არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს“

„შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს“

„შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს“

„შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან . . . ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ“ (იოანე 17:6, 26).

რას ნიშნავს ეს? იესომ დედამიწაზე მსახურების დროს ადამიანებს გამოუცხადა ღვთის სახელი. როდესაც იესო, ჩვეულებისამებრ, წმინდა წერილებიდან კითხულობდა, ის წარმოთქვამდა ღვთის პირად სახელს (ლუკა 4:16—21). მან ასწავლა თავის მიმდევრებს, ასე ელოცათ: „მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (ლუკა 11:2).

პირველი ქრისტიანები: პეტრე მოციქულმა იერუსალიმში უფროს მამაკაცებს უთხრა, რომ ღმერთმა ყველა ერიდან გამოყო „ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქმეები 15:14). მოციქულები და ღვთის სხვა მსახურები ქადაგებდნენ, რომ „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობდა, გადარჩებოდა“ (საქმეები 2:21; რომაელები 10:13). მათ აგრეთვე გამოიყენეს ღვთის სახელი თავიანთ წერილებში. „თოსეფთაში“, ზეპირი კანონების წერილობით კრებულში, რომლის შედგენაც დაახლოებით ახ. წ. 300 წელს დასრულდა, ქრისტიანული ხელნაწერების შესახებ, რომლებიც შეიძლებოდა შაბათ დღეს ცეცხლს გაენადგურებინა, ნათქვამია: «მახარებელთა წიგნები, აგრეთვე „მინიმის“ [ვარაუდობენ, რომ ებრაელ ქრისტიანთა] წიგნები ცეცხლისგან არ უნდა გადაერჩინათ. ისინი შეიძლებოდა ისევე დამწვარიყო, როგორც ეწყო . . . ეს ხელნაწერები და, თავისთავად ცხადია, ის ადგილები, სადაც ღვთის სახელი ეწერა, დაიწვებოდა».

ვინ მიყვება დღეს მათ კვალს? ბიბლიის „გადამუშავებული სტანდარტული თარგმანის“ წინასიტყვაობაში, რომელიც „ამერიკაში ქრისტეს ეკლესიების ეროვნული საბჭოს“ ნებართვით გამოიცა, ნათქვამია: „იუდაიზმის მიმდევრებმა ქრისტიანობამდე შეწყვიტეს ღვთის სახელის ნებისმიერი ფორმით ხსენება, რადგან ღმერთი ერთადერთია და არ არსებობს სხვა ღმერთი, რომლისგანაც ის უნდა განვასხვავოთ. ღვთის სახელის გამოყენება სრულიად მიუღებელია ქრისტიანული ეკლესიის საყოველთაო მრწამსითაც“. ამიტომ, ღვთის სახელი ჩაანაცვლეს ტიტულით „უფალი“. ახლახან კი ვატიკანის საეკლესიო კრებამ ეპისკოპოსებისთვის ახალი დირექტივი გამოსცა: „ტეტრაგრამატონით წარმოდგენილი ღვთის სახელი ჲჰვჰ * არც უნდა გამოიყენონ და არც უნდა წარმოთქვან თაყვანისმცემლობის დროს“.

ვინ მიმართავს დღეს ღმერთს სახელით და ვინ ამცნობს მის პირად სახელს ხალხს? მოზარდობისას ყირგიზეთში მცხოვრებმა სერგეიმ უყურა ფილმს, სადაც მოხსენიებული იყო, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა. მას შემდეგ ათი წლის მანძილზე მას ღვთის სახელი აღარ გაუგია. მოგვიანებით, როდესაც სერგეი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა, მასთან იეჰოვას ორი მოწმე მივიდა და ბიბლიაში აჩვენა ღვთის სახელი. სერგეი ძალიან გაახარა იმ ხალხის ნახვამ, რომლებიც ღმერთს სახელით მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ „უებსტერის ახალი საერთაშორისო ლექსიკონის მესამე გამოცემაში“ იეჰოვა ღმერთზე ნათქვამია, რომ ის არის „უზენაესი ღვთაება და ერთადერთი ღმერთი, რომელსაც იეჰოვას მოწმეები სცემენ თაყვანს“.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ქართულ ენაზე ღვთის სახელი წარმოითქმება, როგორც იეჰოვა.