არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 2

რა არის ნამდვილი რწმენა?

რა არის ნამდვილი რწმენა?

რწმენას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ ფულის მსგავსად ნამდვილია.

ნამდვილი რწმენა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ იმის დაჯერება, რომ ღმერთი არსებობს. მილიონობით ადამიანს სჯერა ღვთის არსებობის, მაგრამ შეგნებულად სჩადის ბოროტებას. ასეთი „რწმენა“ ყალბი ფულივითაა, რომელიც ერთი შეხედვით ნამდვილს ჰგავს, მაგრამ არანაირი ღირებულება არ გააჩნია. მაშ, რა არის ნამდვილი რწმენა?

ნამდვილი რწმენა წმინდა წერილების ცოდნიდან უნდა მომდინარეობდეს. ღვთისგან შთაგონებული ეს წერილები ჭეშმარიტებას მოგვითხრობს ღმერთზე და გვეხმარება მის გაცნობაში. ამ წერილების მეშვეობით ვეცნობით ღვთის კანონებს, განზრახვებსა და სწავლებებს. მოდი ჩამოვთვალოთ ზოგიერთი სწავლება:

  • ღმერთი ერთია და მას თანასწორი არ ჰყავს;

  • იესო არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი; ის ღვთის წინასწარმეტყველია;

  • ღმერთს არ მოსწონს არანაირი კერპთაყვანისმცემლობა;

  • ყველა ადამიანი წარდგება ღვთის სამსჯავროს წინაშე;

  • უთვალავი მიცვალებული აღდგება სამოთხეში.

ნამდვილი რწმენა აღგვძრავს, კარგი საქმეები ვაკეთოთ. ეს განადიდებს ღმერთს და ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც სიკეთე მოაქვს. ამ საქმეებში შედის:

  • ღვთის თაყვანისცემა;

  • ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარება, განსაკუთრებით კი სიყვარულის;

  • ცუდი ფიქრებისა და სურვილების მოშორება;

  • სირთულეების დროსაც კი ღვთისადმი რწმენის შენარჩუნება;

  • სხვებისთვის ღვთის შესახებ სწავლება.

ნამდვილი რწმენა სიკეთის კეთებისკენ გვიბიძგებს.

როგორ შეგიძლიათ განივითაროთ ნამდვილი რწმენა?

კუნთების მსგავსად რწმენაც „ვარჯიშის“ შედეგად იზრდება.

სთხოვეთ ღმერთს დახმარება. წინასწარმეტყველმა მოსემ ღმერთს ლოცვაში სთხოვა: „გამაგებინე შენი გზები, რომ გიცნობდე და არ დავკარგო შენი წყალობა“. * ღმერთმა უპასუხა მის ლოცვას. მოსემ რწმენის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ღმერთი თქვენც დაგეხმარებათ, რომ ნამდვილი რწმენა განივითაროთ.

დრო გამოყავით წმინდა წერილების შესასწავლად. ღვთისგან შთაგონებულ წერილებში შედის: თორა, ფსალმუნები და სახარება; ისინი ჩაწერილია წმინდა წიგნში, ბიბლიაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი და გავრცელებული წიგნია. თქვენ თუ გაქვთ ეს წიგნი?

ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენეთ წმინდა წერილებში ჩაწერილი რჩევები. კუნთების მსგავსად რწმენაც „ვარჯიშის“ შედეგად იზრდება. თუ რწმენით იმოქმედებთ, თქვენი რწმენაც გაიზრდება. საკუთარ თავზე გამოცდით, რომ ღვთის რჩევა-დარიგებები სასარგებლოა. წმინდა წერილებში ჩაწერილმა პრაქტიკულმა რჩევებმა მრავალი ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.