არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას უზენაესი მმართველობა და მისი სამეფო

იეჰოვას უზენაესი მმართველობა და მისი სამეფო

იეჰოვას უზენაესი მმართველობა და მისი სამეფო

„შენია, იეჰოვა, სიდიადე, ძლევამოსილება, მშვენება, აღმატებულობა და ღირსება . . . შენია სამეფო, იეჰოვა“ (1 მატიანე 29:11)

1. რატომ არის სამართლიანი, რომ იეჰოვა ღმერთია სამყაროს უზენაესი მმართველი?

„იეჰოვამ განამტკიცა თავისი ტახტი ზეცაში და მისი მეფობა ყველგან ვრცელდება“ (ფსალმუნი 103:19). ამ სიტყვებით ფსალმუნმომღერალმა მიუთითა, თუ ვინ უნდა იყოს უზენაესი მმართველი. სამართლიანია, რომ მთელი სამყაროს უზენაესი მმართველი ჩვენი შემოქმედი იეჰოვა ღმერთია.

2. როგორ აღწერა დანიელმა იეჰოვას ზეციერი მმართველობა?

2 იმისათვის რომ მმართველობა განახორციელოს, მმართველს უნდა ჰყავდეს ქვეშევრდომები. თავდაპირველად იეჰოვა სულიერ ქმნილებებზე — თავის მხოლოდშობილ ძეზე და შემდეგ უამრავ ანგელოზზე — მმართველობდა (კოლოსელები 1:15—17). საუკუნეების შემდეგ ზეციერი მმართველობა წინასწარმეტყველმა დანიელმა იხილა: „ვიყურებოდი, სანამ ტახტები არ დაიდგა და ძველი დღეთა არ დაჯდა . . . ათასობით ათასი ემსახურებოდა მას და ათი ათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე“ (დანიელი 7:9, 10). უხსოვარი დროიდან „ძველი დღეთა“ სულიერი ძეების დიდ და ორგანიზებულ ოჯახს მართავს, რომლებიც მისი მსახურები არიან და მის ნებას ასრულებენ (ფსალმუნი 103:20, 21).

3. როგორ განავრცო იეჰოვამ თავისი მმართველობა ფიზიკურ სამყაროზე?

3 შემდეგ იეჰოვამ შექმნა ურთულესი აგებულების სამყარო, მათ შორის დედამიწა, და მასზეც განავრცო მმართველობა (იობი 38:4, 7). ციური სხეულები ისე ზუსტად და შეთანხმებულად მოძრაობენ, რომ თითქოს არავისგან საჭიროებენ მართვას. მაგრამ აი, რა დაწერა ფსალმუნმომღერალმა: „იეჰოვას  . . . ბრძანებით შეიქმნენ! მისით დგანან ისინი მარადიულად, სამარადისოდ. მისცა მათ წესი, რომელიც არ გაუქმდება“ (ფსალმუნი 148:5, 6). როგორც ვხედავთ, იეჰოვა ყოველთვის მართავდა როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ სამყაროს (ნეემია 9:6).

4. როგორ განავრცო იეჰოვამ თავისი მმართველობა ადამიანებზე?

4 როდესაც ღმერთმა პირველი წყვილი შექმნა, თავისი მმართველობა მათზეც განავრცო. გარდა იმისა, რომ ბედნიერი და აზრიანი ცხოვრებისთვის ყოველივე აუცილებლით უზრუნველყო, დედამიწის დანარჩენი ქმნილებებიც მათ დაუმორჩილა (დაბადება 1:26—28; 2:8, 9). აქედან ვხედავთ, რომ ღმერთი, როგორც მმართველი, არა მარტო ზრუნავს თავის ქვეშევრდომებზე, არამედ აფასებს კიდეც მათ. სანამ ადამი და ევა იეჰოვას მორჩილები იქნებოდნენ, დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად იცხოვრებდნენ (დაბადება 2:15—17).

5. რას იტყოდით იეჰოვას მმართველობაზე?

5 რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ზემოთ განხილულის საფუძველზე? როგორც გავიგეთ, იეჰოვა ყოველთვის ახორციელებდა მმართველობას თავის ყველა ქმნილებაზე. გარდა ამისა, იეჰოვა მზრუნველი მმართველია და აფასებს თავის ქმნილებებს. ამასთანავე, ღვთის მმართველობისადმი მორჩილება სამარადისო ბედნიერების საწინდარია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ წარმოთქვა ძველი ისრაელის მეფემ, დავითმა, შემდეგი სიტყვები: „შენია, იეჰოვა, სიდიადე, ძლევამოსილება, მშვენება, აღმატებულობა და ღირსება, რადგან ყველაფერი შენია ცაში თუ დედამიწაზე! შენია სამეფო, იეჰოვა, შენ ყველაზე ამაღლებული ხარ, როგორც მთავარი!“ (1 მატიანე 29:11).

რატომ შექმნა ღმერთმა სამეფო?

6. რა კავშირია ღვთის მმართველობასა და ღვთის სამეფოს შორის?

6 თუკი უზენაესი მმართველი იეჰოვა, ყოველთვის ახორციელებდა თავის მმართველობას, რატომღა შექმნა სამეფო? როგორც წესი, ესა თუ ის მმართველი თავის ქვეშევრდომებზე მმართველობას ამა თუ იმ სტრუქტურის საშუალებით ახორციელებს. შესაბამისად, ღვთის სამეფოც მის ქმნილებებზე მისივე მმართველობის განსახორციელებლად შექმნილი სტრუქტურაა.

7. რატომ გადაწყვიტა იეჰოვამ, თავისი მმართველობა სხვა სახით განეხორციელებინა?

7 იეჰოვა სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ახორციელებდა მმართველობას. მას შემდეგ, რაც ედემის ბაღში მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა, იეჰოვამ გადაწყვიტა თავისი მმართველობა სხვა სახით განეხორციელებინა. ღვთის ერთ-ერთმა ურჩმა სულიერმა ძემ, სატანამ ადამი და ევა იეჰოვას, უზენაესი მმართველის მოწინააღმდეგეებად აქცია. დაუმორჩილებლობით მათ ღვთის მმართველობის წინააღმდეგ გაილაშქრეს. რა გაგებით? სატანამ ევა დაარწმუნა, რომ თუ აკრძალულ ნაყოფს შეჭამდა, ‘არ მოკვდებოდა’. ასეთი სახით მან იეჰოვა უსამართლო მმართველად გამოიყვანა, რომელიც ნდობას არ იმსახურებდა. სატანამ ევას უთხრა: „იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“. ფაქტობრივად, სატანა ადამს და ევას იმას ეუბნებოდა, რომ ღვთისგან დამოუკიდებლად უკეთესად იცხოვრებდნენ (დაბადება 3:1—6). ეს იყო პირდაპირი იერიში ღვთის მმართველობის წინააღმდეგ. რას მოიმოქმედებდა იეჰოვა?

8, 9. ა) როგორ მოიქცევა მეფე, თუ ქვეშევრდომები აუჯანყდებიან? ბ) რა მოიმოქმედა იეჰოვამ ედემის ბაღში მომხდარი ურჩობის საპასუხოდ?

8 მაგალითად, როგორ მოიქცევა მეფე, თუ ქვეშევრდომები აუჯანყდებიან? ვინც კარგად იცნობს ისტორიას, მათ ასეთი შემთხვევები ემახსოვრებათ. მეფე, განსაკუთრებით კი თავის ხალხზე მზრუნველი მეფე, მოღალატეებად გამოაცხადებს მათ და განაჩენს გამოუტანს. შემდეგ ძალაუფლებით აღჭურავს თავის რომელიმე მსახურს, რომელიც აჯანყებულებს გაუსწორდება და მშვიდობას აღადგენს. იეჰოვამაც ზუსტად ასე იმოქმედა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი სრულად აკონტროლებდა ვითარებას, რადგან დაუყოვნებლივ მიიღო აუცილებელი ზომები, როდესაც განაჩენი გამოუტანა თავის მოწინააღმდეგეებს. იეჰოვამ ჩამოართვა ადამსა და ევას მარადიულად ცხოვრების უფლება და ედემის ბაღიდან გააძევა (დაბადება 3:16—19, 22—24).

9 როდესაც სატანის წინააღმდეგ გამოჰქონდა განაჩენი, იეჰოვამ სწორედ მაშინ გახადა ცხადი, რომ თავის მმართველობას სხვა სახით, ანუ ახალი სტრუქტურის საშუალებით განახორციელებდა და აღადგენდა მშვიდობასა და წესრიგს. ღმერთმა სატანას უთხრა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15). როგორც ვხედავთ, იეჰოვამ ძალაუფლებით ეს „შთამომავლობა“ აღჭურვა, რომელიც სატანას თავის დამქაშებთან ერთად გაანადგურებდა და დაამტკიცებდა, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი (ფსალმუნი 2:7—9; 110:1, 2).

10. ა) როგორც აღმოჩნდა, ვინ შედის აღთქმულ „შთამომავლობაში“? ბ) რა აღნიშნა მოციქულმა პავლემ პირველ წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით?

10 როგორც აღმოჩნდა, აღთქმულ შთამომავლობაში შედის იესო ქრისტე თავის თანამმართველებთან ერთად. სწორედ ისინი ქმნიან ღვთის სამეფოს (დანიელი 7:13, 14, 27; მათე 19:28; ლუკა 12:32; 22:28—30). თუმცა ეს მაშინვე არ გამჟღავნებულა. თუ როგორ შესრულდებოდა ეს პირველი წინასწარმეტყველება, ‘წმინდა საიდუმლოდ რჩებოდა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო დაფარული’ (რომაელები 16:25). ღვთის ერთგული მსახურები საუკუნეები ელოდნენ იმ დროს, როცა ნათელი მოეფინებოდა წმინდა საიდუმლოს და დამტკიცდებოდა, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი (რომაელები 8:19—21).

„წმინდა საიდუმლო“ თანდათანობით მჟღავნდება

11. რა გაუმჟღავნა იეჰოვამ აბრაამს?

11 დროის დინებასთან ერთად იეჰოვა თანდათანობით ამჟღავნებდა „ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლოს“ (მარკოზი 4:11). თავდაპირველად ეს ღმერთმა აბრაამს გაუმჟღავნა, რომელსაც ბიბლია „იეჰოვას მეგობარს“ უწოდებს (იაკობი 2:23). იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა, რომ მისგან „დიდ ხალხს წარმოშობდა“. მოგვიანებით ღმერთმა აბრაამს კვლავ უთხრა: „მეფეები გამოვლენ შენგან“ და „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი“ (დაბადება 12:2, 3; 17:6; 22:17, 18).

12. როგორ გამოჩნდა სატანის შთამომავლობა წარღვნის შემდეგ?

12 აბრაამის დრომდე ადამიანებს უკვე ჰქონდათ მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდებისა და ბატონობის მცდელობა. მაგალითად, ნოეს შვილთაშვილის, ნიმროდის შესახებ ბიბლიაში წერია: „ის იყო პირველი ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე, ძლიერი მონადირე, იეჰოვას მოწინააღმდეგე“ (დაბადება 10:8, 9). ნიმროდიც და სხვა თვითმარქვია მმართველებიც სატანის მარიონეტები იყვნენ. სწორედ ისინი გახდნენ თავიანთ მომხრეებთან ერთად სატანის შთამომავლობის წევრები (1 იოანე 5:19).

13. რა უთხრა იეჰოვამ იაკობს?

13 სატანის მცდელობამ ხელი ვერ შეუშალა იეჰოვას განზრახვის შესრულებას. აბრაამის შვილიშვილს, იაკობს, იეჰოვამ უთხრა: „არ მოსცილდება სამეფო კვერთხი იუდას და არც მთავრის კვერთხი მოსცილდება ფეხთა შუიდან, სანამ არ მოვა შილო; მას დაემორჩილებიან ხალხები“ (დაბადება 49:10). სიტყვა „შილო“ ნიშნავს „მის მფლობელს“ ანუ „მას, ვისიც არის“. ეს წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ მოვიდოდა ის, ვისაც „სამეფო კვერთხისა“ და „მთავრის კვერთხის“ მიღების, ანუ „ხალხებზე“ მმართველობის კანონიერი უფლება ექნებოდა. ვისზეა საუბარი?

„სანამ არ მოვა შილო“

14. რა შეთანხმება დადო იეჰოვამ დავითთან?

14 იუდას შთამომავლებიდან პირველი, ვინც იეჰოვამ თავის ხალხზე გაამეფა *, იყო იესეს ვაჟი, მწყემსი დავითი (1 სამუელი 16:1—13). მიუხედავად ჩადენილი ცოდვებისა, დავითს არ დაუკარგავს იეჰოვას კეთილგანწყობა, რადგან მის მმართველობას უჭერდა მხარს. როდესაც იეჰოვამ დავითთან შეთანხმება დადო, ედემში წარმოთქმულ წინასწარმეტყველებას კიდევ უფრო მეტი ნათელი მოეფინა: „გამოვაჩენ შენი საზარდულიდან გამოსულ შთამომავალს და განვამტკიცებ მის სამეფოს“. ეს შეთანხმება ეხებოდა დავითის ვაჟს, მეფე სოლომონსაც, რადგან შეთანხმების სიტყვები ასე გრძელდება: „მარადიულად განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს“. დავითთან დადებულმა შეთანხმებამ ცხადყო, რომ აღთქმული სამეფო „შთამომავლობა“ დავითის საგვარეულო ხაზით მოვიდოდა (2 სამუელი 7:12, 13).

15. რა გაგებით შეიძლება ვუწოდოთ იუდას სამეფოს ღვთის სამეფოს წინასახეობა?

15 იმ მეფეთა დინასტია, რომლებსაც ზეთით სცხებდა მღვდელმთავარი, დავითის მეფობით დაიწყო. ზეთის ცხების შემდეგ მეფე ხდებოდა ცხებული ანუ მესია (1 სამუელი 16:13; 2 სამუელი 2:4; 5:3; 1 მეფეები 1:39). როგორც ბიბლიაში წერია, ისინი იეჰოვას ტახტზე ადიოდნენ და მეფობდნენ იეჰოვას წინაშე იერუსალიმში (2 მატიანე 9:8). ამგვარად, იუდას სამეფო წარმოადგენდა ღვთის სამეფოს წინასახეობას, იეჰოვას მმართველობის განხორციელების საშუალებას.

16. რა მოჰყვა შედეგად იუდას მეფეების ორგულობას?

16 როდესაც მეფეც და ხალხიც ემორჩილებოდნენ იეჰოვას მმართველობას, ის მფარველობდა მათ და კურთხევებსაც არ აკლებდა. მაგალითად, იუდას მშვიდობისა და აყვავების განსაკუთრებული ხანა სოლომონის მეფობის დროს დაუდგა. ეს კი, თავის მხრივ, ღვთის სამეფოს მმართველობის წინასახეობა იყო, როდესაც სატანის გავლენა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება, და დამტკიცდება, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი (1 მეფეები 4:20, 25). სამწუხაროდ, დავითის დინასტიიდან მეფეთა უმეტესობა არ ასრულებდა იეჰოვას მოთხოვნებს, ხალხი კი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა და უზნეობას სჩადიოდა. ბოლოს, ძვ.წ. 607 წელს იეჰოვამ ბაბილონელებს გაანადგურებინა იუდას სამეფო. სატანამ თითქოს თავისას მიაღწია და იეჰოვას მმართველობას ბოლო მოუღო.

17. საიდან ჩანს, რომ დავითის სამეფოს დამხობის მიუხედავად იეჰოვას მმართველობა არ შეუწყვეტია?

17 დავითის სამეფოსა და მანამდე ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს დამხობა სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვას მმართველობამ კრახი განიცადა. ეს სატანის გავლენამ და ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრებამ გამოიწვია (იგავები 16:25; იერემია 10:23). იმის საჩვენებლად, რომ მმართველობა არ შეუწყვეტია, იეჰოვამ წინასწარმეტყველ ეზეკიელს ასეთი სიტყვები ათქმევინა: „მოიძვრე თავსაბურავი, მოიცილე გვირგვინი! . . ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას! არავისი არ იქნება ის, სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი, — მას გადავცემ“ (ეზეკიელი 21:26, 27). აქედან გამოჩნდა, რომ ნაწინასწარმეტყველები „შთამომავლობის“ მთავარი წევრი, ანუ „კანონით უფლებამოსილი“, ჯერ არ იყო მოსული.

18. რა გამოუცხადა ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს?

18 ახლა გადავინაცვლოთ ძვ. წ. II საუკუნეში. ანგელოზი გაბრიელი ქალწულ მარიამს გამოეცხადა ჩრდილოეთ პალესტინაში მდებარე გალილეის ქალაქ ნაზარეთში, და უთხრა: „აი, ჩაგესახება საშვილოსნოში და გაგიჩნდება ვაჟი, რომელსაც იესო უნდა დაარქვა. ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე.  მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:31—33).

19. რა განსაკუთრებული დრო ახლოვდებოდა?

19 ახლოვდებოდა „წმინდა საიდუმლოს“ გაცხადების დრო. „შთამომავლობის“ მთავარი წევრი მალე უნდა გამოჩენილიყო (გალატელები 4:4; 1 ტიმოთე 3:16). სატანა მას ქუსლს დაუგესლავდა, ის კი სატანას თავს გაუჭეჭყავდა და მის მომხრეებთან ერთად გაანადგურებდა. ის იმასაც გახდიდა ცხადს, რომ ღვთის სამეფო გამოასწორებდა ყველაფერს, რაც სატანის მიზეზით მოხდა, და დაამტკიცებდა, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი (ებრაელები 2:14; 1 იოანე 3:8). როგორ გააკეთებდა ამას იესო და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში განვიხილოთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 14 ისრაელის პირველი მეფე, რომელიც ღმერთმა აირჩია, ბენიამინის ტომიდან იყო (1 სამუელი 9:15, 16; 10:1).

როგორ უპასუხებთ?

• რატომაა სამართლიანი, რომ იეჰოვა იყოს მთელი სამყაროს მმართველი?

• რატომ განიზრახა იეჰოვამ სამეფოს შექმნა?

• როგორ ამჟღავნებდა იეჰოვა „წმინდა საიდუმლოს“?

• საიდან ჩანს, რომ დავითის სამეფოს დაცემა იეჰოვას მმართველობის შეწყვეტაზე არ მიუთითებდა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

რა აღუთქვა იეჰოვამ აბრაამს?

[სურათი 25 გვერდზე]

რატომ არ იყო დავითის სამეფოს დამხობა იეჰოვას მმართველობის კრახის ნიშანი?