მოციქულთა საქმეები 3:1—26

  • პეტრე კურნავს კოჭლ მათხოვარს (1—10).

  • პეტრეს ქადაგება სოლომონის სვეტებიან დერეფანში (11—26).

    • „სანამ არ აღდგება ყველაფერი“ (21).

    • მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი (22).

3  ერთხელ პეტრე და იოანე მეცხრე საათისთვის*, ლოცვის საათისთვის, ტაძარში წავიდნენ. 2  იმ დროს იქ ერთი კაცი მიიყვანეს, დაბადებიდან წელსქვემოთ მოწყვეტილი. მას მოწყალების სათხოვნელად ყოველდღე სვამდნენ ტაძრის იმ კარიბჭესთან, რომელსაც „მშვენიერი“ ეწოდება. 3  მან თვალი მოჰკრა პეტრესა და იოანეს, რომლებიც ტაძარში შედიოდნენ, და სთხოვა, მოწყალება გაეღოთ. 4  პეტრემ და იოანემ შეხედეს მას; პეტრემ უთხრა: „შემოგვხედე“. 5  მანაც იმ იმედით შეხედა მათ, რომ რამეს მისცემდნენ. 6  პეტრემ უთხრა: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას მოგცემ; ნაზარეთელი იესო ქრისტეს სახელით გეუბნები: იარე!“+ 7  მერე პეტრემ ხელი მარჯვენა ხელზე ჩასჭიდა და წამოაყენა.+ კაცს უეცრად გაუმაგრდა ტერფები და კოჭები;+ 8  წამოხტა,+ სიარული დაიწყო და მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და ღმერთს ხოტბას ასხამდა. 9  ყველამ დაინახა, რომ დადიოდა და ღმერთს განადიდებდა. 10  მიხვდნენ, რომ ეს ის კაცი იყო, რომელიც ტაძრის იმ კარიბჭესთან იჯდა, „მშვენიერი“ რომ ეწოდება,+ და მოწყალებას ითხოვდა ხოლმე. განცვიფრებულნი იყვნენ მისი გამოჯანმრთელებით და აღტაცებას ვერ მალავდნენ. 11  რაკი ის კაცი პეტრესა და იოანეს არ სცილდებოდა, განცვიფრებული ხალხი მათკენ გაიქცა, სოლომონის სვეტებიანი დერეფნისკენ.+ 12  პეტრემ ხალხი რომ დაინახა, მიმართა: «ისრაელებო, რა გიკვირთ ან რატომ გვიყურებთ ასე? გგონიათ, მან სიარული ჩვენი ძალით ან ღვთისადმი ჩვენი ერთგულების გამო დაიწყო?! 13  აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა,+ ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური+ იესო,+ რომელიც თქვენ მოსაკლავად გაიმეტეთ+ და პილატეს წინაშე უარყავით, არადა, მას მისი გათავისუფლება ჰქონდა გადაწყვეტილი. 14  თქვენ უარყავით წმინდა და მართალი კაცი; მკვლელის გათავისუფლება მოითხოვეთ,+ 15  სიცოცხლის მეთაური კი მოკალით,+ მაგრამ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, რისი მოწმენიც ვართ.+ 16  ეს კაცი, რომელსაც ხედავთ და იცნობთ, იესოს სახელმა და ამ სახელისადმი ჩვენმა რწმენამ გააძლიერა და ამავე რწმენამ გამოაჯანმრთელა თქვენ თვალწინ. 17  ძმებო, ვიცი, რომ არც თქვენ და არც თქვენმა მმართველებმა არ იცოდით,+ რას აკეთებდით,+ 18  მაგრამ ამით ღმერთმა შეასრულა ის, რაც წინასწარმეტყველთა პირით ჰქონდა ნათქვამი, რომ მისი ცხებული* დაიტანჯებოდა.+ 19  ამიტომ მოინანიეთ+ და მობრუნდით,+ რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები,+ გამოგაცოცხლოთ იეჰოვამ* 20  და გამოგზავნოს თქვენთვის დანიშნული ქრისტე, იესო. 21  მან, ზეცაში მყოფმა, უნდა მოიცადოს, სანამ არ აღდგება ყველაფერი, რაზეც ღმერთი ძველ დროს თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით ლაპარაკობდა. 22  მოსემ თქვა: „იეჰოვა*, თქვენი ღმერთი, თქვენს მოძმეთაგან მოგივლენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს;+ ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.+ 23  ვინც იმ წინასწარმეტყველს არ მოუსმენს, ამოიძირკვება თავისი ხალხიდან“.+ 24  სამუელიდან მოყოლებული ყველა წინასწარმეტყველი, ვინც წინასწარმეტყველებდა, ცხადად აუწყებდა ამ დროის შესახებ.+ 25  თქვენ ხართ წინასწარმეტყველთა და იმ შეთანხმების მემკვიდრეები, რომელიც ღმერთმა თქვენს მამა-პაპას დაუდო;+ მან აბრაამს უთხრა: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწაზე ყველა ოჯახი“.+ 26  როცა ღმერთმა თავისი მსახური დანიშნა, პირველად ის თქვენ გამოგიგზავნათ,+ რომ ეკურთხებინა თითოეული თქვენგანი და მოებრუნებინა ბოროტი გზიდან».

სქოლიოები

დაახლ. დღის 3 სთ.
სიტყვასიტყვით — „ქრისტე“.