არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეასრულებთ საუკეთესოდ მისიონერულ მსახურებას?

როგორ შეასრულებთ საუკეთესოდ მისიონერულ მსახურებას?

„გალაადის“ 126-ე კლასის გამოშვება

როგორ შეასრულებთ საუკეთესოდ მისიონერულ მსახურებას?

პატერსონის (ნიუ-იორკი), „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში ხალხს განსაკუთრებულ შეხვედრაზე დასასწრებად მოეყარა თავი. 2009 წლის 14 მარტს, შაბათს, „საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადის“ 126-ე კლასის კურსდამთავრებულებს გამოსაშვები დღე ჰქონდათ. ისინი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად 22 ქვეყანაში გაამწესეს (მათე 24:14).

სტუდენტებმა ბიბლიის სწავლების ხუთთვიანი ინტენსიური კურსი გაიარეს, რათა საუკეთესოდ შეასრულონ მისიონერული მსახურება. ამ მიზნის მისაღწევად გამოსაშვებ დღეს სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიეცათ ბრძნული რჩევების მოსმენის შესაძლებლობა.

როგორც პროგრამის თავმჯდომარემ ენტონ მორისმა, იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა აღნიშნა, „გალაადის“ სკოლამ მისიონერების მომზადება 1943 წელს დაიწყო. მას შემდეგ ამ სკოლის კურსდამთავრებულებს მსოფლიო სამქადაგებლო საქმეში დიდი წვლილი შეაქვთ.

მომხსენებელმა თქვა, რომ მწიგნობრები და ფარისევლები იესოს მოციქულებს ზემოდან უყურებდნენ და „უწიგნურ და უმეცარ ადამიანებად“ თვლიდნენ, თუმცა იმასაც არ უარყოფდნენ, რომ მოციქულების სიმტკიცე იესოს გვერდით ყოფნამ განაპირობა (საქმეები 4:13, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“, ბსგ). სწავლების კურსი დაეხმარება სტუდენტებს, თამამად გაუზიარონ სხვებს ნასწავლი.

„გარეგნობით ნუ შეაფასებთ“, — ამ მოხსენებით მსმენელის წინაშე წარდგა რობერტ სირანკო, რომელიც ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტთან თანამშრომლობს. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მალე სტუდენტები სხვადასხვა კულტურისა და წეს-ჩვეულებების მქონე ადამიანებს შეხვდებოდნენ. თუ მისიონერები მათ იეჰოვას თვალით შეხედავენ, არ გაუჭირდებათ ასეთ ხალხს შორის ცხოვრება და ქადაგება. დედნისეულ ენაზე საქმეების 10:34-ში ასეთი აზრია გადმოცემული: „ღმერთი გარეგნობით არ აფასებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არ გამოარჩევს ერთს მეორისგან. ღმერთი „მიკერძოებული არ არის“ (საქმეები 10:35). ძმა სირანკომ უთხრა სტუდენტებს: „საუკეთესოდ იმ შემთხვევაში გაართმევთ თავს თქვენს დავალებას, თუ ყველას ღვთის თვალით შეხედავთ და მის მომავალ მსახურად ჩათვლით“.

„თქვენ ყველაფერი გაქვთ“

„აქლემი, რომელიც ბევრისთვის უშნო ცხოველია, უდაბნოს პირობებს საუკეთესოდ ეგუება“, — ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მოხსენება ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა სამუელ ჰერდმა. ახალ მისიონერებსაც ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ საუკეთესოდ იქადაგონ იქ, სადაც აგზავნიან. ამაში მათ ხუთი რამ დაეხმარებათ.

1) იეჰოვას სიყვარული (მათე 22:37, 38). სტუდენტებმა უკვე ცხადყვეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ, ემსახურონ იეჰოვას.

2) ღვთის სიტყვიდან მიღებული ცოდნა. ჩვეულებრივ, აქლემი თავის კუზში აგროვებს სამარაგო ცხიმს. მაგრამ ის ჭამაზე უარს არ ამბობს და მხოლოდ ამ მარაგის იმედად არ რჩება. მისიონერებიც მხოლოდ „გალაადის“ სკოლაში მიღებული ცოდნის იმედად კი არ უნდა იყვნენ, არამედ უნდა იკვებონ მსუყე სულიერი საზრდოთი.

3) ხალხის სიყვარული (მათე 22:39). სტუდენტებმა უნდა თანაუგრძნონ ხალხს.

4) მზადყოფნა (ფსალმუნი 110:3). როცა მისიონერებს ენერგია ეცლებათ, იეჰოვა მათ „ძალ-ღონით ავსებს“ (ესაია 40:29).

5) ახალგაზრდული ძლიერება. როგორც აქლემი ატარებს ადამიანს უდაბნოში, ისე მისიონერს შეუძლია „ატაროს“ სულიერად სუსტი თანაქრისტიანი. ამისთვის საჭიროა ახალგაზრდული ენერგია, რაც მისიონერებს აქვთ.

პროგრამის სხვა ღირსშესანიშნავი ნაწილი

სკოლა „გალაადის“ მასწავლებელმა მაიკლ ბარნეტმა აღნიშნა, რომ ნუში ერთ-ერთი ძღვენი იყო, რომელიც იაკობმა ეგვიპტის მმართველს გაუგზავნა (დაბადება 43:11). ნუში ძალიან კალორიულია. სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტებმა ბევრი სულიერი ნუში მიიღეს. მისიონერებმა თან უნდა გაიყოლონ ნასწავლი, განსაკუთრებით კი უნდა ახსოვდეთ, რომ კმაყოფილები იყვნენ იმით, რასაც იეჰოვა აძლევთ და შეიყვარონ ის ადგილი, სადაც ჩავლენ.

მარკ ნიუმარმა, სკოლა „გალაადის“ კიდევ ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ღვთის სიტყვა „ქისა სიბრძნეა“ (იობი 28:18). ჩვენ უნდა გავხსნათ ეს „ქისა“ და გამოვიყენოთ მასში არსებული სიბრძნე. თუ მისიონერების მოლოდინი არ გამართლდება, მათ პავლე მოციქულის მსგავსად უნდა იფიქრონ. იესოს მოწაფეებმა ის თავის სამშობლოში გაგზავნეს. როგორც ჩანს, პავლე ცხრა წლის განმავლობაში, ძირითადად, იქ ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მას არ უფიქრია, რომ როგორც „რჩეულ ჭურჭელს“ სხვაგან უნდა ემსახურა; ის გულმოდგინედ შრომობდა იქ, სადაც იყო (საქმეები 9:15, 28—30). ყოველთვის არ არის ადვილი, დაეთანხმო იეჰოვას არჩევანს. კიდევ ერთი ადამიანი, ვინც პავლეს მსგავსად მოიქცა, იონათანია, რომელიც დაჰყვა იეჰოვას ნებას და დავითი იეჰოვას რჩეულ მეფედ აღიარა. ის იმითაც იყო ბედნიერი, რომ მხარში ედგა დავითს.

შემდეგ წარმოდგენილი იყო პროგრამის ნაწილი, სახელწოდებით „ღვთის მსახურები გაბედულად ქადაგებენ“, რომელშიც სტუდენტებმა სამქადაგებლო მსახურებაში თავს გადამხდარი შემთხვევების ინსცენირებები წარმოადგინეს. ზოგმა მათგანმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. შემდეგი მოხსენების სათაური იყო „იეჰოვას ორგანიზაცია გვამზადებს“. მოხსენების დროს ინტერვიუ აიღეს სამი მოწმისგან, რომლებიც დიდი ხანია, მისიონერებად მსახურობენ. თითოეულმა მოყვა, თუ რა გამოცდილება მიიღო ღვთის ორგანიზაციაში.

„იყავი ბედნიერი მისიონერი“

გერიტ ლოშმა, ხელმძღვანელი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, წარმოადგინა პროგრამის მთავარი მოხსენება „იყავი ბედნიერი მისიონერი“. მისი თქმით, ბევრ ისეთ საქმეს, რასაც „სასიამოვნოს“ უწოდებენ, არ მოაქვს ნამდვილი ბედნიერება (იგავები 14:13; ეკლესიასტე 2:10, 11). ხანგრძლივი ბედნიერება ღვთის ნების შესრულებას მოაქვს, რაც ყოველთვის ადვილი არ არის. სკოლა „გალაადის“ სასწავლო პროგრამის გავლაც არ იყო ადვილი, თუმცა ყველა კმაყოფილი დარჩა.

ჭეშმარიტი ქრისტიანები უამრავი მიზეზის გამო არიან ბედნიერნი. ისინი ბედნიერ ღმერთს ემსახურებიან (ფსალმუნი 33:12; 1 ტიმოთე 1:11); ცხოვრობენ სულიერ სამოთხეში და იმედი აქვთ, რომ ღვთის დაპირებისამებრ მალე დედამიწაზე სამოთხე იქნება; მათ გაიგეს, რომ სიცოცხლის აზრი იეჰოვას განდიდება და მისთვის მსახურებაა და, რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვასა და იესოს უყვართ ისინი.

ძმა ლოშმა განაგრძო: „ბედნიერი მისიონერები იქნებით, თუ ისწავლით, იყოთ კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ. ბედნიერების კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ გვიყვარს ერთმანეთი. ასე რომ, აპატიეთ სხვებს შეცდომები, ხაზს ნუ გაუსვამთ მათ. სიკეთე გაუკეთეთ ყველას, დაეხმარეთ სუსტებს, მოუყევით ერთმანეთს კარგი შემთხვევები (ფსალმუნი 41:1, 2; საქმეები 20:35). ქადაგება და მოწაფეების მომზადება ბედნიერებას მოგიტანთ (ლუკა 11:28).

ძმა ლოშმა თავისი მოხსენება ამ სიტყვებით დაასრულა: „შეუდექით საქმეს ბედნიერო მისიონერებო! ზომიერად გაერთეთ და, ძირითადად, დრო ჩვენი ბედნიერი ღვთის, იეჰოვას განდიდებას მოახმარეთ და ამასთანავე, სხვებსაც განაცდევინეთ ეს ბედნიერება!“

დასასრულ, ენტონ მორისმა რამდენიმე ქვეყნიდან მოკითხვები გადასცა კურსდამთავრებულებს, შემდეგ კი დიპლომები დაურიგა. 126-ე კლასის კურსდამთავრებულებმა წაიკითხეს ხელმძღვანელი საბჭოსთვის დაწერილი წერილი, რომელშიც მადლიერების სიტყვები გამოთქვეს სკოლა „გალაადში“ სწავლისთვის.

დასკვნით სიტყვაში პროგრამის თავმჯდომარემ სხეულის სხვადასხვა ნაწილის შემაერთებელი „სახსრები და იოგები“ შეადარა იმ ღონისძიებებს, რომლითაც „ერთგული და გონიერი მონა“ იეჰოვას ხალხს სულიერად კვებავს და ხელმძღვანელობს (კოლოსელები 2:18, 19; მათე 24:45). თუ „გალაადის“ კურსდამთავრებულები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ღვთის ცხებულ მიმდევრებთან, ყოველმხრივ შეასრულებენ თავიანთ მსახურებას (2 ტიმოთე 4:5).

[ჩარჩო 30 გვერდზე]

კლასის სტატისტიკური მონაცემები

წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 6

ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები გაიგზავნებიან: 22

სტუდენტების რაოდენობა: 56

დაქორწინებული წყვილების რაოდენობა: 28

საშუალო ასაკი: 32,8

ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 17,9

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების რაოდენობა: 13,5

ქვეყნები, სადაც მისიონერები იმსახურებენ

ბენინი, ბოლივია, ბულგარეთი, ბურკინა-ფასო, განა, გვატემალა, კამერუნი, კენია, კოსტა-რიკა, ლიბერია, მადაგასკარი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პანამა, პარაგვაი, პერუ, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სიერა-ლეონე, ტოგო, უგანდა, ჰონდურასი.

[სურათი 31 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 126-ე კლასი

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.

1) კ. კირკჰოფი, ქ. ნიკოლზი, ი. გუზმანი, ჰ. ქოილი, ო. ბეკერი, ა. დე-სიმონა; 2) ა. მონზონორეს, ე. ბუვიერი, ჯ. პედლი, ჰ. მესონი, ჯ. ბრასი; 3) ჯ. ლი, ა. ფორტე, ტ. ბუშე, ა. მარში, ს. ლეტენი, მ. გლოვერი; 4) ჰ. კამბაკი, თ. ჯოუნზი, ა. ფერეირა, ჯ. მოროლესი, ს. ჩიკესი, ბ. დევისი, ე. დორმენენი; 5) ბ. დორმენენი, ჯ. ნიკოლზი, ტ. პოჩო, ლ. ტიტმასი, ე. ბუვიერი, ა. კირკჰოფი; 6) გ. ლეტენი, ა. პოჩო, ბ. ვან კამპენი, ა. მონზონორეს, ა. რივორდი, ი. ლი, ლ. ტიტმასი; 7) მ. ბუშე, კ. ქოილი, ს. მარში, ჯ. გუზმანი, უ. ჯოუნზი, ჯ. კამბაკი; 8) ა. გლოვერი, გ. ფერეირა, ე. მესონი, დ. ფორტე, ნ. დევისი, ო. ჩიკესი, ი. რივორდი; 9) დ. ბრასი, დ. ვან კამპენი, ა. მოროლესი, მ. დე-სიმონა, მ. ბეკერი, დ. პედლი.