არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“

„იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“

„იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“

წარმოიდგინე, რომ ახალდაგებული გზით მიდიხარ. შესაძლოა გაიფიქრო, რომ ეს გზა არასოდეს დაზიანდება, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება გაუჩნდეს ბზარები, ღრმულები. ასეთ შემთხვევაში მოძრაობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გზის დაზიანებული საფარის აღდგენა.

როგორც გზას, ისე სხვებთან ჩვენს ურთიერთობასაც შეიძლება დროდადრო ბზარი გაუჩნდეს. ერთ დროს რომაელ ქრისტიანებს შორისაც იყო უთანხმოება, რის გამოც პავლემ მათ შემდეგი რჩევა მისცა: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომ. 14:13, 19). რატომ არის აუცილებელი, რომ „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“, და რა დაგვეხმარება ამაში?

რატომ უნდა ვისწრაფოთ მშვიდობისკენ?

თუ გზას არ შეაკეთებენ, პატარა ბზარები შეიძლება ღრმულებად იქცეს და მოძრაობაც, შესაბამისად, სახიფათო გახდეს. მოუგვარებელმა უთანხმოებებმაც შეიძლება მძიმე შედეგები მოიტანოს. მოციქულმა იოანემ დაწერა: „თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს, მატყუარაა, რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოან. 4:20). სავსებით შესაძლებელია, რომ მოუგვარებელმა უთანხმოებებმა ქრისტიანს თავისი ძმა შეაძულოს.

როგორც იესო ქრისტემ აღნიშნა, ჩვენი თაყვანისცემა იეჰოვასთვის მიუღებელი იქნება, თუ თანაქრისტიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობა არ გვექნება. მან თავის მოწაფეებს მოუწოდა: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“ (მათ. 5:23, 24). როგორც ვხედავთ, უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვისწრაფოთ მშვიდობისკენ, იეჰოვა ღმერთის გულის გახარებაა *.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ვისწრაფოთ მშვიდობისკენ, კარგად ჩანს იქიდან, რაც ერთ დროს ქალაქ ფილიპეს კრებაში ხდებოდა. ორ ქრისტიან დას, ევოდიასა და სინტიქეს, ერთმანეთში უთანხმოება ჰქონდათ, რასაც შეიძლებოდა კრებაში მშვიდობა დაერღვია (ფილ. 4:2, 3). გადაუჭრელი უთანხმოებები შეიძლება მალე ყველას ყურამდე მივიდეს. ამიტომ, თუ გვინდა, რომ კრებაში სიყვარული და ერთობა სუფევდეს, უნდა შევეცადოთ, რომ თანაქრისტიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს.

„ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი“, — თქვა იესომ (მათ. 5:9). მშვიდობისკენ სწრაფვას ჩვენთვის სიხარული მოაქვს. გარდა ამისა, თუ სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვაქვს, ეს სასიკეთოდ მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. როგორც ბიბლიაში წერია, „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავ. 14:30). მეორე მხრივ, გულში წყენის ჩატოვებამ შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესებას შეუწყოს ხელი.

მართალია, ქრისტიანთა უმეტესობა ვეთანხმებით იმ აზრს, რომ მშვიდობისკენ სწრაფვა აუცილებელია, მაგრამ შეიძლება დაგვებადოს კითხვა, თუ როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები. განვიხილოთ ზოგიერთი ბიბლიური პრინციპი.

მშვიდობის აღსადგენად აუცილებელია მშვიდი საუბარი

ადგილ-ადგილ უმნიშვნელო ბზარების დაფარვა შესაძლებელია ასფალტის ახალი ფენის დაგებით. ჩვენ თუ შეგვიძლია, „დავფაროთ“ თანამორწმუნეების უმნიშვნელო შეცდომები, ანუ ვაპატიოთ მათ? თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება, უმეტეს შემთხვევაში შევძლებთ უთანხმოებების მოგვარებას. როგორც მოციქულმა პეტრემ დაწერა, „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტ. 4:8).

თუმცა ზოგჯერ პრობლემამ შეიძლება იმდენად სერიოზული ხასიათი მიიღოს, რომ უყურადღებოდ ვერ დავტოვოთ. გავიხსენოთ, რა მოხდა მალევე მას შემდეგ, რაც ისრაელები აღთქმულ მიწას დაეპატრონნენ. ვიდრე „რეუბენის ძეები, გადის ძეები და მენაშეს ტომის ნახევარი“ მდინარე იორდანის გაღმა გავიდოდნენ, „შთამბეჭდავი სამსხვერპლო ააგეს“. დანარჩენმა ტომებმა დაასკვნეს, რომ მათ ეს სამსხვერპლო კერპთაყვანისმცემლობისთვის აღმართეს, და ამ ამბავს ასე ვერ დატოვებდნენ. ამიტომ მათ წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტეს (იესო. 22:9—12).

მათგან ზოგიერთმა შეიძლება ჩათვალა, რომ რეუბენის, გადისა და მენაშეს ტომის ნახევარმა უპატიებელი ცოდვა ჩაიდინა, და თუ ფარულად დაესხმებოდნენ თავს, მსხვერპლი ნაკლები იქნებოდა. თუმცა ისრაელებს ეყოთ სიბრძნე და ნაჩქარევად არ იმოქმედეს, გაგზავნეს კაცები, რომ გაეგოთ მომხდარის ნამდვილი მიზეზი. მათ თავიანთ ძმებს უთხრეს: „ეს რა ორგულობა ჩაიდინეთ ისრაელის ღვთის წინაშე, ზურგი აქციეთ იეჰოვას!“ არადა ის ტომები, რომლებმაც სამსხვერპლო ააგეს, ნამდვილად არ ყოფილან ორგულები. რა რეაქცია ჰქონდათ მათ ამ ბრალდებაზე? გადავიდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე? თუ პასუხის გაცემის ღირსადაც არ ჩათვალეს? მათ რბილად აუხსნეს, რომ გულწრფელად სურდათ იეჰოვასთვის ემსახურათ და ამიტომაც ააგეს ეს სამსხვერპლო. რბილი პასუხით მათ არც იეჰოვასთან გაიფუჭეს ურთიერთობა და სისხლისღვრაც აიცილეს თავიდან. როგორც ვხედავთ, მშვიდმა საუბარმა დაძაბულობა განმუხტა და მშვიდობა აღადგინა (იესო. 22:13—34).

როგორც აღვნიშნეთ, ვიდრე თავიანთი ძმების წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ, ისრაელებმა გადაწყვიტეს რეუბენის, გადისა და მენაშეს ტომის ნახევარს დალაპარაკებოდნენ, რაც მათი მხრიდან გონივრული ნაბიჯი იყო. „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს“, — ნათქვამია ღვთის სიტყვაში (ეკლ. 7:9). როგორც ბიბლია გვირჩევს, პირადი უთანხმოებები მშვიდი და გულწრფელი საუბრით უნდა გადაიჭრას. განა შეიძლება იეჰოვასგან კურთხევას მოველოდეთ, თუ წყენას გულში ვიტოვებთ და მშვიდობის აღსადგენად არ მივდივართ იმ ადამიანთან, ვინც, ჩვენი აზრით, ცუდად მოგვექცა?

როგორ მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანი გვეუბნება, რომ ჩვენზე ნაწყენია და შესაძლოა ტყუილუბრალოდაც გვადანაშაულებს? „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“, — აღნიშნულია ბიბლიაში (იგავ. 15:1). დადანაშაულებულმა ისრაელებმა რბილად, მაგრამ გასაგებად აუხსნეს თავიანთი პოზიცია მოძმეებს, რამაც განმუხტა მათ შორის მეტისმეტად დაძაბული ვითარება. უთანხმოების მოსაგვარებლად ჩვენ გამოვიჩენთ ინიციატივას თუ სხვა, კარგი იქნებოდა, საკუთარი თავისთვის გვეკითხა: როგორი სიტყვები და ტონი შევარჩიო იმისათვის, რომ ადვილად აღვადგინო მშვიდობა?

ენით აღაშენეთ სხვები

იეჰოვას ესმის, რომ ჩვენ სხვისთვის გულის ნადების გაზიარების მოთხოვნილება გვაქვს. ამიტომ, თუ ვერ მოვაგვარებთ უთანხმოებას, შეიძლება გაგვიჩნდეს იმის ცდუნება, რომ სხვას მოვუყვეთ ამის შესახებ. გულში ჩატოვებული წყენა შეიძლება სხვასთან კრიტიკული ლაპარაკის მიზეზი გახდეს. „ბოროტთა ბაგე . . . ანგრევს მას [ქალაქს]“, — ნათქვამია იგავების 11:11-ში. ასევე შეიძლება დაარღვიოს მშვიდობა ქრისტიანულ კრებაში თანამორწმუნის კრიტიკამ.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობისკენ სწრაფვა არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ უნდა ვილაპარაკოთ და-ძმების შესახებ. მოციქულმა პავლემ თანამორწმუნეებს ურჩია: „ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა“. შემდეგ კი დასძინა: „მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ . . . კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფეს. 4:29—32). დავუშვათ, რომელიმე და ან ძმა გეუბნება, რომ შენმა სიტყვებმა თუ საქციელმა გული ატკინა. განა უფრო არ გაგიადვილდება მისთვის ბოდიშის მოხდა და, შესაბამისად, მშვიდობის აღდგენა, თუ მას შენზე ცუდად არასოდეს ულაპარაკია? აქედან გამომდინარე, თუ ყოველთვის კარგს ვლაპარაკობთ თანაქრისტიანებზე, უთანხმოების მოგვარება გაცილებით ადვილი იქნება (ლუკ. 6:31).

მხარდამხარ ვემსახუროთ ღმერთს

როდესაც ვინმე გვაწყენინებს, ჩვენი ცოდვილი ბუნება იმისკენ გვიბიძგებს, რომ მისგან თავი შორს დავიჭიროთ. მაგრამ ეს არაგონივრულია (იგავ. 18:1). ჩვენ, იეჰოვას ხალხი, რომელიც მის სახელს მოუხმობს, ერთმანეთის ‘მხარდამხარ უნდა ვემსახურებოდეთ მას’ (სოფ. 3:9).

გულსატკენმა სიტყვებმა ან საქციელმა არასოდეს უნდა გაგვინელოს ენთუზიაზმი იეჰოვას მსახურებაში. გავიხსენოთ ერთი საინტერესო შემთხვევა, რომელიც იერუსალიმის ტაძარში მოხდა. ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე იესომ ტაძარში მყოფი მწიგნობრები განსაჯა. ამასთანავე, ახლოვდებოდა ის დრო, როცა მისი მსხვერპლი ტაძარში აღსავლენ შესაწირავს შეცვლიდა. მიუხედავად ამისა, იესოს არ შეუჩერებია ის ღარიბი ქვრივი, რომელმაც ტაძრის საგანძურში „ყველაფერი ჩაყარა, რაც კი თავის სარჩენად გააჩნდა“. პირიქით, შეაქო იმისთვის, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობას დაუჭირა მხარი (ლუკ. 21:1—4). სხვისი არასწორი საქციელის გამო ქვრივს უარი არ უთქვამს თავისი ვალდებულების შესრულებაზე და მხარი დაუჭირა იეჰოვას თაყვანისმცემლობას.

თუ ქრისტიანი და ან ძმა ცუდად მოგვექცევა, თანაც უსამართლოდ, გაგვინელებს ეს ენთუზიაზმს იეჰოვას მსახურებაში? მოვიკრებთ საჭირო გაბედულებას და მოვაგვარებთ ნებისმიერ უთანხმოებას, რათა არ დავარღვიოთ ის მშვიდობა, რომელიც ღვთის კრებას აქვს?

„რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“, — გვირჩევს ბიბლია (რომ. 12:18). თუ გავითვალისწინებთ ამ რჩევას, დავრჩებით სიცოცხლის გზაზე.

[სქოლიო]

^ აბზ. 6 იესოს რჩევა, რომელიც მათეს 18:15—17-შია ჩაწერილი, განხილულია 1999 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 17—22.

[სურათი 17 გვერდზე]

ევოდიასა და სინტიქეს მშვიდობისკენ უნდა ესწრაფათ

[სურათი 18 გვერდზე]

როგორი სიტყვები და ტონი უნდა შევარჩიოთ, ადვილად რომ აღვადგინოთ მშვიდობა?