არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოგფიტათ სამუშაომ?

გამოგფიტათ სამუშაომ?

გამოგფიტათ სამუშაომ?

დღეს მთელ მსოფლიოში სულ უფრო ჭირს სამუშაოსა და ოჯახს შორის ზღვარის გავლება. როგორც ერთი წყარო იუწყება, გლობალიზაციამ, ახალმა ტექნოლოგიებმა, დაძაბულმა გრაფიკმა და უწყვეტმა ეკონომიკურმა პროცესებმა თითქმის წაშალა სამუშაოსა და ოჯახს შორის არსებული ტრადიციული ზღვარი. მართალია, ამ ცვლილებების წყალობით ხალხმა არნახული სიმდიდრე დააგროვა, მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი დაჯდა. როგორც ერთი ექსპერტი ამბობს, „ჩვენ გადატვირთულები, გადაქანცულები და გამოფიტულები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ მუდმივ სტრესში ვცხოვრობთ“.

ამას ემატება ის სავალალო შედეგები, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. ბევრი სამსახურისა და სახლ-კარის გარეშე დარჩა იმის მიუხედავად, გონებრივ სამუშაოს ასრულებდა თუ ფიზიკურს. ისინი შეიძლება სამუშაოს ნატრობენ.

მოდი, თვალი გადავავლოთ სტატისტიკას, თუ რამდენად მასშტაბურია სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემა:

▶ 10-დან ექვსი ევროპელი სამუშაოს გამო მუდმივ სტრესს განიცდის.

▶ შეერთებულ შტატებში ყოველი მესამე მუშა-მოსამსახურე ქრონიკულად გადაღლილია.

▶ სამიდან ორ კანადელს უჭირს გააწონასწოროს სამუშაო და ოჯახი.

▶ გამოთვლების თანახმად, 600 მილიონზე მეტი მუშა-მოსამსახურე ანუ მსოფლიო მუშახელის 22 პროცენტი კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს.

ეს სტატისტიკა კარგად ასახავს გლობალურ ტრაგედიას. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ხანგრძლივი და არანორმირებული სამუშაო ხდება ჯანმრთელობის გაუარესების, ურთიერთობების დაძაბვის, ბავშვების უყურადღებოდ დატოვების, უთანხმოებებისა და განქორწინების მიზეზი.

თქვენი გრაფიკიც ასე გადატვირთულია? თქვენც ხომ არ მოხვდით იმ მილიონთა რიცხვში, რომლებმაც სამსახური დაკარგეს? ცდილობთ, ოჯახი სამუშაოს არ გადააყოლოთ? როგორ შეგიძლიათ ოჯახსა და სამუშაოს შორის სათანადო ზღვარის გავლება?

[ჩარჩო⁄სურათი 3 გვერდზე]

„მეორე ცვლა“

„სამსახურიდან სახლში რომ დავბრუნდები, საჭმელი უნდა გავაკეთო, სახლი დავალაგო, სარეცხი დავრეცხო, ბავშვები სახლში მოვიყვანო, საშინაო დავალებების მომზადებაში დავეხმარო, დავბანო და დავაძინო. დღის ბოლოს არაფრის თავი არ მაქვს“, — ამბობს ერთი ქალი. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 1,2 მილიარდი ქალი მუშაობს. მათგან მილიონებს უწევთ ასეთ თავბრუდამხვევ „მეორე ცვლაში“ მუშაობა. იმავეს თქმა შეიძლება მრავალ მამაკაცზეც. თუმცა ხშირ შემთხვევაში კაცებს ეთაკილებათ საოჯახო საქმეების კეთება. ძირითადად, ქალებს უწევთ ოჯახის ტვირთის ტარება იმის მიუხედავად, „პირველ ცვლაშიც“ მუშაობენ თუ არა.