არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აქვს მნიშვნელობა, როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს?

აქვს მნიშვნელობა, როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს?

აქვს მნიშვნელობა, როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს?

„რელიგიურობა ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია“, — თქვა პროფესორმა ალისტერ ჰარდიმ თავის ერთ-ერთ წიგნში (The Spiritual Nature of Man). არც ისე დიდი ხნის წინათ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც ამას ადასტურებს. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 86 პროცენტმა აღნიშნა, რომ ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარი იყო.

გამოკვლევის შედეგად აგრეთვე გამოვლინდა, რომ ხალხი 19 ძირითადი რელიგიის მიმდევარია, ისინი კი, ვინც აცხადებს, რომ ქრისტიანია, 37 000 სხვადასხვა კონფესიის წევრია. ამიტომ, ხომ არ გებადებათ კითხვა: „მისაღებია ღვთისთვის ასე მრავალი სახით თაყვანისცემა?“ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თაყვანისცემის საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გრძნობების ან პირადი შეხედულების საფუძველზე არ მივიღოთ. საჭიროა, გავიგოთ ღვთის თვალსაზრისი; ამისთვის კი ღვთის სიტყვა, ბიბლია, უნდა გამოვიყენოთ. რატომ? იმიტომ, რომ თავად იესო ქრისტემ ლოცვაში ღმერთს უთხრა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). ერთგულმა მოციქულმა პავლემაც მსგავსი აზრი დაწერა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16).

ბიბლია ცხადყოფს, რომ ყველა თაყვანისმცემლობა არ არის ღვთისთვის მისაღები. არაერთი მაგალითი არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ თაყვანისმცემლობის ერთი ფორმა ღვთისთვის მისაღები იყო, მეორე კი — არა. თუ ამ მაგალითებს ყურადღებით გამოვიკვლევთ, გავიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა მოვერიდოთ იმისათვის, რომ ღმერთს მისთვის მისაღები სახით ვცეთ თაყვანი.

ძველი დროის მაგალითები

წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით იეჰოვა ღმერთმა ისრაელებს მისცა კანონთა კრებული, რომელიც მათ ასწავლიდა, სათანადოდ როგორ უნდა ეცათ ღვთისთვის თაყვანი. როდესაც ხალხი ამ კანონებს (რომელსაც „მოსეს კანონს“ უწოდებენ) იცავდა, ისინი ღვთის მოწონებით სარგებლობდნენ და მისგან კურთხეული იყვნენ (გამოსვლა 19:5, 6). ასეთი კურთხევების მიუხედავად, ისრაელმა ერმა სწორი თაყვანისმცემლობა მიატოვა. ისრაელებმა არაერთხელ აქციეს ზურგი იეჰოვას და ირგვლივ მცხოვრებ ხალხთა რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულება დაიწყეს.

წინასწარმეტყველ ეზეკიელისა და იერემიას დღეებში, ძვ. წ. VII საუკუნეში, მრავალმა ისრაელმა უგულებელყო ღვთის კანონი და სხვა ერის ხალხთან ახლო ურთიერთობა დაამყარა. მათი ჩვეულებების დაცვითა და მათ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღებით ისრაელებმა თავიანთ თაყვანისმცემლობაში სხვა ერების თაყვანისმცემლობის ელემენტები გადმოიტანეს. მრავალი ისრაელი ამბობდა: „მოდი, სხვა ხალხებისა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ერების მსგავსად ვემსახუროთო ხესა და ქვას“ (ეზეკიელი 20:32; იერემია 2:28). ისინი ამბობდნენ, რომ იეჰოვა ღმერთს ემსახურებოდნენ, მაგრამ ამავე დროს თაყვანს სცემდნენ „ნეხვიან კერპებს“ და მათ საკუთარ ძეებსაც კი სწირავდნენ (ეზეკიელი 23:37—39; იერემია 19:3—5).

არქეოლოგები თაყვანისმცემლობის ასეთ ფორმას რელიგიურ სინკრეტიზმს — ერთდროულად სხვადასხვა ღმერთებისადმი თაყვანისცემას — უწოდებენ. მსგავს თაყვანისმცემლობას ისინი საყოველთაო რელიგიასაც არქმევდნენ. მრავალი ფიქრობს, რომ დღევანდელი შემწყნარებელი საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს ყოველგვარი თვალსაზრისი და, მათ შორის, ნებისმიერი რელიგიური შეხედულება. ამიტომ ფიქრობენ, რომ სავსებით ნორმალურია, ღმერთს ისე სცენ თაყვანი, როგორც ამას თავად მიიჩნევენ მართებულად. სწორია მსგავსი დამოკიდებულება? მართებულია ასეთი შემწყნარებლობა და თავისუფლება? ვნახოთ, როგორ ურევდნენ ორგული ისრაელები თავიანთ თაყვანისმცემლობაში მეზობელი ერების თაყვანისმცემლობის ელემენტებს, და რა მოუტანა ამან მათ.

შერეული თაყვანისმცემლობა

ისრაელებისთვის შერეული თაყვანისმცემლობის ცენტრები იყო მაღლობები, ანუ ადგილობრივი კარვები, სადაც ჰქონდათ სამსხვერპლო, სასაკმევლე, წმინდა სვეტები და წმინდა ბოძები (როგორც ჩანს, ეს ბოძი აშერას — ქანაანელთა ნაყოფიერების ქალღმერთის — ხისგან გამოთლილი სიმბოლო იყო). იუდაში მრავალი ასეთი ადგილი იყო. 2 მეფეების 23:5, 8-ში მოხსენიებულია „მაღლობები იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში . . . გებადან [ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრიდან] ბეერ-შებამდე [სამხრეთ საზღვრამდე]“.

ამ მაღლობებზე ისრაელები „შესაწირავს უბოლებდნენ ბაალს, მზეს, მთვარეს, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებსა და ცის მთელ ლაშქარს“. მათ „იეჰოვას სახლში“ ჰქონდათ სახლები „ტაძრის მეძავი კაცებისთვის“, და თავიანთ შვილებს ‘ცეცხლში ატარებდნენ მოლექისთვის’ (2 მეფეები 23:4—10).

არქეოლოგებმა იერუსალიმსა და იუდაში, ძირითადად კერძო სახლებში, აღმოაჩინეს ტერაკოტას ასობით სტატუა. ეს იყო შიშველი ქალის სტატუები, რომელთაც უჩვეულოდ დიდი მკერდი ჰქონდათ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ნაყოფიერების ღმერთის აშთორეთისა და აშერას სტატუებია. ხალხი მათ „ჩასახვისა და შვილის ყოლის თილისმად“ მიიჩნევდა.

რა დამოკიდებულება ჰქონდათ თაყვანისმცემლობის ამ ცენტრების მიმართ ისრაელებს? ებრაული უნივერსიტეტის პროფესორმა ეფრაიმ შტერნმა აღნიშნა, რომ ამ მაღლობთაგან მრავალი, ალბათ, „იაჰვესთვის [იეჰოვასთვის] იყო მიძღვნილი“. როგორც ჩანს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი წარწერებიც ამ თვალსაზრისს ადასტურებს. მაგალითად, ერთ-ერთი წარწერა ასეთია: „კურთხეულ იყავ აშერასა და სამარიის იაჰვეს სახელით“ და „კურთხეულ იყავ აშერასა და თემანის იაჰვეს სახელით!“

ეს წარწერები ცხადყოფს, თუ როგორ შეურიეს ისრაელებმა იეჰოვა ღმერთისადმი წმინდა თაყვანისმცემლობაში სამარცხვინო წარმართული ჩვეულებები. შედეგი ზნეობრივი დაცემა და სულიერი დაკნინება იყო. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ღმერთს მსგავსი თაყვანისმცემლობისადმი?

ღვთის დამოკიდებულება

ღმერთმა არ მოიწონა, ისრაელები თავიანთ თაყვანისმცემლობაში სხვა ხალხების ჩვეულებებს რომ ურევდნენ, და წინასწარმეტყველ ეზეკიელის პირით უთხრა: „განადგურდება ყველა ქალაქი, სადაც კი ცხოვრობთ, დაცარიელდება მაღლობები, რათა განადგურდეს ისინი, რათა გაპარტახდეს და დაიმტვრეს თქვენი სამსხვერპლოები, გაქრეს თქვენი ნეხვიანი კერპები, დაიმტვრეს თქვენი სასაკმევლეები და აღიგავოს თქვენი ნახელავი“ (ეზეკიელი 6:6). აშკარაა, რომ მსგავსი თაყვანისმცემლობა იეჰოვასთვის სრულიად მიუღებელი იყო.

იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, როგორ განადგურდებოდა ისრაელი ერი: „აი, მოვუხმობ . . . ჩემს მსახურ ნაბუქოდონოსორსაც, ბაბილონის მეფეს, და წამოვიყვან მათ ამ მიწის წინააღმდეგ, მის მკვიდრთა წინააღმდეგ და მის მეზობელ ხალხთა წინააღმდეგ . . . გასანადგურებლად . . . მთელი ეს მიწა განადგურდება“ (იერემია 25:9—11). ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმის წინააღმდეგ გაილაშქრეს და ქალაქი და მისი ტაძარი გაანადგურეს, რითაც შესრულდა ეს წინასწარმეტყველება.

იერუსალიმის განადგურებასთან დაკავშირებით ზემოთ ხსენებულმა პროფესორმა შტერნმა აღნიშნა, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნანგრევები „აშკარად ადასტურებს ბიბლიურ ცნობას (2 მეფეები 25:8; 2 მატიანე 36:18, 19) სახლებისა და ქალაქის კედლების განადგურების, დაწვისა და მიწასთან გასწორების შესახებ“. შემდეგ ის დასძენს: „იერუსალიმის ისტორიიდან აღნიშნული მონაკვეთის უტყუარობის დამადასტურებელი არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ . . . ბიბლიურ ისტორიათა შორის ეს ყველაზე დრამატული იყო“.

რას ვსწავლობთ?

უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ ღვთისთვის მიუღებელია თაყვანისმცემლობა, რომელშიც ბიბლიაზე დაფუძნებული სწავლებები და სხვა რელიგიური დოგმატები, ტრადიციები თუ რიტუალები ერთმანეთშია შერეული. ეს კარგად გაითავისა მოციქულმა პავლემ. ის იუდეველ ფარისევლად აღიზარდა და კარგად იცოდა ამ სექტის კანონები. რა გააკეთა მან მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ იესო აღთქმული მესია იყო? მოციქულმა პავლემ თქვა: „რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად მივიჩნიე ქრისტეს გულისთვის“. მან მიატოვა გზა, რომლითაც მანამდე დადიოდა, და ქრისტეს ერთგული მიმდევარი გახდა (ფილიპელები 3:5—7).

პავლემ, როგორც მისიონერმა, კარგად იცოდა სხვადასხვა ხალხის რელიგიური ჩვეულებები თუ ფილოსოფიური შეხედულებები. ამიტომ კორინთელ ქრისტიანებს სწერდა: „რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?.. ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით, და მე მიგიღებთ თქვენ“ (2 კორინთელები 6:14—17).

ახლა, როდესაც გვესმის, რომ ღვთისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ვცემთ მას თაყვანს, ვკითხოთ საკუთარ თავს: „როგორი თაყვანისცემა მოსწონს ღმერთს? როგორ დავუახლოვდე მას? რა უნდა გავაკეთო პირადად მე იმისათვის, რომ ღმერთს სათანადოდ ვცე თაყვანი?“

იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ამ და ბიბლიასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე პასუხების მიღებაში. მიმართეთ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ სამეფო დარბაზებს ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს, რათა თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე ჩაატაროთ ბიბლიის უფასო შესწავლა.

[სურათი 10 გვერდზე]

ძველ ისრაელში, თელ არადში კერპთაყვანისმცემლობის ადგილი

[საავტორო უფლება]

Garo Nalbandian

[სურათი 10 გვერდზე]

ძველი ისრაელის სახლებში ნაპოვნი აშთორეთის სტატუები

[საავტორო უფლება]

Photograph © Israel Museum, Jerusalem; courtesy of Israel Antiquities Authority