არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის იესო ქრისტე?

ვინ არის იესო ქრისტე?

ვინ არის იესო ქრისტე?

სანდო ისტორიული წყაროების თანახმად, კაცი, სახელად იესო, 2 000 წელზე მეტი ხნის წინ იუდეის პატარა ქალაქ ბეთლემში დაიბადა. მაშინ იერუსალიმში ჰეროდე დიდი მეფობდა და რომის იმპერატორი კეისარ ავგუსტუსი იყო (მათე 2:1; ლუკა 2:1—7). პირველი ორი საუკუნის რომაელი ისტორიკოსები ერიდებოდნენ იესოს მოხსენიებას, რადგან მაშინ რომაელი მმართველები ქრისტიანობის ჩახშობას ცდილობდნენ.

მეორე მხრივ, წიგნში „მსოფლიო ისტორიკოსების ისტორია“ აღნიშნულია, რომ „[იესოს] მოღვაწეობის ისტორიული შედეგები უფრო მნიშვნელოვანია საერო თვალსაზრისითაც კი, ვიდრე ნებისმიერი ისტორიული პიროვნების. ახალი წელთაღრიცხვა, რომელსაც მსოფლიო ცივილიზაციის წამყვანი ქვეყნები აღიარებენ, [იესოს] დაბადებიდან იწყება“.

ჟურნალი „ტაიმი“ იუწყება, რომ იესოზე უფრო მეტი წიგნებია დაწერილი, ვიდრე სხვა რომელიმე ისტორიულ პიროვნებაზე. ამ წიგნებიდან მრავალი ყურადღებას იესოს ვინაობაზე ანუ იმაზე ამახვილებს, თუ ვინ არის ის სინამდვილეში. აღნიშნულ საკითხზე უფრო მეტად კამათობენ, ვიდრე ადამიანთა ისტორიაში სხვა რომელიმეზე.

კითხვები, რომლებიც იესოს თანამედროვეებს უჩნდებოდათ მის ვინაობასთან დაკავშირებით

მარიამმა, როდესაც ემცნო, რომ ბავშვი ეყოლებოდა და სახელად იესო უნდა დაერქმია, იკითხა: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“ ღვთის ანგელოზმა, გაბრიელმა, უპასუხა: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკა 1:30—35).

მოგვიანებით იესომ მოახდინა სასწაულები, რომლებმაც მისი მოციქულების გაოცება გამოიწვია. როდესაც გალილეის ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა მისი მოწაფეების ნავს ჩაძირვის საშიშროება შეუქმნა, იესომ ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ გაოცებულმა მოციქულებმა წამოიძახეს: „ეს ვინ არის“? (მარკოზი 4:35—41; მათე 8:23—27).

მრავალ მის თანამედროვეს აინტერესებდა, თუ ვინ იყო იესო სინამდვილეში; ამიტომ იესომ მოციქულებს ჰკითხა, რას ლაპარაკობდა ხალხი მის შესახებ. მათ უპასუხეს: „ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი — ელიააო, ზოგი კი — იერემია ან ერთ–ერთი წინასწარმეტყველიაო“ და მოხსენიებულ ადამიანთაგან ყველა მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო. შემდეგ იესომ მათ ჰკითხა: „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ პასუხად სიმონ პეტრემ უთხრა: „შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე“. დემონებმაც კი — ბოროტმა ანგელოზებმა — იესოს შესახებ თქვეს: „შენ ღვთის ძე ხარ“ (მათე 16:13—16; ლუკა 4:41).

რას ამბობდა თავად იესო

იესო იშვიათად მოიხსენიებდა საკუთარ თავს ღვთის ძედ, მაგრამ ის ამ ფაქტს აღიარებდა (მარკოზი 14:61, 62; იოანე 3:18; 5:25, 26; 11:4). ის თითქმის ყოველთვის ამბობდა, რომ „კაცის ძე“ იყო. საკუთარ თავზე ამგვარად ლაპარაკით იესო ხაზს უსვამდა, რომ ადამიანად დაბადებული ანუ ნამდვილად კაცი იყო. ამგვარად მოქმედებით მან ისიც ცხადყო, რომ ის „კაცის ძე“ იყო, რომელიც დანიელმა ხილვაში ყოვლისშემძლე ღვთის — „დღეებით ძველთას“ — წინაშე მდგომი იხილა (მათე 20:28; დანიელი 7:13).

იესო თვითონ კი არ აცხადებდა, რომ ღვთის ძე იყო, არამედ სხვებს აძლევდა იმის საშუალებას, თავად მისულიყვნენ ამ დასკვნამდე. მისი მოციქულების გარდა სხვებიც — მათ შორის იოანე ნათლისმცემელიცა და იესოს მეგობარი მართაც — მივიდნენ ასეთ დასკვნამდე (იოანე 1:29—34; 11:27). ხალხს სჯეროდა, რომ იესო აღთქმული მესია იყო. მათ გაიგეს, რომ იესო ზეცაში ცხოვრობდა და ძლიერი სულიერი პიროვნება იყო, ხოლო შემდეგ ღმერთმა მისი სიცოცხლე სასწაულებრივად ქალწულ მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა (ესაია 7:14; მათე 1:20—23).

პირველი მამაკაცის, ადამის, მსგავსი

იესო მრავალმხრივ იყო პირველი მამაკაცის, ადამის, მსგავსი. მაგალითად, ორივე მათგანი სრულყოფილი იყო და არ ჰყავდათ ხორციელი მამა (დაბადება 2:7, 15). ბიბლია იესოს უწოდებს „უკანასკნელ ადამს“ ანუ სრულყოფილ მამაკაცს, რომელსაც შეეძლო „შესაბამისი გამოსასყიდი“ ყოფილიყო. იესოს სიცოცხლე შეესაბამებოდა ‘პირველი კაცის, ადამის’ სიცოცხლეს, რომელიც ღმერთმა სრულყოფილ ადამიანად შექმნა (1 კორინთელები 15:45; 1 ტიმოთე 2:5, 6).

პირველ ადამს ბიბლია „ღვთის ძეს“ უწოდებს (ლუკა 3:38). მაგრამ ადამმა დაუმორჩილებლობის გამო დაკარგა ღვთის ძედ ყოფნის ძვირფასი შესაძლებლობა. იესო კი ყოველთვის ერთგული იყო თავისი ზეციერი მამის და ღვთის მოსაწონ ძედ დარჩა (მათე 3:17; 17:5). ბიბლია ამბობს, რომ ყველა, ვინც იესოსადმი რწმენას ავლენს, და მას მხსნელად იღებს, მარადიულად იცხოვრებს (იოანე 3:16, 36; საქმეები 5:31; რომაელები 5:12, 17—19).

მაგრამ ზოგი აცხადებს, რომ იესო არა მარტო ღვთის ძეა, არამედ ღმერთია. ისინი ამბობენ, რომ ის და მამა — ორივე ყოვლისშემძლე ღმერთია. სწორია ასეთი განაცხადი? არის იესო ამა თუ იმ სახით ღვთის ნაწილი? ამბობს ამას იესო ან ბიბლიის რომელიმე დამწერი? სინამდვილეში, ვინ არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი? თავად იესო რას ამბობს იმის შესახებ, თუ ვინ არის ის? მოდი გამოვიკვლიოთ ეს საკითხები.

[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

ყველაზე ცნობილი პიროვნება

იესოს ცხოვრება ოთხ სახარებაში აღწერა მისმა ოთხმა თანამედროვემ — მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ. ორ მათგანს იესოსთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მათივე სახელებით წოდებული წიგნების (სახარებების) გარკვეული ნაწილების წაკითხვა ორი ათასზე მეტ ენაზეა შესაძლებელი. ეს პატარა წიგნები, ჩვეულებრივ, სხვა წიგნებთან ერთად ბიბლიის ნაწილია. სახარებები — ცალკეული სახით თუ ბიბლიის შემადგენლობაში — ოდესმე დაწერილ წიგნთაგან ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იესო ოდესმე მცხოვრებ ადამიანთაგან ყველაზე ცნობილი პიროვნებაა!

[სურათი 3 გვერდზე]

„ეს ვინ არის?“ — იკითხეს მოციქულებმა.