არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯვარზე გააკრეს სინამდვილეში იესო?

ჯვარზე გააკრეს სინამდვილეში იესო?

ჯვარზე გააკრეს სინამდვილეში იესო?

„ჯვარი ქრისტიანობის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში. არაერთ ნახატსა თუ ხელოვნების ნიმუშზე გამოსახულია ჯვარზე მილურსმული იესო. რატომ არის ეს სიმბოლო ასე გავრცელებული ქრისტიანულ სამყაროში? ჯვარზე გააკრეს სინამდვილეში იესო?

ბევრი თვლის, რომ ამ კითხვაზე პასუხი ბიბლიაში წერია. მაგალითად, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემის“ თანახმად, როცა იესოს სიკვდილით სჯიდნენ, თვითმხილველები დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „ჩამოდი ჯვრიდან“ (მათე 27:40, 42). ბიბლიის სხვა თარგმანებშიც „ჯვარია“ მოხსენიებული. მაგალითად, „ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, საქართველოს ბიბლიური საზოგადოების“ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ჯარისკაცებმა ვინმე სიმონ კვირინელი „აიძულეს . . . ეზიდა მისი [იესოს] ჯვარი“ (მარკოზი 15:21). ამ მუხლებში „ჯვარი“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან სტავროს. არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც სტავროსი „ჯვრად“ ითარგმნა? რას ნიშნავს ეს სიტყვა ორიგინალის ენაზე?

იყო კი ეს ჯვარი?

ბერძენი სწავლულის უ. ი. ვაინის სიტყვების თანახმად, სტავროსი „უმთავრესად ნიშნავს ვერტიკალურ ბოძს ან ძელს. ასეთ ძელზე, ჩვეულებრივ, დამნაშავეს ლურსმნებით აკრავდნენ. არსებითი სახელი და ზმნა სტავროო ბოძზე ან ძელზე გაკვრას გულისხმობს. ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა გამორიცხავს ეკლესიურ ჯვარს, რომელიც ურთიერთგადამკვეთი ბოძისგან იყო გაკეთებული“.

ერთ ბიბლიურ ლექსიკონში (The Imperial Bible-Dictionary) ნათქვამია, რომ სიტყვა სტავროს გულისხმობდა „ძელს, ვერტიკალურ ბოძს ან ხის ნაჭერს, რომელზეც შეიძლებოდა რამის დაკიდება ან რომელსაც მიწის ნაკვეთის შემოსაღობად იყენებდნენ“. იგივე ლექსიკონი დასძენს, რომ „რომაელებში კრუქსს (ლათინური სიტყვა, საიდანაც ჯვარი წარმოდგება) თავდაპირველად ვერტიკალური ძელის მნიშვნელობით იყენებდნენ“. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რატომ წერია „კათოლიკურ ენციკლოპედიაში“, რომ „ჯვარი თავიდან ერთი უბრალო ვერტიკალური ბოძი იყო, რომელსაც ზედა ნაწილი წაწვეტებული ჰქონდა“.

ბიბლიის დამწერებმა კიდევ ერთი ბერძნული სიტყვა, ქსილონ გამოიყენეს იესოს დასასჯელი იარაღის აღსაწერად. ერთი ნაშრომის (A Critical Lexicon and Concordance to the English and Greek New Testament) მიხედვით, ქსილონ ნიშნავს „მორს, ხის ძელს“. ამავე ნაშრომში ნათქვამია, რომ სტავროსის მსგავსად ქსილონიც „უბრალო, ვერტიკალური ბოძი ან ძელი იყო, რომელზეც რომაელები დამნაშავეებს ლურსმნებით აკრავდნენ“.

ამის გათვალისწინებით, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემის“ მიხედვით, საქმეების 5:30-ში ვკითხულობთ: „ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ მოჰკალით და ძელზე [ქსილონ] დაჰკიდეთ“. ბევრ თარგმანში, სადაც სტავროსი „ჯვრად“ არის ნათარგმნი, ქსილონი „ხედ“ ითარგმნება. „ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, საქართველოს ბიბლიური საზოგადოების“ გამოცემის მიხედვით, საქმეების 13:29-ში ვკითხულობთ: „როცა აღსრულდა ყოველივე მასზე დაწერილი, ჩამოხსნეს ძელიდან [ქსილონ] და დაასვენეს სამარხში“.

თუ მხედველობაში მივიღებთ ბერძნული სიტყვების სტავროსისა და ქსილონის ძირითად მნიშვნელობებს, ზემოხსენებული ნაშრომი შემდეგ დასკვნას აკეთებს: „ეს ორი სიტყვა გამორიცხავს თანამედროვე წარმოდგენას ჯვარზე, რაც სურათებზეა აღბეჭდილი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახარებების დამწერების მიერ ნახსენები სტავროსი არაფრით ჰგავს იმას, რასაც ხალხი დღეს ჯვარს უწოდებს. აქედან გამომდინარე, „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მათეს 27:40—42-სა და სხვა მუხლებში სტავროსს „წამების ბოძად“ თარგმნის. „სრული ებრაული ბიბლიის ინგლისური ვერსიის“ მიხედვით, მათეს 27:40-ში გამოყენებულია „სიკვდილით დასასჯელი ძელი“.

საიდან იღებს დასაბამს ჯვარი?

თუ ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ იესო ჯვარს აცვეს, მაშ რატომ ამკობენ კათოლიკურ, პროტესტანტულ, მართლმადიდებლურ თუ სხვა ეკლესიებს ჯვრებით და რატომ იყენებენ მას თავიანთი რწმენის სიმბოლოდ მაშინ, როცა ეს ეკლესიები აცხადებენ, რომ ასწავლიან და მიჰყვებიან ბიბლიას? როგორ იქცა ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოდ?

ჯვარს მხოლოდ ისინი კი არ ეთაყვანებიან, ვინც ეკლესიის მრევლია და ამტკიცებს, რომ ბიბლიას მიჰყვება, არამედ ის ხალხებიც, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ბიბლიასთან და რომელთა თაყვანისმცემლობაც „ქრისტიანული“ ეკლესიების დაარსებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ბევრ რელიგიურ ნაშრომში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ფორმის ჯვრები უძველესი ცივილიზაციების არსებობის პერიოდიდან იღებს დასაბამს. მაგალითად, ძველი ეგვიპტური იეროგლიფებით გამოსახულია T-ს ფორმის ჯვარი ოვალური ფორმის თავით. ამ ფორმის ჯვარი ხშირად გვხვდება ეგვიპტის ღმერთებისა თუ ღვთაებების გამოსახულებებზეც. მას ეწოდება „კრუქს ანსატა“, იგივე ანხი, მარყუჟული ჯვარი, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლებოდა. დროთა განმავლობაში ჯვრის ეს ფორმა კოპტურმა და სხვა ეკლესიებმა გადაიღეს და მისი ფართოდ გამოყენება დაიწყეს.

„კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია, რომ „პრიმიტიული ფორმის ჯვარი, როგორც ჩანს, იყო ეგრეთ წოდებული „კრუქს გამატა“, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეებისთვის და პრეისტორიული არქეოლოგიის შემსწავლელთათვის უფრო მეტად მისი სანსკრიტული სახელით, „სვასტიკათია“ ცნობილი. ამ ფორმის ჯვარს ფართოდ იყენებდნენ ინდუსები ინდოეთში და ბუდისტები — მთელ აზიაში. მისი ნახვა ამ ტერიტორიებზე დღემდე შესაძლებელია სხვადასხვა ორნამენტებსა თუ მორთულობებზე.

ზუსტად არ არის ცნობილი, როდის იქცა ჯვარი „ქრისტიანულ“ სიმბოლოდ. „ვაინის ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებით ლექსიკონში“ აღნიშნულია: „ახ. წ. III საუკუნის შუახანებში ეკლესიებმა ქრისტიანულ რწმენაზე დაფუძნებული ზოგიერთი სწავლება უარყვეს ან დაამახინჯეს. განდგომილი ეკლესიის გავლენის გაძლიერების მიზნით წარმართებს რწმენის ჩაუნერგავად იღებდნენ ეკლესიებში და, ძირითადად, ნებას რთავდნენ, რომ შეენარჩუნებინათ თავიანთი წარმართული ნიშნები და სიმბოლოები“, მათ შორის ჯვარი.

ზოგი მწერალი აღნიშნავს, რომ ჯვარი დასაბამს ახ. წ. 312 წლიდან იღებს — სწორედ ამ წელს მზის თაყვანისმცემელმა კონსტანტინემ ერთ-ერთი ბრძოლის დროს ვითომდა ცაში იხილა ჯვარი ლათინური წარწერით “in hoc vince” („ამით გაიმარჯვებ“). მოგვიანებით, ეს „ქრისტიანული“ სიმბოლო გამოსახეს ჯარის დროშაზე, ფარებსა და აბჯარზე (იხილეთ სურათი მარცხნივ). გადმოცემის თანახმად, კონსტანტინე ქრისტიანობაზე მოექცა, მაგრამ მხოლოდ 25 წლის შემდეგ მოინათლა და ისიც სიკვდილის პირას მყოფი. ზოგი ეჭვქვეშ აყენებს მის გულწრფელობას. ერთ წიგნში ნათქვამია: „კონსტანტინეს სულ არ აღელვებდა იესო ნაზარეველის სწავლებები; ის ცდილობდა, ქრისტიანობა თავისი წარმართი ქვეშევრდომებისთვის მისაღები გაეხადა და უნივერსალურ რელიგიად ექცია“ (The Non-Christian Cross).

მას შემდეგ მრავალი ფორმის ჯვრის გამოყენება დაიწყეს. მაგალითად, „ილუსტრირებულ ბიბლიურ ლექსიკონში“ ნათქვამია: «„წმინდა ანტონის ჯვარი“, ზოგის თქმით, [ბაბილონის] ღვთაება თამუზის სიმბოლო იყო და მისი სახელის პირველი ასოს T-ს (ტაუ) ფორმა ჰქონდა». არსებობდა „წმინდა ანდრიას ჯვარი“, რომელიც X-ის ფორმისაა და აგრეთვე ორი ურთიერთგადამკვეთი ჯოხისგან გაკეთებული ჯვარი, რომელსაც ჰორიზონტალური ნაწილი ქვემოთ ჰქონდა ჩამოწეული. შეცდომით დაასკვნეს, რომ სწორედ ამ ფორმის ჯვარზე, რომელსაც ლათინური ჯვარი ეწოდება, „ტრადიციისამებრ, აწამეს ჩვენი უფალი“.

რისი სწამდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს?

ბიბლიიდან ჩანს, რომ პირველ საუკუნეში იესოს ბევრი მსმენელი მისი მიმდევარი გახდა და აღიარა, რომ ქრისტეს გამოსასყიდს ხნის ძალა აქვს. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულმა კორინთში იუდეველებს უქადაგა და გააცხადა, რომ იესო არის ქრისტე, „სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა და ყველა მისმა შინაურმა ირწმუნეს უფალი. ირწმუნა მრავალმა კორინთელმაც, ვინც ცნობა მოისმინა, და მოინათლა“ (საქმეები 18:5—8). პავლეს არ უთქვამს მათთვის, რომ რაიმე რელიგიური გამოსახულება ან სიმბოლო გამოეყენებინათ. პირიქით, მან მოუწოდა თანაქრისტიანებს, რომ გაქცეოდნენ კერპთაყვანისმცემლობას და ნებისმიერ რამეს, რაც წარმართული თაყვანისმცემლობიდან მომდინარეობდა (1 კორინთელები 10:14).

ისტორიკოსებსა და მკვლევარებს არ აღმოუჩენიათ რაიმე მტკიცებულება, რომ პირველი ქრისტიანები იყენებდნენ ჯვარს. საინტერესოა, რომ წიგნ „ჯვრის ისტორიაში“ ციტირებული იყო XVII საუკუნეში მოღვაწე მწერლის სიტყვები: „სასიამოვნოა იესოსთვის იმის დანახვა, რომ მისი მოწაფეები განადიდებენ იმ იარაღის გამოსახულებას, რომელზეც უდანაშაულო იესო მოთმინებით იტანდა ტანჯვასა და სირცხვილს?“ თქვენ როგორ უპასუხებთ ამ კითხვას?

ღმერთს მისთვის მისაღები სახით რომ ვცეთ თაყვანი, საჭირო არ არის გამოსახულებებისა თუ საგნების გამოყენება. პავლემ იკითხა: „რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?“ (2 კორინთელები 6:14—16). ბიბლიაში არსად წერია, რომ ქრისტიანული თაყვანისმცემლობის დროს უნდა გამოიყენებოდეს იმ იარაღის მსგავსი რამ, რაზეც იესო გააკრეს (შეადარეთ მათეს 15:3; მარკოზი 7:13).

მაშ, რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი? არა ჯვარი ან რაიმე სხვა სიმბოლო, არამედ სიყვარული. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35).

[ჩანართი 19 გვერდზე]

რასაც სახარებების დამწერები მოიხსენიებენ, არაფრით ჰგავს იმას, რასაც ხალხი დღეს ჯვარს უწოდებს

[სურათი 18 გვერდზე]

სიკვდილით დასჯა სტავროსზე, ლიფსიუსის ნახატი, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება (“DE CRUCE”)

[სურათი 19 გვერდზე]

კედელზე შესრულებული ეგვიპტური ნახატი (ძვ. წ. XIV საუკუნე) გამოსახული „კრუქს ანსატა“, იგივე ანხი, მარყუჟული ჯვარი, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლებოდა

[საავტორო უფლება]

© DeA Picture Library/Art Resource, NY

[სურათი 19 გვერდზე]

„კრუქს გამატა“ ერთ-ერთ ინდუისტთა ტაძარზე (LAXMI NARAYAN)

[სურათის საავტორო უფლება 20 გვერდზე]

From the book The Cross in Tradition, History, and Art (1897)