არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად აქვს სიცოცხლეს აზრი?

ნამდვილად აქვს სიცოცხლეს აზრი?

ნამდვილად აქვს სიცოცხლეს აზრი?

„აქვს სიცოცხლეს აზრი?“ ამ კითხვას არაერთი ადამიანი სვამს. რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ადამიანები, სამწუხაროდ, ბევრისთვის მთელი ცხოვრება, როგორც ავსტრალიელი ნევროპათოლოგი ვიქტორ ფრანკლი ხსნის, „აზრს მოკლებული და ცარიელია“.

რატომ გრძნობს ბევრი თავს ასე? პირველ რიგში იმიტომ, რომ მილიონები წარმოუდგენლად საშინელ პირობებში ცხოვრობენ და უკიდურესად დათრგუნულნი არიან. სიღარიბე, ავადმყოფობა, ძალადობა და ჩაგვრა მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათი ყოფა „შფოთით აღსავსეა“, როგორც ძველად ღვთის მსახურის იობის შემთხვევაში იყო (იობი 14:1). მათი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ დღიდან დღემდე როგორმე გაიტანონ თავი.

მილიონები კი შედარებით კარგ პირობებში ცხოვრობენ. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ ისინი ცხოვრებით კმაყოფილნი არიან. თუმცა, უმეტესობაზე ამას ვერ ვიტყვით. რადგან ისევ და ისევ „გასაჭირი და ტანჯვა“ — მოულოდნელი ფინანსური კრახი თუ ტრაგედია, როგორიცაა შვილის სიკვდილი — მათ იმედებსა და ოცნებებს ამსხვრევს (ფსალმუნი 90:10).

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანთა ცხოვრება კიდევ უფრო უაზრო და ცარიელია. ეს ადამიანის ხანმოკლე სიცოცხლეა. ბევრისთვის ამოუხსნელია ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელსაც საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს, ასე ცოტა ხანს ცოცხლობს. ისინი ვერ ეგუებიან მწარე რეალობას, რომლის წინაშეც თითოეული ჩვენგანი დგას: მაშინაც კი, თუ ცხოვრების მანძილზე არანაირი უბედურება არ გვატყდება თავს, ადრე თუ გვიან, სიკვდილი მოგვადგება კარს (ეკლესიასტე 3:19, 20).

ყოველთვის აზრს მოკლებული იქნება ცხოვრება?

ისრაელის მეფემ, სოლომონმა ეს ვითარება ზუსტად შეაფასა. ის ხედავდა, როგორ მძიმედ შრომობდა მის დროს ხალხი. ისინი მთელ თავიანთ ძალ-ღონეს ხვნა-თესვას, შენებასა და ოჯახზე ზრუნვას ახმარდნენ. ასე ხდება დღესაც. სოლომონს აინტერესებდა, რას მოუტანდა ეს ყოველივე ადამიანს. ბოლოს კი დაასკვნა, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, „ამაოება . . . და ქარის დევნაა“ (ეკლესიასტე 2:17).

მაგრამ ფიქრობდა მეფე სოლომონი, რომ ეს ყოველთვის „ამაოება და ქარის დევნა“ იქნებოდა? რა თქმა უნდა, არა. ის უბრალოდ ამ არასრულყოფილ ქვეყნიერებაში არსებულ რეალობაზე საუბრობდა. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ ყოველთვის ყველაფერი ასე არ იქნება.

როგორ შეგიძლიათ ამაში დარწმუნდეთ? წაიკითხეთ მომდევნო ორი სტატია. ეს სტატიები დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რატომ არის ცხოვრება აზრს მოკლებული, როგორ გამოსწორდება ეს მდგომარეობა და როგორ შეიძლება, დღესვე აზრიანი გახდეს თქვენი ცხოვრება.