არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერი ოჯახების მაგალითები — ნაწილი მეორე

ბედნიერი ოჯახების მაგალითები — ნაწილი მეორე

ბედნიერი ოჯახების მაგალითები — ნაწილი მეორე

როგორც ამ რუბრიკის პირველ ნაწილში იყო აღნიშნული, ოჯახისთვის ბიბლიური პრინციპები ღუზასავითაა ქარტეხილების დროს. * იეჰოვა ღმერთი თავისი პრინციპების ერთგულებს ჰპირდება: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმუნი 32:8).

ფინანსური პრობლემები. ოჯახში სერიოზული უთანხმოების მიზეზი ხშირად ფულია. მაგრამ ბიბლიური პრინციპები ადამიანს სწორ თვალსაზრისს უყალიბებს ფულზე. იესომ თქვა: „ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ . . . თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს“ (მათე 6:25, 32).

23-ე გვერდზე წაიკითხავთ, როგორ გადალახა ისაქარის ოჯახმა ფინანსური სირთულეები მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა „კატრინამ“ მიწასთან გაასწორა მათი სახლი შეერთებულ შტატებში.

ავადმყოფი ოჯახში. ავად ყველა ვხდებით, თუმცა ხშირ შემთხვევაში მალე ვიკურნებით. მაგრამ, რას გააკეთებთ, თუ ოჯახის წევრს ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდება? ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვას შეუძლია, მხარში ამოუდგეს სარეცელს მიჯაჭვულ ავადმყოფს (ფსალმუნი 41:1—3). როგორ შეუძლია იეჰოვას ოჯახის წევრების მეშვეობით დაეხმაროს მძიმე ავადმყოფს?

24-ე გვერდზე წაიკითხავთ იაპონიაში მცხოვრებ ჰაჯიმეს შესახებ, რომელიც მოგვითხრობს, როგორ ზრუნავს ის ქალიშვილებთან ერთად ქრონიკული ავადმყოფობით გატანჯულ მეუღლეზე, ნორიკოზე.

შვილის სიკვდილი. შვილის სიკვდილი საშინელი ტრაგედიაა ოჯახისთვის. იეჰოვა გვპირდება, რომ მალე მოსწმენდს შვილმკვდარ მშობლებს მწუხარების ცრემლებს (გამოცხადება 21:1—4). ის დღესაც ანუგეშებს მგლოვიარეებს (ფსალმუნი 147:3).

25-ე გვერდზე წაიკითხავთ, როგორ დაეხმარა ბიბლია შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ფერნანდოსა და დილმას თავიანთი ჩვილი გოგონას სიკვდილით გამოწვეული ტკივილის ატანაში.

მომდევნო გვერდების კითხვისას დაინახავთ, რომ ბიბლია სანდო სახელმძღვანელოა იმ ოჯახებისთვისაც, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 იხილეთ მე-14—17 გვერდები.

[ჩარჩო⁄სურათები 23 გვერდზე]

ფინანსური პრობლემები

მოგვითხრო ისაქარ ნიკოლზმა (აშშ)

«ქარიშხალ „კატრინას“ შემდეგ ჩვენი სახლისგან მხოლოდ საძირკველი დარჩა. სკოლა, რომელშიც ვმუშაობდი, თვე-ნახევრის მანძილზე წყლით იყო დატბორილი».

იდგა 2005 წლის ზაფხული. მეუღლესთან, მიშელთან და ორი წლის ქალიშვილთან, სიდნეისთან ერთად ბეი სენტ-ლუისში (მისისიპი, აშშ) ვცხოვრობდი. მე და ჩემი მეუღლე იეჰოვას მოწმეები ვართ და გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი დრო დაგვეთმო ქრისტიანული მსახურებისთვის. მე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ვასწავლიდი სკოლაში, რომელიც ახალ ორლეანთან (ლუიზიანას შტატი) ახლოს მდებარეობდა. ჩემი სამუშაო განრიგი საშუალებას მაძლევდა, რომ უმეტესი დრო სხვებისთვის ბიბლიის სასწავლებლად გამომეყენებინა. კვირაში სამ დღეს ვმუშაობდი და ასეთი განრიგი ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ხელსაყრელი იყო. ერთ დღეს გამოაცხადეს, რომ ქარიშხალი „კატრინა“ ჩვენს ქალაქს უახლოვდებოდა. იქაურობას დაუყოვნებლივ გავეცალეთ.

როცა დავბრუნდით, ჩვენი სახლი და სკოლა, სადაც ვასწავლიდი, მთლიანად დანგრეული დაგვხვდა. სადაზღვევო კომპანიამ და მთავრობამ თანხა გამოგვიყო, სახლი რომ გვექირავა, მაგრამ სტაბილური სამუშაოს პოვნა ძალიან გამიჭირდა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემს მეუღლეს დაბინძურებული წყლისგან ვირუსული ინფექცია შეეყარა. იმუნიტეტი იმდენად დაუქვეითდა, რომ მალე კოღოს ნაკბენის შედეგად სხვა ვირუსით დაინფიცირდა. რაც დრო გადიოდა, დაზღვევისა თუ სხვა ხარჯების დაფარვა უფრო გვიჭირდა.

ახალ პირობებთან შესაგუებლად ვისწავლეთ მომჭირნედ ცხოვრება. აუცილებელ ნივთებშიც კი ეკონომიურად ვხარჯავდით ფულს. უკვე არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი.

უნდა ვაღიარო, რომ ქონების დაკარგვა არ იყო ჩვენთვის ადვილი, მაგრამ მადლობას ვუხდიდით ღმერთს, რომ ცოცხლები დავრჩით. მომხდარმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ცხოვრებაში მატერიალური ქონება მთავარი არ არის. გვახსენდებოდა იესოს სიტყვები: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

რასაკვირველია, ჩვენს დანაკარგს განვიცდიდით, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდით, რომ ბევრმა ჩვენზე გაცილებით მეტი დაკარგა, ზოგმა — სიცოცხლეც კი. სწორედ ამის გამო სტიქიის შემდეგ უმალვე შევუდექი დაზარალებულების ფიზიკურად და ემოციურად დახმარებას.

მძიმე წუთებში განსაკუთრებით გვამხნევებდა ფსალმუნის 102:17, სადაც ვკითხულობთ, რომ იეჰოვა ღმერთი „შეისმენს გაძარცულთა ლოცვას, მათ ლოცვას არ უგულებელყოფს“. იეჰოვას თანადგომა მთელმა ოჯახმა ვიგრძენით.

[ჩარჩო 23 გვერდზე]

მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა „კატრინამ“ და „რიტამ“ 2005 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის ყურის სანაპიროს გადაუარა, იეჰოვას მოწმეებმა დაუყოვნებლივ შექმნეს 13 დახმარების ცენტრი, გახსნეს 9 საწყობი და 4 საწვავის საწყობი. დაახლოებით 17 ათასი იეჰოვას მოწმე შეერთებული შტატებიდან და სხვა 13 ქვეყნიდან გაემგზავრა დაზარალებულთა დასახმარებლად. მათ ათასობით სახლი შეაკეთეს.

[ჩარჩო⁄სურათები 24 გვერდზე]

ავადმყოფი ოჯახში

მოგვითხრო ჰაჯიმე იტომ (იაპონია)

„ვიდრე ნორიკო ავად გახდებოდა, სამზარეულოში ერთად ფუსფუსი ძალიან გვიყვარდა. დღეს ის დამოუკიდებლად ვერც ჭამს, ვერც სვამს და ვეღარც ლაპარაკობს. ნორიკო ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული და ხელოვნური სუნთქვის აპარატის გარეშე ვერ სუნთქავს“.

ორიათას ექვსი წლის მაისში ჩემმა მეუღლემ, ნორიკომ შეამჩნია, რომ თავისუფლად ვეღარ მეტყველებდა. ამავე წლის ზაფხულში ჭამაც და სმაც გაუჭირდა. სექტემბერში მას ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის (აგს) დიაგნოზი დაუსვეს; ეს არის პროგრესული დაავადება, რომელიც თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ უჯრედებს აზიანებს. სულ რაღაც ოთხ თვეში ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა. თუმცა ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო.

დროთა განმავლობაში ნორიკოს ენა და მარჯვენა ხელი წაერთვა. მას ჩაუტარეს ქირურგიული პროცედურა — გასტროსტომია (საკვების შესაყვანად სპეციალური მილის ჩადგმა პირდაპირ კუჭში), შემდეგ კი — ტრაქეოტომია (სასულის გაკვეთა და მასში სპეციალური მილის შეყვანა ჟანგბადის მისაწოდებლად), რის გამოც ბგერებსაც ვერ წარმოთქვამდა. რთულია იმის წარმოდგენა, რამდენად დამრთგუნველი იქნებოდა ეს ნორიკოსთვის. ის ხომ ყოველთვის სიცოცხლით სავსე იყო! ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ. ნორიკო და ჩემი ქალიშვილები სრული დროით მონაწილეობდნენ ქრისტიანულ მსახურებაში. ახლა ნორიკო სუნთქვის აპარატზეა დამოკიდებული და საწოლს არის მიჯაჭვული.

ნორიკო არ ეპუება თავის მდგომარეობას. ის ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს; ზის ინვალიდის სავარძელში, რომელზეც მიმაგრებულია სუნთქვის აპარატი. მას სმენაც დაუქვეითდა, ამიტომ ჩემი ქალიშვილი პროგრამის მსვლელობის დროს ჩანაწერებს აკეთებს მისთვის. ნორიკოს აღარ შეუძლია სრული დროით მსახურება, მაგრამ ბიბლიურ იმედს წერილებით უზიარებს ხალხს. ამისთვის ის კომპიუტერზე დამონტაჟებულ სპეციალურ მოწყობილობას იყენებს (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1—4).

ნორიკოს მთელი ოჯახი თავს ვევლებით. ჩემმა ქალიშვილებმა ისეთი სამუშაო იშოვეს, რომ საოჯახო საქმეებისთვის უფრო მეტი დრო ჰქონოდათ. დღეს სამივე იმ ოჯახურ საქმეებს ვინაწილებთ, რასაც ადრე ნორიკო აკეთებდა.

ზოგჯერ დილაობით ნორიკო ძალიან დაღლილი ჩანს. ჩემთვის ვფიქრობ, ხომ არ ვუთხრა, რომ თავი ზედმეტად არ დაიტვირთოს. მაგრამ მას ძალიან უნდა, რომ ბიბლიის ცნობა სხვებს გაუზიაროს. თვალები უბრწყინავს, როცა მისთვის კომპიუტერს ვამზადებ. წერას რომ იწყებს, თავს უკეთ გრძნობს. ჩემი ცოლის შემხედვარემ უკეთესად დავინახე ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების ფასი: „ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში“ (1 კორინთელები 15:58).

ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ჯეისონ სტიუარტის ისტორია, რომელიც 2006 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნდა, ნორიკოს დაეხმარა, სასოწარკვეთილებას არ მისცემოდა. როცა მედპერსონალი დაინტერესდა, რა იყო ნორიკოს დადებითი განწყობის მიზეზი, მან ამ სტატიის შესახებ მოუყვა. ეს ჟურნალი ჩვენ მედპერსონალს დავურიგეთ. ჩემს მეუღლეს სხვებთან თავის რწმენაზე საუბარი სიცოცხლის ძალას აძლევს.

მე და ნორიკო უკვე 30 წელია, რაც დაქორწინებულები ვართ, მაგრამ ბოლო სამი წლის მანძილზე მასში ისეთი თვისებები დავინახე, რასაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი ცოლია!

[ჩარჩო⁄სურათები 25 გვერდზე]

ბავშვის სიკვდილი

მოგვითხრეს ფერნანდო და დილმა ფრეიტასებმა (აშშ)

„შვილის სიკვდილი ენით აუწერელი ტრაგედიაა. ამაზე დიდი ტკივილი არ არსებობს“.

ჩვენი ქალიშვილი, რომელსაც ფრეშესი დავარქვით, 2006 წლის 16 აპრილს გამოგვეცალა ხელიდან. ის მხოლოდ ათი დღის იყო. დაახლოებით სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა გაირკვა, რომ ნაყოფს სერიოზული პრობლემა ჰქონდა გულზე. რაც უფრო ახლოვდებოდა ჩემი მშობიარობის დრო, მით უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ბავშვი დაბადებიდან მალევე მოკვდებოდა ან სულაც მკვდარი დაიბადებოდა. ამ აზრთან შეგუება ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენ სამი ჯანმრთელი გოგონა გვყავს და ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ეს ბავშვი მოგვიკვდებოდა.

ფრეშესის დაბადების შემდეგ ქრომოსომული პათოლოგიების გამოცდილმა სპეციალისტმა მას იშვიათი დაავადების დიაგნოზი დაუსვა — ტრისომია 18. ამ პათოლოგიით 5 000 ბავშვიდან 1 იბადება. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ის დიდხანს ვერ იცოცხლებდა. თავს უმწეოდ ვგრძნობდით, რადგან არაფრის გაკეთება შეგვეძლო. ერთადერთი, რაც შეგვეძლო ის იყო, რომ ჩვენს პატარას ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში გვერდიდან არ მოვცილებოდით.

მადლობას ვუხდით ღმერთს ფრეშესთან გატარებული ათი დღისთვის. ამ დროის განმავლობაში მთელი ოჯახი ძალიან შევეჩვიეთ მას. ხელით ვატარებდით, ველაპარაკებოდით, ვეხუტებოდით, ვკოცნიდით და უამრავ სურათს ვუღებდით. ჩვენ იმაზეც კი ვლაპარაკობდით, ოჯახის რომელ წევრს ჰგავდა ჩვენი პატარა ყველაზე მეტად. ექიმი, რომელმაც ფრეშესს დიაგნოზი დაუსვა, საავადმყოფოში ყოველდღე გვინახულებდა. ის ჩვენთან ერთად ტიროდა და სიტყვებითაც გამოხატავდა მწუხარებას. მან ფრეშესი დახატა და ნახატის ასლი ჩვენ მოგვცა.

ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, როგორც ბიბლია გვასწავლის, ღრმად გვჯერა, რომ ღმერთი აღადგენს სამოთხეს დედამიწაზე. მას ძალიან უნდა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე დაუბრუნოს მკვდრებს, მათ შორის ჩვილებს (იობი 14:14, 15; იოანე 5:28, 29). სულმოუთქმელად ველით იმ დღეს, როცა ხელში ავიყვანთ და ჩავიხუტებთ ჩვენს პატარას. გულს გვიმაგრებს სიტყვა „სამოთხის“ მოსმენა. დღეს კი იმით ვინუგეშებთ თავს, რომ ჩვენი პატარა ღვთის მეხსიერებაშია და აღარ იტანჯება (ეკლესიასტე 9:5, 10).