არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ მიგვატოვა მამამ?

რატომ მიგვატოვა მამამ?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ მიგვატოვა მამამ?

„ვერასოდეს ვიგებდი, რატომ მიგვატოვა მამამ. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რაც დედამ მითხრა“ (ჯეიმზი) *.

როცა მამა თავის ბარგს იღებს და ოჯახს ტოვებს, ეს ხშირად დიდ ტკივილსა და გულისწყრომას იწვევს. „ნამდვილად გულდამწვარი ვიყავი, როცა ჩემი მშობლები გაიყარნენ“, — ამბობს 14 წლის ჯეიმზი, რომლის სიტყვებიც ზემოთ არის მოყვანილი. როცა მამა უთქმელად ტოვებს ოჯახს და ურთიერთობა აღარა აქვს შვილებთან, მათ შეიძლება წლების მანძილზე უწევდეთ ბრძოლა დანაშაულის გრძნობასთან, გულისწყრომასთან და თავს უარყოფილად გრძნობდნენ. *

შეიძლება იცოდე იმის მიზეზი, თუ რატომ მიგატოვა მამამ, და ამ ფაქტს მტკივნეულად განიცდიდე. „მამაჩემი სხვა ქალთან წავიდა, — ამბობს ახალგაზრდა, სახელად მაიკლი. — ერთხელ ისინი ერთად ვნახე, რის გამოც ძალიან გავმწარდი. მივხვდი, რომ მამამ გვიღალატა“. მაგრამ განქორწინება ზოგ შემთხვევაში შეიძლება შვებაც კი იყოს. მელისა, რომლის მამაც ალკოჰოლიკია, ამბობს: „მისი სახლში დარჩენა უფრო ძნელი ასატანი იქნებოდა ჩვენთვის“.

ხშირად ბავშვებს წარმოდგენა არა აქვთ, თუ რატომ წავიდა მამა სახლიდან; ამან კი, შესაძლოა, უმამოდ ყოფნა უფრო აუტანელი გახადოს. შეიძლება იცოდი, რომ შენს მშობლებს პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ, ალბათ, აზრად არასოდეს მოგსვლია, რომ გაიყრებოდნენ. რობერტი იხსენებს: „როცა მამამ მიგვატოვა, ბოლომდე არ მესმოდა, რა ხდებოდა. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემს მშობლებს სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, რადგან ისინი ყოველთვის ჩხუბობდნენ“.

რატომ ტოვებს ზოგიერთი მამა ოჯახს? თუ მამა სახლიდან წავიდა, უნდა იფიქრო, რომ მან პირადად შენ უარგყო? რატომ არ უნდათ შენს მშობლებს, უფრო მეტი გითხრან ამის შესახებ? განა ვალდებული არ არიან, რომ ყველაფერი აგიხსნან?

რატომ არიან ისინი ჩუმად

მამის მიერ ოჯახის მიტოვება ყოველთვის სერიოზული მიზეზებით არის განპირობებული. ხშირად მიზეზი არის მრუშობა — მეუღლის ღალატი — რასაც კაცი ოჯახის წევრებს უმალავს. როცა ცოლი იგებს, რომ ქმარმა ასეთი დანაშაული ჩაიდინა, შესაძლოა, განქორწინება გადაწყვიტოს. მან შეიძლება ისიც სთხოვოს ქმარს, რომ წყნარად დატოვოს ოჯახი განქორწინების საბუთების შევსებამდე. ბავშვებს შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეთ, თუ რატომ ხდება ეს.

ეცადე გაიგო, რატომ არ სურს დედას იმის გამხელა, რაც მოხდა. ის შეიძლება ფიქრობს, რომ მამაშენის ღალატის გამხელა მდგომარეობას უფრო გაამწვავებდა. წარმოიდგინე, რამდენად შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს ქალი თავს, როცა აღმოაჩენს, რომ ქმარი ღალატობს (მალაქია 2:13, 14). ასე რომ, თუ შენი მშობლების გაყრის მიზეზი მრუშობაა, არ გაგიკვირდეს, თუ დედაშენისთვის ეს საკითხი იმდენად მტკივნეულია, რომ მის შესახებ საუბარი არ შეუძლია.

რა შეიძლება ითქვას მამაშენზე? გასაგებია, რომ, თუ მან დედაშენს უღალატა, არ ენდომება შენთან ამის შესახებ საუბარი. ზოგიერთი მამაკაცი თავს ისე დამნაშავედ გრძნობს თავისი საქციელის გამო, რომ შვილებს ვეღარ ენახვება! უმსგავსო საქციელის მიუხედავად, ბევრ მამას კვლავაც უყვარს თავისი შვილები და, შესაძლოა, მათთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.

ზოგ შემთხვევაში მამა ცოლის მხრიდან ღალატის გამო ტოვებს ოჯახს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოს შვილებთან. სხვა შემთხვევაში განქორწინება მრუშობის კი არა, იმის შედეგია, რომ ცოლი და ქმარი წლების მანძილზე ჩხუბობენ (იგავნი 18:24) *. რადგან ეს ხშირად სხვების დაუსწრებლად ხდება, შენ შეიძლება წარმოდგენაც არ გქონდეს, თუ რა ჰქონდათ საჩხუბარი.

ბიბლია იგავნის 25:9-ში ამბობს: „დავით კი ედავე შენს ახლობელს, მაგრამ არ გასცე სხვისი საიდუმლო“. ზოგჯერ ოჯახური კამათი პირად, ინტიმურ საკითხებს ეხება. ეს შეიძლება შენთვის ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ, ალბათ, უკეთესია არ მოუსმინო ამ საკითხებზე საუბარს. გარდა ამისა, „საიდუმლოს“ გაცემა ხშირად მდგომარეობას აუარესებს. შენ შეიძლება სურვილი გაგიჩნდეს, რომ მხარი ერთს ან მეორეს დაუჭირო, რის გამოც ოჯახში ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდება. საბოლოო ჯამში, შენთვისვე იქნებოდა კარგი, თუ შენი მშობლები თავიანთ დავას საიდუმლოდ შეინახავდნენ.

შეიძინე გამჭრიახობა, რომ დაძლიო გულისწყრომა

ძნელია, არ გაბრაზდე და არ განაწყენდე, როცა მამაშენმა ოჯახი დატოვა, შენ კი არ იცი, რატომ მოხდა ეს. მაგრამ, იგავნის 19:11-ში (აქ) ბიბლია შენიშნავს: „გამჭრიახობა, უდავოდ, აცხრობს რისხვას, [თუმცა შეიძლება სულ ვერ გააქროს იგი]“. ყველა წვრილმანის ცოდნა არ არის საჭირო იმისათვის, რომ გამჭრიახი იყო.

მაგალითად, ბიბლია გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ჩვენი მშობლები არასრულყოფილები არიან. ის ამბობს: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). ამ მტკივნეული სინამდვილის გათვალისწინება დაგეხმარება, რომ მშობლების შეცდომებს სწორად შეხედო. მაგალითად, თუ მამაშენმა დაარღვია საქორწინო აღთქმა, ეს სერიოზული დანაშაულია, რის გამოც პასუხს აგებს ღვთის წინაშე (ებრაელთა 13:4). მაგრამ ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ უარგყო ან არ უყვარხარ.

ყველა დაქორწინებულ წყვილს აქვს „ხორციელი გაჭირვება“ (1 კორინთელთა 7:28). მიუხედავად იმისა, რომ მათ საქციელს გამართლება არა აქვს, ზოგი მამაკაცი და ქალი ამ წუთისოფელში არსებული პრობლემების გამო არასწორად მოქმედებს. რობერტი იხსენებს: „მამას ყოველივე კარგი უნდოდა ჩვენთვის. მან საცხოვრებლად იმ ტერიტორიაზე გადაგვიყვანა, სადაც, თავისი აზრით, მეტი შემოსავალი ექნებოდა; ამგვარად, ჩვენი ოჯახი მშვენიერ სახლში ბედნიერად ცხოვრებას შეძლებდა“. მაგრამ მამამისის მცდელობა, რომ ოჯახისთვის საუკეთესო პირობები შეექმნა, მალე მარცხით დამთავრდა. რობერტი ამბობს: „მამამ უკლო ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარულს. მერე სამუშაო დაკარგა. ცოტა ხნის შემდეგ კი აგრესიული გახდა დედაჩემისა და ჩემი დის მიმართ“. მალე მდგომარეობა იქამდე გაუარესდა, რომ მისი მშობლები განქორწინდნენ.

რობერტს შეეძლო გამწარებულიყო თავისი მამის უთავბოლობის გამო. მაგრამ მამის მდგომარეობის გამჭრიახი გონებით გაანალიზებამ მას გულისწყრომა შეუმსუბუქა. თუმცა მშობლების ოჯახის დანგრევა ტრაგიკული იყო, რობერტმა აქედან მნიშვნელოვანი რამ ისწავლა. ის ამბობს: „როცა ოჯახს შევქმნი, პირველ ადგილზე სულიერი საკითხები უნდა იდგეს“.

ზემოხსენებული მაიკლიც ებრძოდა მწვავე გრძნობებს. „მინდოდა, რომ ტკივილი მიმეყენებინა მისთვის იმის გამო, რაც გაგვიკეთა“, — აღიარებს ის. მაგრამ მან შეინარჩუნა კარგი ურთიერთობა მამასთან. დროთა განმავლობაში მაიკლმა გულისწყრომა დასძლია და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

შეიძლება შენც ცდილობ, შეძლებისდაგვარად ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნო მამასთან. მართალია, მან შეიძლება გული გატკინათ შენ და დედას, მაგრამ შენ, ალბათ, ბევრი რამ არ იცი. მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა თავისი არასწორი საქციელის გამო, მაინც შენი მამაა. ვალდებული ხარ, გარკვეულწილად პატივი სცე მას (ეფესელთა 6:1—3). მამასთან ურთიერთობის დროს თავი აარიდე ‘მძვინვარებას, რისხვას, ყვირილსა და გმობას’ (ეფესელთა 4:31). თუ შესაძლებელია, ნუ ჩაერევი მშობლების კამათში. დაარწმუნე მშობლები, რომ ორივე გიყვარს, რაც როგორც ერთთან, ისე მეორესთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობას მოგცემს.

შენი ბრალი არ არის

ის, რომ მამაშენმა ოჯახი მიატოვა, შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რამ იყოს შენს ცხოვრებაში. თუ ვერასოდეს ახსნი მისი წასვლის მიზეზებს, ამის გამო თავი არ უნდა დაიდანაშაულო. შეიძლება ფიქრობ, რომ მან პირადად შენ უარგყო. მაგრამ ოჯახები იშვიათად ინგრევა ბავშვების გამო. შენმა მშობლებმა აღთქმა მისცეს ღმერთს, რომ ერთად დარჩებოდნენ. ამ აღთქმის თანახმად ცხოვრება მათი პასუხისმგებლობაა და არა შენი (ეკლესიასტე 5:4—6).

თუ ჯერ კიდევ დაბნეული ხარ, თავს დამნაშავედ თვლი ან ფიქრობ, რომ შენ აგებ პასუხს ოჯახის დანგრევაზე, ამის შესახებ რატომ არ ეტყოდი შენს მშობლებს? მათ შეიძლება გულახდილად გითხრან ყველაფერი და დაგაწყნარონ. ჯეიმზი, რომლის სიტყვებიც სტატიის დასაწყისშია ციტირებული, აღიარებს: „სანამ ჩემი მშობლები დამსვამდნენ და მესაუბრებოდნენ, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო“. ახალგაზრდა ნენსიც თავს დამნაშავედ გრძნობდა, როცა მისი მშობლები განქორწინდნენ. დედასთან რამდენჯერმე საუბრით ნენსიმ დასკვნა გამოიტანა: „შვილებმა თავი არ უნდა დაიდანაშაულონ მშობლების საქციელის გამო“. თუ შენს მშობლებს თავიანთი პასუხისმგებლობის ‘ტვირთის ტარების’ საშუალებას მისცემ, ეს ემოციურ სტრესს აგაცილებს (გალატელთა 6:5, აფ). მაგრამ როგორ შეგიძლია თავი გაართვა იმას, რომ ამჟამად უმამო ოჯახში ცხოვრობ? ამ კითხვას ამავე რუბრიკის მომდევნო სტატია უპასუხებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 4 იხილეთ სტატიების სერია „უმამო ოჯახები — გამოსავალი არსებობს“, რომელიც გამოქვეყნებულია 2000 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“-ში.

^ აბზ. 12 მაგრამ ბიბლია ნათელყოფს, რომ განქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი, რომელიც ორივე მხარეს ხელმეორედ დაქორწინების ნებას რთავს, არის სიძვა (მათე 19:9).

[სურათები 21 გვერდზე]

თავს ნუ დაიდანაშაულებ მშობლების ცოლქმრული პრობლემების გამო.