არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

რატომ უნდა შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? (ნაწილი 1)

რატომ უნდა შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? (ნაწილი 1)

 მშობლებო, თავისუფალ დროს თქვენს შვილს ვიდეოების ყურება და ტელეფონში ძრომიალი ურჩევნია თუ წიგნების კითხვა?

 უკვე ათწლეულებია, წიგნებს კონკურენტი გამოუჩნდა ჯერ ტელევიზიის, შემდეგ კი ონლაინმასალის სახით. „დროის სვლასთან ერთად კითხვა უფრო და უფრო დაკარგავს პოპულარობას“ — დაწერა ერთმა მწერალმა, ჯეინ ჰილიმ, 1990 წელს გამოცემულ ერთ თავის წიგნში (Endangered Minds).

 მაშინ ეს განაცხადი გაზვიადებული ჩანდა, თუმცა გავიდა წლები და დღეს სწორედ ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. როგორც განათლების სფეროში მომუშავე ხალხი შენიშნავს, ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში ახალგაზრდების უმეტესობას ნაკლებად აქვს განვითარებული ანალიტიკური კითხვის უნარი.

ამ სტატიაშია:

 რატომ უნდა შევაყვაროთ ბავშვს კითხვა?

  •   კითხვა წარმოსახვის უნარს ავითარებს. წიგნში ავტორი ყოველთვის გვაძლევს გარკვეულ მიმართულებას, თუმცა ბევრი რამ ჩვენს წარმოსახვაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თავად უნდა წარმოვიდგინოთ, როგორი ხმა აქვს წიგნის პერსონაჟს, როგორ გამოიყურება ან როგორ გარემოში ვითარდება სიუჟეტი.

     ერთი მშობელი, ლაურა, ამბობს: „როცა ფილმს ან ვიდეოს უყურებ, სხვა ადამიანის წარმოსახვის ნაყოფს ხედავ. თავისთავად ესეც სასიამოვნოა, მაგრამ კითხვა განსაკუთრებული პროცესია, რადგან ამ დროს სხვისი დაწერილი სიტყვები შენს გონებაში ცოცხლდება“.

  •   კითხვა ბავშვს კარგ თვისებებს უვითარებს. კითხვა ბავშვს პრობლემის გადაჭრის და გაანალიზების უნარს უვითარებს. აგრეთვე ეხმარება, გაიუმჯობესოს კონცენტრაციის უნარი. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, ისეთი თვისებების განვითარებას უწყობს ხელს როგორებიცაა: მოთმინება, თავშეკავება და თანაგრძნობა.

     ზოგიერთი მკვლევრის აზრით, როცა ბავშვი ნელა და დაკვირვებით კითხულობს წიგნს, ეს ეხმარება, პერსონაჟის ადგილას წარმოიდგინოს თავი და ჩასწვდეს მის გრძნობებს. შედეგად, ბავშვი რეალურ ცხოვრებაშიც უფრო თანამგრძნობი ხდება.

  •   კითხვა აუმჯობესებს აზროვნების უნარს. ვისაც დაკვირვებით კითხვა სჩვევია, კითხვის დროს არასდროს აჩქარდება. ავტორის ნათქვამის უკეთ გასაგებად, შეიძლება რამდენჯერმეც კი დაუბრუნდეს უკვე წაკითხულს. ამის წყალობით, მასალა უკეთ ამახსოვრდება და ცხოვრებაშიც იყენებს (1 ტიმოთე 4:15).

     ერთი მშობელი, ჯოზეფი, აღნიშნავს: „კითხვის დროს შესაძლებლობა გეძლევა, წინადადება გაიაზრო, მიღებული ინფორმაცია იმას დაუკავშირო, რაც უკვე იცი, და რაღაც გაკვეთილი ისწავლო. ასეთი სახის აზროვნებას ვიდეოები და ფილმები ვერ ავითარებს“.

 დასკვნა: რა თქმა უნდა, ფილმებსა და ვიდეოებს თავისი ადგილი აქვთ, მაგრამ თუ თქვენი შვილი კითხვას საკმარის დროს არ დაუთმობს, ძალიან ბევრს დაკარგავს.

 როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა?

  •   რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი. ორი ბიჭის დედა, ქლოე, ამბობს: „ჩვენს შვილებს მუცლადყოფნის დროიდან ვუკითხავთ წიგნებს. გვიხარია, რომ ძალისხმევა დაგვიფასდა. დღეს მათ კითხვა ძალიან უყვართ, ეს მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა“.

     ბიბლიური პრინციპი: „ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები“ (2 ტიმოთე 3:15).

  •   იქონიეთ კარგი ბიბლიოთეკა. სახლში ბავშვს ადვილად უნდა მიუწვდებოდეს ხელი წასაკითხ მასალაზე. „ისეთი წიგნები შეიძინეთ, რომლებსაც თქვენი შვილები სიამოვნებით წაიკითხავენ, და საძინებელში თავთან დაუდეთ“ — ამბობს ოთხი შვილის დედა, სახელად თამარი.

     ბიბლიური პრინციპი: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს, და ის სიბერეშიც კი არ გადავა ამ გზიდან“ (იგავები 22:6).

  •   ზოგჯერ გამორთეთ ინტერნეტი. ერთი მამა, დანიელი, გვირჩევს: „კარგი იქნება, თუ კვირაში ერთ საღამოს მაინც გაატარებთ ტელევიზორისა და ინტერნეტის გარეშე. ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცევით და ამ დროს ხან ერთად ვკითხულობთ და ხანაც ცალ-ცალკე“.

     ბიბლიური პრინციპი: „[დაინახეთ], რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

  •   მაგალითი იყავით შვილებისთვის. კარინა, რომელსაც ორი გოგონა ჰყავს, გვირჩევს: „როცა ბავშვებს რაღაცას უკითხავთ, ეცადეთ, მშრალად არ წაიკითხოთ, ცოცხლად გადმოეცით მასალა. თუ ბავშვები დაინახავენ, რომ სიამოვნებით კითხულობთ წიგნებს, დიდი ალბათობით, თქვენ მოგბაძავენ“.

     ბიბლიური პრინციპი: „მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს“ (1 ტიმოთე 4:13).

 შეიძლება თქვენი შვილი მთლად „წიგნის ჭიად“ არ იქცეს, მაგრამ იმას მაინც მიაღწევთ, რომ ის კითხვის ფასს დაინახავს. ორი გოგონას მამამ, დეივიდმა, კიდევ ერთ მეთოდს მიმართა. ის ამბობს: „იმავე წიგნებს ვკითხულობდი, რასაც ჩემი გოგოები. ამის წყალობით ყოველთვის გვქონდა სასაუბრო თემა, თანაც ვიცოდი, რა ინტერესები ჰქონდათ ჩემს შვილებს. შეიძლება ითქვას, რომ სახლში პატარა ლიტერატურული კლუბი გვქონდა, რაც ძალიან სახალისო იყო“.