არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ მიიღეს მესია?

რატომ არ მიიღეს მესია?

რატომ არ მიიღეს მესია?

დედამიწაზე ყოფნისას იესო ანცვიფრებდა ხალხს თავისი საუბრებითა და სასწაულებით. შედეგად ბევრმა ირწმუნა, რომ იესო ნაწინასწარმეტყველები მესია ანუ ქრისტე იყო. აი, რას ფიქრობდნენ ისინი: „როცა ქრისტე მოვა, განა ამაზე მეტ ნიშანს მოახდენს?“ (იოანე 7:31).

იესო რომ მესია იყო, უამრავი მტკიცება არსებობდა. და მაინც, უმრავლესობამ, ვინც იესო იხილა და მისი ქადაგება მოისმინა, არ ირწმუნა იგი. თავიდან ზოგმა ირწმუნა იესო, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლოს მიატოვა. უამრავი არგუმენტის მიუხედავად, რატომ არ ცნო უმრავლესობამ იესო მესიად? განვიხილოთ ამის მიზეზები და ვკითხოთ საკუთარ თავს: შეიძლება, რომ დღეს მეც იგივე შეცდომა დავუშვა?

გამტყუნებული მოლოდინი

იმ დროს, როცა იესო დაიბადა, მრავალი იუდეველი მესიის მოლოდინში იყო. ჩვილი იესო ტაძარში რომ მიიყვანეს, იქ იყვნენ ისეთები, „ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა“ დაპირებული მესიისგან (ლუკა 2:38). მოგვიანებით, ბევრს, ვინც იოანე ნათლისმცემელს აკვირდებოდა, აინტერესებდა „იქნებ ეს არისო ქრისტე“ (ლუკა 3:15). მაშ, რას ელოდნენ პირველ საუკუნეში იუდეველები მესიისგან?

იმ დროს იუდეველებში გავრცელებული იყო შეხედულება, რომ მოვიდოდა მესია, რომელიც იუდეველებს რომაელთა მჩაგვრელი უღლისგან იხსნიდა და ისრაელს მიწიერ სამეფოს აღუდგენდა. სანამ იესო ქადაგებას დაიწყებდა, გამოჩნდნენ ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც არსებული პოლიტიკური მმართველობის ძალისმიერი გზით შეცვლის მომხრენი იყვნენ. როგორც ჩანს, მათი გავლენით ადამიანებს ჩამოუყალიბდათ წარმოდგენა იმაზე, თუ რას გააკეთებდა მესია, როცა მოვიდოდა.

იესო ძალიან განსხვავდებოდა ამ ცრუ მესიებისგან. ის მხარს არ უჭერდა ძალადობას და თავის მსმენელებს ასწავლიდა, ჰყვარებოდათ თავიანთი მტრები და დამორჩილებოდნენ ხელისუფლებას (მათე 5:41—44). ხალხის სურვილის მიუხედავად, იესომ უარი თქვა გამეფებაზე. ის ასწავლიდა, რომ მისი სამეფო „ამ ქვეყნიერების ნაწილი“ არ იყო (იოანე 6:15; 18:36). მიუხედავად ამისა, მესიაზე წინასწარშექმნილმა აზრმა ხალხზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

იოანე ნათლისმცემელი პირადად იყო იმ სასწაულის მოწმე, რომელიც ადასტურებდა, რომ იესო ღვთის ძე იყო. მიუხედავად ამისა, საპატიმროში მყოფმა იოანემ თავისი მოწაფეები იესოსთან გაგზავნა, რათა ეკითხათ: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“ (მათე 11:3). შესაძლოა იოანეს აინტერესებდა, ნამდვილად იყო თუ არა იესო აღთქმული მხსნელი, რომელიც იუდეველთა მოლოდინს გაამართლებდა.

იესოს მოციქულებს უჭირდათ იმის გაგება, რომ ის უნდა მომკვდარიყო და შემდეგ მკვდრეთით აღმდგარიყო. ერთხელ, როცა იესომ მათ უთხრა, რომ მესიას აუცილებლად უნდა ეტანჯა და მომკვდარიყო, პეტრემ „გვერდზე გაიყვანა და გაკიცხვა დაუწყო“ (მარკოზი 8:31, 32). პეტრეს ბოლომდე არ ესმოდა, რატომ უნდა მომკვდარიყო მესია.

ახ. წ. 33 წელს, პასექის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე, იერუსალიმში შესულ იესოს ხალხი ოვაციებით ეგებებოდა და როგორც მეფეს, ისე ესალმებოდა (იოანე 12:12, 13). მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. ერთი კვირის თავზე იესო დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. მისი სიკვდილით დამწუხრებული ორი მოწაფე ამბობდა: „ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის დაიხსნიდა ისრაელს“ (ლუკა 24:21). მაშინაც კი, როცა მკვდრეთით აღმდგარი იესო მოწაფეებს ეჩვენა, მათ ჯერ კიდევ ეგონათ, რომ მესია მიწიერ სამეფოს დაამყარებდა. მოწაფეებმა ჰკითხეს მას: „უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს?“ აშკარაა, რომ მესიის როლის შესახებ არასწორი წარმოდგენა იესოს მსმენელებს ძვალ-რბილში ჰქონდათ გამჯდარი (საქმეები 1:6).

მოწაფეები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ მესია ზეციდან იმეფებდა, როცა იესო ზეცად ამაღლდა და მოწაფეებზე წმიდა სული გადმოვიდა (საქმეები 2:1—4, 32—36). პეტრე და იოანე მოციქულები გაბედულად ქადაგებდნენ იესოს აღდგომას და სასწაულებს ახდენდნენ, რაც ღვთის მხარდაჭერაზე მოწმობდა (საქმეები 3:1—9, 13—15). მათ ქადაგებას ათასობით იერუსალიმელი გამოეხმაურა და ირწმუნა იესო. მაგრამ ეს ძალიან არ მოსწონდათ იუდეველ წარჩინებულებს. მათ იესოს მოციქულებსა და მოწაფეებსაც დაუწყეს დევნა, როგორც მესიას დევნიდნენ. რატომ უარყოფდნენ იესოს ასე კატეგორიულად რელიგიური წინამძღოლები?

რელიგიური წინამძღოლებისგან უარყოფილი

იმ დროს, როცა იესო დედამიწაზე მოვიდა, იუდეველთა რელიგიური წინამძღოლების აზროვნება და ჩვეულებები ძალიან შორს იყო იმისგან, რასაც წმინდა წერილები ასწავლიდა. სადუკეველები, ფარისევლები და მწიგნობრები ადამიანთა ტრადიციებს იცავდნენ და მას ღვთის წერილობით სიტყვაზე წინ აყენებდნენ. მათ არაერთხელ დაადანაშაულეს იესო იმის გამო, რომ კანონს არღვევდა და შაბათობით ავადმყოფებს კურნავდა. იესო დამაჯერებლად ამხელდა მათ უღვთო სწავლებებს და ამით ეჭვქვეშ აყენებდა, როგორც მათ უფლებამოსილებას, ისე მათ განაცხადს, რომ ღვთის წინაშე მართლები იყვნენ. მათგან განსხვავებით, იესო უბრალო ოჯახიდან იყო და ოფიციალური რელიგიური განათლება არ ჰქონდა მიღებული. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ამაყ ადამიანებს უჭირდათ იესოს მესიად აღიარება. საწინააღმდეგო აზრის მოსმენაზე ისინი ძალიან ღიზიანდებოდნენ და ბოლოს „მოითათბირეს, რომ მოეკლათ იესო“ (მათე 12:1—8, 14; 15:1—9).

მაშ, რით ხსნიდნენ რელიგიური წინამძღოლები იესოს სასწაულებს? ისინი არ უარყოფდნენ, რომ იესო სასწაულებს ახდენდა, თუმცა მკრეხელურად ცდილობდნენ, ხალხისთვის იესოსადმი რწმენა დაეკარგვინებინათ. სასწაულების მოხდენის ძალას ისინი სატანას მიაწერდნენ. „ეს კაცი ვერ განდევნიდა დემონებს, მათი მმართველის, ბელზებელის დახმარების გარეშე“, — ამბობდნენ ისინი (მათე 12:24).

იესო მესიად სხვა სერიოზული მიზეზის გამოც არ ცნეს. მას შემდეგ, რაც იესომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და ამბობდნენ: „რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ ნიშანს ახდენს? თავი რომ დავანებოთ, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ადგილსაც და ერსაც“. თავიანთი ძალაუფლებისა და მდგომარეობის დაკარგვის შიშით, რელიგიური წინამძღოლები იესოსა და ლაზარეს მოსაკლავად შეითქვნენ (იოანე 11:45—53; 12:9—11).

წინასწარშექმნილი აზრი და დევნა

პირველ საუკუნეში იუდეველთა რელიგიურმა წინამძღოლებმა შექმნეს საზოგადოებრივი აზრი — მტრად მიეჩნიათ ყველა, ვინც იესოს მესიად აღიარებდა. თავიანთი მდგომარეობით გაამაყებულები ყველას, ვინც იესოს ირწმუნებდა, ამცირებდნენ და ამბობდნენ: „განა ირწმუნა ის რომელიმე მმართველმა ან ფარისეველმა?“ (იოანე 7:13, 48). ზოგი იუდეველი მმართველი, მაგალითად ნიკოდემე და იოსებ არიმათეელი იესოს მოწაფეები გახდნენ, მაგრამ ხალხის შიშით ამის შესახებ ხმამაღლა არ აცხადებდნენ (იოანე 3:1, 2; 12:42; 19:38, 39). იუდეველმა მმართველებმა ბრძანება გამოსცეს, რომ „სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას [იესოს] ქრისტედ აღიარებდა“ (იოანე 9:22). ასეთ ადამიანებს გაურბოდნენ და ზიზღით უყურებდნენ, როგორც საზოგადოებისგან გარიყულებს.

იესოს მოციქულებისა და მოწაფეების შევიწროება ბოლოს სასტიკ დევნაში გადაიზარდა. გაბედულად ქადაგებისთვის მოციქულები იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს, სინედრიონის, წინაშე წარდგნენ (საქმეები 5:40). მოწინააღმდეგეებმა სტეფანეს ღვთის გმობაში დასდეს ბრალი. ისიც სინედრიონის წინაშე წარადგინეს და ქვებით ჩაქოლეს. „იმ დღიდან იერუსალიმის კრების საშინელი დევნა დაიწყო. მოციქულების გარდა, ყველა იუდეასა და სამარიაში გაიფანტა“ (საქმეები 6:8—14; 7:54—8:1). სავლე, რომელიც მოგვიანებით მოციქული პავლე გახდა, მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში, რომელსაც ოფიციალურად მხარს უჭერდა მღვდელმთავარი და „ყველა უხუცესი“ (საქმეები 9:1, 2; 22:4, 5).

ასეთ რთულ ვითარებაშიც კი, იესოს სიკვდილის შემდეგ ქრისტიანები რიცხობრივად სწრაფად იზრდებოდნენ. მართალია, ათასობით ადამიანი გახდა მორწმუნე, მაგრამ პირველი საუკუნის პალესტინაში ქრისტიანები მაინც უმცირესობას წარმოადგენდნენ. თუ ვინმე საჯაროდ იტყოდა, რომ ქრისტეს მიმდევარი იყო, მას დევნიდნენ და საზოგადოებისგან რიყავდნენ.

რატომ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა?

როგორც დავინახეთ, მცდარმა აზრმა, საზოგადოების ზეწოლამ და დევნამ პირველ საუკუნეში ბევრს შეუშალა ხელი, რომ ქრისტეს მოწაფე გამხდარიყო. იესოსა და მის სწავლებებზე გავრცელებული მცდარი შეხედულებები დღესაც ბევრს აბრკოლებს, რომ გახდეს ქრისტეს მიმდევარი. მაგალითად, ბევრს ასწავლეს, რომ ღვთის სამეფო მათ გულებშია, ან, რომ სამეფო ადამიანთა ხელით დამყარდება. სხვებს არწმუნებენ, კაცობრიობის პრობლემებიდან გამოსავალი მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ეძებონ და ამგვარად, იფიქრონ, რომ მესიისადმი რწმენის გამოვლენა სულაც არ არის საჭირო. ბევრი თანამედროვე კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ბიბლიაში აღწერილი იესოს მსახურების ეპიზოდები არ არის ისტორიულად დადასტურებული. ეს ადამიანები, ამგვარად, ძირს უთხრიან მესიისადმი რწმენას.

ასეთი იდეებისა და თეორიების შედეგი ის არის, რომ ბევრს ვერ გაურკვევია მესიის როლი ან საჭიროდ არ თვლის ამ საკითხში გარკვევას. მაგრამ მათთვის, ვისაც გულით სურს ამ საკითხის გამოკვლევა, დღეს უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ იესო მესია იყო, ვიდრე პირველ საუკუნეში არსებობდა. ჩვენ გვაქვს ებრაული წერილები, რომლებშიც მრავალი წინასწარმეტყველებაა იმისა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მესიას. გარდა ამისა, გვაქვს ოთხი სახარება, რომლებშიც აღწერილია ის, თუ რა გააკეთა იესომ ამ წინასწარმეტყველებების შესასრულებლად. *

სინამდვილეში, ყველა ჩვენგანს გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ გამოვიკვლიოთ იესოს როლი და ეს, რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ. რატომ? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის სამეფოს მეფე, იესო, მალე გაანადგურებს დედამიწის მომსპობთ და სამართლიან ხელისუფლებას დაამყარებს დედამიწაზე, სადაც მორჩილი საზოგადოება მარადიულად იცხოვრებს სამოთხისებურ გარემოში (დანიელი 2:44; გამოცხადება 11:15, 18; 21:3—5). ასეთი მომავალი თქვენც შეგიძლიათ გქონდეთ, თუ ყველანაირად ეცდებით, დღესვე შეიძინოთ ცოდნა იესოს შესახებ და ირწმუნოთ იგი. გულთან ახლოს მიიტანეთ იესოს სიტყვები: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

[სქოლიო]

^ აბზ. 22 იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-200 გვერდზე მოცემული ცხრილი „წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 20 გვერდზე]

პირველ საუკუნეში რომ გეცხოვრათ, მიიღებდით იესოს მესიად?

[სურათი 21 გვერდზე]

არ დაუშვათ, რომ წინასწარშექმნილმა აზრმა ხელი შეგიშალოთ იესოს შესახებ ჭეშმარიტების გაგებაში!