამ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, დაამტკიცოთ, რომ სატანა მატყუარაა! ღმერთი გვეუბნება: „შვილო, ბრძნულად მოიქეცი და გული გამიხარე, რათა პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავები 27:11). ამიტომ მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ გამოავლინოთ ნამდვილი რწმენა!