არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იმიტომ გახდა იაკობი მესიის წინაპარი, რომ ესავისგან პირმშოობის უფლება იყიდა?

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

შედიოდნენ ძველ ისრაელში მესიის საგვარეულო ხაზში მხოლოდ ისინი, ვისაც პირმშოობის უფლება ჰქონდა?

ზოგჯერ ჩვენს პუბლიკაციებში მოყვანილი აზრები ამ შეხედულებას უჭერდა მხარს. ვფიქრობდით, რომ ეს მოსაზრება ეთანხმებოდა ებრაელების 12:16-ში ჩაწერილ სიტყვებს, სადაც ესავზე ნათქვამია, რომ არ აფასებდა წმინდას და თავისი პირმშოობა იაკობს ერთ კერძში გაუცვალა. ეს აზრი იმაზე მიანიშნებდა, რომ თითქოს იაკობი პირმშოობის უფლების მოპოვების შემდეგ გახდა მესიის წინაპარი (მათ. 1:2, 16; ლუკ. 3:23, 34).

მაგრამ ბიბლიური მონაკვეთების ღრმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ აუცილებელი არ იყო, მესიის წინაპარი პირმშო ყოფილიყო. განვიხილოთ ამ აზრის მხარდამჭერი რამდენიმე მტკიცებულება:

იაკობის (ისრაელი) პირველი ვაჟი, რომელიც მას ლეასგან შეეძინა, რეუბენი იყო. მოგვიანებით პირმშო საყვარელი ცოლისგან, რახელისგანაც შეეძინა, რომელსაც იოსები დაარქვეს. როცა რეუბენმა სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, პირმშოობის უფლება იოსებზე გადავიდა (დაბ. 29:31—35; 30:22—25; 35:22—26; 49:22—26; 1 მატ. 5:1, 2). თუმცა მესიის საგვარეულო ხაზი არც რეუბენისგან და არც იოსებისგან არ გაგრძელებულა. იესოს წინაპარი იაკობის მეოთხე ვაჟი, იუდა გახდა, რომელიც მას ლეასგან შეეძინა (დაბ. 49:10).

ლუკას 3:32-ში მოხსენიებულია ხუთი ადამიანი მესიის საგვარეულო ხაზიდან. როგორც ჩანს, ყველა პირმშო იყო. მაგალითად, ბოაზს შეეძინა ობედი, ობედს კი — იესე (რუთ. 4:17, 20—22; 1 მატ. 2:10—12).

მაგრამ დავითი პირმშო არ ყოფილა. ის იესეს მერვე ვაჟი იყო, თუმცა სწორედ ის გახდა მესიის საგვარეულო ხაზის გამგრძელებელი (1 სამ. 16:10, 11; 17:12; მათ. 1:5, 6). იგივე მოხდა სოლომონის შემთხვევაშიც. ის დავითის პირმშო არ იყო, მაგრამ იესოს წინაპარი გახდა (2 სამ. 3:2—5).

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირმშოობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პირველი შვილი გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა და ხშირ შემთხვევაში მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახისთავი ხდებოდა. გარდა ამისა, მას მემკვიდრეობიდან ორმაგი წილი ეკუთვნოდა (დაბ. 43:33; კან. 21:17; იეს. 17:1).

მაგრამ პირმშოობის უფლების სხვისთვის გადაცემა შესაძლებელი იყო. მაგალითად, აბრაამმა სახლიდან გაუშვა ისმაელი და ამგვარად პირმშოობის უფლება ისაკს ერგო (დაბ. 21:14—21; 22:2). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირმშოობის უფლება რეუბენს წაერთვა და იოსებს გადაეცა.

ახლა დავუბრუნდეთ ებრაელების 12:16-ე მუხლს, სადაც ვკითხულობთ: „რათა არ იყოს არც მეძავი და არც ისეთი, ვინც არ აფასებს წმინდას — ესავის მსგავსი, რომელმაც თავისი პირმშოობა ერთ კერძზე გაცვალა“. რის თქმა უნდოდა მოციქულს ამ სიტყვებით?

პავლე აქ არ საუბრობდა მესიის წინაპრებზე. ის უბრალოდ მოუწოდებდა ქრისტიანებს, გაესწორებინათ „ფეხის სავალი“, რათა არ წართმეოდათ „ღვთის წყალობა“, რომელიც სექსუალური უზნეობის ჩადენას მოჰყვებოდა (ებრ. 12:12—16). თუ ისინი ასეთ საქციელს ჩაიდენდნენ, ესავს დაემსგავსებოდნენ, რომელმაც არ დააფასა წმინდა. მე-16 მუხლში გამოყენებული ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც „არ აფასებს“, სიტყვასიტყვით „შებღალვას“ ნიშნავს.

ესავი პატრიარქალურ ეპოქაში ცხოვრობდა და შესაძლოა დროდადრო ჰქონდა პატივი, იეჰოვას წინაშე მსხვერპლი მიეტანა (დაბ. 8:20, 21; 12:7, 8; იობ. 1:4, 5). მაგრამ, როგორც ჩანს, ესავმა ხორციელ აზროვნებას მისცა გასაქანი და ყველაფერი ერთ ჯამ შეჭამანდზე გაცვალა. ალბათ, მას სურდა, თავიდან აერიდებინა ის ტანჯვა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად, აბრაამის შთამომავლებს ელოდათ (დაბ. 15:13). ესავი რომ არ აფასებდა წმინდას და მიდრეკილი იყო წმინდის შემბღალავი საქმეებისკენ, იქიდანაც გამოჩნდა, რომ დაქორწინდა ორ წარმართ ქალზე, რომლებიც მის მშობლებს „სულს უმწარებდნენ“ (დაბ. 26:34, 35). რამხელა განსხვავება იყო ესავსა და იაკობს შორის, რომელმაც ცოლად ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი მოიყვანა! (დაბ. 28:6, 7; 29:10—12, 18).

საბოლოოდ, რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია იესოს ანუ მესიის საგვარეულო ხაზთან დაკავშირებით? ამ საგვარეულო ხაზის გამგრძელებლები ყოველთვის პირმშოები არ იყვნენ. ებრაელებს კარგად ესმოდათ ეს და აღიარეს კიდეც მაშინ, როცა თქვეს, რომ ქრისტე იესეს უმცროსი ვაჟის, დავითის საგვარეულო ხაზში უნდა მოსულიყო (მათ. 22:42).