არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოვიდე სკოლიდან?

გამოვიდე სკოლიდან?

ახალგაზრდების შეკითხვები

გამოვიდე სკოლიდან?

შენი აზრით, რამდენი წელი უნდა ისწავლო სკოლაში?

․․․․․

შენს მშობლებს რამდენი წელი უნდათ, რომ ისწავლო სკოლაში?

․․․․․

ემთხვევა ერთმანეთს თქვენი პასუხები? რომც დაემთხვეს, ზოგჯერ შეიძლება მაინც გაგიჩნდეს სკოლისთვის თავის დანებების სურვილი. ნაცნობია შენთვის ასეთი გრნობები?

„ზოგჯერ ისეთ სტრესში ვიყავი, რომ დილით ადგომაც კი არ მინდოდა. ვფიქრობდი, რატომ უნდა მევლო სკოლაში და მესწავლა ის, რასაც ვერასდროს გამოვიყენებდი“ (რეიჩელი).

„სკოლა ისე მღლიდა, რომ მინდოდა თავი დამენებებინა და მუშაობა დამეწყო. მეგონა, სკოლაში დროს ტყუილად ვკარგავდი. მერჩივნა, მემუშავა და ჩემი ფული მქონოდა“ (ჯონი).

„ყოველდღე ოთხი საათი მჭირდებოდა დავალებების მოსამზადებლად. პროექტებს, ტესტებს და დავალებებს ვერ ავუდიოდი. მეგონა, ამდენ რამეს თავს ვერ გავართმევდი, ამიტომ სკოლისთვის თავის დანებება მინდოდა“ (სინდი).

„ჩვენს სკოლაში ერთხელ ცრუ განგაში ატყდა ბომბის გამო, სამმა თვითმკვლელობა სცადა, ერთმა მოსწავლემ თავი მოიკლა, სკოლა ხულიგნების დაჯგუფებებით იყო სავსე. ზოგჯერ იმდენი რამ ხდებოდა, რომ მეტის ატანა აღარ შემეძლო“ (როუზი).

ნაცნობია ეს სიტუაციები შენთვის? პირადად შენ, რატომ გაგიჩნდა სკოლიდან წამოსვლის სურვილი?

․․․․․

შეიძლება სერიოზულად ფიქრობ სკოლისთვის თავის დანებებას. მოდი გულწრფელად აღიარე, რატომ გინდა სკოლიდან წამოსვლა — იმიტომ, რომ უკვე მიიღე საკმარისი ცოდნა თუ იმიტომ, რომ სკოლა მოგბეზრდა?

ღირს სკოლისთვის თავის დანებება?

ზოგიერთ ქვეყანაში საჭიროა, რომ ახალგაზრდამ სკოლაში სულ მცირე ხუთი წელი მაინც ისწავლოს. ზოგან კი მოსწავლეებისგან ათი ან თორმეტი კლასის დამთავრება მოითხოვება. აქედან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში არ არის დადგენილი ერთი სტანდარტი, თუ რამდენი წელი უნდა ისწავლოს ბავშვმა სკოლაში.

ზოგ ქვეყანაში ნებადართულია, რომ ახალგაზრდებმა სკოლის მთელი პროგრამა ან კონკრეტული საგნები სახლში გაიარონ. იმ მოსწავლეებზე, რომლებიც მშობლების ნებართვით სახლში გადიან სასწავლო პროგრამას, ვერ ვიტყვით, რომ სწავლას თავს ანებებენ.

სანამ გადაწყვეტ სწავლისთვის ნაადრევად თავის დანებებას, იქნება ეს სკოლაში თუ სახლში, დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე:

რა მოითხოვება კანონით? როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ზოგ ქვეყანაში განსხვავებული კანონი არსებობს სკოლაში სწავლის წლების რაოდენობასთან დაკავშირებით. მინიმუმ რამდენი კლასის დამთავრება მოითხოვება კანონით შენს ქვეყანაში? შენ რომელ კლასში ხარ? არ იქნება გონივრული, თუ უმაღლესი ხელისუფლების მორჩილებასთან დაკავშირებით ბიბლიურ რჩევას უგულებელყოფ და სკოლაში სწავლას დროზე ადრე დაანებებ თავს (რომაელები 13:1).

საკმარისი ცოდნა მაქვს ჩემი მიზნების მისაღწევად? რა მიზნების მიღწევაში გინდა, რომ დაგეხმაროს განათლება? ჯერ არ გიფიქრია ამ საკითხზე? თუ ამაზე წინასწარ არ იფიქრებ, დაემსგავსები მატარებლის მგზავრს, რომელმაც არ იცის, სად უნდა წასვლა. ამიტომ მშობლებთან ერთად შეავსე ჩარჩო  „რას მინდა მივაღწიო სწავლით?“, 28-ე გვერდზე. ეს დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რა გინდა სინამდვილეში. ამასთანავე, შენ და შენი მშობლები იმის განსაზღვრასაც შეძლებთ, თუ რამდენი ხანი ღირს სწავლის გაგრძელება სკოლაში (იგავები 21:5).

ალბათ, მასწავლებლები თუ სხვები გირჩევენ, რამდენ ხანს უნდა ისწავლო სკოლაში. მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც შენმა მშობლებმა უნდა მიიღონ (იგავები 1:8; კოლოსელები 3:20). არ იქნება გონივრული, თუ შენ და შენი მშობლების მიერ დასახული მიზნების მიღწევამდე შეწყვეტ სწავლას.

რატომ მინდა სკოლიდან გამოსვლა? ფრთხილად იყავი, რომ თავი არ მოიტყუო (იერემია 17:9). ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ გამართლება მოუძებნოს თავის არასწორ მოქმედებებს (იაკობი 1:22).

დაწერე, რატომ გინდა სკოლიდან გამოსვლა.

․․․․․

․․․․․

რა მიზეზები ჩამოწერე? შესაძლოა გინდა თავი აარიდო ტესტებსა და საშინაო დავალებებს. მთავარია გააცნობიერო, რატომ გინდა სკოლიდან გამოსვლა. თუკი სწავლისთვის თავის დანებება იმიტომ გინდა, რომ პრობლემებს გაექცე, იცოდე, რომ პრობლემებს ადრე თუ გვიან მაინც შეხვდები.

რა დაშავდება, თუ სკოლიდან გამოვალ?

სკოლისთვის თავის დანებება რაღაცით მატარებლიდან გადმოხტომას ჰგავს. მატარებელი შეიძლება არ იყოს კომფორტული და არც მგზავრები იყვნენ სასიამოვნო. მაგრამ თუ მატარებლიდან გადმოხტები ვერც დანიშნულების ადგილს მიაღწევ და შეიძლება რამე დაიზიანო კიდეც. მსგავსადვე, თუ სკოლას თავს დაანებებ, ვერ მიაღწევ სასურველ მიზნებს, რაშიც სკოლაში მიღებული განათლება დაგეხმარებოდა. ამას შეიძლება სხვა პრობლემებიც მოჰყვეს.

გარდაუვალი პრობლემები. შეიძლება გაგიჭირდეს სამუშაოს შოვნა და თუ იშოვი, ანაზღაურება იმდენი მაინც არ გექნება, რამდენიც სკოლის დამთავრების შემთხვევაში გექნებოდა. ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად შეიძლება უფრო დიდხანს მოგიწიოს მუშაობა და თანაც ისეთ გარემოში, რომელიც სკოლის გარემოზე გაცილებით არასასიამოვნო იქნება.

მოსალოდნელი პრობლემები. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სკოლიდან ნაადრევად გამოსულ ბავშვებს შედარებით სუსტი ჯანმრთელობა აქვთ, ადრეულ ასაკში ხდებიან მშობლები, ხშირად ხვდებიან ციხეში და ხშირად უწევთ სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით სარგებლობა.

რა თქმა უნდა, სკოლის დამთავრება იმის გარანტია არ არის, რომ ეს პრობლემები არ შეგექმნება, მაგრამ რატომ უნდა გაირთულო ცხოვრება სწავლის შეწყვეტის გამო?

რატომ არ ღირს სკოლისთვის თავის დანებება?

თუ გამოცდა ვერ ჩააბარე ან მძიმე დღე გქონდა სკოლაში, შეიძლება ყველაფრისთვის თავის დანებება მოგინდეს და მომავალი პრობლემები არაფრად მოგეჩვენოს იმის ფონზე, რასაც ახლა განიცდი. მაგრამ სანამ ამ „იოლ“ გზას აირჩევ, დაფიქრდი, სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ახალგაზრდების სიტყვებზე, რომლებიც არ ნანობენ, რომ სკოლა დაამთავრეს.

„სკოლაში ჩემი გონებრივი შესაძლებლობები გაუმჯობესდა და უფრო მომთმენი გავხდი. ვისწავლე ისიც, რომ ჩემზეა დამოკიდებული, რა მომანიჭებს სიამოვნებას. სკოლა მხატვრული ნიჭის განვითარებაში დამეხმარა, რაც მომავალში გამომადგება“ (რეიჩელი).

„ახლა უკვე ვიცი, რომ მიზანს მხოლოდ გულმოდგინე შრომის შედეგად შემიძლია მივაღწიო. სკოლაში ტექნიკურ მომზადებას გავდივარ, რაც შესაძლებლობას მომცემს, ჩემთვის სასურველ პროფესიას დავეუფლო და სტამბაში ვიმუშაო მექანიკოსად“ (ჯონი).

„სკოლა დამეხმარა გავმკლავებოდი იმ პრობლემებს, რომლებსაც ვხვდებოდი სკოლაში, სხვებთან ურთიერთობისას თუ ცხოვრების სხვა სფეროში. ამან კი ჩემს მოწიფულობას შეუწყო ხელი“ (სინდი).

„სკოლამ მომამზადა იმ სირთულეებისთვის, რომელსაც მომავალში შევხვდებოდი სამსახურში. ბევრ ისეთ სიტუაციაში მოვხვდი, როცა საკუთარი მრწამსის უკეთ გამოკვლევა მომიწია, რამაც რწმენა განმიმტკიცა“ (როუზი).

ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „საქმის დასასრული სჯობია მის დასაწყისს. მომთმენი კაცი სჯობია სულით ამპარტავანს“ (ეკლესიასტე 7:8). ასე რომ, მოთმინებით გაუძელი პრობლემებს, ნაცვლად იმისა, რომ გაექცე მათ. თუ ასე მოიქცევი დასასრულით კმაყოფილი დარჩები.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

დაფიქრდი

● როგორ დაგეხმარება მოკლევადიანი მიზნები, რომ საუკეთესოდ გამოიყენო სკოლაში გატარებული წლები?

● რატომ უნდა იფიქრო წინასწარ იმ სამუშაოზე, რომელსაც სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა მოკიდო ხელი?

[ჩარჩო⁄სურათები 27 გვერდზე]

შენი თანატოლები ამბობენ . . .

„სკოლამ კითხვა შემაყვარა. საოცარი განცდაა, როცა ვიღაცის აზრებისა და გრძნობების შესახებ კითხულობ“

„მიჭირს დროის სწორად განაწილება. მაგრამ სკოლა რომ არა, იმასაც ვერ შევძლებდი, რასაც ახლა ვაკეთებ. სკოლა მეხმარება, რომ მოწესრიგებული ვიყო, მივყვე გეგმას და არ გადავდო იმის გაკეთება, რაც გასაკეთებელია“

[სურათები]

ესმა

კრისტოფერი

[ჩარჩო 28 გვერდზე]

რას მინდა მივაღწიო სწავლით?

განათლების მიღების მთავარი მიზანი ის არის, რომ სამომავლოდ შეძლო სამუშაოს შოვნა და საკუთარ თავსა და მომავალ ოჯახზე ზრუნვა (2 თესალონიკელები 3:10, 12). გიფიქრია, სად გინდა იმუშაო და როგორ მოგამზადებს სკოლაში გატარებული წლები მომავალი სამსახურისთვის? ქვემოთ მოცემული კითხვები იმის განსაზღვრაში დაგეხმარება, გაქვს თუ არა არჩეული სწორი კურსი.

რა გამომდის კარგად? (მაგალითად, ადვილად ახერხებ სხვებთან ურთიერთობას? გიყვარს საკუთარი ხელით რამის კეთება ან შეკეთება? ადვილად პოულობ გამოსავალს რთული სიტუაციებიდან?)

․․․․․

 რომელი სამუშაო დამეხმარება ჩემი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში?

․․․․․

რა სახის სამუშაოს შოვნაა შესაძლებელი იქ, სადაც მე ვცხოვრობ?

․․․․․

რომელ საგნებს ვსწავლობ ინტენსიურად, რომ მომავალში სამსახური ვიშოვო?

․․․․․

კიდევ რა საშუალებით შემიძლია ჩემს მიზნებს ადვილად მივაღწიო?

․․․․․

გახსოვდეს, შენი მიზანია მიიღო ისეთი განათლება, რომელიც მომავალში გამოგადგება. ამიტომ ნურც სხვა უკიდურესობაში გადავარდები და ნუ გახდები „მარადმწვანე“ მოსწავლე, რომელიც არ აპირებს „მატარებლიდან“ ჩამოსვლას მხოლოდ იმიტომ, რომ ზრდასრული ადამიანის პასუხისმგებლობებს გაექცეს.

[ჩარჩო 29 გვერდზე]

მშობლების საყურადღებოდ

„მასწავლებლები უინტერესოდ გვიხსნიან გაკვეთილებს“, „საშინაო დავალებებს ვერ ავუდივარ“, „უბრალოდ კლასიდან კლასში გადავდივარ — რა აზრი აქვს ასეთ სწავლას?“. ბევრი ახალგაზრდა მსგავსი მიზეზების გამო ცდილობს სწავლისთვის თავის დანებებას მანამ, სანამ საჭირო ცოდნას მიიღებს. რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ თქვენი შვილიც იმავეს ფიქრობს?

თქვენ როგორი დამოკიდებულება გქონდათ ან გაქვთ განათლების მიმართ? თუ თავის დროზე სკოლა ნამდვილი ციხე გეგონათ, იქ გატარებულ წლებს დროის ფუჭად ხარჯვად თვლიდით და ერთი სული გქონდათ, როდის დააღწევდით მას თავს, ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენს შვილებსაც იგივე დამოკიდებულება განუვითარდეთ. მაგრამ ერთი რამ ცხადია — სრულფასოვანი განათლება თქვენს შვილებს „სიბრძნესა და ჭკუას“ შესძენს, რაც მათ ცხოვრებაში გამოადგებათ (იგავები 3:21).

ხელი შეუწყვეთ შვილს. ზოგს უკეთესად შეუძლია ისწავლოს, მაგრამ არ იცის, როგორ, ზოგს კი პრობლემას სწავლისთვის არახელსაყრელი პირობები უქმნის. მოწესრიგებული მაგიდა, კარგი განათება და შესაფერისი სახელმძღვანელოები სწავლისთვის კარგ გარემოს ქმნის. შვილს სწავლასა და სულიერ წინსვლაში დაეხმარებით, თუ მას შესაფერის გარემოს შეუქმნით იმისათვის, რომ ახალი ინფორმაციის კარგად ათვისება შეძლოს (1 ტიმოთე 4:15).

დაინტერესდით. მასწავლებლები მოკავშირეებად ჩათვალეთ და არა მტრებად. გაიცანით ისინი და ესაუბრეთ მათ თქვენი შვილის მიზნებსა და პრობლემებზე. თუ თქვენს შვილს არადამაკმაყოფილებელი ნიშნები აქვს, შეეცადეთ, გაარკვიოთ მიზეზი. მაგალითად, ხომ არ ფიქრობს, რომ თუ კარგად ისწავლის, შეიძლება დასცინონ? იქნებ მასწავლებელთან უჭირს საერთო ენის გამონახვა ან ვერ იგებს რომელიმე საგანს? სასწავლო პროგრამა თქვენს შვილს ტვირთად კი არ უნდა ექცეს, არამედ წინსვლაში უნდა ეხმარებოდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს, მაგალითად ცუდი მხედველობა ან სწავლის უნარის დაქვეითება.

რაც უფრო დაინტერესდებით თქვენი შვილის სულიერი მდგომარეობით და სკოლაში მისი წინსვლით, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ის წარმატებას მიაღწევს (იგავები 22:6).

[სურათი 29 გვერდზე]

სკოლისთვის თავის დანებება რაღაცით მატარებლიდან გადმოხტომას ჰგავს