არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უარყავით ქვეყნიური აზროვნება

უარყავით ქვეყნიური აზროვნება

„ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება . . . ქვეყნიერების პრინციპებს“ (კოლ. 2:8).

სიმღერები: 60, 26

1. რა ურჩია პავლემ თანაქრისტიანებს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

მოციქულმა პავლემ კოლოსელ ქრისტიანებს წერილი, როგორც ჩანს, რომში მისი პირველი პატიმრობის ბოლოს, დაახლოებით ახ. წ. 60-61 წელს მისწერა. მან შეახსენა კოლოსელებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ „სულიერი გაგებით“ აღვსილიყვნენ (კოლ. 1:9). შემდეგ დასძინა: „ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არავინ შეგაცდინოთ დამაჯერებელი მტკიცებებით. ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლ. 2:4, 8). პავლემ აუხსნა მათ, რატომ იყო არასწორი იმ დროს გავრცელებული ზოგიერთი შეხედულება და რატომ შეიძლებოდა გამხდარიყო არასრულყოფილი ადამიანებისთვის ქვეყნიური აზროვნება მიმზიდველი. მაგალითად, ასეთმა აზროვნებამ შეიძლება ადამიანს აფიქრებინოს, რომ სხვებზე ჭკვიანი და უკეთესია. პავლეს მიზანი იყო, რომ დახმარებოდა ძმებს, უარეყოთ ქვეყნიური აზროვნება და მორიდებოდნენ არასწორ საქციელს (კოლ. 2:16, 17, 23).

2. რატომ განვიხილავთ ამ სტატიაში ქვეყნიური აზროვნების მაგალითებს?

2 ქვეყნიური აზროვნება აკნინებს ან არაფრად აგდებს იეჰოვას ნორმებს. თუ მის გავლენაში მოვექცევით, შეიძლება დროთა განმავლობაში რწმენა შეგვისუსტდეს. დღეს ქვეყნიური აზროვნება ყველგან არის გავრცელებული. მას პროპაგანდა ეწევა როგორც ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით, ისე თანამშრომლებისა და კლასელების მხრიდან. ამ სტატიაში განვიხილავთ, რის გაკეთება შეგვიძლია, რომ ქვეყნიურმა აზროვნებამ არ გაგვირყვნას გონება. აგრეთვე ვიმსჯელებთ ქვეყნიერებაში გავრცელებულ ხუთ შეხედულებაზე და მათი თავიდან არიდების საშუალებებზე.

აუცილებელია, ღმერთი გვწამდეს?

3. რა აზრს იზიარებს ბევრი და რატომ?

3 „ღვთისადმი რწმენის გარეშეც შემიძლია, კარგი ადამიანი ვიყო“. ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ხალხს ღმერთი არ სწამს. ისინი საკუთარ თავს მორწმუნე ადამიანებად არ მიიჩნევენ. შეიძლება ისინი არ უღრმავდებიან ღვთის არსებობის საკითხს, მაგრამ მოსწონთ ის აზრი, რომ შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ (წაიკითხეთ ფსალმუნის 10:4). სხვები ფიქრობენ, რომ საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და ამბობენ: „სულაც არ არის საჭირო, ღმერთი მწამდეს — ისედაც ვხედავ კარგსა და ცუდს შორის განსხვავებას“.

4. როგორ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათთან, ვისაც შემოქმედის არ სწამს?

4 ლოგიკურია იმის დაჯერება, რომ შემოქმედი არ არსებობს? ზოგს შეიძლება ადვილად აებნეს თავგზა, როცა სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეცნიერების მოსაზრებებს ისმენს. არადა ყველაფერი ბევრად მარტივადაა. როგორც შენობა ვერ აშენდება თავისით, ისე ცოცხალი ორგანიზმები ვერ გაჩნდებოდნენ სპონტანურად. სინამდვილეში სიცოცხლის ყველაზე მარტივი ფორმაც კი გაცილებით რთული აგებულებისაა, ვიდრე რომელიმე შენობა ან ნაგებობა. უსიცოცხლო მატერიისგან განსხვავებით ცოცხალ ორგანიზმებს რეპროდუქციის უნარი აქვთ. უჯრედს შეუძლია ინფორმაციის შენახვა და გადაცემა, რაც თავისივე მსგავსი უჯრედის წარმოსაქმნელადაა საჭირო. ვინ შექმნა ასეთი უნარის მქონე ცოცხალი ორგანიზმები? ბიბლია გვპასუხობს: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრ. 3:4).

5. რა შეგვიძლია ვუთხრათ მას, ვინც ფიქრობს, რომ ღვთის გარეშეც შევძლებთ კარგისა და ცუდის გარჩევას?

5 რა შეგვიძლია ვუთხრათ მას, ვინც ფიქრობს, რომ ღვთის გარეშეც შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სწორი პრინციპებით გარკვეულწილად ისინიც შეიძლება ცხოვრობდნენ, ვისაც ღვთის არ სწამს (რომ. 2:14, 15). მაგალითად, ისინი შეიძლება პატივისცემასა და სიყვარულს ავლენენ მშობლების მიმართ. მაგრამ რამდენად მყარი საფუძველი აქვს იმ ადამიანთა ზნეობრივ პრინციპებს, რომლებიც არ აღიარებენ მოსიყვარულე შემოქმედს, რომელიც თავად ადგენს, რა არის სწორი და რა — არასწორი (ეს. 33:22). დღეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამო ბევრი მოაზროვნე ადამიანი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ღვთის დახმარების გარეშე შეუძლებელია ამ პრობლემების გადაჭრა (წაიკითხეთ იერემიას 10:23). ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანს, რომელსაც არ სწამს ღმერთი და არაფრად მიაჩნია მისი ზნეობრივი ნორმები, შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს, რა არის სინამდვილეში კარგი (ფსალმ. 146:3).

აუცილებელია, რომელიმე რელიგიას მივეკუთვნებოდეთ?

6. რა შეხედულება აქვს ბევრ ადამიანს რელიგიაზე?

6 „რელიგიის გარეშეც თავს მშვენივრად იგრძნობთ“. ასეთი ქვეყნიური აზროვნება ბევრს იზიდავს, რადგან ფიქრობენ, რომ რელიგია მოსაწყენი და არაფრის მომცემია. გარდა ამისა, ბევრი რელიგია ასწავლის ჯოჯოხეთის შესახებ, მრევლს შესაწირავის გაღებას აიძულებს ან მხარს უჭერს ამა თუ იმ პოლიტიკოსს. ამგვარად ისინი ადამიანებს უფრო აშორებენ ღმერთს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ რელიგიის გარეშეც ბედნიერები არიან. მათგან შეიძლება ასეთი აზრი მოისმინოთ: „სულიერი საკითხები კი მაინტერესებს, მაგრამ არ მინდა, რომელიმე რელიგიას მივეკუთვნებოდე“.

7. როგორ უწყობს ხელს ჭეშმარიტი რელიგია ადამიანთა ბედნიერებას?

7 მართლა შეიძლება ადამიანი რელიგიის გარეშე ბედნიერი იყოს? რა თქმა უნდა, ცრუ რელიგიის გარეშე ბედნიერი იქნება, თუმცა შეუძლებელია მან ნამდვილი ბედნიერება იეჰოვას, „ბედნიერი ღვთის“, გარეშე პოვოს (1 ტიმ. 1:11). ღმერთი ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს. მისი მსახურები ნამდვილ ბედნიერებას სხვების დახმარებაში პოულობენ (საქ. 20:35). მაგალითად, დავფიქრდეთ, როგორ უწყობს ხელს ოჯახის ბედნიერებას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. ბიბლია გვასწავლის, რომ პატივი ვცეთ მეუღლეს, საქორწინო აღთქმის ერთგულები დავრჩეთ, არ ვუღალატოთ მეორე ნახევარს, კარგად აღვზარდოთ შვილები და ნამდვილი სიყვარული გამოვავლინოთ ოჯახის წევრების მიმართ. ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ქმნიან მსოფლიო საძმოს და გაერთიანებულნი არიან კრებებში, სადაც მშვიდობა და სიყვარული სუფევს (წაიკითხეთ ესაიას 65:13, 14).

8. როგორ შეგვიძლია მათეს 5:3-ის საფუძველზე დავანახვოთ სხვებს, თუ სინამდვილეში რა ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას?

8 რის თქმა შეიძლება ქვეყნიერებაში გავრცელებულ შეხედულებაზე, რომ ადამიანი ღვთისადმი მსახურების გარეშეც ბედნიერი იქნება? დაფიქრდით, რა გვანიჭებს ბედნიერებას. ზოგს კმაყოფილებას თავისი პროფესია, სპორტი ან ჰობი ჰგვრის. ზოგი ბედნიერებას ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე ზრუნვაში პოულობს. ეს ყველაფერი მართლა გვანიჭებს სიამოვნებას, მაგრამ ჩვენს არსებობას გაცილებით აღმატებული მიზანი აქვს, რასაც ხანგრძლივი კმაყოფილება მოაქვს. ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანები ისე ვართ შექმნილნი, რომ შეგვიძლია გავეცნოთ ჩვენს შემოქმედს და ერთგულად ვემსახუროთ მას, რაც ნამდვილი ბედნიერების საწინდარია (წაიკითხეთ მათეს 5:3). მაგალითად, ღვთის მსახურებს ძალიან სიამოვნებთ და ამხნევებთ იეჰოვას თაყვანსაცემად ერთად შეკრება (ფსალმ. 133:1). აგრეთვე მათ ახარებთ, რომ მიეკუთვნებიან მსოფლიო საძმოს, მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და აქვთ მომავლის შესანიშნავი იმედი.

საჭიროა ზნეობრივი ნორმების დაცვა?

9. ა) რა აზრია გავრცელებული ქვეყნიერებაში სექსთან დაკავშირებით? ბ) რატომ კრძალავს ღმერთი ქორწინების გარეშე სექსს?

9 „რა არის ცუდი იმაში, თუ ქორწინების გარეშე გექნება სექსი?“. ზოგმა შეიძლება გვითხრას: „რატომ უყურებთ ამ საკითხს ასე მკაცრად? უბრალოდ დატკბით ცხოვრებით“. ის აზრი, რომ ქრისტიანები უნდა იწყნარებდნენ სქესობრივ უზნეობას, არასწორია, რადგან ბიბლია პირდაპირ გმობს ამას (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 4:3—8). * იეჰოვას სრული უფლება აქვს, დაგვიდგინოს კანონები, რადგან მან შეგვქმნა. ის, როგორც ოჯახის დამფუძნებელი, გვიდგენს კანონს, რომ სქესობრივი ურთიერთობა დაშვებულია მხოლოდ დაქორწინებულ ქალსა და მამაკაცს შორის. იეჰოვამ კანონები იმიტომ მოგვცა, რომ ვუყვარვართ. მათი დაცვა ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. იმ ოჯახებში, რომლებშიც ღვთის კანონებს იცავენ, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა სუფევს და უსაფრთხო გარემოა შექმნილი. ღმერთი არასდროს დახუჭავს თვალს მათ საქციელზე, ვინც განზრახ არღვევს მის კანონებს (ებრ. 13:4).

10. რა უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა, რომ არ გაებან უზნეობის მახეში?

10 ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რის გაკეთება შეგვიძლია, რომ სექსუალური უზნეობის მახეში არ გავებათ. მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ საკუთარი თვალი. იესომ თქვა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე“ (მათ. 5:28, 29). ასე რომ, ქრისტიანმა არ უნდა უყუროს პორნოგრაფიას და არ უნდა მოუსმინოს ისეთ სიმღერებს, რომელშიც უზნეობაა განდიდებული. მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა“ (კოლ. 3:5). უფრო მეტიც, უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ფიქრები და საუბრები (ეფეს. 5:3—5).

უნდა ვისწრაფოთ კარიერის შექმნისკენ?

11. რატომ შეიძლება გაგვიჩნდეს კარიერის შექმნის სურვილი?

11 „წარმატებული კარიერა ბედნიერების საწინდარია“. ბევრი მოგვიწოდებს, რომ ცხოვრების უმთავრეს მიზნად კარიერის შექმნა გავიხადოთ, რადგან ეს სახელს, ძალაუფლებასა და სიმდიდრეს მოგვიტანს. ვინაიდან კარიერული წინსვლა ბევრისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავსი აზროვნება დროთა განმავლობაში შეიძლება ღვთის მსახურსაც განუვითარდეს.

12. მოაქვს წარმატებულ კარიერას ბედნიერება?

12 მართლა მოგანიჭებთ ძალაუფლების მომტანი ან პრესტიჟული კარიერა ხანგრძლივ ბედნიერებას? რა თქმა უნდა, არა. გახსოვდეთ, რომ სატანა ძალაუფლების მიღებისა და განდიდების დაუცხრომელმა სურვილმა აცდუნა. მიუხედავად იმისა, რომ მან გარკვეულწილად მიაღწია თავის მიზანს, ის გაბოროტებული და უბედურია (მათ. 4:8, 9; გამოცხ. 12:12). უდიდესი სიხარული მოაქვს სხვებისთვის ღვთის სიბრძნის გაზიარებასა და მათთვის მარადიული სიცოცხლის იმედის ჩასახვას. ქვეყნიერებაში ვერცერთი კარიერა ვერ მოგვანიჭებს ასეთ სიხარულს! ფაქტია, ქვეყნიერების სული ადამიანს შურს უღვივებს და გამუდმებით კონკურენციისა და პირველობისკენ უბიძგებს. საბოლოო ჯამში, მათი შრომა „ამაოებაა და ქარის დევნა“ (ეკლ. 4:4).

13. ა) რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სამუშაოს მიმართ? ბ) რა ანიჭებდა პავლეს დიდ სიხარულს?

13 მართალია, თავის სარჩენად უნდა ვიშრომოთ და სასურველი სამუშაოს არჩევაშიც ცუდი არაფერია, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ის უმთავრესი არ უნდა გახდეს. იესომ თქვა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათ. 6:24). როცა იეჰოვას მსახურებას და სხვებისთვის მისი სიტყვის სწავლებას პირველ ადგილზე ვაყენებთ, ენით აუწერელ სიხარულს ვგრძნობთ. მოციქულმა პავლემ საკუთარ თავზე გამოსცადა ეს. ახალგაზრდობაში მას შეეძლო წარმატებული კარიერა შეექმნა, მაგრამ ნამდვილი ბედნიერება მხოლოდ მაშინ იგრძნო, როცა მოწაფეების მომზადებას შეუდგა და საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ეხმაურებოდა ხალხი ღვთის ცნობას და როგორ ცვლიდა ჭეშმარიტება მათ ცხოვრებას (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:13, 19, 20). მსგავს კმაყოფილებას ვერცერთი კარიერა ვერ მოგვიტანს.

ხანგრძლივი სიხარული ადამიანებისთვის ღვთიური სიბრძნის გაზიარებას მოაქვს (იხილეთ აბზაცები 12, 13)

შეგვიძლია ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაჭრა?

14. რატომ ხიბლავს ადამიანებს ის აზრი, რომ თავად შეუძლიათ საკუთარი პრობლემების გადაჭრა?

14 „ადამიანებს თავად შეუძლიათ თავიანთი პრობლემების გადაჭრა“. ქვეყნიერებაში გავრცელებული ასეთი შეხედულება ბევრს ხიბლავს, რადგან ფიქრობენ, რომ თუ ადამიანს მართლა შეუძლია პრობლემების მოგვარება, გამოდის, რომ მას არ სჭირდება ღვთის ხელმძღვანელობა და შეუძლია ის აკეთოს, რაც მოესურვება. ამასთანავე, ეს აზრი შეიძლება დამაჯერებლად ჟღერდეს, რადგან ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ომებმა, დანაშაულმა, დაავადებებმა და სიღარიბემ იკლო. ერთ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ „ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, რადგან ადამიანებმა გადაწყვიტეს, მსოფლიო უკეთეს ადგილად ექციათ“. მიანიშნებს ეს აზრი იმაზე, რომ ადამიანებმა მიაგნეს იმ პრობლემებიდან გამოსავალს, რომლებიც ამდენ ხანს ტანჯავდა მათ? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად დავფიქრდეთ დღეს არსებულ რეალობაზე.

15. რომელი ფაქტებიდან ჩანს, რომ კაცობრიობა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას?

15 ომები: ორმა მსოფლიო ომმა 60 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ადამიანებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც კი ვერ აარიდეს თავი ომებს. 2015 წლის მონაცემებით თითქმის 65 მილიონამდე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ომებისა და დევნის გამო სახლ-კარის დატოვება მოუწია. მხოლოდ ერთ წელიწადში, 2015 წელს, დაახლოებით 12, 4 მილიონი ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი. დანაშაული: მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ადგილას იკლო ამა თუ იმ სახის დანაშაულმა, საგანგაშოდ იმატა დანაშაულის ისეთმა ფორმებმა, როგორიცაა კიბერდანაშაული, ძალადობა ოჯახში და ტერორიზმი. გარდა ამისა, ბევრი ფიქრობს, რომ მსოფლიოში სულ უფრო იკიდებს ფეხს კორუფცია. ფაქტია, ადამიანებს არ ძალუძთ დანაშაულის აღმოფხვრა. დაავადებები: ზოგიერთი დაავადება კონტროლს ექვემდებარება. მაგრამ 2013 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ყოველ წელს 60 წლამდე ასაკის თითქმის 9 მილიონი ადამიანი იღუპება ინსულტით, ავთვისებიანი სიმსივნით, დიაბეტით, სასუნთქი ორგანოებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებით. სიღარიბე: მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 1990—2012 წლებში აფრიკაში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი 280 მილიონიდან 330 მილიონამდე გაიზარდა.

16. ა) რატომ გადაჭრის ადამიანთა პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო? ბ) რომელი კურთხევებია ნაწინასწარმეტყველები ესაიას წიგნსა და ფსალმუნებში?

16 დღევანდელი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები ეგოისტი ადამიანების ხელშია. აშკარაა, რომ მათ არ ძალუძთ, ბოლო მოუღონ ომებს, დანაშაულს, დაავადებებსა და სიღარიბეს. ეს მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია. განვიხილოთ, რას გააკეთებს იეჰოვა ადამიანებისთვის. ომები: ღვთის სამეფო აღმოფხვრის ომის გამომწვევ ისეთ მიზეზებს, როგორიცაა: ეგოიზმი, კორუფცია, პატრიოტიზმი და ცრუ რელიგია. ის აგრეთვე ბოლოს მოუღებს სატანას, რომელიც ამ ყველაფრის თავიდათავია (ფსალმ. 46:8, 9). დანაშაული: ღვთის სამეფო დღესვე ასწავლის მილიონობით ადამიანს ერთმანეთის ნდობასა და სიყვარულს, რისი გაკეთებაც არც ერთ მთავრობას არ შეუძლია (ეს. 11:9). დაავადებები: იეჰოვა სრულყოფილ ჯანმრთელობას მისცემს თავის ხალხს (ეს. 35:5, 6). სიღარიბე: იეჰოვა ბოლოს მოუღებს სიღარიბეს და თავის ხალხს სულიერად და მატერიალურად აკურთხებს. რა ქონების პატრონებიც არ უნდა ვიყოთ, დღევანდელი ცხოვრება ვერც კი შეედრება იმას, რაც მომავალში გველის! (ფსალმ. 72:12, 13).

„იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“

17. როგორ შეგვიძლია უარვყოთ ქვეყნიური აზროვნება?

17 როცა ქვეყნიერებაში გავრცელებულ ისეთ მოსაზრებას ისმენთ, რომელიც ეწინააღმდეგება თქვენს რელიგიურ შეხედულებებს, გამოიკვლიეთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე და ისაუბრეთ ამაზე მოწიფულ თანაქრისტიანთან. დაფიქრდით, რატომ შეიძლება იყოს ეს აზრი მისაღები საზოგადოებისთვის, რატომ არის ის არასწორი და როგორ შეგიძლიათ მისი გაბათილება. ყველას შეგვიძლია თავი დავიცვათ ქვეყნიური აზროვნებისგან, თუ გავითვალისწინებთ პავლეს მიერ კოლოსეს კრებისთვის მიწერილ რჩევას: „გარეშეებს ბრძნულად მოექეცით . . . იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლ. 4:5, 6).

^ აბზ. 9 ბევრმა არც კი იცის, რომ ბიბლიის ზოგ თარგმანში ჩამატებულია იოანეს 7:53—8:11-ის ჩათვლით მონაკვეთი, რადგან ის არ გვხვდება ღვთივშთაგონებულ ორიგინალ ხელნაწერებში. ამ მონაკვეთის საფუძველზე ზოგი ამტკიცებს, რომ მხოლოდ უცოდველ ადამიანს შეუძლია განსაჯოს ვინმე მრუშობისთვის. მაგრამ ისრაელებისთვის მიცემულ ღვთის კანონში ეწერა: „თუ კაცს სხვის ცოლთან მწოლიარეს წაასწრებენ, ორივე უნდა მოკვდეს, კაციც, რომელიც ქალთან იწვა, და ქალიც“ (კან. 22:22).