არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხელი კერძები სახლიდან ოფისში მუმბაურად

ცხელი კერძები სახლიდან ოფისში მუმბაურად

ცხელი კერძები სახლიდან ოფისში მუმბაურად

ყოველ დილით სამსახურში ხუთ საათზე მიდიხართ. სადილის დრო მოახლოვდა, ახლა ნამდვილად არ იტყოდით უარს სახლში გაკეთებულ და გემრიელად შეზავებულ საჭმელზე. მუმბაიში მომუშავე ათასობით ინდოელისთვის, ეს სულაც არ არის ოცნება დაბავალების წყალობით, რომელთაც სახლში მომზადებული ინდური კერძები კლიენტებისთვის ოფისებში მიაქვთ. *

სარფიანი წამოწყება

მე-19 საუკუნის ბოლოს მუმბაი, რომელსაც იმ დროს ბომბეი ეწოდებოდა, მზარდი კომერციული ცენტრი იყო. ბრიტანელ თუ ინდოელ ბიზნესმენებს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევდათ სამუშაომდე მისასვლელად. იმ დროს ტრანსპორტი ნელა მოძრაობდა და რესტორნებიც მხოლოდ აქა-იქ იყო. საოჯახო კერძები ოფისში მომუშავეებისთვის მისწრება იყო. ამიტომ მსახურებს ევალებოდათ, რომ თავიანთი ბატონებისთვის საოჯახო კერძები სახლიდან სამსახურში მიერთმიათ. ერთ-ერთ მეწარმეს კარგი ბიზნეს-იდეა მოუვიდა. მან სახლიდან საკვების ოფისებში მიტანის სერვისი შექმნა და სოფლიდან ჩამოსული უმუშევარი ახალგაზრდები დაასაქმა. ამ პატარა წამოწყებამ გაამართლა და მისმა ბიზნესმა აყვავება დაიწყო.

ხალხს დღემდე არ განელებია სადილად საკუთარ ოჯახში გაკეთებული კერძების მირთმევის სურვილი. მართალია, დღეს რესტორნები გაცილებით ბევრია, მაგრამ სახლში მომზადებული საკვები უფრო იაფი ჯდება და საკმაოდ პოპულარულია. გარდა ამისა, ბევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დიეტის დაცვა უწევს. ზოგი რელიგიური თვალსაზრისით იკავებს თავს ზოგიერთი პროდუქტისგან. მაგალითად, ზოგი არ ჭამს ხახვს, ზოგი კი ნიორს. ეს ინგრედიენტები კი ხშირად შედის რესტორნებში მომზადებულ კერძებში, ამიტომ სახლიდან ოფისში მიტანილი საკვები, სწორედ რომ მისწრებაა მათთვის.

ყველაზე საიმედო სერვისი

მომსახურების ამ შედარებით მარტივ სისტემას წლების განმავლობაში ცვლილება თითქმის არ განუცდია, თუ არ ჩავთვლით მის მასშტაბებს. დღესდღეობით 5 000 მამაკაცსა და რამდენიმე ქალს თავიანთი სამეზობლოდან ყოველდღიურად 20-მილიონიანი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გაფანტულ ოფისებში 200 000-ზე მეტი ადამიანისთვის მიაქვს სადილი. ისინი დაახლოებით 60 კილომეტრის რადიუსში მოძრაობენ. ზოგი დაბავალა ფეხით გადაადგილდება და ხელის ურიკით 40-მდე კონტეინერი მიაქვს, ზოგი კი ველოსიპედით ან საგარეუბნო მატარებლით მგზავრობს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ზუსტი დანიშნულების ადგილას თავის დროზე მიაქვთ სადილი. როგორც ამბობენ, მათ 6 მილიონი შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ მოსდით შეცდომა. როგორ ახერხებენ ისინი ყველაფრის ასე უშეცდომოდ კეთებას?

1956 წელს დაბავალები რეგისტრაციაში გატარდნენ, როგორც საქველმოქმედო ტრასტი თავისი აღმასრულებელი კომიტეტითა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლებით. მუშათა ჯგუფი და მათი ზედამხედველი ფუნქციონირებენ, როგორც ცალკე ერთეული. მიუხედავად ამისა, თითოეული წევრი პარტნიორად და მეწილედ ითვლება, და როგორც ისინი ამბობენ, მათი მომსახურების წარმატება სწორედ ამით არის განპირობებული. უკვე 100 წელზე მეტია, რაც ისინი ფუნქციონირებენ, მაგრამ არც ერთხელ გაფიცულან.

დაბავალები თან ატარებენ საიდენტიფიკაციო ბარათს. მათი ცნობა ადვილად შეიძლება განსხვავებული თეთრი პერანგით, განიერი შარვლითა და თეთრი ქუდით. თუ დაბავალა ქუდს არ დაიხურავს, საპატიო მიზეზის გარეშე დააგვიანებს ან არ გამოცხადდება სამუშაოზე და სამუშაოს ნასვამ მდგომარეობაში შეასრულებს, ჯარიმის გადახდა მოუწევს.

დაბავალას სამუშაო დღე

დაახლოებით დილის ცხრის ნახევარზე კლიენტის სახლში ვინმე, შესაძლოა ოჯახის დიასახლისი, ამზადებს სადილს და სპეციალურ კონტეინერში, იგივე „დაბაში“ დებს. „დაბა“ რამდენიმე კონტეინერისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთზეა დაწყობილი და ჩამკეტით არის დამაგრებული. დაბავალა თავის ტერიტორიაზე აგროვებს კონტეინერებს და ველოსიპედით ან ურიკით სწრაფად მიაქვს ისინი რკინიგზის სადგურში, სადაც თავისი ჯგუფის სხვა წევრებს ხვდება. ისინი ფოსტალიონებივით ანაწილებენ კონტეინერებს დანიშნულების ადგილის მიხედვით.

თითოეულ კონტეინერზე ფერადი ანბანურ-ციფრული კოდით აღნიშნულია, საიდან არის სადილი წამოღებული, ახლომდებარე რკინიგზის სადგური, დანიშნულების ადგილთან მდებარე სადგური, შენობის ნომერი და სართული. სხვადასხვა მიმართულებით წასაღებ კონტეინერებს გრძელ, ღია ხის ყუთებში აწყობენ, რომლებიც დაახლოებით 48 კონტეინერს იტევს. მატარებლის მოსვლისთანავე ამ ყუთებს მძღოლის კაბინის გვერდით, მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას აწყობენ. ერთ-ერთ ცენტრალურ სადგურამდე მისვლის შემდეგ, კონტეინერებს კიდევ ერთხელ ახარისხებენ და დანიშნულების ადგილთან მდებარე სადგურებში მიაქვთ. ამ სადგურებში ხდება კონტეინერების საბოლოო გადახარისხება, რის შემდეგაც ისინი კლიენტებისთვის ველოსიპედებით ან ხელის ურიკებით მიაქვთ.

ტრანსპორტირების ეს საშუალებები არა მარტო ეფექტურია, არამედ იაფიც. გარდა ამისა, დაბავალებს მოძრაობაში არც საცობები უშლით ხელს, რადგან საველოსიპედო გზებით ან მანქანებს შორის ადვილად მიიკვლევენ გზას. პირველის ნახევრისთვის საჭმელი დანიშნულების ადგილზეა მიტანილი. 13:15-დან 14:00 საათამდე გამრჯე დაბავალას შეუძლია თავადაც ისადილოს, რის შემდეგაც ის ცარიელ კონტეინერებს აგროვებს და ისევ კლიენტის ოჯახში აბრუნებს. ამ კონტეინერებს ოჯახის რომელიმე წევრი რეცხავს და მეორე დღისთვის ამზადებს. მთელი ეს პროცესი სწრაფად და ხარისხიანად ხორციელდება. დაბავალების სამუშაო რაღაცით ესტაფეტას ჰგავს.

უბრალო, მაგრამ დაფასებული მომსახურება

დაბავალების შესანიშნავი რეპუტაცია შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ზოგიერთმა ორგანიზაციამ შეისწავლა მათი მომსახურების სისტემა, რათა ბიზნესის სხვა სფეროებშიც დაენერგათ მსგავსი პრინციპი. დაბავალებზე დოკუმენტური ფილმებიც გადაიღეს. ჟურნალმა „ფორბსმა“ დაბავალებს საათივით აწყობილი სამუშაოსთვის სერტიფიკატი „სიგმა ექვსი“ მიანიჭა. ისინი მოხსენიებულნი არიან „გინესის რეკორდების წიგნში“ და შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მიერ ჩატარებულ კვლევებში. დაბავალებით დიდგვაროვნებიც დაინტერესდნენ. მაგალითად, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი იმდენად მოიხიბლა მათი მუშაობით, რომ ზოგიერთი დაბავალა ინგლისში ქორწილშიც კი დაპატიჟა.

დღეს დაბავალები შეკვეთების მისაღებად და ანგარიშის საწარმოებლად კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებს იყენებენ. მაგრამ მათი მომსახურების პრინციპი უცვლელი რჩება. ამიტომ სადილის დროს მუმბაიში ოფისის მრავალი მოშიებული თანამშრომელი დარწმუნებულია, რომ წუთი წუთზე მიართმევენ ცხელ ოჯახურ კერძებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 „დაბა“ ნიშნავს კონტეინერს, „ვალა“ კი დამტარებელს. ეს სიტყვა ზოგჯერ სხვადასხვანაირად იწერება.

[სურათი 11 გვერდზე]

კონტეინერების ჩატვირთვა მატარებელში

[სურათი 11 გვერდზე]

„დაბა“ რამდენიმე ერთმანეთზე დალაგებული კონტეინერისგან შედგება, რაც აადვილებს მის ტარებას

[სურათი 12 გვერდზე]

მრავალმა ბიზნესმენმა მიჰბაძა დაბავალების მომსახურების ეფექტურ სისტემას