არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

გულისხმობდა თუ არა იესო ლოცვის ნიმუშში, რომ ღვთის ნება ზეცაში მაშინაც სრულდებოდა, როცა ბოროტი ანგელოზები ჯერ კიდევ არ იყვნენ გადმოყრილები?

მათეს 6:10-ის (აქ) თანახმად, იესომ თქვა: „იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“. მისი სიტყვები შეიძლება ორნაირად იყოს გაგებული. პირველი: თხოვნა იმის შესახებ, რომ მისი ნება ისევე შესრულებულიყო დედამიწაზე, როგორც უკვე ზეცაში სრულდებოდა; და მეორე: ღვთის ნება ბოლომდე შესრულებულიყო ორივეგან, ზეცაშიც და დედამიწაზეც *. ფრაზას „მოვიდეს შენი სამეფო“, რომელიც იესომ ამ სიტყვებამდე წარმოთქვა, იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ საღვთო წერილთან მეორე აზრი უფრო შეთანხმებულია. გარდა ამისა, ასეთი გაგება ეთანხმება მდგომარეობას, რომელიც იესოს დადამიწაზე ცხოვრებისას და შემდგომაც, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, იყო გამეფებული. მაინც რის საფუძველზე გამოგვაქვს ასეთი დასკვნა?

ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“ ყურადღებას ამახვილებს ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარების ორ სხვადასხვა შედეგზე: პირველი, ღვთის სამეფოს დამყარება გავლენას ახდენს თვითონ ზეცაზე; და მეორე, გავლენას ახდენს დედამიწაზე. გამოცხადების 12:7—9, 12-ში ნათქვამია: „შეიქნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად . . . აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“.

სატანისა და მისი დემონების გადმოყრით 1914 წლიდან ზეცა ყველა მეამბოხე სულიერი ქმნილებისგან გაიწმინდა, რამაც უდიდესი სიხარული მოუტანა ანგელოზებს — იეჰოვას ერთგულ სულიერ ძეებს, რომლებიც სულიერი ქმნილებების უმრავლესობას შეადგენენ (იობი 1:6—12; 2:1—7; გამოცხადება 12:10). ამით ზეცასთან დაკავშირებით შესრულდა ის, რაც იესომ ზემოხსენებულ ლოცვაში სთხოვა მამას. ზეცაში დარჩნენ მხოლოდ იეჰოვას ერთგული ქმნილებები, რომლებიც ბოლომდე ემორჩილებიან მის უზენაეს მმართველობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოვლენამდეც, ვიდრე ჯერ კიდევ შეეძლოთ ზეცაში ყოფნა, ბოროტი ანგელოზები განდევნილნი იყვნენ ღვთის ოჯახიდან და მათი თავისუფლება შეზღუდული იყო. მაგალითად, იუდას მე-6 მუხლში ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ ახ. წ. I საუკუნეში ისინი ‘საუკუნო ბორკილებისა და [სულიერი] წყვდიადის ქვეშ იყვნენ შემონახულნი დიად დღეს განსაკითხავად’. 2 პეტრეს 2:4-შიც მსგავსი აზრია მოცემული: «ღმერთმა ის ანგელოზები არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ ჩაყარა ტარტაროზში [უკიდურესად დამამცირებელი მდგომარეობა] და [სულიერი] წყვდიადის უფსკრულებს [„ჯურღმულებს“, აქ] გადასცა სამსჯავროსათვის შესანახავად» *.

თავიანთი მდგომარეობის მიუხედავად, ღვთის ოჯახიდან განდევნილი, მაგრამ ჯერ კიდევ ზეცაში მყოფი ბოროტი ანგელოზები დიდ გავლენას ახდენდნენ დედამიწაზე. ბიბლია სატანას „ამ წუთისოფლის მთავარს“, დემონებს კი „წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთ“ უწოდებს (იოანე 12:31; ეფესელთა 6:11, 12; 1 იოანე 5:19). თავისი ძალაუფლებიდან გამომდინარე, სატანას შეეძლო იესოსთვის „წუთისოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება“ მიეცა, თუ იესო მას მხოლოდ ერთხელ სცემდა თაყვანს (მათე 4:8, 9). თუ მხედველობაში მივიღებთ ამას, უეჭველია, რომ ღვთის სამეფოს ‘მოსვლა’ დედამიწაზე ძირფესვიან ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული.

ღვთის სამეფოს ‘მოსვლის’ შედეგი დედამიწაზე სრულიად ახალი სისტემის დამყარება იქნება. ღვთის სამეფო დაამხობს ადამიანთა ნებისმიერ მმართველობას და თვითონ იქნება ერთადერთი მთავრობა. იმ დროს ამ მთავრობის ქვეშევრდომობით იცხოვრებენ ღვთისმოშიში ადამიანები, რომლებიც „ახალ მიწას“ წარმოადგენენ (2 პეტრე 3:13; დანიელი 2:44). ღვთის სამეფო აღმოფხვრის ცოდვას ღვთის მორჩილი ადამიანების ცხოვრებიდან და დედამიწას თანდათანობით სამოთხედ გადააქცევს. ამგვარად, დედამიწაზე სატანის მმართველობის ყოველგვარი ნიშანწყალი გაქრება (რომაელთა 8:20, 21; გამოცხადება 19:17—21).

ათასწლიანი მმართველობის ბოლოს, როცა მესიანური სამეფო მასთან დაკავშირებულ ღვთის ნებას ბოლომდე შეასრულებს, „თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში“ (1 კორინთელთა 15:28). ამას მოჰყვება ადამიანთა საბოლოო გამოცდა, რის შემდეგაც სატანა, მისი დემონები და ყველა, ვისაც ისინი შეაცდენენ, საბოლოოდ განადგურდებიან „მეორედ სიკვდილით“ (გამოცხადება 20:7—15). ამ მოვლენის შემდეგ ღვთის ყველა გონიერი ქმნილება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე, სიხარულით, მარადიულად დაემორჩილება მოსიყვარულე ღმერთის, იეჰოვას, უზენაეს მმართველობას. ამით ყოველმხრივ, ბოლომდე შესრულდება იესოს სიტყვები ლოცვის ნიმუშიდან (1 იოანე 4:8).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ბიბლიის ერთ თარგმანში იესოს ლოცვა შემდეგნაირად არის მოცემული: „მოვიდეს შენი სამეფო. იყოს შენი ნება დედამიწაზეც და ზეცაშიც“ (მათე 6:10, The Bible —An American Translation).

^ აბზ. 6 პეტრე მოციქულმა განდევნილ ანგელოზთა სულიერი მდგომარეობა „საპყრობილეში“ ყოფნას შეადარა, მაგრამ მას მხედველობაში არ ჰქონია „უფსკრული“, რომელშიც დემონები მომავალში ათასი წლის განმავლობაში იქნებიან (1 პეტრე 3:19, 20; ლუკა 8:30, 31; გამოცხადება 20:1—3).