არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

5 აქვს მნიშვნელობა სად და როდის?

5 აქვს მნიშვნელობა სად და როდის?

ლოცვა

5 აქვს მნიშვნელობა სად და როდის?

დღეს რელიგიათა უმეტესობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მდიდრულ სამლოცველოებს. გარდა ამისა, მათ დადგენილი აქვთ კონკრეტული დრო ამა თუ იმ ლოცვის წარმოსათქმელად. მაგრამ შეგვიძლია ბიბლიის საფუძველზე იმის თქმა, რომ აუცილებლად კონკრეტულ დროსა და ადგილას უნდა ვილოცოთ?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ კონკრეტულ სიტუაციებში აუცილებელია ლოცვა. მაგალითად, ვიდრე თავის მიმდევრებთან ერთად ივახშმებდა, იესომ ღმერთს მადლობა შესწირა (ლუკა 22:17). როცა იესოს მოწაფეები თაყვანსაცემად იკრიბებოდნენ, ისინი ერთად ლოცულობდნენ. ამგვარად ისინი მიჰყვებოდნენ იმ ტრადიციას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სრულდებოდა იუდეველთა სინაგოგებსა თუ იერუსალიმის ტაძარში. ღმერთმა თავის ტაძარს „ყველა ხალხის სამლოცველო სახლი“ უწოდა (მარკოზი 11:17).

ღმერთი ისმენს თავისი მსახურების ლოცვას, როცა ისინი ერთად იკრიბებიან. მას სიამოვნებს, როდესაც ისინი ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით ერთსულოვნად ლოცულობენ. ლოცვამ შეიძლება აღძრას იეჰოვა გააკეთოს ის, რასაც სხვაგვარად არ გააკეთებდა (ებრაელები 13:18, 19). იეჰოვას მოწმეები თავიანთ შეხვედრებზე რეგულარულად ლოცულობენ. გულთბილად გიწვევთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე სამეფო დარბაზში, სადაც თავადაც შეძლებთ ამ შეხვედრებზე წარმოთქმული ლოცვების მოსმენას.

ბიბლია ლოცვისთვის არ გვიდგენს კონკრეტულ დროსა და ადგილს. მასში ჩაწერილია მრავალი ლოცვა, რომლებიც ღვთის მსახურებმა სხვადასხვა დროსა და ადგილას წარმოთქვეს. იესომ თქვა: „შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ“ (მათე 6:6).

წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, განმარტოებით ესაუბროთ უზენაეს ღმერთს და დარწმუნებული იყოთ, რომ ის გისმენთ. გასაკვირი არ არის, რატომ ცდილობდა იესო, რომ ლოცვისთვის განმარტოებულიყო. ერთხელ ის მთელი ღამე ლოცულობდა და ღმერთს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად ხელმძღვანელობას სთხოვდა (ლუკა 6:12, 13).

ბიბლიაში არაერთი შემთხვევაა ჩაწერილი იმისა, თუ როგორ ლოცულობდნენ ღვთის მსახურები სერიოზული პრობლემისა თუ გადაწყვეტილების წინაშე ყოფნისას. ზოგჯერ ისინი ხმამაღლა ლოცულობდნენ, ზოგჯერ კი — ჩუმად, ზოგჯერ — განმარტოებით ან ჯგუფურად. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის იყო, რომ ისინი ლოცულობდნენ. ღმერთი თავის მსახურებს მოუწოდებს: „განუწყვეტლივ ილოცეთ“ (1 თესალონიკელები 5:17). მას თავისი ნების შემსრულებელთა მოსმენა არ ბეზრდება. განა ეს იეჰოვას სიყვარულზე არ მოწმობს?!

მსოფლიოში, სადაც ხალხი ყველაფერს სკეპტიკურად უყურებს, ბევრს არ ესმის, რაში შეიძლება დაეხმაროთ მათ ლოცვა. შეიძლება თქვენც გაინტერესებთ, მართლა დაგეხმარებათ თუ არა ლოცვა?

[ჩანართი 9 გვერდზე]

ჩვენ ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგვიძლია ვილოცოთ