არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მალე ბოლო მოეღება ყველა უბედურებას

მალე ბოლო მოეღება ყველა უბედურებას

მალე ბოლო მოეღება ყველა უბედურებას

„შვილებო და შვილიშვილებო! ისმინეთ! . . . ადრე თუ გვიან, ეს მთა ცეცხლის ალში გაეხვევა. მაგრამ, სანამ ეს მოხდება, გაიგონებთ გრუხუნის, ძლიერი ქუხილისა და მიწის რყევის ხმას. მაშინ მთიდან წამოსულ კვამლს, ცეცხლსა და ელვას დაინახავთ, რასაც თან ახლდება ზანზარისა და გუგუნის ხმა. რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცით . . . თუ ყურად არ იღებთ ამ გაფრთხილებას და თქვენს ქონებას სიცოცხლეზე წინ დააყენებთ, ეს მთა დაგსჯით უგუნურებისა და სიხარბისთვის. ნუ წუხხართ თქვენი ოჯახური კერისა და საცხოვრებლის გამო, უყოყმანოდ უშველეთ თავს გაქცევით“.

ეს გამაფრთხილებელი სიტყვები ამოტვიფრული იყო მთა ვეზუვის ძირას მდებარე ქალაქ პორტიჩში დადგმულ მემორიალურ დაფაზე. ანდრიუ რობინსონის წიგნიდან მოყვანილი ეს სიტყვები მას შემდეგ ამოტვიფრეს, რაც 1631 წელს ვეზუვიდან ვულკანი ამოიფრქვა. ამ კატასტროფამ 4 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „სწორედ 1631 წელს მომხდარმა ამოფრქვევამ . . . გახადა მთა ვეზუვი საქვეყნოდ ცნობილი“, — აღნიშნა რობინსონმა (Earth Shock). როგორ? ქალაქ პორტიჩში აღდგენითი სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ქალაქები — ჰერკულანეუმი და პომპეი. ეს ორი უძველესი ქალაქი ახ. წ. 79 წელს ვეზუვიდან ვულკანის ამოფრქვევისას დაიმარხა.

რომაელი პლინიუს უმცროსი, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი პროვინციის მმართველი გახდა, ამ უბედურებას გადაურჩა. მან აღწერა, თუ როგორ ირყეოდა მიწა ვულკანის ამოფრქვევამდე. პლინიუსმა, დედამისმა და სხვებმა თვალი არ დახუჭეს ამ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რის წყალობითაც გადარჩნენ.

გამაფრთხილებელი ნიშანი ჩვენი დროისთვის

დღეს სწრაფად ახლოვდება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების აღსასრული. საიდან ვიცით ეს? იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მსოფლიოში მოვლენები, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ახლოსაა ღვთის სასამართლოს დღე. როგორც ვულკანის ამოფრქვევამდე ისმის ქუხილის ხმა და კვამლი და ფერფლი ამოდის, ასევე დღევანდელი სისტემის აღსასრულის წინა პერიოდშიც იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები არაერთი მოვლენისგან შემდგარი ნიშანი სრულდება: ომებმა, მიწისძვრებმა, შიმშილობამ და სხვადასხვა დაავადებამ 1914 წლიდან არნახულ მასშტაბებს მიაღწია (მათე 24:3—8; ლუკა 21:10, 11; გამოცხადება 6:1—8).

მაგრამ იესოს მიერ მოხსენიებული გამაფრთხილებელი ნიშანი იმედის ჩამნერგავ ცნობასაც შეიცავს. „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ, — თქვა იესომ, — იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ სამეფოს შესახებ ცნობას „სასიხარულო ცნობა“ უწოდა. ეს მართლაც სასიხარულო ცნობაა, რადგან ღვთის სამეფო — ზეციერი სამეფო, რომლის მეფეც იესო ქრისტეა — მოსპობს ყოველივეს, რაც ზიანს აყენებს ადამიანს. ის აგრეთვე ბოლოს მოუღებს სტიქიურ უბედურებებს (ლუკა 4:43; გამოცხადება 21:3, 4).

დედამიწაზე ყოფნისას იესომ ცხადყო, რომ ძალაუფლება ჰქონდა ბუნების ძალებზე — მან დააცხრო ქარიშხალი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოწაფეების სიცოცხლეს. ამის დანახვაზე შიშით შეპყრობილმა და გაოცებულმა მოწაფეებმა თქვეს: „ეს ვინ არის, რომ ქარიცა და წყალიც მის ბრძანებას ემორჩილება?“ (ლუკა 8:22—25). დღეს იესო უბრალოდ ადამიანი კი არ არის, არამედ ძლევამოსილი სულიერი პიროვნებაა. ამიტომ მისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, აკონტროლოს ბუნებრივი ძალები, რათა მისი ქვეშევრდომები არ დაზარალდნენ (ფსალმუნები 2:6—9; გამოცხადება 11:15).

ზოგისთვის ეს ყველაფერი შეიძლება არარეალური ჩანს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება, ადამიანური დაპირებებისა და წინასწარმეტყველებებისგან განსხვავებით, შესრულდა და კვლავაც სრულდება 1914 წლიდან (ესაია 46:10; 55:10, 11). დიახ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დედამიწაზე აუცილებლად დაისადგურებს მშვიდობა. ჩვენც დავტკბებით მშვიდობით, თუ გულთან ახლოს მივიტანთ ღვთის სიტყვას და ყურად ვიღებთ მის გაფრთხილებას შემზარავ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც უახლოეს მომავალში განვითარდება (მათე 24:42, 44; იოანე 17:3).

[ჩარჩო/სურათი 11 გვერდზე]

რა იმედი არსებობს საყვარელი მიცვალებულებისთვის?

როდესაც სიკვდილი ხელიდან გვაცლის საყვარელ ადამიანს, ძლიერი სევდა გვეუფლება. ბიბლიური ცნობის თანახმად, იესოს თვალებზე ცრემლი მოადგა, როდესაც საყვარელი მეგობრის, ლაზარეს, სიკვდილის შესახებ შეიტყო. მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე წუთში იესომ გამაოგნებელი სასწაული მოახდინა — მან მკვდრეთით აღადგინა ლაზარე! (იოანე 11:32—44). ეს სასწაული საფუძვლიან მიზეზს აძლევს მთელ კაცობრიობას, ირწმუნოს იესოს ის საოცარი დანაპირები, რომელიც მან ლაზარეს აღდგომამდე წარმოთქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). დაე დედამიწაზე სამოთხეში აღდგომის შესანიშნავმა იმედმა ანუგეშოს ყველა ის ადამიანი, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს (საქმეები 24:15).

[სურათები 10 გვერდზე]

ყურად იღებთ გაფრთხილებას, რომ დღევანდელი ქვეყნიერება აღსასრულს უახლოვდება?

[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]

USGS, David A. Johnston, Cascades Volcano Observatory