არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თქვენ შეგიძლიათ დასძლიოთ მარტოობის გრძნობა

თქვენ შეგიძლიათ დასძლიოთ მარტოობის გრძნობა

თქვენ შეგიძლიათ დასძლიოთ მარტოობის გრძნობა

მარტოობით გამოწვეული გულისტკივილი აბსოლუტურად ყველას აქვს გამოცდილი. მარტოობის გრძნობას მრავალი ფაქტორი იწვევს. ამას განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან გაუთხოვარი, ქვრივი ან ქმარს გაცილებული ქალები.

მაგალითად, ახალგაზრდა ქრისტიანი ქალი, სახელად ფრანსისი გვიამბობს: „მე რომ 23 წლის ვიყავი, თითქმის ყველა ჩემი მეგობარი დაოჯახებული იყო. მხოლოდ მეღა ვიყავი დარჩენილი“ *. დროთა განმავლობაში, დაქორწინების რეალური შესაძლებლობის შემცირებასთან ერთად მარტოობის გრძნობა უფრო იზრდება. „გაუთხოვრად დარჩენას არ ვაპირებდი და ახლაც მსურს დაოჯახება, თუკი ამის შესაძლებლობა მომეცემა“, — აღიარა 50 წელს მიღწეულმა სანდრამ. ანჟელამ კი, რომელმაც 50-ს გადააბიჯა, აღნიშნა: „არ ვცდილობდი, რომ მარტო დავრჩენილიყავი. უბრალოდ, ასე გამოვიდა. იქ, სადაც სპეციალურ პიონერად დამნიშნეს, ძალიან ცოტა დაუქორწინებელი ძმა მსახურობდა“.

ქების სიტყვებს იმსახურებს მრავალი ქრისტიანი ქალი, რომლებიც უარს ამბობენ გათხოვებაზე იმიტომ, რომ ერთგულად მისდევენ იეჰოვას რჩევას — გათხოვდნენ „ოღონდ უფალში“ (1 კორინთელთა 7:39). ზოგი ეგუება მარტოხელობას, იმ დროს, როცა სხვებში გათხოვებისა და ბავშვების ყოლის სურვილი წლებთან ერთად იზრდება. „ემოციურ სიცარიელეს იწვევს ის, რომ არ გყავს ცხოვრების თანამგზავრი, და ეს გრძნობა ერთი წუთითაც არ გცილდება“, — გულისტკივილს გვიზიარებს სანდრა.

სხვა ფაქტორები, მაგალითად, ხანში შესულ მშობლებზე ზრუნვა, კიდევ უფრო ამძიმებს მარტოობის გრძნობას. „იმის გამო, რომ გათხოვილი არ ვიყავი, ოჯახის წევრებმა მე დამავალეს მოხუც მშობლებზე ზრუნვა, — ამბობს სანდრა. — 20 წლის განმავლობაში ამ პასუხისმგებლობის ტვირთი მე მაწვა კისერზე, თუმცა ხუთი დედმამიშვილი მყავს. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, მეუღლე რომ მყოლოდა, რომელიც ყოველთვის იზრუნებდა ჩემზე“.

ფრანსისი მოიხსენიებს სხვა ფაქტორს, რომელიც მარტოობის გრძნობას უფრო აუტანელს ხდის. ის გვიამბობს: «ხანდახან პირდაპირ მეკითხებიან „რატომ არ გათხოვდი?“. ასეთი შენიშვნები მაფიქრებინებს, რომ თითქოსდა ჩემი ბრალია, გაუთხოვარი რომ დავრჩი. რომელ ქორწილსაც არ დავესწარი, ყველაგან ერთსა და იმავე მტკივნეულ კითხვას მისვამენ: „ჰა, შენს ქორწილში როდისღა დაგვპატიჟებ?“. მაშინვე ვფიქრობ, — სულიერად მოწიფული ძმები ზედაც არ მიყურებენ, ალბათ იმიტომ, რომ არ გამაჩნია ქრისტიანული თვისებები ან, უბრალოდ, მიმზიდველი არა ვარ».

როგორ შეიძლება სიცარიელისა და მარტოობის გრძნობის დაძლევა? და როგორ შეუძლიათ სხვებს დახმარების აღმოჩენა?

მიენდეთ იეჰოვას

ფსალმუნმომღერალი მღეროდა: «მიანდე უფალს შენი საზრუნავი [„ტვირთი“, აქ] და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას» (ფსალმუნი 54:23). სიტყვა „ტვირთი“ ებრაულ ენაზე სიტყვასიტყვით ნიშნავს „წილს“ და მიუთითებს საზრუნავზე თუ წუხილზე, რომელიც ცხოვრებაში გვხვდა წილად. იეჰოვამ ყველაზე უკეთესად იცის, თუ რა არის ჩვენთვის ტვირთის არსებობა და შეუძლია ძალა მოგვცეს, რომ ამ ყოველივეს გავართვათ თავი. იეჰოვა ღმერთზე მინდობა დაეხმარა ანჟელას მარტოობის გრძნობის დაძლევაში. სრული დროით მსახურების შესახებ მან თქვა: „პიონერობის დაწყებისთანავე მე და ერთი და საცხოვრებლად ჩვენი კრებიდან მოშორებით გადავედით. ჩვენ ყველაფერში იეჰოვაზე მინდობა ვისწავლეთ და ეს ნდობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში მეხმარება. როცა უარყოფითი ფიქრები მომეძალება, იეჰოვას ვესაუბრები და ისიც ძალას მაძლევს. 22-ე ფსალმუნიც ყოველთვის დიდ ნუგეშს მგვრიდა და ახლაც ხშირად ვკითხულობ ხოლმე“.

მოციქული პავლეც მძიმე ტვირთს ატარებდა. ის, სულ მცირე, სამჯერ მაინც ‘შეევედრა უფალს, რომ განეშორებინა ეკალი სხეულიდან’. პავლე არ განიკურნა სასწაულებრივად, მაგრამ მიიღო დაპირება, რომ ღვთის დაუმსახურებელი სიკეთის წყალობით გადაიტანდა ყოველივე ამას (2 კორინთელთა 12:7—9). პავლემ ასევე გაგვანდო კმაყოფილების საიდუმლო, რაზეც მოგვიანებით წერდა: „ვიცი ხელმოკლეობაში ცხოვრება და ვიცი სიუხვეში ცხოვრებაც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“ (ფილიპელთა 4:12, 13).

როგორ შეიძლება გულგატეხილობისა და მარტოობის გრძნობის დაძლევა? პავლე წერდა: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). სანდრამ ეს რჩევა ცხოვრებაში გამოიყენა. მან განმარტა: „დაუქორწინებლობის გამო დროის უმეტესობას მარტოობაში ვატარებ. ეს კი იეჰოვასადმი ხშირად ლოცვის საშუალებას მაძლევს. მასთან ძალიან დიდ სიახლოვეს ვგრძნობ და თავისუფლად ვუზიარებ ჩემს პრობლემებსა თუ სიხარულს“. ფრანსისმა კი თქვა: „უარყოფით ფიქრებთან დამოუკიდებლად ჭიდილი საკმაოდ რთულია, მაგრამ ძალიან მეხმარება იეჰოვასთვის გულის გადაშლა. დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვას აინტერესებს ყველაფერი, რასაც ჩემს სულიერ და ემოციურ კეთილდღეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია“ (1 ტიმოთე 5:5).

„ატარეთ ერთმანეთის ტვირთი“

ქრისტიანულ საძმოში თითოეული მხოლოდ თავის ტვირთს არ ატარებს. მოციქულმა პავლემ მოგვიწოდა: „ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს“ (გალატელთა 6:2). თანაქრისტიანებმა შეიძლება გაგვამხნევონ „კეთილი სიტყვით“ და ამგვარად შეგვიმსუბუქონ მარტოობის ტვირთი (იგავნი 12:25).

განვიხილოთ ისრაელის მსაჯულის, იფთახის, ქალიშვილის ბიბლიური მაგალითი. ყამონელთა დამარცხებამდე იფთახმა აღუთქვა იეჰოვას, რომ მიუძღვნიდა თავისი შინაურებიდან პირველივეს, ვინც გამარჯვებას მიულოცავდა. მისდა სამწუხაროდ, ეს მისი ქალიშვილი აღმოჩნდა (მსაჯულნი 11:30, 31, 34—36). მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნავდა დაუქორწინებლად დარჩენასა და უარის თქმას ოჯახის შექმნის ბუნებრივ სურვილზე, იფთახის ქალიშვილი ნებით დაემორჩილა ამ ფიცს და სიცოცხლის ბოლომდე სილოამში, საწმინდარში მსახურობდა. დარჩა თუ არა მისი მსხვერპლი შეუმჩნეველი? არავითარ შემთხვევაში. „წლიდან წლამდე, წელიწადში ერთხელ, მიდიან ისრაელიანი ქალიშვილები და ოთხი დღე იხსენებენ იფთახ გალაადელის ასულს“ (მსაჯულნი 11:40). დიახ, ქების სიტყვები ყველასთვის გამამხნევებელია. ამიტომ, მოდი ნურასდროს დავივიწყებთ მათ შექებას, ვინც ამას იმსახურებს.

განვიხილოთ იესოს მაგალითიც. მიუხედავად იმისა, რომ იუდაური ჩვეულება მამაკაცებს ქალებთან საუბარს უკრძალავდა, იესო დროს უთმობდა მარიამსა და მართას. შესაძლოა, ისინი ქვრივები იყვნენ ან საერთოდ არ იყვნენ გათხოვილები, მაგრამ ამისდა მიუხედავად, იესოს სურდა, რომ მასთან მეგობრობით ორივეს მიეღო სულიერი სარგებლობა (ლუკა 10:38—42). ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს, ვიზრუნოთ ჩვენი დაუქორწინებელი სულიერი დების ემოციურ მოთხოვნილებებზე და დავგეგმოთ მათთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა (რომაელთა 12:13). აფასებენ თუ არა ისინი ასეთ ყურადღებას? ერთმა დამ თქვა: „ვიცი რომ ძმებს ვუყვარვარ და მაფასებენ, მაგრამ ბევრად უფრო მადლიერი ვარ, როდესაც კონკრეტული საქმეებით ავლენენ ჩემდამი ყურადღებას“.

„ვინაიდან საკუთარი ოჯახი არ გაგვაჩნია, — ამბობს სანდრა, — გვაქვს დიდი მოთხოვნილება, რომ ვინმეს ვუყვარდეთ და თავს სულიერი და-ძმებისგან შემდგარი ოჯახის ნაწილად ვგრძნობდეთ“. ცხადია, იეჰოვა ზრუნავს მათზე და ჩვენც ვითანამშრომლებთ ღმერთთან, თუ ვაგრძნობინებთ, რომ ისინი საყვარელნი და საჭირონი არიან (1 პეტრე 5:6, 7). ასეთი მზრუნველობა შეუმჩნეველი არ დარჩება, ვინაიდან „ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის [იეჰოვა ღმერთი] მიუზღავს სამაგიეროს“ (იგავნი 19:17).

„ყველა თავის ტვირთს ატარებს“

თუმცა სხვებს შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა გამამხნევებელიცაა, მაინც „ყველა თავის ტვირთს ატარებს“ (გალატელთა 6:5, აფ). მარტოობის ტვირთის ტარებისას სიფრთხილე გვმართებს. მაგალითად, მარტოობამ შეიძლება დაგვძლიოს, თუ საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტებით. ნაცვლად ამისა, უკეთესი იქნება, თუ ჩვენ თავად შევძლებთ სიყვარულით დავძლიოთ მარტოობა (1 კორინთელთა 13:7, 8). გაცემა დაგვეხმარება ბედნიერების პოვნაში, მიუხედავად ჩვენი მდგომარეობისა (საქმეები 20:35). „მარტოობაზე საფიქრალად დროც კი არ მრჩება, — თქვა ერთმა პიონერმა დამ, რომელიც ბევრ დროს უთმობს ქადაგებას, — როდესაც ვგრძნობ, რომ საჭირო და დაკავებული ვარ, მარტოობისთვის ადგილი აღარ მრჩება“.

ამასთანავე სიფრთხილე გვმართებს, რომ მარტოობამ არ ჩაგვითრიოს არაგონივრულ რომანტიკულ ურთიერთობაში. მაგალითად, რა სამწუხარო იქნებოდა, თუ დაოჯახების სურვილის გამო თვალს დავხუჭავდით იმ პრობლემებზე, რომლებიც ურწმუნოზე გათხოვებას და ბიბლიური რჩევის უარყოფას მოჰყვება! (2 კორინთელთა 6:14). ერთმა განქორწინებულმა ქრისტიანმა ქალმა თქვა: „შეუფერებელ პიროვნებაზე დაქორწინება გაუთხოვრობაზე უარესია“.

იმ პრობლემების გარკვეული დროით მოთმენა მოგვიწევს, რომელთა გადაჭრაც დღეს შეუძლებელია. ღვთის დახმარებით კი მარტოობის გრძნობის დაძლევა ნამდვილად შესაძლებელია. თუ იეჰოვასადმი მსახურებას განვაგრძობთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ყველა ჩვენი მოთხოვნილება სრულიად დაკმაყოფილებული იქნება (ფსალმუნი 144:16).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

[სურათები 28 გვერდზე]

მარტოობას სხვებისთვის გაცემით დავძლევთ.