არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იქაც მკვიდრობენ, მაგრამ ვინ?

იქაც მკვიდრობენ, მაგრამ ვინ?

იქაც მკვიდრობენ, მაგრამ ვინ?

ევროპაში ერთი ხანდაზმული ქალი კრიალოსნით ხელში ეკლესიაში შედის და მოწიწებით იყრის მუხლს მარიამის ქანდაკების წინაშე. აფრიკაში ცოლ-ქმარი ჯინს ღვრის პატივდებული ნათესავის საფლავზე. ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი იმედოვნებს, რომ მარხვითა და მედიტაციით თავის მფარველ ანგელოზთან დაამყარებს კავშირს. აზიაში მღვდელი ფერადი ქაღალდებისგან დამზადებულ ნივთებს წვავს გარდაცვლილთა სულების საამებლად.

რა აქვთ საერთო ამ ადამიანებს? ყველას სწამს, რომ სულიერ სამყაროში გონიერი ქმნილებები მკვიდრობენ, მათთან შესაძლებელია კონტაქტის დამყარება და ისინი ადამიანთა ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას ახდენენ. ცხადია, ეს არც სიახლეა და არც გასაკვირი. გასაკვირი ისაა, რომ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მკვიდრობს სულიერ სამყაროში.

მუსლიმანები ერთ ღმერთს — ალაჰს * ეთაყვანებიან. ქრისტიანულ სამყაროს სწამს, რომ ღმერთი სამებაა — მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. ინდუსებს ათასზე მეტი ღმერთისა და ღვთაების სჯერათ. სხვების აზრით, სულები ზოგიერთ ცხოველში, ხეებში, ქვებსა და ნაკადულებში მკვიდრობენ. ბევრი მოქცეულია წიგნების, ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების გავლენაში, რომლებიც მოგვითხრობენ ანგელოზების, დემონების, მოჩვენებების, ჭინკების, ღმერთებისა და ღვთაებების შესახებ.

როგორც ღმერთებსა და ღვთაებებზე არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი, ისე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მათთან კავშირის დამყარება. ლოგიკურია, რომ ყველა მათგანი სწორი ვერ იქნება. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: სანამ ვინმეს ტელეფონით დავუკავშირდებით, ვიცით, ვის ვურეკავთ და ისიც ვიცით, რომ ის ადამიანი ნამდვილად არსებობს და ჩვენს ზარს უპასუხებს. ალოგიკურია იმ ადამიანთან დაკავშირება, ვინც მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. უფრო უარესი და საშიში კი მასთან დაკავშირებაა, ვინც თავს სხვა პიროვნებად ასაღებს.

სინამდვილეში, ვინ მკვიდრობს სულიერ სამყაროში? ბიბლია მარტო ამ კითხვას კი არ პასუხობს, არამედ გვიხსნის, ვისთან უნდა დავამყაროთ კავშირი და რას უნდა ველოდოთ მისგან. წაიკითხეთ შემდეგი სტატიები და გაოცებული დარჩებით ბიბლიის პასუხებით.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 „ალაჰი“ ღვთის სახელი არ არის. ის უბრალოდ „ღმერთს“ ნიშნავს.