არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თვისება, რომელსაც ჩვენი გონების მოწამვლა შეუძლია — შური

თვისება, რომელსაც ჩვენი გონების მოწამვლა შეუძლია — შური

თვისება, რომელსაც ჩვენი გონების მოწამვლა შეუძლია — შური

ნაპოლეონ ბონაპარტს, იულიუს კეისარსა და ალექსანდრე მაკედონელს ძალაუფლებისა და დიდების მიუხედავად, ახასიათებდათ თვისება, რომელსაც გონების მოწამვლა შეუძლია. სამივეს ვიღაცის შურდა.

„ნაპოლეონს შურდა კეისრის, კეისარს ალექსანდრე [მაკედონელის], ალექსანდრეს კი, ვფიქრობ, ჰერკულესის, რომელიც არასდროს არ არსებობდა“, — წერდა ინგლისელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი. შურით შეიძლება დასნეულდეს ყველა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მდიდარი, კეთილშობილი ან წარმატებულია ცხოვრებაში.

შური არის სხვისი ქონებით, კეთილდღეობით, წარმატებითა და სხვა რამით გამოწვეული უარყოფითი ემოცია. ერთი ბიბლიური ნაშრომის თანახმად, შურიან ადამიანს არა მხოლოდ სურს, იყოს სხვასავით მდიდარი, არამედ აღიზიანებს კიდეც სხვისი სიმდიდრე და ცდილობს დაეუფლოს მას.

გონივრულია, გამოვიკვლიოთ, როგორ შეიძლება გაგვიჩნდეს შურის გრძნობა და, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. განსაკუთრებით საჭიროა, ვიცოდეთ, რა ზომებს უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ შურმა არ მართოს ჩვენი ცხოვრება.

რამ შეიძლება გააღვივოს შური

რადგან არასრულყოფილ ადამიანს აქვს „შურისკენ მიდრეკილება“, სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გააღვივოს და გააძლიეროს ეს გრძნობა (იაკ. 4:5). მოციქულმა პავლემ ერთ-ერთი ფაქტორი მოიხსენია: „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნუ შევეჯიბრებით და შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს“ (გალ. 5:26). მეტოქეობის სულმა შეიძლება გააძლიეროს არასრულყოფილი ადამიანის მიდრეკილება შურისკენ. ორმა ქრისტიანმა, კრისტინამ და ხოსემ, * ეს საკუთარ თავზე გამოსცადა.

კრისტინა, რომელიც პიონერად მსახურობს ამბობს: „საკუთარ თავს ხშირად ვამჩნევდი, რომ სხვების მშურდა. ვფიქრობდი იმაზე, რაც მათ ჰქონდათ, მე კი — არა“. ერთხელ, კრისტინა გაუმასპინძლდა ერთ მიმომსვლელ ზედამხედველსა და მის მეუღლეს. მან იცოდა, რომ თვითონ და თავისი მეუღლე ერიკი მათი ასაკისანი იყვნენ. თანაც ადრე პასუხისმგებლობებიც ერთნაირი ჰქონდათ. კრისტინამ მათ უთხრა: „ჩემი ქმარიც ხომ უხუცესია. როგორ მოხდა, რომ თქვენ მიმომსვლელი მსახურები ხართ, ჩვენ კი არავინ?“ შურის გრძნობამ, რომელიც მეტოქეობის სულმა გააღვივა, კრისტინა ისე დააბრმავა, რომ ვერ ხედავდა იმ კარგ საქმეს, რომელსაც ის და მისი მეუღლე აკეთებდნენ. შედეგად უკმაყოფილების გრძნობა დაეუფლა.

ხოსეს კი უნდოდა კრებაში მომსახურე ყოფილიყო. როცა მან დაინახა, რომ სხვები დანიშნეს და თვითონ არა, შურის გრძნობა დაეუფლა და უხუცესთა საბჭოს კოორდინატორის მიმართ გულში ბოღმა ჩაიდო. ხოსე აღიარებს: „შურის გამო შემძულდა ის ძმა და ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი მას. როდესაც შური გიპყრობს, მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ კონცენტრირებული და საღად ვერ აზროვნებ“.

რას ვსწავლობთ ბიბლიური მაგალითებიდან

ბიბლიაში ჩვენ გასაფრთხილებლად მრავალი მაგალითია მოცემული (1 კორ. 10:11). ზოგიერთი მათგანიდან ჩანს არა მარტო ის, თუ როგორ ვითარდება შური, არამედ ისიც, თუ როგორ წამლავს ის ადამიანს.

მაგალითად, ადამ და ევას პირმშო, კაენი განრისხდა, როდესაც იეჰოვამ აბელის მსხვერპლი მიიღო, მისი კი — არა. კაენს შეეძლო სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ შურმა ისე დააბრმავა, რომ საკუთარი ძმა მოკლა (დაბ. 4:4—8). გასაკვირი არ არის, რატომ ამბობს ბიბლია კაენზე, რომ „ბოროტისგან [სატანისგან] იყო“ (1 იოან. 3:12).

იაკობის ათ ვაჟსაც შურდა იოსების, თავიანთი ძმის, რადგან მას მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. იოსებისადმი მათი სიძულვილი გამძაფრდა, როდესაც ის ძმებს თავის წინასწარმეტყველურ სიზმრებს მოუყვა. მათ მისი სიკვდილიც კი უნდოდათ. ბოლოს იოსები მონად გაყიდეს, მამა კი მოატყუეს და დაარწმუნეს, რომ იოსები მკვდარი იყო (დაბ. 37:4—11, 23—28, 31—33). წლების შემდეგ, იოსების ძმებმა აღიარეს თავიანთი შეცდომა და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „უეჭველად დამნაშავეები ვართ ჩვენი ძმის გამო, რადგან ვხედავდით, როგორ იტანჯებოდა მისი სული, როცა შებრალებას გვთხოვდა, მაგრამ ჩვენ არ მოვუსმინეთ“ (დაბ. 42:21; 50:15—19).

კორახმა, დათანმა და აბირამმა თავიანთი მდგომარეობა მოსესა და აარონის მდგომარეობას შეადარეს და შეშურდათ მათი. ისინი მოსეს ბრალს სდებდნენ, რომ თითქოს მას ხალხზე გაბატონება და საკუთარი თავის სხვებზე უკეთ წარმოჩენა სურდა (რიცხ. 16:13). მაგრამ ეს ცრუ ბრალდება იყო (რიცხ. 11:14, 15). იეჰოვამ მოსე თავად დანიშნა, ამ მეამბოხეებს კი შურდათ მისი. საბოლოოდ, სწორედ შურის გამო გაანადგურა ისინი იეჰოვამ (ფსალმ. 106:16, 17).

მეფე სოლომონი თავად იყო იმის მოწმე, თუ სადამდე შეიძლება შურმა მიიყვანოს ადამიანი. ქალი, რომელსაც ახალშობილი შვილი მოუკვდა, ცდილობდა მოეტყუებინა მეორე ქალი და დაერწმუნებინა, რომ მკვდარი ბავშვი მისი იყო. საქმე სასამართლომდე მივიდა. პროცესის დროს მატყუარა იმაზეც კი იყო თანახმა, რომ ცოცხლად დარჩენილი ბავშვი მოეკლათ. მაგრამ სოლომონი მიხვდა ყველაფერს და ბავშვი ნამდვილ დედას მისცა (1 მეფ. 3:16—27).

შურს შეიძლება გამანადგურებელი შედეგები მოჰყვეს. ზემოხსენებული ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ შურმა შეიძლება ადამიანი სიძულვილამდე, უსამართლობამდე და მკვლელობამდეც კი მიიყვანოს. ისიც აღსანიშნავია, რომ თითოეულ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვისიც შურდათ, არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რომ დაემსახურებინათ ასე მოპყრობა. არსებობს რამე, რაც შურის განვითარებისგან დაგვიცავდა? რა შხამსაწინააღმდეგო საშუალებები უნდა მივიღოთ, რომ გავანეიტრალოთ შურის მომწამვლელი მოქმედება?

ძლიერი შხამსაწინააღმდეგო საშუალებები

განივითარეთ სიყვარული და ძმათმოყვარეობა. მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს ურჩია: „ვინაიდან ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით გაისპეტაკეთ სულები და ახლა უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობას ავლენთ. მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტ. 1:22). რა არის სიყვარული? მოციქულმა პავლემ დაწერა: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს“ (1 კორ. 13:4, 5). განა ასეთი სიყვარულის განვითარება არ ჩაახშობდა შურის გრძნობას? (1 პეტ. 2:1). იონათანს კი არ შურდა დავითის, არამედ „საკუთარი სულივით შეიყვარა“ ის (1 სამ. 18:1).

ურთიერთობა იქონიეთ ღვთის ხალხთან. 73-ე ფსალმუნის დამწერს შეშურდა ბოროტი ადამიანების, რომლებიც უზრუნველად ცხოვრობდნენ. მაგრამ ის მივიდა „ღვთის დიდებულ საწმინდარში“, რაც შურის დაძლევაში დაეხმარა (ფსალმ. 73:3—5, 17). ღვთის თაყვანისმცემლებთან ურთიერთობამ ფსალმუნმომღერალს დაანახვა, რა კურთხევები მოაქვს „ღმერთთან დაახლოებას“ (ფსალმ. 73:28). ქრისტიანულ შეხვედრებზე თანამორწმუნეებთან რეგულარული ურთიერთობა ჩვენზეც იმავე გავლენას იქონიებს.

ეცადეთ, აკეთოთ კარგი. როდესაც იეჰოვამ შენიშნა, რომ კაენი შურმა და სიძულვილმა შეიპყრო, უთხრა: „თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?!“ (დაბ. 4:7). რა შედის ქრისტიანისთვის კარგის კეთებაში? იესომ თქვა, რომ უნდა გვიყვარდეს იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით და — მოყვასი საკუთარი თავივით (მათ. 22:37—39). კმაყოფილების გრძნობა, რომელსაც ღვთის მსახურებით და სხვების დახმარებით ვიღებთ, შურის დასაძლევად ძლიერი შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა. სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობითა და მოწაფეების მომზადებით საუკეთესოდ ვემსახურებით ღმერთს და მოყვასს. ამას კი „იეჰოვას კურთხევა“ მოაქვს (იგავ. 10:22).

„მოხარულებთან იხარეთ“ (რომ. 12:15). იესოს ახარებდა თავისი მოწაფეების წარმატება. მან აღნიშნა, რომ სამქადაგებლო საქმიანობაში მისი მოწაფეები, მასზე მეტს გააკეთებდნენ (ლუკ. 10:17, 21; იოან. 14:12). ჩვენ გაერთიანებულად ვემსახურებით იეჰოვას. ამიტომ თითოეულის წარმატება, ყველასთვის კურთხევაა (1 კორ. 12:25, 26). ნაცვლად იმისა, რომ შეგვშურდეს, განა არ უნდა ვხარობდეთ სხვებთან ერთად, როდესაც ისინი მეტ პასუხისმგებლობას იღებენ?!

მისი დაძლევა არც ისე ადვილია!

შურის დაძლევას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. კრისტინა აღიარებს: „შურის გრძნობასთან გამკლავება დღესაც მიჭირს. ვერ ვიტან ამ გრძნობას, მაგრამ ის თან მდევს და ყოველთვის მიწევს მასთან ბრძოლა“. ხოსეც მსგავს მდგომარეობაშია. ის ამბობს: „იეჰოვა დამეხმარა, დამეფასებინა უხუცესთა საბჭოს კოორდინატორის კარგი თვისებები. ღმერთთან კარგმა ურთიერთობამ ფასდაუდებელი სამსახური გამიწია“.

„ხორცის საქმეებს“ შორის შური ერთ-ერთია, რომლის წინააღმდეგაც თითოეულმა ქრისტიანმა უნდა იბრძოლოს (გალ. 5:19—21). თუ შურს ჩვენზე ბატონობის საშუალებას არ მივცემთ, უფრო ბედნიერები ვიქნებით და ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას, ვასიამოვნებთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 სახელები შეცვლილია.

[ჩანართი 17 გვერდზე]

„მოხარულებთან იხარეთ“