არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას!

ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას!

ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას!

ერთი ექიმი სავარძელში კომფორტულად მოკალათებული უყურებდა ერთ-ერთ სატელევიზიო თოქ-შოუს, სადაც სტუმრად იყო მიწვეული ირლანდიელი მინისტრი. კარგად დაკვირვების შემდეგ ექიმმა მინისტრის სახეზე ავთვისებიანი სიმსივნის ნიშნები შეამჩნია. მან მინისტრს შეუთვალა, რომ სასწრაფოდ ჩაეტარებინა გამოკვლევა.

დიაგნოზი გამართლდა. ამ ექიმს ჰქონდა იმის უნარი, რომ ერთი შეხედვით დაესვა ზუსტი დიაგნოზი. ზოგს ჰგონია, რომ ამ ექიმის მსგავსად შეუძლია შეაფასოს ადამიანი — პირველივე დანახვისთანავე გაიგოს, როგორი ხასიათი აქვს, რა თვისებები გააჩნია და იმსახურებს თუ არა ნდობას.

საუკუნეების მანძილზე არაერთი მკვლევარი ცდილობდა, მეცნიერული მიდგომა გამოეყენებინა და იმის უნარი განევითარებინა, რომ გარეგნული ნიშან-თვისებებით დაედგინა ადამიანის ხასიათი. ასეთ მიდგომას ფიზიოგნომიკას უწოდებენ. „ენციკლოპედია ბრიტანიკა“ ამ სიტყვას ასე განმარტავს: „ეს არის ფსევდომეცნიერება, რომლის თანახმადაც, ადამიანის ხასიათის შეფასება ხდება მის გარეგნულ ნიშან-თვისებებზე დაკვირვებით, იქნება ეს სახის გამომეტყველება, სხეულის აღნაგობა თუ მოყვანილობა“. XIX საუკუნეში ანთროპოლოგი ფრანსის გოლტონი (ჩარლზ დარვინის ბიძაშვილი) და იტალიელი კრიმინოლოგი ჩეზარე ლომბროზოც იგივე თეორიებს ეყრდნობოდნენ, რაც თითქმის დავიწყებას მიეცა.

დღემდე ბევრს სჯერა, რომ ადამიანის სწორად შეფასება უბრალოდ მის გარეგნობაზე დაკვირვებით შეიძლება. რამდენად სანდოა პირველი შთაბეჭდილება?

გარეგნობით შეფასება

ბიბლიიდან, კერძოდ წიგნ „პირველი სამუელიდან“ კარგად ჩანს, როგორ შეიძლება პირველი შთაბეჭდილება მცდარი აღმოჩნდეს. იეჰოვა ღმერთმა წინასწარმეტყველ სამუელს დაავალა, რომ იესეს სახლეულობიდან ისრაელის მომავალი მეფე ეცხო. ბიბლიაში წერია: «როცა მივიდნენ [იესეს ვაჟები], მან ელიაბი დაინახა და თქვა: „ნამდვილად ეს არის იეჰოვას ცხებული“. იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს, რადგან უარვყავი იგი. ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“». სამუელი იესეს დანარჩენ ექვს ვაჟშიც შეცდა. საბოლოოდ, იეჰოვამ მეფედ იესეს მერვე ვაჟი, ყმაწვილი დავითი აირჩია, რომელზეც წინასწარმეტყველს და იესეს არც კი უფიქრიათ. მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ დავითისთვის მოეხმოთ (1 სამუელი 16:6—12).

დღესაც იგივე ხდება. რამდენიმე წლის წინ გერმანიაში კრიმინოლოგიის პროფესორმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც იურიდიული ფაკულტეტის 500 სტუდენტი მონაწილეობდა. ამ ექსპერიმენტის დროს მოიწვიეს 12 უცნობი სტუმარი, რომელთა შორისაც იყვნენ პოლიციის უფროსი, პროკურორი, უნივერსიტეტის ბუღალტერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, რამდენიმე ადვოკატი, სასამართლო აღმასრულებლები და სამი ბრალდებული. სტუდენტებს მხოლოდ გარეგნული ნიშან-თვისებებისა და ჰობის მიხედვით უნდა დაედგინათ, მოწვეული სტუმრებიდან ვინ იხდიდა სასჯელს და რა დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. გარდა ამისა, მათ უნდა ამოეცნოთ, რა პროფესიის იყო თითოეული სტუმარი.

როგორი იყო შედეგები? სტუდენტების დაახლოებით სამოცდათხუთმეტმა პროცენტმა შეძლო სამივე დამნაშავის ამოცნობა. მაგრამ დაახლოებით სამოცმა პროცენტმა კანონის დამრღვევებად ცნო ცხრა სხვა სტუმარი, რომელთაც არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. ყოველმა მეშვიდე სტუდენტმა პროკურორი ნარკოდილერად ცნო, ხოლო ყოველმა მესამემ პოლიციის უფროსი ქურდად მიიჩნია. ამ შემთხვევიდან კარგად გამოჩნდა, რომ მხოლოდ გარეგნობით შეფასება შეიძლება საკმაოდ არაზუსტი აღმოჩნდეს.

გარეგნობამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს

ჩვენ მიდრეკილნი ვართ, ადამიანზე პირველივე დანახვისთანავე შევიქმნათ წარმოდგენა. შეიძლება ადრე ვიღაცის შეფასებაში არ შევცდით და ამჯერადაც რომელიმე კონკრეტული ადამიანის შეფასებას ჩვენი ინტუიციით ვცდილობთ. ამ დროს ადვილად შეიძლება ეს ადამიანი რომელიმე კატეგორიას მივაკუთვნოთ. გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება სხვები მათი ეროვნების, სოციალური მდგომარეობის ან რელიგიის მიხედვით შევაფასოთ.

თუ ვინმეზე ჩვენი წარმოდგენა გამართლდა, ეს დამაჯერებლობას გვმატებს; შეიძლება ისიც დავასკვნათ, რომ არასდროს შევცდებით დანახვისთანავე ადამიანის შეფასებაში. მაგრამ როგორ ვრეაგირებთ, როცა ვხვდებით, რომ სრულიად შევცდით ვინმეს შეფასებაში? თუ გულწრფელები ვართ, რეალობას თვალს გავუსწორებთ და წინასწარშექმნილ აზრს მოვიშორებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინმეს შეიძლება დიდი ზიანი მივაყენოთ და მისი რეპუტაციაც კი შევლახოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გადავაბიჯეთ საკუთარ სიამაყეს და ვერ ვაღიარეთ, რომ შეფასებაში შევცდით.

გარეგნობის მიხედვით სხვების განსჯა შეიძლება არა მხოლოდ მისთვის იყოს საზიანო, ვისაც განვსჯით, არამედ ჩვენთვისაც. მაგალითად, პირველ საუკუნეში ბევრმა იუდეველმა უარყო ის აზრი, რომ იესო შეიძლებოდა აღთქმული მესია ყოფილიყო. მიზეზი ის იყო, რომ მათ გარეგნული ნიშან-თვისებებით შეაფასეს იესო — მათთვის იესო უბრალო დურგლის ვაჟი იყო. მართალია, ისინი მოიხიბლნენ იესოს ბრძნული გამონათქვამებითა და მის მიერ მოხდენილი სასწაულებით, მაგრამ არ სურდათ წინასწარაკვიატებული აზრისგან გათავისუფლება და იმის გადათქმა, რაც მანამდე დაასკვნეს იესოზე. ასეთი უარყოფითი განწყობის გამო იესო სხვა მხარეში გადავიდა საქადაგებლად. მან თქვა: „წინასწარმეტყველს ყველგან სცემენ პატივს მშობლიური მხარისა და სახლის გარდა“ (მათე 13:54—58).

იუდეველები იმ ერის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც საუკუნეების მანძილზე ელოდა მესიას. ისინი პირველი დანახვისთანავე განსჯიდნენ ადამიანებს და სწორედ ამიტომ არ აღიარეს მესია, რის გამოც საბოლოოდ ღვთის კეთილგანწყობა დაკარგეს (მათე 23:37—39). მსგავსი განწყობა ჰქონდათ იესოს მოწაფეების მიმართაც. ბევრს უბრალოდ არ შეეძლო იმის დაჯერება, რომ ღარიბ მეთევზეებს, რომლებსაც განათლებული ხალხი და წამყვანი რელიგიის ლიდერები ზიზღით უყურებდნენ, რაიმე მნიშვნელოვანის თქმა შეეძლოთ. მათ, ვინც პირველ შთაბეჭდილებას ენდო, არ ხვდათ წილად პატივი, იესოს, ღვთის ძის, მიმდევრები გამხდარიყვნენ (იოანე 1:10—12).

ზოგმა შეიცვალა შეხედულება

იესოს თანამედროვეებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ეყოთ თავმდაბლობა და შეიცვალეს შეხედულება მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით იხილეს იესოს საქმეები (იოანე 7:45—52). მათ შორის იყო იესოს ოჯახის ზოგიერთი წევრი, რომლებსაც თავდაპირველად არ სჯეროდათ, რომ ერთ-ერთი მათი ახლობელი მესია იყო (იოანე 7:5). საბედნიეროდ, მათ შეიცვალეს შეხედულება და ირწმუნეს იგი (საქმეები 1:14; 1 კორინთელები 9:5; გალატელები 1:19). მსგავსად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ რომში ზოგმა იუდეველმა გადაწყვიტა, პირადად მოესმინა პავლე მოციქულისთვის ნაცვლად იმისა, რომ აჰყოლოდა ხმებს, რომელსაც ქრისტიანების მტრები ავრცელებდნენ. პავლესთან საუბრის შემდეგ ზოგიერთი მათგანი მორწმუნე გახდა (საქმეები 28:22—24).

დღესაც ბევრი ნეგატიურად არის განწყობილი იეჰოვას მოწმეების მიმართ. ხშირ შემთხვევაში ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ გამოიკვლიეს ფაქტები და დაადგინეს, რომ იეჰოვას მოწმეების მრწამსი არაბიბლიურია, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არ სჯერათ, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ქადაგებენ. მათ იეჰოვას მოწმეებზე სწორედ ისეთი თვალსაზრისი აქვთ, როგორიც ბევრს ჰქონდა იესოს მიმდევრებზე პირველ საუკუნეში.

გასაკვირი არ არის, რომ დამამცირებელი და არასასიამოვნო რეპლიკები კეთდება მათი მისამართით, ვინც იესოს ნაკვალევს მიყვება, რადგან თავად იესომ გააფრთხილა თავისი ნამდვილი მიმდევრები: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო“. მაგრამ მან ასეთი სიტყვებით ანუგეშა ისინი: „ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათე 10:22).

იესოს მითითების თანახმად, დღეს იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში იქადაგონ (მათე 28:19, 20). ისინი, ვინც შეგნებულად ამბობენ უარს მათ მოსმენაზე, კარგავენ შესაძლებლობას, დაადგნენ მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზას (იოანე 17:3). რისი თქმა შეიძლება თქვენზე? წინასწარშექმნილი აზრი გაქვთ იეჰოვას მოწმეებზე თუ მზად ხართ, გამოიკვლიოთ ფაქტები და საღად შეაფასოთ ისინი? გახსოვდეთ: პირველმა შთაბეჭდილებამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ. მაგრამ თუ ობიექტურად შეაფასებთ ყველაფერს, თქვენ თვითონ გაოცდებით შედეგებით (საქმეები 17:10—12).

[სურათი 11 გვერდზე]

ბევრმა იუდეველმა წინასწარაკვიატებული აზრის გამო არ ცნო იესო მესიად

[სურათი 12 გვერდზე]

თქვენი შეხედულება იეჰოვას მოწმეებზე ფაქტებს ეფუძნება თუ წინასწარშექმნილი აზრი გაქვთ?