არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დღევანდელი ქრისტიანი აცტეკები

დღევანდელი ქრისტიანი აცტეკები

დღევანდელი ქრისტიანი აცტეკები

„ტაძრები მიწასთან გასწორდა და ფერფლად იქცა. კერპები განადგურდა და წმინდა წიგნები ცეცხლმა შთანთქა, მაგრამ ძველი ღმერთები კვლავაც ცოცხლობენ ინდიელთა გულებში“ („ძველი მექსიკური კულტურები“).

აცტეკების სამშობლო მექსიკაა. ეს პატარა ტომი ამ ტერიტორიაზე XIII საუკუნეში დასახლდა. მათ სურდათ ისეთივე ძლიერი იმპერია ჰქონოდათ, როგორც ინკებს ჰქონდათ დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე. როცა ესპანელმა დამპყრობლებმა 1521 წელს ქალაქი ტენოჩტიტლანი ხელში ჩაიგდეს, აცტეკების იმპერია დაემხო, მაგრამ მათი ენა, ნაუატლი, * დავიწყებას არ მისცემია. ამ ენაზე დღესაც მილიონ-ნახევარი ადგილობრივი მკვიდრი ლაპარაკობს მექსიკის, სულ მცირე, 15 შტატში. სწორედ ამის წყალობითაა დღემდე ცნობილი, რა სწამდათ აცტეკებს, როგორც დასაწყისში ისტორიკოსის, ვოლტერ კრიკებერგის, ციტატაში იყო აღნიშნული. აი, რა სწამდათ აცტეკებს.

უცნაური, მაგრამ ცნობილი ტრადიციები

აცტეკების ყველაზე ცნობილი რიტუალის დროს მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ. მათი მრწამსის თანახმად, მზე მოკვდებოდა, თუ მას არ შესწირავდნენ ადამიანის გულსა და სისხლს. როგორც ესპანელი ბერი, დიეგო დურანი, გვატყობინებს, 1487 წელს აცტეკებმა ტენოჩტიტლანში პირამიდის ფორმის ტაძრის მიძღვნის დროს ოთხი დღის მანძილზე 80 000-ზე მეტი ადამიანი შესწირეს მსხვერპლად.

ესპანელებს თავზარი დასცა აცტეკების ამ რიტუალმა, მაგრამ ისინი გაოცდნენ, როცა დაინახეს, რომ აცტეკების ბევრი რიტუალი ძალიან ჰგავდა კათოლიკების რიტუალს. მაგალითად, როცა აცტეკები მესის მსგავს ღვთისმსახურებას ასრულებდნენ, სიმინდის ფქვილისგან გამომცხვარი ღმერთების გამოსახულებებს ჭამდნენ. ზოგჯერ მსხვერპლად შეწირული ადამიანის სისხლსაც სვამდნენ. აცტეკები თაყვანისმცემლობის დროს იყენებდნენ ჯვარს, ნათლავდნენ ჩვილებს და ამბობდნენ აღსარებებს. ალბათ, ყველაზე დიდი მსგავსება აცტეკებსა და კათოლიკებს შორის ის იყო, რომ აცტეკები კათოლიკების მსგავსად, ქალწულს სცემდნენ თაყვანს. ეს ხალხი ეთაყვანებოდა ქალღმერთ ტონანცინს, „ღმერთების დედას“, რომელსაც ისინი „ჩვენს პატარა დედას“ უწოდებდნენ.

გადმოცემის თანახმად, სწორედ იმ ბორცვზე, სადაც აცტეკები ტონანცინს ეთაყვანებოდნენ, 1531 წელს ერთ ადგილობრივ ინდიელს შავგვრემანი გვადელუპელი ქალწული გამოეცხადა, რომელიც კათოლიკე იყო და ნაუატლი ენაზე ლაპარაკობდა. სწორედ ამან დააჩქარა აცტეკების კათოლიციზმზე მოქცევა. ამ ქალწულის სახელობის ტაძარი ტონანცინის ტაძრის საძირკველზე აიგო. ყოველი წლის 12 დეკემბერს ეს ტაძარი ასობით ათასი მექსიკელით ივსება, რომელთა უმეტესობა ნაუატლი ენაზე ლაპარაკობს.

ნაუატლი ენაზე მოლაპარაკე ხალხი თავიანთ შორეულ მთიან მხარეში არაერთ დღესასწაულს მართავს, რომელიც მათ მფარველ წმინდანებს ეძღვნება. ზოგი ეს დღესასწაული რამდენიმე დღისა და კვირის მანძილზეც კი გრძელდება. ერთ წიგნში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ხალხი „ისეთივე რიტუალებს ასრულებს კათოლიკური ეკლესიის წმინდანების თაყვანისცემის დროს, როგორსაც აცტეკები ასრულებდნენ მანამდე, სანამ ერნან კორტესი დაამხობდა მათ იმპერიას“ (El universo de los aztecas). ნაუტლი ენაზე მოლაპარაკე ხალხი სპირიტიზმსაც აქტიურად მიჰყვება. როდესაც ავად ხდებიან, ისინი ექიმბაშებთან მიდიან, რომლებიც განწმენდის რიტუალებს ატარებენ და ცხოველებს სწირავენ მსხვერპლად. გარდა ამისა, ამ ხალხის უმეტესობა გაუნათლებელია და ვერც ესპანურ და ვერც ნაუატლი ენაზე ვერ კითხულობს. თავიანთი ტრადიციების, უწიგნურობისა და უკიდურესი სიღარიბის გამო ისინი საზოგადოებისგან გარიყული არიან.

ბიბლიური ჭეშმარიტება აცტეკების ყურამდე აღწევს

წლებია, რაც მექსიკელი იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ყველა ადამიანის ყურამდე მიიტანონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14). 2000 წელს იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალმა იზრუნა იმაზე, რომ აცტეკებს მშობლიურ ენაზე მოესმინათ ბიბლიური ჭეშმარიტება. ფილიალმა აგრეთვე ორგანიზება გაუწია იმას, რომ ამ ენაზე ჩატარებულიყო კრების შეხვედრები მათთვის, ვინც ესპანურენოვან კრების შეხვედრებს ესწრებოდა. ჩამოყალიბდა მთარგმნელობითი ჯგუფიც, რათა ხალხს ნაუატლი ენაზე წაეკითხა ბიბლიური ლიტერატურა. ფილიალმა იმაზეც იზრუნა, რომ ხალხს საკუთარ ენაზე ესწავლა წერა-კითხვა. რა შედეგი მოჰყვა ამას? განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა.

როცა ერთმა ქალმა პირველად მოისმინა ნაუატლი ენაზე წარმოთქმული ბიბლიური მოხსენება, თქვა: „ათი წლის მანძილზე ვესწრებოდით კრების შეხვედრებს და იქიდან თავის ტკივილით ვბრუნდებოდით, რადგან ესპანური ნორმალურად არ გვესმოდა. ახლა თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს ხელახლა დავიბადეთ!“. სამოცი წლის ხუანი რვა წლის განმავლობაში სწავლობდა ბიბლიას და ცოლ-შვილთან ერთად ესწრებოდა ესპანურენოვან კრების შეხვედრებს, მაგრამ სულიერად წინ ვერ მიიწევდა. როცა მან ნაუატლი ენაზე ბიბლიის შესწავლა დაიწყო, სულ რაღაც, ერთი წლის შემდეგ მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.

როგორც ამ შემთხვევებიდან გამოჩნდა, ბევრმა პირველად ესპანურ ენაზე მოისმინა ბიბლიური ჭეშმარიტება, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩასწვდა მის მნიშვნელობას. როცა ნაუატლი ენაზე დაიწყო პუბლიკაციების გამოცემა და კრების შეხვედრებისა თუ კონგრესების ჩატარება, აცტეკებმა კარგად გაიაზრეს არა მარტო ბიბლიური ჭეშმარიტება, არამედ ისიც, თუ რა მოვალეობა ეკისრათ მათ, როგორც ქრისტიანებს.

წინააღმდეგობების გადალახვა

აცტეკები სულიერად გაიზარდნენ, მაგრამ მათ სირთულეების გადალახვაც მოუწიათ. მაგალითად, ადგილობრივი ტრადიციების გამო მათთვის ადვილი არ არის, უარი თქვან რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღებაზე. იყო დრო, როცა სან-აგუსტინ-ოაპანში იეჰოვას მოწმეებს კარდაკარ ქადაგების უფლებას არ აძლევდნენ. ზოგი ფიქრობდა, რომ თუ მოწმეები ხალხს თავიანთ რწმენაზე მოაქცევდნენ, ისინი ფულს აღარ გაიღებდნენ დღესასწაულებისთვის. ერთხელ ფლორენციო ნაუატლი ენაზე მოლაპარაკე რამდენიმე თანაქრისტიანთან ერთად ქადაგებდა. მათგან სამი დააპატიმრეს. ოც წუთში იქ ხალხმა მოიყარა თავი, რათა მათი ბედი გადაეწყვიტათ.

„მათ სურდათ, ადგილზევე ჩავეხოცეთ, — იხსენებს ფლორენციო. — ზოგი ამბობდა, რომ გავეკოჭეთ და მდინარეში გადავეყარეთ. ის ღამე ციხეში გავატარეთ. მომდევნო დღეს ჩვენ დასახმარებლად თანამორწმუნეები მოვიდნენ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ადვოკატი იყო. მათ ისინიც დააკავეს. ბოლოს ხელისუფლებამ ჩვენი გათავისუფლების ბრძანება გასცა იმ პირობით, თუ ქალაქს დავტოვებდით“. წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთი წლის შემდეგ ამ ქალაქში კრება ჩამოყალიბდა, სადაც 17 მონათლული მოწმე იყო და 50 ადამიანი რეგულარულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს.

ნაუატლი ენაზე მოლაპარაკე ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ალბერტო, კოაპალას ტომიდანაა. მას აიძულებდნენ, რომ ერთ-ერთ დღესასწაულში მიეღო მონაწილეობა. ალბერტომ უარი თქვა, რის გამოც დააპატიმრეს. როცა ტომის საბჭო შეიკრიბა, ზოგიერთები გაჰყვიროდნენ, რომ ჩამოეხრჩოთ იგი, რათა დაეშინებინათ ყველა, ვინც ამ რელიგიის მიმდევარი გახდებოდა და უარს იტყოდა ადგილობრივ ტრადიციებზე. ზოგმა მოწმემ სცადა მისი გათავისუფლება, მაგრამ ისინიც დაიჭირეს. როცა ერთკვირიანი დღესასწაული დამთავრდა, ყველა გაათავისუფლეს. წინააღმდეგობები კვლავ გრძელდებოდა. ამიტომ, ძმებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართეს დახმარებისთვის, რათა შეწყვეტილიყო მოწმეების დევნა. აღსანიშნავია, რომ მთავარი მოწინააღმდეგე დაინტერესდა ბიბლიური ჭეშმარიტებით და მოგვიანებით მოინათლა. ახლა ამ ქალაქში კრების შეხვედრებიც ტარდება.

„მოსავლის აღება“

ბევრმა იეჰოვას მოწმემ ნაუატლი ენის შესწავლა დაიწყო, რადგან ამ ტერიტორიაზე მქადაგებელთა დიდი საჭიროება იყო. მაგრამ ამას თან ახლდა სირთულეები. აცტეკები ძალიან მორცხვი ხალხია; ისინი თავს იკავებენ მშობლიურ ენაზე საუბრისგან იმ ცუდი დამოკიდებულების გამო, რომელიც გარშემომყოფთ აქვს მათ მიმართ. სირთულეს ისიც ქმნიდა, რომ აცტეკები არაერთ დიალექტზე საუბრობდნენ.

ერთი სრული დროით მქადაგებელი, სონია, გვიზიარებს, რამ აღძრა იგი, შეესწავლა ნაუატლი ენა. «ჩემი სახლიდან ორი საათის სავალზე არის დაცული თავშესაფარი, სადაც დაახლოებით 6 000 ნაუატლი ენაზე მოლაპარაკე მუშა ცხოვრობს. მათ შემხედვარეს გული დამეწვა, რადგან გულჩვილები არიან და თავს ძალიან დამცირებულად გრძნობენ — ამბობს სონია. — ისინი ხომ ამაყი ხალხის შთამომავლები არიან! ჩვენი კულტურის ფესვები ხომ სწორედ მათგან იღებს სათავეს. 20 წლის მანძილზე მათ ესპანურ ენაზე ვუქადაგებდით, მაგრამ ბოლომდე არ ესმოდათ, რას ვეუბნებოდით და, შესაბამისად, ინტერესსაც არ ავლენდნენ. მაგრამ როდესაც მათ ენაზე რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, მათთან ნორმალური საუბრის შესაძლებლობა მომეცა. ისინი გარს შემომეხვეოდნენ ხოლმე და მისმენდნენ. ერთხელ ერთ ქალს შევთავაზე, რომ წერა-კითხვას ვასწავლიდი, თუ ის სანაცვლოდ ნაუატლი ენას მასწავლიდა. ახლა თავშესაფარში თითქმის ყველა მცნობს და „ნაუატლი ენაზე მოლაპარაკე ქალს“ მეძახიან. თავს მისიონერივით ვგრძნობ საკუთარ ქვეყანაში». დღეს ამ ტერიტორიაზე კრებაც არსებობს ნაუატლი ენაზე.

მარისელა, რომელიც სრული დროით მსახურობს, ძალ-ღონეს არ იშურებს ნაუატლი ენის შესასწავლად. ის ბიბლიას ასწავლიდა 70 წლის ფელიქსს; თავიდან შესწავლას ესპანურ ენაზე უტარებდა, მაგრამ როცა ნაუატლი ენაზე ლაპარაკი დაიწყო, ცდილობდა მისთვის ყველაფერი მშობლიურ ენაზე აეხსნა. ამან კარგი შედეგი გამოიღო. მარისელას გული აუჩუყდა, როცა ფელიქსმა ჰკითხა: „ისმენს იეჰოვა ჩემს ლოცვებს, როცა მას ნაუატლი ენაზე მივმართავ?“. ფელიქსს ძალიან გაუხარდა იმის გაგება, რომ იეჰოვას ყველა ენა ესმის. ის ახლა რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს მიუხედავად იმისა, რომ ფეხით საათნახევარი ანდომებს შეხვედრის ადგილამდე მისვლას. ამჟამად იგი მონათლულია. მარისელა ამბობს: „რა ბედნიერი ვარ, რომ ვთანამშრომლობ ანგელოზთან, რომელიც სასიხარულო ცნობას ყველა ერს ამცნობს!“ (გამოცხადება 14:6, 7).

ტერიტორია, სადაც ნაუატლი ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს, მართლაც „გადათეთრებულია მოსამკელად“ (იოანე 4:35). ვლოცულობთ, რომ იეჰოვა ღმერთმა კვლავაც თავისი მთისკენ მოიხმოს ხალხი ყველა ერიდან, მათ შორის თანამედროვე კეთილშობილი აცტეკები, რათა განისწავლონ მისი გზებით (ესაია 2:2, 3).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ნაუატლი იუტო-აცტეკურ ენათა დიდ ჯგუფს განეკუთვნება. ამ ენაზე ლაპარაკობდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ჰოპის, შოშონის და კომანჩეს ტომები. ბევრი ნაუატლური სიტყვა ინგლისურ ენაშიც დამკვიდრდა. მაგალითად, ავოკადო, შოკოლადი, კოიოტი და პომიდორი.

[რუკა 13 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მეხიკო

აცტეკთა რაოდენობა მექსიკის სხვადასხვა შტატში

150 000

1000-ის ქვემოთ