არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რას ამბობს ბიბლია ფიცის დადებაზე?

ფიცი არის დადებული პირობა ან აღთქმა რაიმეს შესრულების შესახებ, ხშირ შემთხვევაში ღვთის მოხსენიებით. ის შეიძლება იყოს სიტყვიერი ან წერილობითი.

ზოგი თვლის, რომ დაფიცება არასწორია, რადგან იესომ თქვა: «არაფერი დაიფიცოთ . . . თქვენი „დიახ“ იყოს დიახ, „არა“ კი — არა; რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის» (მათ. 5:33—37). იესომ კარგად იცოდა, რომ მოსეს კანონი ზოგიერთ შემთხვევაში ითვალისწინებდა ფიცის დადებას და ღვთის ერთგული მსახურებიც დებდნენ ხოლმე ფიცს (დაბ. 14:22, 23; გამ. 22:10, 11). მან ისიც კარგად იცოდა, რომ ზოგჯერ იეჰოვაც დებდა ფიცით პირობას (ებრ. 6:13—17). ასე რომ, იესოს ამ სიტყვებით ფიცის დადება არ აუკრძალავს. ის უფრო იმას გულისხმობდა, რომ ფიცი არ უნდა დადებულიყო უშინაარსო და უმნიშვნელო საკითხებზე; ფიცის დამდები პასუხისმგებლობით უნდა მოჰკიდებოდა თავის ნათქვამს და უნდა შეესრულებინა პირობა.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიცის დადებას გთხოვენ? ჯერ დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა პირობის შესრულებას. თუ ვერ შეძლებთ, მაშინ თავი შეიკავეთ ფიცის დადებისგან, რადგან ღვთის სიტყვაც გვირჩევს: „ჯობია, არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო“ (ეკლ. 5:5). შემდეგ ბიბლიური პრინციპების საფუძველზე აწონ-დაწონეთ თქვენი სიტუაცია და განსწავლული სინდისით იმოქმედეთ. რომელია ზოგიერთი პრინციპი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ?

ზოგი ფიცი არ ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. მაგალითად, იეჰოვას მოწმეები ქორწინებისას დებენ აღთქმას, რაც იგივე ფიცია. ღვთისა და მოწმეთა წინაშე ნეფე-პატარძალი პირობას დებს, რომ ეყვარებათ, იზრუნებენ და დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს და ასე იქნება მანამ, სანამ ერთად იცხოვრებენ დედამიწაზე ცოლქმრული კავშირით (ზოგი შეიძლება ზუსტად ამ სიტყვებს არ იმეორებს, მაგრამ ისინი მაინც დებენ აღთქმას ღვთის წინაშე). ამის შემდეგ მათ ოფიციალურად ცოლ-ქმრად აცხადებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მთელი სიცოცხლე ერთად უნდა იყვნენ (დაბ. 2:24; 1 კორ. 7:39). ამ შემთხვევაში ცოლქმრული აღთქმა სრულიად გამართლებულია და არ ეწინააღმდეგება ღვთის ნებას.

ზოგი ფიცი ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. არცერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი არ დაიფიცებს, რომ იარაღის ძალით დაიცავს თავის ქვეყანას ან უარს იტყვის თავის მრწამსზე, რადგან ეს ღვთის კანონის დარღვევა იქნება. ქრისტიანები არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, ამიტომ ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა დაპირისპირებასა თუ კონფლიქტში (იოან. 15:19; ეს. 2:4; იაკ. 1:27).

ზოგჯერ ფიცის დადება სინდისის საკითხია. რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღებამდე კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით იესოს შემდეგ რჩევაზე: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს!“ (ლუკ. 20:25).

დავუშვათ, ქრისტიანს მოქალაქეობის ან პასპორტის მისაღებად ერთგულების ფიცის დადებას სთხოვენ. თუ ამ ფიცის შინაარსი აშკარად ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მაშინ ბიბლიით განსწავლული სინდისიდან გამომდინარე ქრისტიანი უარს იტყვის ასეთი ფიცის დადებაზე. თუმცა ზოგჯერ მას შეიძლება ნება დართონ თავისი პოზიციიდან გამომდინარე სხვა ფორმულირება მისცეს ფიცს.

ასეთი ფიცი შეიძლება შეთანხმებული იყოს რომაელების 13:1-ში ჩაწერილ პრინციპთან: „ყველა დაემორჩილოს ხელისუფლებას“. აქედან გამომდინარე, ქრისტიანმა შეიძლება იფიქროს, რომ არაფერი დაშავდება, თუ ფიცით ისეთ პირობას დადებს, რომლის შესრულებაც, როგორც ღვთის მსახურს, ისედაც მოეთხოვება.

ქრისტიანმა სინდისის ხმას მაშინაც უნდა მოუსმინოს, როცა ფიცის დადების დროს მისგან რაიმე ნივთის ან ჟესტის გამოყენებას ითხოვენ. ძველი რომაელები და სკვითები თავიანთი ნათქვამის სიმართლე რომ დაემტკიცებინათ, ომის ღმერთის სიმბოლოს, თავიანთ მახვილებს იფიცებდნენ. ბერძნები ფიცის დადებისას ხელს ზეცისკენ აღაპყრობდნენ. ამგვარად ისინი აღიარებდნენ, რომ ღვთაებრივი ძალა იყო მათი მოწმე, რომლის წინაშეც პასუხს აგებდნენ.

ფაქტია, ჭეშმარიტი ქრისტიანი ეროვნულ სიმბოლოებს არ დაიფიცებს, რაც კერპთაყვანისმცემლობის ტოლფასი იქნება. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში ბიბლიაზე ხელის დადებას და დაფიცებას მოსთხოვენ? ასეთ შემთხვევაში ქრისტიანმა შეიძლება უარი არ თქვას დაფიცებაზე, რადგან ბიბლიურ დროშიც ღვთის მსახურები ფიცის დადებისას გარკვეულ ჟესტებს მიმართავდნენ (დაბ. 24:2, 3, 9; 47:29—31). თუმცა ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ ფიცის დადებისას ის ღვთის წინაშე დებს პირობას, რომ სიმართლეს ილაპარაკებს. ამიტომ მზად უნდა იყოს, ყველა კითხვას პატიოსნად უპასუხოს.

ჩვენ ვუფრთხილდებით იეჰოვასთან ურთიერთობას. ამიტომ ფიცის დადებამდე უნდა ვილოცოთ და კარგად ავწონ-დავწონოთ, რომ ჩვენი სინდისის წინააღმდეგ არ წავიდეთ ან ბიბლიური პრინციპები არ დავარღვიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ფიცს დავდებთ, არ უნდა გავტეხოთ (1 პეტ. 2:12).