არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ვარ ასეთი გამხდარი?

რატომ ვარ ასეთი გამხდარი?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ ვარ ასეთი გამხდარი?

ჯასტინი გამხდარი და ჯანმრთელი ახალგაზრდაა, მაგრამ მას საერთოდ არ მოსწონს თავისი აღნაგობა. „ვცდილობ, წონაში მოვიმატო“, — აღიარებს ის. ამიტომაც მისი კვების ამჟამინდელ რეჟიმში საკვების დღეში ხუთჯერ მიღება შედის, რის წყალობითაც 4 000 კალორიას იღებს. წონის მომატება მას კუნთების გასამაგრებლად სურს. ამ მიზეზის გამო ის დასძენს: „ზოგჯერ მე და ჩემი ძმაკაცი დილით ადრე ვდგებით და სამუშაოს დაწყებამდე სპორტდარბაზში ერთად მივდივართ ჰანტელებით სავარჯიშოდ“.

ვანესაც საკმაოდ გამხდარია, მაგრამ მას სავსებით აკმაყოფილებს თავისი წონა. «პატარა რომ ვიყავი, ბავშვები მაჯავრებდნენ და „ჩხირს“ მეძახდნენ, — იხსენებს ვანესა, — მაგრამ მე ეს აღარ მაღელვებს. სავსებით მაკმაყოფილებს ჩემი გარეგნობა“.

„იყავი კმაყოფილი იმით, როგორიც ხარ“. ჩანს, რომ ეს კარგი რჩევაა. მაგრამ ეს შეიძლება იყოს რჩევა, რომლის გათვალისწინებაც შენთვის ძნელია. შესაძლოა, მოზარდი ხარ და ‘სიყმაწვილის ასაკში’ იმყოფები (1 კორინთელთა 7:36). განსაკუთრებული მღელვარებით სავსეა სწრაფი ფიზიკური ცვლილებების პერიოდი, რომელიც სქესობრივი მოწიფულობის სახელით არის ცნობილი. სქესობრივი მოწიფულობის დროს შენი სხეულის ნაწილები შეიძლება სხვადასხვაგვარი სისწრაფით იზრდებოდეს; შენი ხელები, ფეხები და სახის ნაკვთები შეიძლება საშინლად უპროპორციოდ გეჩვენებოდეს *. ამან შეიძლება მოუქნელად და არამიმზიდველად გაგრძნობინოს თავი. ისიც ფაქტია, რომ ყველა ახალგაზრდა ერთნაირი სისწრაფით არ ვითარდება. ასე რომ, მაშინ, როცა შენს თანატოლებს შეიძლება კუნთოვანი აღნაგობა ან ქალური ტანი ჩამოუყალიბდეთ, მათთან შედარებით, შენ შეიძლება ჯერ კიდევ გამხდარი ჩანდე.

ბევრი რამ ითქვა ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც თავს მსუქნებად თვლიან, მაგრამ ხშირად მხედველობიდან რჩებათ ხოლმე ის ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ძალიან გამხდრები არიან. ეს შეიძლება განსაკუთრებით ეხებოდეს გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებსა და ზოგ იმ ქვეყანას, სადაც სიგამხდრეს სილამაზედ არ მიიჩნევენ. ასეთ რეგიონებში გამხდარ გოგონას შეიძლება სტანჯავდეს უხეში დაცინვა იმის გამო, რომ „ჩხირია“.

რა შეიძლება ითქვას ბიჭებზე? მკვლევარის, სიუზენ ბორდოს, სიტყვების თანახმად, „გამოკვლევებმა, რომლებიც დაკავშირებული იყო იმასთან, თუ როგორ აღიქვამდნენ თავიანთ გარეგნობას ქალები, და რომლებიც 80-იანი წლების წინა ათწლეულებში ჩატარდა, ნათელყო, რომ, როდესაც ქალები იყურებიან [იყურებოდნენ] სარკეში, ხარვეზების გარდა სხვას არაფერს ამჩნევენ [ამჩნევდნენ]“. ხოლო მამაკაცებზე რის თქმა შეიძლება? ბორდო განაგრძობს: „მამაკაცები იცქირებოდნენ სარკეში და თავიანთი თავი ან მოსწონდათ ან, ფაქტობრივად, უკეთესად ეჩვენებოდათ“. მაგრამ უკანასკნელ წლებში მდგომარეობა შეიცვალა. იმის აღნიშვნისას, რომ იმ პაციენტების რიცხვიდან, რომლებიც პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ, მამაკაცები მეოთხედზე მეტს შეადგენენ, ყმაწვილების მიერ თავიანთი სხეულისადმი ბოლო დროს გამოვლენილი ინტერესის უეცარ ზრდას ბორდო შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში საცვლების რეკლამებში ნაჩვენები მამაკაცის „სრულყოფილ“ სხეულს უკავშირებს. ბუნებრივია, რომ ეს მოზარდ ბიჭებზე გავლენას ახდენს. მათ შეიძლება არასრულფასოვნების შეგრძნება დაეუფლოთ, თუკი მამაკაცი მოდელების კუნთოვანი აღნაგობა არა აქვთ.

თუკი გამხდარი ხარ, შეიძლება კითხვა დაგებადოს: „რა მჭირს?“. ალბათ, გაგახარებს იმის გაგება, რომ, შესაძლოა, არაფერიც არ გჭირდეს.

რატომ ხარ გამხდარი

ბევრი ახალგაზრდა სიგამხდრეს სავსებით ჩვეულებრივ რამედ მიიჩნევს. ხშირად ის, უბრალოდ, მოწიფულობის თანმხლები დაჩქარებული ზრდისა და ნივთიერებათა სწრაფი ცვლის გვერდით მოვლენას წარმოადგენს. ჩვეულებრივ, ასაკის მატებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლა მოგიწესრიგდება. მაგრამ, თუკი კარგი კვების მიუხედავად, ზედმეტად გამხდარი ხარ, მიზანშეწონილი იქნებოდა, სჩვენებოდი ექიმს — ასე გამორიცხავდი რომელიმე ისეთ შესაძლო დაავადებას, როგორიცაა დიაბეტი, ვინაიდან შეიძლება ის იყოს წონის დაკლების მიზეზი.

კვების დარღვევების საკითხების შემსწავლელმა ცნობილმა სპეციალისტმა, სტივენ ლევენკროუნმა, უთხრა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს: „მახსოვს, ანორექსიის დიაგნოზით ჩემთან გამოგზავნეს მეტისმეტად გამხდარი გოგონა. ის კვებადარღვეული ავადმყოფის მსგავსად გამოიყურებოდა. მაგრამ მალე მივხვდი, რომ მისი პრობლემა არა ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური ხასიათის იყო. მისმა ექიმმა ვერ ამოიცნო ნაწლავების ისეთი მწვავე სენი, როგორიცაა კრონის დაავადება. ასეთი უყურადღებობა ამ გოგონასთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩენილიყო“. თუკი გაქვს დიაბეტი ან რომელიმე სხვა დაავადება, რომელიც წონის დაკარგვას იწვევს, შენი მხრიდან ბრძნული იქნებოდა, ყურადღებით მიჰყოლოდი ექიმის რჩევას.

რასაკვირველია, სიგამხდრე ზოგჯერ შეიძლება ემოციური განცდების ნიშანს წარმოადგენდეს. თავის წიგნში „ანორექსიის ანატომია“ დ-რ ლევენკროუნს მოჰყავს ზოგი მკვლევარის განაცხადი იმის თაობაზე, რომ „ინსულინზე დამოკიდებულ მრავალ დიაბეტიანს კვების მოშლილობა აქვს, საკვების დაუოკებელი მიღების სურვილიდან ბულიმიამდე და ბულიმიადან ანორექსიამდე“ (Anatomy of Anorexia). გამოცდილ ექიმს შეუძლია განსაზღვროს, აქვს თუ არა ავადმყოფს კვების ასეთი დარღვევა *.

პრაქტიკული რჩევები

დავუშვათ, რომ ექიმმა გნახა და აღმოჩნდა, რომ გამხდარი ხარ, მაგრამ ჯანმრთელი. ახლა რა უნდა მოიმოქმედო? ბიბლიაში, იობის 8:11-ში, ნათქვამია: „თუ იზრდება ლერწამი უჭაობოდ? თუ ამოდის შამბნარი უწყლოდ?“. ისევე როგორც მცენარეს ზრდა-განვითარებისთვის სათანადო გარემო და საკვები სჭირდება, შენც გესაჭიროება გაწონასწორებული კვება, რათა ჯანმრთელ მოწიფულ ადამიანად იქცე. ეს მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაშიც, როდესაც წონაში მომატებას ცდილობ და მაშინაც, როცა მისი დაკლება გსურს.

მაგრამ არ შეცდე და არ დაიწყო ცხიმიანი საკვების დიდი რაოდენობით მიღება, რათა უფრო სწრაფად მოიმატო წონაში. კულტურისტების მოსამზადებლად განკუთვნილი კვების რაციონის გამოკვლევის ხელმძღვანელობისას დიეტოლოგმა სიუზენ კლაინერმა შენიშნა, რომ საკვებიდან დღეში ისინი 6 000 კალორიას იღებდნენ! მაგრამ კლაინერის თქმით, „ამ გამოკვლევის შემაშფოთებელი აღმოჩენა იყო ის, რომ ისინი, საშუალოდ, დღეში 200 გრამზე მეტ ცხიმს მიირთმევდნენ. ეს ცხიმის თითქმის იმდენივე რაოდენობაა, რამდენიც კარაქის ორ კოლოფშია! ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ უამრავი ადამიანი მოკლე ხანში დაავადდეს. ჩვეულებაში გადასული გადამეტებული ჭამა, როგორიც, მაგალითად, ცხიმის დიდძალი რაოდენობით მიღებაა, გულის დაავადებას გამოიწვევს“.

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) მონაცემების თანახმად, გაწონასწორებული კვების საფუძველშია ნახშირწყლები, რომლებიც პურში, ფაფეულში, ბრინჯსა და მაკარონის ნაწარმში უხვად არის; მეორე ადგილზეა ბოსტნეული და ხილი. USDA გვირჩევს, რომ ხორცი და რძის ნაწარმი მხოლოდ ზომიერი რაოდენობით მივიღოთ.

იმაზე დასაკვირვებლად, თუ რას ჭამ და რა რაოდენობით, შეგიძლია დღიურის წარმოება სცადო. თან იქონიე უბის წიგნაკი მთელი კვირისთვის და შიგ ჩაწერე ხოლმე ყველაფერი, რასაც ჭამ და როდის ჭამ. შეიძლება გაგაოცოს იმის აღმოჩენამ, რომ არ ჭამ იმდენს, რამდენსაც ფიქრობდი, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვის გეჩქარება. თუკი აქტიური მოზარდი ხარ, დღეში შეიძლება 3 000 ან მეტი კალორია თავისუფლად დახარჯო! შეიძლება ისიც აღმოაჩინო, რომ შენი კვება არ არის ისეთი გაწონასწორებული, როგორიც უნდა იყოს — შეიძლება ჰამბურგერებისა და პიცის მსგავს ბევრ „სწრაფ საკვებს“ იღებ და ხილითა და ბოსტნეულით არასაკმარისად იკვებები.

რის თქმა შეიძლება კვებისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული დანამატების შესახებ? ისინი შეიძლება არ იყოს აუცილებელი. ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ მარგებელი საკვების მირთმევით ყოველივე იმის მიღება შეგიძლია, რაც შენს ორგანიზმს ესაჭიროება. უპირველეს ყოვლისა, შედეგის სწრაფად მისაღწევად ერიდე ისეთ ხსნარებს, როგორებიცაა ანაბოლური სტეროიდები. სამწუხაროდ, სტეროიდებით გატაცება მხოლოდ მოზარდი ბიჭების პრობლემა არ არის. „ნიუ-იორკ ტაიმზი“ იუწყება: „გოგონებს შორის [სტეროიდების] პოპულარობამ, რომელსაც ზოგი მკვლევარი ნაწილობრივ ანორექსიის საპირისპირო მოვლენას მიაწერს, მიაღწია იმ დონეს, რომელმაც 80-იან წლებში ბიჭებში იჩინა თავი“. შემაშფოთებელი რიცხვი — 175 000 მოზარდი გოგონა შეერთებულ შტატებში იყენებს ანაბოლურ სტეროიდებს. ამ მედიკამენტებს თან სდევს უამრავი შემაშფოთებელი გვერდითი მოვლენა: სახეზე არასასურველი თმიანობა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ქალებში მკერდის კიბო, მამაკაცებში პროსტატის კიბო, და ქალებშიცა და მამაკაცებშიც არტერიების დაცობა და ღვიძლის კიბო. სტეროიდების მიღება არაფრით არ შეიძლება ექიმის დანიშნულებისა და მეთვალყურეობის გარეშე.

იყავი მოკრძალებული და რეალისტი

ბიბლია გვეუბნება, რომ ‘მოწიწებით ვიაროთ უფლის წინაშე’ (მიქა 6:8). მოწიწებაში ანუ მოკრძალებაში საკუთარი შეზღუდვების გაცნობიერებაც შედის. მოკრძალება დაგეხმარება იმაში, რომ შენი გარეგნობის მიმართ მართებული დამოკიდებულება იქონიო. რასაკვირველია, არაფერია ცუდი იმაში, რომ გსურდეს, ლამაზად გამოიყურებოდე, მაგრამ იმას, რომ საკუთარ გარეგნობაზე სწუხარ, სარგებლობა არავისთვის მოაქვს — შესაძლოა, მოდისა და კვების მრეწველობის გარდა. ფიზიკური კულტურის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები იმ აზრის არიან, რომ ნებისმიერ რიგით მამაკაცს, უბრალოდ, არა აქვს ისეთი გენები, რომ მსოფლიო დონის კულტურისტი იყოს, არა აქვს მნიშვნელობა იმას, რამდენად კარგად იკვებება და რამდენს ვარჯიშობს. და, თუკი გოგონა ხარ, შეიძლება საერთოდ არ მოიმატო წონაში რამდენიც უნდა ჭამო.

საინტერესოა, რომ შენს გარდერობზე მცირე ყურადღების მიქცევა შეიძლება დიდად დაგეხმაროს იმის გამოსწორებაში, რასაც, შესაძლოა, ფიზიკურ ნაკლად თვლი. ერიდე ისეთ ტანისამოსს, რომელიც შენი სხეულის არასასურველ მხარეებს გამოკვეთს. ზოგის რჩევის თანახმად, გამხდრებმა ღია ფერის ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან, რადგან მუქ ფერს გამხდარი ადამიანების უფრო გამხდრებად გამოჩენა შეუძლია.

ასევე გახსოვდეს, რომ შენს გარეგნობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შენი პიროვნებაა. ბოლოს და ბოლოს, სასიამოვნო ღიმილი და ქცევის მანერა, რომელშიც სიკეთე და ალერსიანობა ჩანს, სხვებისთვის უფრო მიმზიდველს გაგხდის, ვიდრე დაკუნთული სხეული ან ტანსაცმლის გარკვეული ზომა. თუკი გარეგნობის გამო მეგობრები განუწყვეტლივ გამცირებენ, მოძებნე ადამიანები, რომლებიც შენი შინაგანი ბუნების გამო დაგაფასებენ — იმის გამო, რასაც ბიბლია ‘გულის დაფარულ კაცს’ უწოდებს (1 პეტრე 3:4). და ბოლოს, არასოდეს დაივიწყო, რომ „კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 იხილეთ სტატია „ნორმალურად ვვითარდები?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“ 1993 წლის 22 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ის გამოცემაში (ინგლ.).

^ აბზ. 12 იხილეთ სტატიები „რატომ არ მასვენებს ჩემს წონაზე ფიქრი?“ და „როგორ განვთავისუფლდე სიმსუქნეზე ფიქრისგან?“, რომლებიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“ ამ ჟურნალის 1999 წლის 8 მაისისა და 8 ივნისის გამოცემებში.

[სურათი 14 გვერდზე]

სიგამხდრის გამო ზოგი ახალგაზრდა საკუთარ თავს ძლიერ კიცხავს.