არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნოემ ღვთის თვალში კეთილგანწყობა პოვა რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის?

ნოემ ღვთის თვალში კეთილგანწყობა პოვა რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის?

ნოემ ღვთის თვალში კეთილგანწყობა პოვა რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის?

ბევრ ჩვენგანს ახსოვს შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვანი ახალი ამბები გავიგეთ. არა მარტო ის გვახსოვს, სად ვიყავით ამ დროს ან რას ვაკეთებდით, არამედ ისიც გვახსოვს, რა რეაქცია გვქონდა გაგონილზე. ცხადია, ნოეს არასდროს დაავიწყდებოდა ის დღე, როცა იეჰოვა ღმერთმა, სამყაროს უზენაესმა მმართველმა, ახალი ამბავი ამცნო. ეს ცნობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო! იეჰოვამ ნოეს უთხრა, რომ „ყოველი ხორციელის“ განადგურება ჰქონდა გადაწყვეტილი. ნოეს დიდი კიდობანი უნდა აეგო თავისი ოჯახისა და ყველა სახეობის ცოცხალი ქმნილების გადასარჩენად (დაბადება 6:9—21).

როგორი იყო ნოეს რეაქცია? სიხარულით შეხვდა ის ამ ცნობას თუ უკმაყოფილება გამოხატა? როგორ მიიტანა ცოლისა და ოჯახის წევრების ყურამდე მან ეს ცნობა? ბიბლია ამის შესახებ არაფერს გვეუბნება. მასში მხოლოდ ნათქვამია: „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დაბადება 6:22).

ეს მნიშვნელოვანი ბიბლიური მონაკვეთია, რადგან მასში ნაჩვენებია, თუ რატომ პოვა ნოემ ღვთის თვალში კეთილგანწყობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის მზად იყო გაეკეთებინა ყველაფერი, რასაც ღმერთი სთხოვდა (დაბადება 6:8). კიდევ რატომ პოვა ნოემ ღვთის თვალში კეთილგანწყობა? ამ კითხვაზე პასუხის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან თუ გვინდა გადავრჩეთ მაშინ, როცა ღმერთი კვლავ გაწმენდს დედამიწას ბოროტებისგან, ჩვენც ნოეს მსგავსად უნდა ვიცხოვროთ. უპირველესად გავიგოთ, როგორ ცხოვრობდა ნოე წარღვნამდე.

დემონები დედამიწაზე

ნოე ძალიან დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა. ის პირველი ადამიანის შექმნიდან დაახლოებით ათასი წლის შემდეგ დაიბადა. ბევრი ფიქრობს, რომ მაშინ ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, ბალნიანები იყვნენ და განუვითარებლები, რომლებსაც ხელკეტები ეჭირათ და უმიზნოდ დახეტიალებდნენ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში იმ დროს რკინისა და სპილენძის იარაღები ჰქონდათ და კიდობნის აგებისას ნოე, შესაძლოა, ამ იარაღებს იყენებდა კიდეც. მაშინ მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც უკრავდნენ. ხალხი ქორწინდებოდა, ოჯახები იზრდებოდა, მოსავალი მოჰყავდათ და შინაურ ცხოველებს აშენებდნენ. ისინი ყიდულობდნენ და ყიდდნენ. ამ მხრივ დღევანდელი და მაშინდელი ყოფა ძალიან ჰგავს ერთმანეთს (დაბადება 4:20—22; ლუკა 17:26—28).

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელობასთან შედარებით ბევრი რამ მაინც სხვაგვარად იყო; თუნდაც ის, რომ ხალხი მაშინ გაცილებით დიდხანს ცოცხლობდა. ჩვეულებრივ, ადამიანი იმ დროს 800 წელზე მეტხანს ცოცხლობდა. ნოემ 950 წელი იცოცხლა, ადამმა — 930, ხოლო ნოეს პაპა მეთუშალახმა — 969 წელი * (დაბადება 5:5, 27; 9:29).

კიდევ ერთი სხვაობა აღწერილია დაბადების 6:1, 2-ში, სადაც ნათქვამია: „როდესაც დედამიწაზე ადამიანები გამრავლდნენ და ასულები შეეძინათ, ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ“. „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“ ზეციდან ჩამოსული ანგელოზები იყვნენ, რომლებმაც ხორცი შეისხეს და დედამიწას მამაკაცებად მოევლინენ. დედამიწაზე ისინი ღმერთს არ გამოუგზავნია და არც ადამიანთა სასარგებლოდ ჩამოსულან. მათ „მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ ზეცაში, რათა დედამიწაზე ლამაზ ქალებთან სქესობრივი ურთიერთობა ჰქონოდათ. ისინი დემონები გახდნენ (იუდა 6).

ეს დემონებად ქცეული ანგელოზები მეამბოხე, გახრწნილი, ზეადამიანური ძალისა და გონების მქონენი იყვნენ, და საშინელ გავლენას ახდენდნენ ადამიანებზე. როგორც ჩანს, ისინი ბატონობდნენ მათზე და იმ ბოროტმოქმედივით ფარულად არ მოქმედებდნენ, რომელსაც თავისი ვინაობისა და ბოროტი საქმეების დაფარვა სურს. პირიქით, დემონები აშკარად და თავხედურად ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთს.

ღვთის ამ ძეებს ადამიანთა ქალიშვილებთან სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ უჩნდებოდათ შვილები, რომლებსაც უჩვეულო ძალა ჰქონდათ. მათ ებრაულად „ნეფილიმები“ ერქვათ და დღემდე ამ სახელით არიან ცნობილნი. ბიბლიაში ნათქვამია: „იმ დროს და მას შემდეგაც ნეფილიმები იყვნენ დედამიწაზე, რადგან წვებოდნენ ჭეშმარიტი ღვთის ძეები ადამიანთა ასულებთან. ისინიც უჩენდნენ ვაჟებს, რომლებიც ძლიერები და სახელგანთქმულები იყვნენ ძველ დროს“ (დაბადება 6:4). ნეფილიმები საშიში ხალხი იყო. სიტყვა „ნეფილიმი“ წამქცევს ნიშნავს. მათი ძალმომრეობა ძველ მითებსა და ლეგენდებშიც აისახა.

მართალთა ტკივილი

ბიბლია ამბობს, რომ იმ პერიოდში გარყვნილება ხალხს ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი: „გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო . . . დედამიწა . . . აივსო ძალადობით . . . ყოველ ხორციელს გაეხრწნა თავისი გზა დედამიწაზე“ (დაბადება 6:5, 11, 12).

სწორედ ასეთ დროს ცხოვრობდა ნოე. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით „ნოე მართალი კაცი იყო“, რომელიც „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ (დაბადება 6:9). მართალი კაცისთვის უმართლოთა შორის ცხოვრება არ არის ადვილი. როგორ ატკენდა ნოეს გულს ხალხის სიტყვები და საქმეები! ალბათ, იგივე განცდა ექნებოდა კიდევ ერთ მართალ კაცს, ლოტსაც, რომელიც წარღვნის შემდეგ ცხოვრობდა. გახრწნილ სოდომელთა შორის მყოფი „კანონის უგულებელმყოფელთა თავაშვებულობით გაწამებული“ ლოტი, „როცა მათ შორის ცხოვრობდა, ყოველდღე ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს და იტანჯებოდა“ (2 პეტრე 2:7, 8). სწორედ ამ დღეში იყო ნოეც.

თქვენც გტკენთ გულს ახალ ამბებში მოსმენილი აღმაშფოთებელი მოვლენები ან თქვენ გარშემო მცხოვრებთა უღვთოობა? თუ ასეა, ადვილად გაიგებთ ნოეს მდგომარეობას. ის 600 წლის იყო, როცა წარღვნა მოვიდა, დაფიქრდით, როგორი რთული უნდა ყოფილიყო მისთვის ამ ხნის განმავლობაში ასეთ უმართლო ქვეყნიერებაში ცხოვრება! რამდენად დიდი სურვილი ექნებოდა, ბოლო მოღებოდა ბოროტებას! (დაბადება 7:6).

გაბედულებამ შეაძლებინა ნოეს, სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო

ნოე „მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო“ იყო (დაბადება 6:9). ყურადღება მიაქციეთ, ბიბლია ამბობს, რომ ის უბიწო იყო ხალხს შორის, მაგრამ მისი თანამედროვენი სხვაგვარად ფიქრობდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ღვთის თვალში იყო უბიწო, ხალხს კი ეუცნაურებოდა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის არ იზიარებდა უმრავლესობის აზრს, არც ღვთისთვის მიუღებელ გართობაში იღებდა მონაწილეობას, და არც მაშინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, როგორი თვალით დაუწყებდა ხალხი მას ყურებას, როცა კიდობნის აგებას შეუდგებოდა?! ის, ალბათ, ქვეყნის დასაცინი გახდებოდა და სერიოზულად არავინ აღიქვამდა.

გარდა ამისა, ნოეს ღრმა რწმენა ჰქონდა და თავის რწმენაზე ყოველთვის საუბრობდა. ბიბლია მას „სიმართლის მქადაგებელს“ უწოდებს (2 პეტრე 2:5). ეჭვგარეშეა, რომ ის წინააღმდეგობას ელოდა. მისი დიდი პაპა ენოქი მართალი კაცი იყო, რომელიც ბოროტებისთვის გამოტანილ ღვთის განაჩენზე წინასწარმეტყველებდა. როგორც ჩანს, ხალხისგან ენოქი სწორედ ამ მიზეზით იდევნებოდა, მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა მოწინააღმდეგეთა ხელით მისი სიკვდილი (დაბადება 5:18, 21—24; ებრაელები 11:5; 12:1; იუდა 14, 15). სატანის, დემონების, ნეფილიმებისა და ხალხის უმრავლესობის გულგრილობისა თუ წინააღმდეგობის გამო, ნოე გაბედული უნდა ყოფილიყო და დარწმუნებული უნდა ყოფილიყო იმაში, რომ ღმერთს ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო მისი დაცვა.

ღვთის მსახურებს ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ისინი, ვინც არ ემსახურებიან ღმერთს. სძულდათ თავად იესო ქრისტეც და მისი მიმდევრებიც (მათე 10:22; იოანე 15:18). ნოეს ჰქონდა იმდენი გაბედულება, რომ ღვთისთვის ემსახურა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საზოგადოება არ იწონებდა. მას ესმოდა, რომ ღვთის კეთილგანწყობის მიღება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მის მოწინააღმდეგეთა შორის აღიარების მოპოვება. სწორედ ამიტომ ჰქონდა ნოეს ღვთის კეთილგანწყობა.

ნოემ ყურად იღო გაფრთხილება

როგორც დავინახეთ, ნოე გაბედულად ქადაგებდა. როგორი რეაქცია ჰქონდათ მსმენელებს? როგორც ბიბლია ამბობს, წარღვნამდე „ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“. ისინი გაფრთხილებას ყურს არ უგდებდნენ (მათე 24:38, 39).

იესომ თქვა, რომ ჩვენს დროშიც იგივე მდგომარეობა იქნებოდა. ას წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები აფრთხილებენ ხალხს, რომ იეჰოვა თავისი დანაპირების შესასრულებლად გადამწყვეტ ზომებს მიიღებს და სამართლიან ახალ ქვეყნიერებას შექმნის. მიუხედავად იმისა, რომ მილიონები დადებითად გამოეხმაურნენ ღვთის სიტყვას, მილიარდები ყურადღებას არ აქცევენ ბიბლიურ ცნობას. „თავიანთი ნებისამებრ“ ისინი უგულებელყოფენ იმას, რომ წარღვნა ნამდვილად იყო და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა (2 პეტრე 3:5, 13).

ნოემ კი ყურად იღო გაფრთხილება. ის ღრმად იყო დარწმუნებული იეჰოვას სიტყვის ჭეშმარიტებაში. მისი მორჩილება გადარჩენას ნიშნავდა. მოციქულმა პავლემ დაწერა: „რწმენით ნოემ, როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისადმი შიში გამოავლინა და თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი ააგო“ (ებრაელები 11:7).

მისაბაძი მაგალითი

ნოემ გიგანტური კიდობანი ააგო, რომელიც ფეხბურთის სტადიონზე გრძელი და სამსართულიანი სახლის სიმაღლისა იყო. მისი სიგრძე 30 მეტრით აღემატებოდა ხომალდ „უაიომინგის“ სიგრძეს, რომელიც ყველაზე დიდი იყო ფისიანი ხით ნაგებ ხომალდებს შორის. რა თქმა უნდა, კიდობანი ხომალდი არ იყო, მას მხოლოდ უნდა ეტივტივა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი მშენებლობა დიდ სამშენებლო გამოცდილებას მოითხოვდა. ის ფისით უნდა დაფარულიყო შიგნიდანაც და გარედანაც. მის ასაშენებლად, შესაძლოა, 50 წელზე მეტი ყოფილიყო საჭირო (დაბადება 6:14—16).

გარდა ამისა, ნოეს თავისი ოჯახისა და ცხოველებისთვის ერთი წლის სამყოფი საკვები უნდა მოემარაგებინა; წარღვნამდე ცხოველებისთვის თავი უნდა მოეყარა და კიდობანში უნდა შეეყვანა. „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა“. ის, შვებით ამოისუნთქებდა, როცა მზადება დასრულდებოდა და იეჰოვა კიდობნის კარს დახურავდა! (დაბადება 6:19—21; 7:5, 16).

წარღვნა დაიწყო. 40 დღე და 40 ღამე წვიმდა. კიდობნიდან არავინ უნდა გამოსულიყო სრულ ერთ წელიწადს, ვიდრე წყალი არ დაშრებოდა (დაბადება 7:11, 12; 8:13—16). ყველა ბოროტი დაიღუპა. მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი გადაურჩა წარღვნას და ცხოვრება ბოროტებისგან გაწმენდილ დედამიწაზე განაგრძეს.

ბიბლია ამბობს, რომ ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნა იმის თვალსაჩინოება იყო, ‘რაც მომავალში უნდა მომხდარიყო’. როგორ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ახლანდელი ცა და დედამიწა . . . ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“. მაგრამ როგორც ნოეს დროს, არც ამჯერად დაიღუპება ყველა. ეჭვი ნუ შეგეპარებათ იმაში, რომ „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“ (2 პეტრე 2:5, 6, 9; 3:7).

ნოე ღვთის ერთგული კაცი იყო, მართალი — უღვთოთა შორის. ის ღმერთს ყველაფერში ემორჩილებოდა. ის გაბედულად აკეთებდა იმას, რაც სწორი იყო; თუმცა იცოდა, რომ ამით ღვთის მოწინააღმდეგეების სიძულვილს დაიმსახურებდა. თუ მივბაძავთ ნოეს, ჩვენც წყალობას ვპოვებთ ღვთის თვალში და ვიცხოვრებთ ახალ ქვეყნიერებაში, რომელიც მალე დადგება (ფსალმუნი 37:9, 10).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 იხილეთ 2007 წლის ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ში სტატია „მართლა ასე დიდხანს ცოცხლობდნენ ისინი?“ გვერდი 30.

[ჩანართი 5 გვერდზე]

ნეფილიმების ძალმომრეობა, როგორც ჩანს, ძველ ლეგენდებშიც აისახა.

[სურათი 7 გვერდზე]

თუ ნოეს მსგავსად ძლიერი რწმენა გვექნება, წყალობას ვპოვებთ ღვთის თვალში

[სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]

Alinari/Art Resource, NY