არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ფიქრობთ, მართლა მოხდა ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები?

როგორ ფიქრობთ, მართლა მოხდა ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები?

როგორ ფიქრობთ, მართლა მოხდა ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები?

თუ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელ ისტორიას მოგიყვებოდათ სანდო ადამიანი, დაეჭვდებოდით მის ნათქვამში? მის სიტყვებს დამაჯერებლობას შეჰმატებდა არა მხოლოდ ის, თუ როგორ მოგიყვებოდათ ამ ამბავს, არამედ ისიც, თუ როგორი რეპუტაციით სარგებლობს იგი თქვენს თვალში. თუ წლების მანძილზე ეს ადამიანი ყოველთვის სიმართლეს გეუბნებოდათ და განზრახ არასდროს მოუტყუებიხართ, განა ამჯერადაც არ ერწმუნებოდით მის სიტყვებს?!

იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიაში ჩაწერილ სასწაულებზეც. არც ერთ ჩვენგანს არ გვინახავს საკუთარი თვალით ეს საკვირველი მოვლენები. მაგრამ შეგვიძლია დავადგინოთ, რამდენად სანდოა ბიბლიური ისტორიები და რამდენად შეესაბამება სინამდვილეს. ახლა ვისაუბრებთ რამდენიმე მხარეზე, რაც ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულების უტყუარობაში დაგვარწმუნებს.

ბევრი სასწაული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოხდა. ზოგჯერ სასწაულების თვითმხილველი მილიონობით თუ არა, ათასობით კაცი მაინც იყო (გამოსვლა 14:21—31; 19:16—19). ეს სასწაულები არ ხდებოდა ხალხის თვალისგან მალულად.

სასწაულები არ იყო პომპეზური. სასწაულები, რომლებიც ბიბლიაშია მოხსენიებული, არ იყო სანახაობრივი და თან არ ახლდა სპეცეფექტები. ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულების უმეტესობა დაუგეგმავად ხდებოდა და თანაც მაშინ, როცა ხალხი ითხოვდა დახმარებას (მარკოზი 5:25—29; ლუკა 7:11—16). ასეთ დროს შეუძლებელი იყო, სასწაული დადგმული სანახაობა ყოფილიყო.

სასწაულებს საკუთარი დიდებისა და სიმდიდრის მოსაპოვებლად არ ახდენდნენ. სასწაულები განადიდებდა ღმერთს (იოანე 11:1—4, 15, 40). ნებისმიერი, ვინც ცდილობდა, ამ სასწაულებით ხელი მოეთბო, ისჯებოდა (2 მეფეები 5:15, 16, 20, 25—27; საქმეები 8:18—23).

ის ფაქტი, რომ ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები ათასგვარი იყო, იმაზე მეტყველებს, რომ მათ მიღმა ზეადამიანური ძალა იდგა. აი, ამ სასწაულებიდან ზოგიერთი: ზღვის დაწყნარება და ქარის ჩადგომა, წყლის ღვინოდ გადაქცევა, წვიმის შეწყვეტა თუ წამოსვლა, ავადმყოფების განკურნება და უსინათლოებისთვის თვალის ახელა. ამ და კიდევ ბევრი სხვა სასწაულიდან ჩანს, რომ ზებუნებრივი ძალის დახმარების გარეშე მათი მოხდენა შეუძლებელი იქნებოდა (1 მეფეები 17:1—7; 18:41—45; მათე 8:24—27; ლუკა 17:11—19; იოანე 2:1—11; 9:1—7).

მოწინააღმდეგეებიც კი, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს სასწაულები, აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც მოხდა. როცა იესომ მკვდრეთით აღადგინა თავისი მეგობარი ლაზარე, მისმა მტრებმა ეჭვქვეშ ვერ დააყენეს ის ფაქტი, რომ ლაზარე მართლაც მკვდარი იყო. მიზეზი ის იყო, რომ ლაზარე უკვე ოთხი დღე იყო სამარხში (იოანე 11:45—48; 12:9—11). იესოს სიკვდილიდან საუკუნეების გასვლის შემდეგაც კი თალმუდის დამწერები აღიარებდნენ, რომ იესოს სასწაულების მოხდენის ძალა ჰქონდა. ისინი მხოლოდ იმას აყენებდნენ ეჭვქვეშ, თუ ვინ აძლევდა მას სასწაულების მოხდენის ძალას. მსგავსად, როცა იესოს მოწაფეები სასამართლოს წინაშე წარადგინეს, ის კი არ ჰკითხეს, მართლა მოახდინეთო სასწაულიო, არამედ უთხრეს, რა ძალით ან ვისი სახელით გააკეთეთო ეს? (საქმეები 4:1—13).

შენ რაღას იტყვი? გჯერა, რომ მართლა მოხდა ბიბლიაში მოხსენიებული სასწაულები? ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ის, რასაც ბიბლია მოგვითხრობს სასწაულების შესახებ, ნამდვილად სარწმუნოა. გარდა ამისა, არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც უნდა ვერწმუნოთ ბიბლიურ ცნობებს. მაგალითად, როდესაც საუბარია რაიმე მოვლენაზე, დასახელებულია დრო, ადგილი და მოქმედ პირთა სახელები. ბიბლიის კრიტიკოსებიც კი გაოცებას ვერ მალავენ, როცა კითხულობენ, რა სიზუსტითაა აღწერილი ღვთის სიტყვაში ესა თუ ის ისტორიული მოვლენა. ბიბლიის ასობით წინასწარმეტყველება დეტალურად შესრულდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიბლიაში მოცემულია უამრავი რჩევა იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან; ეს რჩევები უკვე ყველა ასაკისა თუ სოციალური ფენის ადამიანს დაეხმარა. როცა საქმე ადამიანურ ურთიერთობებს ეხება, ბიბლიაში ჩაწერილ რჩევებს ბადალი არ მოეძებნება.

თუ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული ღვთის სიტყვის უტყუარობაში, კარგი იქნება, თუ საგულდაგულოდ გამოიკვლევ ამ წიგნს. რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენ ბიბლიიდან, მით უფრო განგიმტკიცდება მის მიმართ ნდობა (იოანე 17:17). მაშინ დაიჯერებ, რომ ბიბლიურ დროში მომხდარი სასწაულები მართლაც მოხდა. თუ ამ ცნობების უტყუარობაში დარწმუნდები, ეჭვი აღარც იმაში შეგეპარება, რომ ახლო მომავალში სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებებიც შესრულდება.

[სურათი 7 გვერდზე]

იესოს მტრებმა ეჭვქვეშ ვერ დააყენეს ის ფაქტი, რომ ლაზარე მართლაც მკვდარი იყო