არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დღემდე პრაქტიკულია ბიბლიური რჩევები?

დღემდე პრაქტიკულია ბიბლიური რჩევები?

ზოგი არ თვლის ბიბლიას პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ. ერთმა ექიმმა თქვა, რომ დღეს ბიბლიით ხელმძღვანელობა იგივეა, რომ ქიმიის გაკვეთილი 1920-იან წლებში გამოცემული სახელმძღვანელოთი ჩაატარო. სკეპტიკურად განწყობილმა ადამიანებმა შეიძლება ასეთი კითხვა დასვან: ნუთუ გამოიყენებდა ვინმე ძველი მოდელის კომპიუტერის ინსტრუქციას უახლესი მოდელის კომპიუტერით სარგებლობისას?! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგის აზრით, ბიბლია დრომოჭმული წიგნია.

ღირს კი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ხელმძღვანელობისთვის ასეთ უძველეს წიგნს მიმართო? ბოლოს და ბოლოს დღეს ხომ ზღვა ინფორმაცია და უამრავი რჩევაა ხელმისაწვდომი ვებ-გვერდებსა თუ ბლოგებზე, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება. სატელევიზიო გადაცემებსა თუ თოქ-შოუებში მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, მწერლები და კონსულტანტები თავიანთ რჩევებს გვთავაზობენ; წიგნების მაღაზიები სავსეა სახელმძღვანელოებით, რომლებიც ცხოვრებისეულ საკითხებს ეხება, და ეს წიგნები იმდენად მოთხოვნადია, რომ მათი გამომცემლებისთვის მილიარდობით დოლარის მოგება მოაქვს.

მაშინ როცა ამდენი ახალ-ახალი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, აქვს აზრი, რჩევისთვის მივმართოთ ბიბლიას, რომელიც თითქმის 2 000 წელს ითვლის? სიმართლეს ხომ არ შეესაბამება მათი ნათქვამი, ვინც ამ უძველესი წიგნით ხელმძღვანელობას მოძველებული ქიმიის წიგნით ან ძველი მოდელის კომპიუტერის ინსტრუქციით ხელმძღვანელობას ადარებს? სინამდვილეში ასეთი შეხედულება მცდარია. მართალია, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში ცვლილებები სწრაფად ხდება, მაგრამ ადამიანის ბუნებაზე იმავეს ვერ ვიტყვით. ადამიანებს დღესაც სურთ, გაიგონ სიცოცხლის აზრი, იყვნენ ბედნიერები, იცხოვრონ უსაფრთხოდ, ჰყავდეთ კარგი მეგობრები და ჰქონდეთ მტკიცე ოჯახები.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია უძველესი წიგნია, ის ნათელს ჰფენს ამ და ბევრ სხვა საკითხს. ბიბლია იმასაც გვიმჟღავნებს, რომ მისი ავტორი სამყაროს შემოქმედია. ის ხელმძღვანელობას გვიწევს ცხოვრების ყველა სფეროში და ნებისმიერი სირთულისთვის გვამზადებს (2 ტიმოთე 3:16, 17). მეტიც, როგორც ამ უძველეს წიგნში წერია, მისი რჩევები ჟამთა სვლას უძლებს და არასდროს კარგავს ფასს! მასში ნათქვამია: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“ (ებრაელები 4:12).

მართლა ასეა? ბიბლია დრომოჭმული წიგნია თუ კვლავაც გამოსადეგი და პრაქტიკული, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით — ცოცხალი? ეს ჟურნალი, რომელიც „საგუშაგო კოშკის“ სპეციალური გამოცემის პირველი ნომერია, დაგეხმარებათ ამ კითხვებზე პასუხების მიღებაში.