არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არის ღვთის სამეფო უბრალოდ, გულის მდგომარეობა?

არის ღვთის სამეფო უბრალოდ, გულის მდგომარეობა?

არის ღვთის სამეფო უბრალოდ, გულის მდგომარეობა?

„ღვთის სამეფო ჩვენი გულის მოსმენით მოდის“, — აღნიშნა პაპმა ბენედიქტე XVI-მ თავის წიგნში „იესო ნაზარეთელი“. ზოგი თვლის, რომ ღვთის სამეფო არის შინაგანი პიროვნების ცვლილება, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი იღებს იესო ქრისტეს და მისადმი რწმენას ივითარებს. არის ღვთის სამეფო, უბრალოდ, შინაგანი პიროვნების ცვლილება ან არის ის „მხოლოდ ადამიანთა გულებში“?

იესოსთვის ღვთის სამეფო ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. სამეფო „იესოს ქადაგების მთავარი თემა იყო“, — აღიარებს პაპი ბენედიქტე. დედამიწაზე მსახურების დროს იესო დადიოდა და ყველგან ქადაგებდა „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათე 4:23). იესომ თავისი სწავლებითა და სასწაულებით ცხადყო, რომ სამეფო მეტია, ვიდრე ღვთისადმი რწმენა და მისადმი მორჩილება. მასში იგულისხმება მმართველობა, გასამართლება და მარადიული კურთხევები.

მმართველობა და გასამართლება

იესოს მსახურების ბოლო დღეებში მასთან მისი მოწაფეების, იაკობისა და იოანეს, დედა მივიდა და უთხრა: „სიტყვა თქვი, რომ ჩემი ერთი ვაჟი შენს სამეფოში შენ მარჯვნივ დაჯდეს, მეორე კი — შენ მარცხნივ“ (მათე 20:21). ცხადია, ამ შემთხვევაში ის არ ლაპარაკობდა რაღაცაზე, რაც თავისი შვილების გულში იყო. მას ესმოდა, რომ სამეფო იესოს მმართველობასთან იყო დაკავშირებული და უნდოდა, რომ მის ვაჟებს მასთან ერთად ემმართველათ. იესო თავის 11 მოციქულს დაჰპირდა, რომ ისინი მის სამეფოში იქნებოდნენ, „ტახტებზე დასხდებოდნენ“ და გაასამართლებდნენ (ლუკა 22:30). მაშინ იესოს მიმდევრებისთვის სამეფო იყო რეალური მმართველობა, ანუ ხელისუფლება.

რა შეიძლება ითქვას იესოს დღეებში მცხოვრებ სხვა ხალხზე? იყო მათთვის სამეფო მხოლოდ შინაგანი პიროვნების ცვლილება თუ ისინი უფრო მეტს მოელოდნენ? ახ. წ. 33 წლის პასექის დღესასწაულამდე, როდესაც იესო იერუსალიმში ჩოჩორზე ამხედრებული შედიოდა, ხალხი ხმამაღლა გაიძახოდა: „გევედრებით, იხსენი დავითის ძე!“ (მათე 21:9). რატომ გაიძახოდნენ ისინი ამ სიტყვებს? როგორც ჩანს, მათ ესმოდათ, რომ იესო აღთქმული მესია იყო და ღმერთი მას მისცემდა მარადიულ სამეფოს „დავითის, მამამისის ტახტს“. მათ სწყუროდათ ხსნა, მშვიდობა და სამართლიანობა, რომელსაც სამეფო მოიტანდა (ლუკა 1:32; ზაქარია 9:9).

მარადიული კურთხევები

ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებიც იესოს მსახურებისადმი დიდ ინტერესს არ ავლენდნენ, გარკვეული წარმოდგენა ჰქონდათ მის სწავლებებზე. ძელზე გაკრულ იესოს გვერდზე მყოფმა ბოროტმოქმედმა სთხოვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. იესომ სიკვდილის პირას მყოფი მამაკაცი დაარწმუნა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:42, 43).

ამ ყაჩაღს, როგორც ჩანს, სწამდა, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო სამეფოში შევიდოდა, ანუ სამეფოს მიიღებდა. იესოს არა მარტო უფლებამოსილება ექნებოდა, ეს მამაკაცი — სხვა მილიონებთან ერთად — მკვდრეთით აღედგინა, არამედ ამის გაკეთების სურვილიც ექნებოდა. იესო, სულიერი სამფლობელოს მმართველი, დედამიწაზე მცხოვრებ კაცობრიობას სამეფოს მეშვეობით მარადიულ კურთხევებს მოუტანდა (იოანე 5:28, 29).

ღვთის სამეფო მათ შორის

განა იესომ არ თქვა: „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“? დიახ, ეს სიტყვები ლუკას 17:21-შია ჩაწერილი. ბიბლიის ზოგ თარგმანში ნათქვამია: „თქვენს შიგნით არის ღმერთის სასუფეველი“, „თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (იხილეთ, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, მესამე გამოცემა, 1990; „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). რას ნიშნავს იესოს ეს სიტყვები?

კონტექსტი გვიჩვენებს, რომ იესო ამ სიტყვებით ფარისევლებად წოდებულ მოწინააღმდეგე რელიგიურ ჯგუფს მიმართავდა. მათ საკუთარი შეხედულება ჰქონდათ მესიასა და მის სამეფოზე. ისინი მოელოდნენ, რომ მესია მოვიდოდა „ცის ღრუბლებზე“, როგორც დიდებული მეფე. მათი აზრით, ის იუდეველებს რომაელებისგან იხსნიდა და ისრაელის სამეფოს აღადგენდა (დანიელი 7:13, 14). მაგრამ იესომ მათ თავიანთ შეცდომაზე მიუთითა და უთხრა: „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად მოვა“. შემდეგ დასძინა: „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (ლუკა 17:20, 21).

იესო ასწავლიდა სამეფოს შესახებ და ახდენდა სასწაულებს, რომლებიც ცხადყოფდა, რომ ის ამ სამეფოს აღთქმული მეფე იყო. ეს ფარისევლებს, რომლებსაც სუფთა გული და ნამდვილი რწმენა არ ჰქონდათ, იესოს წინააღმდეგ უფრო მეტად განაწყობდა. ფარისევლები ეჭვქვეშ აყენებდნენ იესოს უფლებამოსილებასა და სწავლებებს. ამიტომ იესომ მათ ფაქტი წარუდგინა — სამეფო, რომელიც მეფით იყო წარმოდგენილი, მათ შორის იმყოფებოდა. იესოს არ უთქვამს, რომ მათ საკუთარ გულებში ჩაეხედათ. * იესო და მისი მოწაფეები ფარისევლების წინ იდგნენ. ერთ-ერთი ინგლისური თარგმანის თანახმად, იესომ თქვა: „ღვთის სამეფო აქ, თქვენთან არის“ (ლუკა 17:21; Contemporary English Version).

სამეფო მნიშვნელოვანია თქვენთვის

ღვთის სამეფო არ არის ცოდვილ ადამიანთა გულებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ჩვენთვის. თავისი სწავლებითა და ძლევამოსილი საქმეებით იესო ცდილობდა მსმენელისთვის ჩაენერგა ღრმა რწმენა სამართლიანი ხელისუფლებისადმი, რომელიც ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანდა. მას სურდა, რომ ხალხს ისეთი რწმენა ჰქონოდა, რომელიც მათ ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედებდა. იესომ მოწაფეებს ასწავლა, ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). მრავალს, ვისაც იესოს სიტყვები შეეხო, რწმენა განუვითარდა, რამაც ისინი აღძრა, ქრისტეს მიჰყოლოდნენ და ღვთის სამეფოს კურთხევები მიეღოთ.

გსურთ, მსგავსი რწმენა გქონდეთ? რა არის ამისთვის საჭირო? გაიხსენეთ, რა სიტყვებით დაიწყო იესომ მთაზე ქადაგება: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათე 5:3). კარგი იქნება, თუ გამოეხმაურებით იეჰოვას მოწმეებს, რომლებმაც ეს ჟურნალი მოგიტანეს, და მათთან ბიბლიის შესწავლას დაიწყებდით. მაშინ არა მხოლოდ შინაგანი პიროვნების ცვლილების იმედი გაგიჩნდებოდათ, არამედ — სამართლიანი მმართველობის, რომელიც ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოუტანს ყველას.

[სქოლიო]

^ აბზ. 13 ნაცვალსახელი „თქვენ“ მიუთითებს ფარისევლებზე, რომლებსაც იესო ელაპარაკებოდა. რა თქმა უნდა, იესო ფარისევლების შინაგან გარდაქმნასა და მათი გულის მდგომარეობაზე არ ლაპარაკობდა.

[ჩანართი 11 გვერდზე]

იყო ღვთის სამეფო იესოს მოწინააღმდეგეთა, ჯიუტ და მკვლელ ფარისეველთა, გულებში?