დაბადება 15:1—21
15 ამ ამბების შემდეგ აბრამს ხილვაში იეჰოვას სიტყვა ეუწყა: „აბრამ, ნუ გეშინია!+ მე ვარ შენი ფარი.+ დიდ ჯილდოს მიიღებ“.+
2 აბრამმა მიუგო: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, განა რა ჯილდო უნდა მომცე, როცა შვილი არა მყავს და ჩემი სახლი დამასკოელმა ელიეზერმა უნდა დაიმკვიდროს?!“+
3 აბრამმა განაგრძო: „ჩემთვის შთამომავალი+ არ მოგიცია და ჩემი მემკვიდრე ჩემი სახლის მსახური ხდება“.
4 იეჰოვამ უთხრა: „არ გახდება ეს კაცი შენი მემკვიდრე. შენი ვაჟი გახდება შენი მემკვიდრე“.+
5 ღმერთმა იგი გარეთ გაიხმო და სთხოვა: „აბა ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას“. შემდეგ უთხრა: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“.+
6 ერწმუნა იგი იეჰოვას+ და მან სიმართლედ ჩაუთვალა ეს.+
7 ღმერთმა განაგრძო: „მე ვარ იეჰოვა, მე გამოგიყვანე ქალდეველთა ქალაქ ურიდან, რათა დაგამკვიდრებინო ეს მიწა“.+
8 აბრამმა ჰკითხა: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, როგორ გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“
9 მან მიუგო: „მომიყვანე სამი წლის დეკეული, სამი წლის დედალი თხა, სამი წლის ვერძი, გვრიტი და ხუნდი“.
10 წაიყვანა აბრამმა ისინი. ცხოველები ორად გაკვეთა და ნაჭრები ერთიმეორის მოპირდაპირედ დააწყო; ფრინველები არ გაუკვეთია.
11 დააცხრნენ მათ მტაცებელი ფრინველები, აბრამი კი იგერიებდა.
12 მზის ჩასვლისას აბრამს ღრმად ჩაეძინა; შიშის მომგვრელმა უკუნმა სიბნელემ მოიცვა იგი.
13 ღმერთმა აბრამს უთხრა: „შენი შთამომავლობა სხვების მიწას შეეხიზნება; დაიმონებენ მათ და 400 წელი დაჩაგრავენ.+
14 მაგრამ მე გავასამართლებ იმ ერს, რომელიც დაიმონებს მათ,+ და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან დიდძალი ქონებით.+
15 შენ კი მშვიდად განისვენებ შენს წინაპრებთან; ღრმად მოხუცებული მოკვდები.+
16 შენი შთამომავლობა — მეოთხე თაობა — დაბრუნდება,+ რადგან ამორეველთა დანაშაული ჯერ არ გასცდენია ზღვარს“.+
17 მზე რომ ჩავიდა და უკუნი სიბნელე ჩამოწვა, აბოლებული ღუმელი გამოჩნდა და ცეცხლოვანმა ჩირაღდანმა ჩაიარა იმ ნაჭრებს შორის.
18 იმ დღეს დაუდო იეჰოვამ აბრამს შეთანხმება:+ „შენს შთამომავალს მივცემ ამ მიწას,+ ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ევფრატამდე:+
19 კენიელთა,+ კენიზელთა, კადმონელთა,
20 ხეთელთა,+ ფერიზელთა,+ რეფაიმთა,+
21 ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა მიწას“.+