რუთი 4:1—22

  • ბოაზი გამომსყიდველი ხდება (1—12).

  • ბოაზსა და რუთს ვაჟი, ობედი, უჩნდებათ (13—17).

  • დავითის გენეალოგია (18—22).

4  გავიდა ბოაზი ქალაქის კარიბჭესთან+ და იქ დაჯდა. გამოიარა გამომსყიდველმა, რომელიც მან რუთთან ახსენა.+ ამ კაცს, რომლის სახელი ხსენების ღირსიც არაა, ბოაზმა დაუძახა: „მოდი, დაჯექი!“ ისიც მივიდა და დაჯდა. 2  მოუხმო ბოაზმა ქალაქის ათ უხუცესს+ და უთხრა: „დასხედით!“ ისინიც დასხდნენ. 3  მან გამომსყიდველს+ უთხრა: „მოაბიდან დაბრუნებული ნაომი+ ჩვენი ძმის, ელიმელექის,+ მიწის ნაკვეთს ყიდის. 4  ვიფიქრე, შევატყობინებ და ვეტყვი-მეთქი, იყიდე ხალხისა და უხუცესების თანდასწრებით.+ თუ გამოისყიდი, გამოისყიდე, მაგრამ, თუ არ გამოისყიდი, მითხარი, რომ ვიცოდე, რადგან შენ შემდეგ მე ვარ გამომსყიდველი“. მან მიუგო: „გამოვისყიდი“.+ 5  მაშინ ბოაზმა უთხრა: „გახსოვდეს, რომ მიწა, რომელსაც ნაომისგან იყიდი, მოაბელი რუთისაცაა, რომელსაც ქმარი ჰყავს მკვდარი. ამგვარად გარდაცვლილის მემკვიდრეობა კვლავ მის სახელზე დარჩება“.+ 6  გამომსყიდველმა მიუგო: „ვერ გამოვისყიდი, რადგან შეიძლება ვიზარალო*. ჩემ მაგივრად შენ ისარგებლე გამოსყიდვის უფლებით და გამოისყიდე, რადგან მე ვერ გამოვისყიდი“. 7  უწინ ასეთი ჩვეულება იყო ისრაელში: ქონების გადაცემის ან გამოსყიდვის უფლების დასადასტურებლად, კაცს სანდალი უნდა გაეხადა+ და მეორე მხარისთვის მიეცა. ეს შეთანხმების ნიშანი იყო ისრაელში. 8  ასე რომ, გამომსყიდველმა ბოაზს უთხრა: „შენ გამოისყიდე“, და სანდალი გაიხადა. 9  ბოაზმა უხუცესებსა და ხალხს მიმართა: „თქვენ მოწმენი ხართ+ დღეს, რომ მე ვყიდულობ ნაომისგან ყველაფერს, რაც ელიმელექს, ქილიონსა და მახლონს ეკუთვნოდათ! 10  მახლონის ცოლს, მოაბელ რუთსაც, მე გამოვისყიდი და ცოლად შევირთავ, რათა გარდაცვლილის მემკვიდრეობა კვლავ მისი სახელით იწოდებოდეს+ და მისი სახელი კვლავ იხსენიებოდეს მის მოძმეებს შორის და ქალაქის კარიბჭესთან! თქვენ ამის მოწმენი ხართ დღეს!“+ 11  კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესებმა მიუგეს: „მოწმენი ვართ! აკურთხოს იეჰოვამ ქალი, რომელიც შენს სახლში შემოდის! იყოს ის რახელივით და ლეასავით, რომლებმაც გაამრავლეს ისრაელი!+ ხელი მოგემართოს ეფრათაში+ და სახელი მოგეხვეჭოს ბეთლემში!+ 12  იეჰოვამ მოგცეს მაგ ყმაწვილქალისგან შთამომავალი და შენი სახლეულობა ფერეცის+ სახლეულობასავით გახდეს, თამარმა რომ უშვა იუდას!“+ 13  მოიყვანა ბოაზმა რუთი ცოლად და დაწვა მასთან. აკურთხა რუთი იეჰოვამ, დაორსულდა იგი და გააჩინა ვაჟი. 14  უთხრეს ქალებმა ნაომის: „დიდება იეჰოვას, რომელმაც არ დაგტოვა გამომსყიდველის გარეშე! სახელი გაითქვას ყრმამ ისრაელში! 15  მან შთაგბერა ახალი სიცოცხლე და ის იზრუნებს შენზე სიბერეში, რადგან იგი შენმა მოყვარულმა რძალმა გააჩინა,+ შვიდ ვაჟს რომ გირჩევნია!“ 16  ნაომიმ აიყვანა ბავშვი და გულში ჩაიკრა. ის გახდა მისი გამზრდელი. 17  მეზობელმა ქალებმა ბავშვს ობედი+ დაარქვეს და თქვეს, ნაომის ვაჟი შეეძინაო. ის გახდა დავითის მამის, იესეს,+ მამა. 18  ესენი არიან ფერეცის+ შთამომავლები: ფერეცს შეეძინა ხეცრონი,+ 19  ხეცრონს — რამი, რამს — ამინადაბი,+ 20  ამინადაბს+ — ნახშონი, ნახშონს — სალმონი, 21  სალმონს — ბოაზი, ბოაზს — ობედი, 22  ობედს — იესე,+ იესეს — დავითი.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ჩემი მემკვიდრეობა ვაზარალო“.