არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მუყაითად შრომა ვარჯიშივითაა, რომელიც ახლაც წაგადგება და მომავალშიც

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

11. შრომისმოყვარეობა

11. შრომისმოყვარეობა

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ

შრომისმოყვარე ადამიანებს არ ეთაკილებათ მუშაობა. პირიქით, თავი რომ ირჩინონ და სხვებსაც დაეხმარონ, მძიმედ შრომობენ მაშინაც კი, თუ სამუშაო ნაკლებად პრესტიჟულია.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ

გვინდა თუ არა, პასუხისმგებლობებს ვერსად გავექცევით. დღეს ბევრს არ უყვარს შრომა, ამიტომ თუ გამრჯე იქნები, ეს შენთვისვე იქნება კარგი (ეკლესიასტე 3:13).

„ერთ რამეს მივხვდი: როცა მუყაითი ხარ, ღირსების გრძნობა გიმაღლდება და შინაგან კმაყოფილებას გრძნობ. ამიტომაც შემიყვარდა შრომა. მეტიც, თუ შრომისმოყვარე იქნები, კარგი რეპუტაცია გექნება“ (რეიონი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა“ (იგავები 14:23).

ᲔᲪᲐᲓᲔ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔ

ქვემოთ მოყვანილი რჩევების გათვალისწინება დაგეხმარება, შეიყვარო შრომა.

ეცადე, ნებისმიერი საქმე ხარისხიანად შეასრულო. მნიშვნელობა არა აქვს, სახლის საქმეს აკეთებ, საშინაო დავალებებს ამზადებ თუ სამსახურში რაღაც გაქვს გასაკეთებელი, საქმე მთელი მონდომებით აკეთე. მას შემდეგ, რაც დავალებას თავს გაართმევ, იფიქრე, როგორ გაუმჯობესდე, მაგალითად, უფრო სწრაფად ან უფრო ხარისხიანად შეასრულო ის. რაც უფრო გაიწაფები, მით მეტ სიამოვნებას მოგანიჭებს შენი საქმე.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „გინახავს თავისი საქმის მცოდნე კაცი? მეფეთა წინაშე წარდგება იგი და არა უბრალო ხალხის წინაშე!“ (იგავები 22:29).

შეეცადე, მთლიანი სურათი დაინახო. თითქმის ყოველთვის, როცა დავალებებს პირნათლად ასრულებ, სხვებისთვისაც მოგაქვს სიკეთე. მაგალითად, თუ სახლის საქმეებს დაუზარებლად და გულდასმით გააკეთებ, ოჯახის წევრებს ტვირთს შეუმსუბუქებ.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

ნუ დაკმაყოფილდები მცირედის კეთებით. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ იმის კეთებით დაკმაყოფილდე, რასაც გავალებენ, შეეცადე, უფრო მეტი გააკეთო. ამგვარად აჩვენებ, რომ შენი ცხოვრების ბატონ-პატრონი ხარ — იმიტომ კი არ აკეთებ მეტს, რომ ვალდებული ხარ, არამედ იმიტომ, რომ თავად გინდა, ასე მოიქცე (მათე 5:41).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „შენი კეთილი საქმე ნებაყოფლობითი იყოს და არა ნაძალადევი“ (ფილიმონი 14).

იყავი გაწონასწორებული. მუყაითი ადამიანი ზარმაცი არ არის, მაგრამ არც მუშაობის მანიითაა შეპყრობილი. ის ცდილობს, ყველაფერში გაწონასწორებული იყოს — გამრჯეა და საქმეში სიამოვნებას პოულობს, თუმცა არც დასვენებაზე ამბობს უარს.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6).