არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ მოვწონვარ ბიჭებს?

რატომ არ მოვწონვარ ბიჭებს?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ არ მოვწონვარ ბიჭებს?

ვუთხარი, რომ ბევრ ბიჭს მოვწონვარ. ამიტომ მშვენივრად ხვდება, რომ პოპულარული ვარ. სიცილით მოკვდა, ჩემი მეგობრების სისულელეები რომ მოვუყევი. ისიც კარგად იცის, რომ ჭკვიანი ვარ, იმიტომ რომ, რამდენჯერმე შევუსწორე ნათქვამი. მგონი, პაემანსაც მალე დამინიშნავს.

ლამაზი გოგოა, მაგრამ ძალიან ქარაფშუტა ჩანს. სიტყვის თქმასაც არ მაცლის. რაც ვთქვი, ყველაფერზე შენიშვნა მომცა. ერთი სული მაქვს, როგორმე თავიდან მოვიშორო.

განიცდი, რომ ბიჭებს არ მოსწონხარ? ბევრი გოგო ამას ძალიან განიცდის, ისინიც კი, ვისაც ერთი შეხედვით ეს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. მაგალითად ჯოანი ლამაზი, ჭკვიანი და კარგი მოსაუბრეა. მაგრამ ის ამბობს: „ვგრძნობ, რომ ბიჭებს არ მოვწონვარ. რამდენიმემ კი გამოავლინა ჩემდამი ყურადღება, მაგრამ ცოტა ხანში გაწყვიტეს ჩემთან ურთიერთობა“.

რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ბიჭებს გოგონებში? რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ სასურველი ადამიანის ყურადღება მიიქციო და თავიც არ დაიმცირო?

როგორ უნდა მოიქცე

გაერკვიე საკუთარ თავში. ალბათ, ბიჭებისადმი ინტერესი მას შემდეგ უფრო გაგიძლიერდა, რაც წამოიზარდე. შეიძლება რამდენიმე ბიჭი მოგწონდა და ეს ნორმალურია. მაგრამ, თუ პირველივე სიმპათიური ბიჭი გულში ჩაგივარდება, იცოდე, რომ შენს სულიერ და ემოციურ კეთილდღეობას საფრთხეს შეუქმნი. სასურველი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას, „გონების განახლებას“ და დასახული მიზნების მიღწევას დრო სჭირდება (რომაელები 12:2; 1 კორინთელები 7:36; კოლოსელები 3:9, 10).

ფაქტია, რომ ბევრ ბიჭს მიამიტი და ისეთი გოგოები მოსწონს, რომელსაც ჯერ საკუთარი აზრი არა აქვს ჩამოყალიბებული. მაგრამ, ჩვეულებრივ, ასეთ ბიჭებს გარეგნობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე გოგოს შინაგანი სამყარო. მოწიფული ბიჭი კი ისეთ გოგოს ეძებს, რომლის დადებითი თვისებები მისას შეავსებს (მათე 19:6).

რას ამბობენ ბიჭები: „მომწონს, როცა გოგოს საკუთარი აზრი გააჩნია ამა თუ იმ საკითხზე და როგორც პიროვნება უკვე ჩამოყალიბებულია“ (ჯეიმზი).

„მომწონს ისეთი გოგო, რომელიც გულწრფელად და პატივისცემით გამოხატავს თავის აზრს და ყველაფერზე, რასაც ვამბობ, თავს არ მიქნევს. თუნდაც ლამაზი იყოს, თავს კარგად ვერ ვგრძნობ იმ გოგოს გვერდით, რომელიც ყოველთვის იმას ამბობს, რაც მე მესიამოვნება. ეს, ცოტა არ იყოს, მაშინებს“ (დარენი).

„ვაღიარებ, რომ პირველ რიგში გოგოს გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას. მაგრამ ინტერესს მაშინვე ვკარგავ, თუ ვხედავ, რომ მას ღირსეული მიზნები არა აქვს. მეორე მხრივ, ისეთი გოგო მიზიდავს, რომელმაც იცის, რა უნდა ცხოვრებაში და ზოგ მიზანს უკვე მიაღწია კიდეც“ (დემიენი).

ისწავლე სხვების პატივისცემა. გოგოებისთვის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ბიჭებისთვის კი — პატივისცემა. ბიბლიაში ტყუილუბრალოდ არ წერია, რომ ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი, ის კი „დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33). ერთი გამოკვლევის თანახმად, ასობით გამოკითხული მამაკაციდან, 60-მა პროცენტმა თქვა, რომ სიყვარულზე მეტად პატივისცემას აფასებს. უფრო ასაკოვანთა 70-მა პროცენტმაც იგივე არჩევანი გააკეთა.

პატივისცემა ყოველთვის დათმობაზე წასვლას არ ნიშნავს. შენ გაქვს განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლება (დაბადება 21:10—12). მაგრამ ბიჭს მოეწონები თუ არა იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოთქვამ შენს აზრს. თუ ყოველთვის ეკამათები და ნათქვამს უსწორებ, მას ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, რომ პატივს არ სცემ. მაგრამ, თუ დააფასებ მის აზრს და აღნიშნავ, რა მოგეწონა მის ნათქვამში, ის შენს აზრსაც უფრო მეტად გაითვალისწინებს. დაკვირვებული ბიჭი იმასაც მიაქცევს ყურადღებას, პატივისცემით ეპყრობი თუ არა შენი ოჯახის წევრებსა და სხვებს. *

რას ამბობენ ბიჭები: „ბიჭებს სიამოვნებთ, როცა მათ აზრს ვიღაც ითვალისწინებს, განსაკუთრებით ის გოგო, რომელიც მოსწონთ“ (ანტონი).

„ვფიქრობ, რომ ურთიერთობის დასაწყისში პატივისცემა ყველაზე მნიშვნელოვანია. სიყვარული მერეც მოვა“ (ადრიანი).

„თუ გოგო პატივს მცემს, ვფიქრობ, ჩემს შეყვარებასაც შეძლებს“ (მარკი).

ჩაიცვი მოკრძალებულად და ყურადღება მიაქციე პირად ჰიგიენას. შენი ჩაცმულობა და გარეგნობა ბევრს ამბობს შენს შინაგან სამყაროზე. ვიდრე ბიჭს გამოელაპარაკები, მას შენი ჩაცმულობით უკვე გარკვეული წარმოდგენა ექმნება შენზე. თუ კოხტად და მოკრძალებულად ჩაიცვამ, უფრო მეტად მოეწონები (1 ტიმოთე 2:9). გამომწვევი და მოუწესრიგებელი ჩაცმულობით მიზანს ვერ მიაღწევ.

რას ამბობენ ბიჭები: „გოგოს ჩაცმულობა მასზე ბევრ რამეს მეუბნება. თუ გამომწვევად და უწესრიგოდ აცვია, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხვების ყურადღების მიქცევას ცდილობს“ (ადრიანი).

„მომწონს ისეთი გოგო, რომელსაც წესიერი ვარცხნილობა, სასიამოვნო სურნელი და ნაზი ხმა აქვს. ერთი ლამაზი გოგო მომწონდა, მაგრამ სისუფთავეში მოიკოჭლებდა. ამის გამო გული ამიცრუვდა მასზე“ (რაიანი).

„მომწონს ისეთი გოგო, რომელიც ტონა მაკიაჟს არ ხმარობს და ყურადღების მიქცევას მოტკეცილი და გამომწვევი ტანსაცმლით არ ცდილობს“ (ეთანი).

„ფაქტია, რომ გამომწვევად ჩაცმულ გოგოს ყურადღებას მიაქცევ, მაგრამ ასეთ გოგოსთან ურთიერთობას ნამდვილად არ მოინდომებ“ (ნიკოლასი).

რისი გაკეთება არ ღირს

მოერიდე ფლირტს. ქალს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია კაცზე. მამაკაცის მოხიბვლის უნარი ქალმა შეიძლება დადებითად ან უარყოფითად გამოიყენოს (დაბადება 29:17, 18; იგავები 7:6—23). თუ ყოველ შემხვედრ ბიჭს გაეკეკლუცები, ქარაფშუტა გოგოს რეპუტაციას შეიქმნი.

რას ამბობენ ბიჭები: „როცა სიმპათიური გოგოს გვერდით ზიხარ და მისი მხარი გეხება, შეიძლება ამან რაღაც გრძნობები აღგიძრას. ვფიქრობ, რომ გოგო, რომელიც ლაპარაკის დროს ხშირად გეხება, გეკეკლუცება“ (ნიკოლასი).

„ჩემთვის გოგო, რომელიც ყველა შემხვედრ ბიჭს მკლავზე ჰკიდებს ხელს ან თვალებს უჟუჟუნებს, ქარაფშუტაა და უინტერესო“ (ხოსე).

„ჩემი აზრით, გოგო, რომელიც ყველა ბიჭს ეხება და ვინც მეტ ყურადღებას მიაქცევს, მაშინვე იმას უწყებს არშიყს, თავქარიანია“ (ეთანი).

ნუ იქნები მომაბეზრებელი. დაქორწინების შემდეგ ქალი და კაცი, როგორც ბიბლია ამბობს, „ერთი ხორცი“ ხდებიან (დაბადება 2:24). ამ დროს ცოლსა და ქმარს ეზღუდება ის თავისუფლება, რომელიც დაქორწინებამდე ჰქონდა. ისინი ერთმანეთის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი (1 კორინთელები 7:32—34). მაგრამ თუ ჯერ მხოლოდ ეცნობი ვინმეს, უფლება არა გაქვთ, რომ ცოლ-ქმარივით ერთმანეთს ყველაფერზე ანგარიში მოსთხოვოთ. შეიძლება თქვენს ურთიერთობას ძირი გამოუთხარო, თუ მისგან მუდმივ ყურადღებას ითხოვ. *

რას ამბობენ ბიჭები: „გოგო უკვე თავს მაბეზრებს, თუ ყველა ფეხის ნაბიჯს მიკონტროლებს და ჩემ გარეშე ვერაფერს ახერხებს“ (დარენი).

„თუ ახალგაცნობილი გოგო წარამარა მიგზავნის მესიჯებს და მეკითხება, სად ვარ და ვისთან ერთად, ვხვდები, რომ მასთან ფრთხილად უნდა ვიყო“ (რაიანი).

„ჩემთვის მომაბეზრებელია გოგო, რომელიც საშუალებას არ გაძლევს, მეგობრებთან გაერთო და სწყინს, თუ ყველგან თან არ დაგყავს“ (ადრიანი).

ნუ დაკარგავ პირადი ღირსების გრძნობას

ალბათ იცნობ ისეთ გოგოებს, რომლებიც ბიჭის ყურადღების მისაქცევად უკან არაფერზე იხევენ. ზოგი მზად არის საკუთარ პრინციპებზეც კი თქვას უარი, ოღონდ შეყვარებული გაიჩინოს ან გათხოვდეს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ამართლებს პრინციპი: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7—9). თუ არ გაქვს პირადი ღირსების გრძნობა და არ აფასებ იმ პრინციპებს, რომლებითაც ცხოვრობ, მხოლოდ ისეთ ბიჭებს მოაწონებ თავს, რომლებიც არც შენ დაგაფასებენ და არც შენს პრინციპებს.

სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო — იცოდე, რომ ყველა ბიჭს არ მოეწონები და ეს კარგიცაა. მაგრამ თუ ზრუნავ, როგორც გარეგან, ისე შინაგან სილამაზეზე, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი იქნები და შესაფერის ღირსეულ ბიჭსაც მოხიბლავ (1 პეტრე 3:4).

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 იხილეთ მე-3 თავი წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 28 რა თქმა უნდა, დანიშნულებს ერთმანეთის წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

დაფიქრდი

● როგორ შეგიძლია აჩვენო ბიჭს, რომ პატივს სცემ მის აზრებსა და გრძნობებს?

● როგორ გაუფრთხილდები პირადი ღირსების გრძნობას?

[სურათი 27 გვერდზე]

სიყვარული და პატივისცემა ისეთივე აუცილებელია, როგორც ველოსიპედისთვის ორივე ბორბალი