არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავუმკლავდე რთულ მდგომარეობას?

როგორ გავუმკლავდე რთულ მდგომარეობას?

„ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა“, — ნათქვამია იგავების 20:29-ში. თუ სერიოზული ავადმყოფობა გაქვთ, შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს მუხლი თქვენ არ გეხებათ. მაგრამ ეს ასე არ არის! მრავალი ქრონიკული დაავადებით დატანჯული ან ინვალიდი ახალგაზრდა უმკლავდება თავის რთულ მდგომარეობას. „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტმა ოთხი ახალგაზრდისგან აიღო ინტერვიუ.

ჰიროკის (იაპონია) დაბადებიდან ცერებრული დამბლა აქვს. „კისრის კუნთების სისუსტის გამო თავს სწორად ვერ ვიჭერ, ხოლო ხელები იმის საპირისპიროს აკეთებს, რის გაკეთებაც მსურს, — ყვება ის. — მე მთლიანად სხვებზე ვარ დამოკიდებული“.

სამხრეთ აფრიკელი ნატალი და მისი ძმა, ჯეიმზი, ნანიზმით (არანორმალურად პატარა სიმაღლე) არიან დაავადებული. ნატალის სკოლიოზიც (ხერხემლის გამრუდება) აქვს. „ხერხემალზე ოთხი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. გარდა ამისა, ხერხემლის გამრუდების გამო ფილტვებიც სუსტი მაქვს“.

ტიმოთის (დიდი ბრიტანეთი) 17 წლის ასაკში ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ის ამბობს: „სულ ორ თვეში ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე, ისე დავსუსტდი, რომ ფეხზე დგომა აღარ შემეძლო“.

დანიელას (ავსტრალია) 19 წლის ასაკში დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ის თავის განცდას გვიზიარებს: „დიაბეტი გარეგნულად არაფერში გამოიხატება; ამიტომ ზოგს არ ესმის, თუ რამდენად სერიოზული დაავადებაა. მას ჩემი მოკვლა შეუძლია“.

თუ სერიოზულად ხართ დაავადებული, ჰიროკის, ნატალის, ტიმოთისა და დანიელას ქვემოთ მოყვანილი სიტყვები თქვენთვის გამამხნევებელი იქნება. თუ კარგი ჯანმრთელობა გაქვთ, ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, უფრო მეტად გაუგებთ მათ, ვინც ინვალიდია ან ავად არის.

„გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა: რის ატანა გიჭირთ ყველაზე მეტად?

ნატალი — რთული ასატანია ჩემ დანახვაზე ხალხის რეაქცია. თავს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ. მგონია, რომ ხალხი თვალს არ მაცილებს.

დანიელა — დიაბეტიანის მთავარი პრობლემა კვების საკითხია; მან უნდა იცოდეს რა ჭამოს, რამდენი ჭამოს და რა არ უნდა ჭამოს. თუ სწორად არ დავიცავ დიეტას, ჰიპოგლიკემია განმივითარდება და შეიძლება კომაში ჩავვარდე.

ჰიროკი — ჩემი სავარძელი ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას არის მორგებული; ამ სავარძელში ერთ პოზაში დღეში დაახლოებით 15 საათს ვატარებ. ცუდად მძინავს, უმნიშვნელო ხმაურზეც კი მეღვიძება.

ტიმოთი — თავიდან ძალიან მიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ავად გავხდი. მრცხვენოდა, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

სხვა რა სირთულეებს აწყდებით?

დანიელა — დიაბეტის გამო საშინელ დაღლილობას ვგრძნობ ხოლმე. იმაზე მეტი ძილი მჭირდება, ვიდრე ჩემს თანატოლებს. აგრეთვე, რთულად შესაგუებელია ის ფაქტიც, რომ ჩემი დაავადება ქრონიკულია და არ იკურნება.

ნატალი — ცხადია, ტანდაბლობა ბევრ პრობლემას მიქმნის. ისეთი ჩვეულებრივი რამის გაკეთებაც კი, როგორიცაა მაღაზიის თაროებიდან ნივთების აღება, ჩემთვის ძალიან რთულია. დიდ ენერგიას მართმევს საყიდლებზე მარტო სიარული.

ტიმოთი — სულ რაღაც მტკიოდა და დროდადრო დეპრესიაში ვვარდებოდი. ავად გახდომამდე, აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი. ვმუშაობდი და მქონდა მართვის მოწმობა. ვთამაშობდი ფეხბურთსა და სხვა თამაშებს, ახლა კი ინვალიდის სავარძელს ვარ მიჯაჭვული.

ჰიროკი — მეტყველების დეფექტიც მაქვს. ამის გამო საუბარს გავურბივარ. ზოგჯერ უნებლიე მოძრაობები მაქვს და შეიძლება, ჩემდა უნებურად, ვიღაცას დავეჯახო. ამ დროს მეტყველების დეფექტის გამო მობოდიშებაც კი არ შემიძლია.

რა დაგეხმარათ სირთულეებთან გამკლავებაში?

დანიელა — ვცდილობ, ცხოვრებაში დადებითზე გავამახვილო ყურადღება. შესანიშნავი ოჯახის წევრები და კრებაში მოსიყვარულე მეგობრები მყავს; ყველაზე მეტად კი იეჰოვა ღმერთის მხარდაჭერას ვგრძნობ. აგრეთვე ვცდილობ, ვიცოდე ყველა სიახლე, რაც კი დიაბეტს ეხება. ჩემი ჯანმრთელობა ჩემი საზრუნავია და ყველაფერს ვაკეთებ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ნატალი — ლოცვა ძალას მაძლევს. ვცდილობ, ყველა პრობლემას ერთბაშად კი არ შევეჭიდო, არამედ სათითაოდ. აგრეთვე მინდა, რომ დაკავებული ვიყო, რათა ცუდზე ფიქრისთვის დრო არ დამრჩეს. მყავს არაჩვეულებრივი დედ-მამა, რომლებსაც ყოველთვის ვენდობი.

ტიმოთი — ყოველდღიურად თუნდაც რამდენიმე წუთს ვუთმობ იმას, რაც თაყვანისმცემლობასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, დილაობით ყოველდღიურ მუხლს განვიხილავ. ბიბლიის პირადი შესწავლა და ლოცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ემოციურად თავს ცუდად ვგრძნობ.

ჰიროკი — ვცდილობ, არ ვინერვიულო იმაზე, რისი შეცვლაც არ შემიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროს ტყუილად დავკარგავ. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ სულიერად გავმხნევდე და პირადი შესწავლის უქონლობა ჩემი მდგომარეობით არ გავამართლო. თუ ღამე ვეღარ ვიძინებ, ამას ლოცვის დამატებით შესაძლებლობად მივიჩნევ (იხილეთ რომაელების 12:12).

როგორ გეხმარებიან სხვები?

ჰიროკი — უხუცესები ყოველთვის მაქებენ იმ მცირედისთვისაც კი, რის გაკეთებაც შემიძლია. და-ძმებს განმეორებით მონახულებებსა და ბიბლიის შესწავლებზე დავყავარ (იხილეთ რომაელების 12:10).

დანიელა — ყველაზე მეტად კრებაში და-ძმების გულწრფელი შექება მიხარებს გულს. ამით მაგრძნობინებენ, რომ მათ ვუყვარვარ და მაფასებენ, რაც ძალებს მმატებს.

ტიმოთი — კრებაში ერთი ხანდაზმული და გვყავს, რომელიც ყოველთვის მესაუბრება. უხუცესები და მათი მეუღლეები მამხნევებენ და პრაქტიკულ რჩევებს მაძლევენ. ერთი 84 წლის უხუცესი დამეხმარა, გონივრული მიზნები დამესახა. მომსახურემ კი მსახურებაში ისეთ ადგილებში წამიყვანა, სადაც ინვალიდის სავარძლით შევძლებდი მისვლას (იხილეთ ფსალმუნის 55:22).

ნატალი — როგორც კი ფეხს სამეფო დარბაზში შევდგამ, სულიერი და-ძმები თბილად, ღიმილით მესალმებიან. ხანდაზმულები, თავიანთი პრობლემების მიუხედავად, ყოველთვის მიზიარებენ ჩემთვის საინტერესო აზრებს (იხილეთ 2 კორინთელების 4:16, 17).

რა გეხმარებათ დადებითი აზროვნების შენარჩუნებაში?

ჰიროკი — როგორც იეჰოვას მოწმე, იმ ორგანიზაციაში ვარ, რომლის წევრებსაც ნათელი მომავლის იმედი გვაქვს. იმაზე ფიქრი, რომ ასეთი შესანიშნავი ორგანიზაციის წევრი ვარ, დადებითი აზროვნების შენარჩუნებაში მეხმარება (იხილეთ 2 მატიანეს 15:7).

დანიელა — ვფიქრობ იმაზე, თუ რა დიდი პატივია იეჰოვას განზრახვების ცოდნა. არიან ჯანმრთელი ადამიანები, მაგრამ ისინი თავიანთი ცხოვრებით ისეთი კმაყოფილები არ არიან, როგორც მე — ჩემით (იხილეთ იგავების 15:15).

ნატალი — ჩემთვის მნიშვნელოვანია ოპტიმისტებთან ურთიერთობა. აგრეთვე გამამხნევებელია იმ ქრისტიანთა ბიოგრაფიების კითხვა, რომლებიც განსაცდელების მიუხედავად, იეჰოვას ემსახურებიან. ყოველთვის, როდესაც სამეფო დარბაზში მივდივარ, ვიცი, რომ იქიდან განახლებული ძალებით დავბრუნდები; იქ კიდევ ერთხელ იკვეთება, რა დიდი პატივია, ვიყო ეჰოვას მოწმე (იხილეთ ებრაელების 10:24, 25).

ტიმოთი — 1 კორინთელების 10:13-ის თანახმად, იეჰოვა არ დაუშვებს ისეთ გამოცდას, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. თუ შემოქმედი დარწმუნებულია, რომ შევძლებ ამ განსაცდელის ატანას, მე ვინ ვარ, რომ მას შევეკამათო?

 

დაფიქრდით

  • ჰიროკი და ტიმოთი ინვალიდის სავარძელს არიან მიჯაჭვული. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, როგორ დაგეხმარებოდათ მათი სიტყვები დადებითი აზროვნების შენარჩუნებაში?

  • დანიელამ აღნიშნა, რომ „დიაბეტი გარეგნულად არ ვლინდება და ზოგს არ ესმის, რამდენად სერიოზულია ეს დაავადება“. თქვენც ხომ არ გაქვთ ავადმყოფობა, რომელიც „გარეგნულად არ ვლინდება“? თუ დიახ, რა შეგიძლიათ ისწავლოთ დანიელას სიტყვებიდან?

  • ნატალის სიტყვების თანახმად, მისთვის ყველაზე რთული ხალხის რეაქციის დანახვაა. როგორ შეუმსუბუქებდით ასეთ ავადმყოფებს მდგომარეობას? თუ თქვენც ნატალის მსგავს მდგომარეობაში ხართ, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ნატალის და დადებითი აზროვნება იქონიოთ?

  • ქვემოთ ჩამოწერეთ იმ ნაცნობთა სახელები, რომლებსაც ქრონიკული ავადმყოფობა აწუხებთ ან ინვალიდები არიან.

  • რის გაკეთება შეგიძლიათ მათ დასახმარებლად?

[სურათი 26 გვერდზე]

ჰიროკი, 23 წლის (იაპონია)

[სურათი 26 გვერდზე]

ნატალი, 20 წლის (სამხრეთი აფრიკა)

[სურათი 26 გვერდზე]

ტიმოთი, 20 წლის (დიდი ბრიტანეთი)

[სურათი 26 გვერდზე]

დანიელა, 24 წლის (ავსტრალია)