არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მეოჯახეები“

„მეოჯახეები“

პირველი საუკუნის ქრისტიანების ყოფა-ცხოვრება

„მეოჯახეები“

«გზა რომ განაგრძეს, იესო ერთ სოფელში შევიდა. იქ ერთმა ქალმა, სახელად მართამ, სახლში შეიპატიჟა. მართას ჰყავდა და, მარიამი. იგი უფალს ფერხთით დაუჯდა და ისმენდა მის სიტყვას. მართა კი ბევრ რამეზე ზრუნავდა. იგი იესოსთან მივიდა და უთხრა: „უფალო, ნუთუ შენთვის სულერთია, ჩემმა დამ რომ მე შემომატოვა ყველაფერი? უთხარი, მომეხმაროს“. უფალმა მიუგო: „მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე წუხხარ და ზრუნავ. საჭირო კი სულ ცოტაა ან მხოლოდ ერთი. მარიამმა უკეთესი აირჩია და არ წაერთმევა მას“» (ლუკა 10:38—42).

მართა, როგორც ჩანს, გამრჯე ქალი იყო. ეჭვგარეშეა, ამის გამო სხვები დიდად აფასებდნენ მას. პირველ საუკუნეში, იუდაური ტრადიციის თანახმად, ქალი ფასობდა იმით, რომ კარგი დიასახლისი იყო და საუკეთესოდ ზრუნავდა ოჯახის მოთხოვნილებებზე.

პირველი საუკუნის ქრისტიან ქალებს მოეთხოვებოდათ, ყოფილიყვნენ კარგი მეოჯახეები (ტიტე 2:5). გარდა ამისა, ქალებს ჰქონდათ საპატიო მოვალეობა, სხვებისთვის თავიანთი ქრისტიანული მრწამსი გაეზიარებინათ (მათე 28:19, 20; საქმეები 2:18). რომელი იყო ზოგი იმ უამრავი საქმიდან, რომლის შესრულებაც პირველი საუკუნის ქრისტიან ქალს ევალებოდა? რისი სწავლა შეგვიძლია იესოს სიტყვებიდან, რომლებიც მან მარიამს უთხრა?

ბევრ რამეზე ზრუნვა. ებრაელი ქალის დღე დილაადრიან, მზის ამოსვლამდე იწყებოდა (იგავები 31:15). ის ჯერ ფაფას ამზადებდა ოჯახისთვის, შემდეგ კი ვაჟები სინაგოგის სკოლაში მიჰყავდა. გოგონები სახლში რჩებოდნენ, რომ საოჯახო საქმეები ესწავლათ და კარგი დიასახლისები დამდგარიყვნენ.

დედა ქალიშვილებთან ერთად შეუდგებოდა ხოლმე საოჯახო საქმეებს — ისინი სალამპრეებს ზეთით ავსებდნენ (1), იატაკს გვიდნენ (2) და თხებს წველიდნენ (3). შემდეგ პურის გამოსაცხობად სამზადისს იწყებდნენ; გოგონები მარცვლეულს ცხრილით წმენდნენ (4) და შემდეგ ხელსაფქვავით ფქვავდნენ (5). დედა ფქვილს წყალსა და საფუარს უმატებდა (6) და აფუებამდე სხვა საქმეების კეთებას აგრძელებდა. ამასობაში, გოგონები თხის ახალმოწველილი რძისგან ხაჭოს ამზადებდნენ (7).

მოგვიანებით, დედა ქალიშვილებთან ერთად ბაზარში მიდიოდა. იქაურ ორომტრიალში სანელებლების სურნელით, ცხოველთა გამკივანი ხმებითა თუ გამყიდველთა შეძახილებით თავბრუდახვეული დედა იმაზე ფიქრობდა, რომ არაფრის ყიდვა არ დავიწყებოდა (8). შესაძლოა მისი ოჯახის კვების რაციონში ნედლი ბოსტნეული და ხმელი თევზიც შედიოდა. ქრისტიან ქალს შეეძლო ხელსაყრელი შემთხვევით ესარგებლა და ექადაგა კიდეც ბაზარში (საქმეები 17:17).

გონიერი დედა გზად თავის შვილებს ღვთის პრინციპებზე ესაუბრებოდა და ამგვარად მათ ღვთის სიყვარულს უნერგავდა (კანონი 6:6, 7). გარდა ამისა, ის თავის ქალიშვილებს ფულის ყაირათიანად ხარჯვას ასწავლიდა (იგავები 31:14, 18).

შემდეგ ის წყლის მოსამარაგებლად ჭასთან მიდიოდა (9) და წყლის ავსებამდე ქალებს ემუსაიფებოდა. სახლში დაბრუნებისთანავე დედა ქალიშვილებთან ერთად პურის ცხობას იწყებდა. ისინი ცომს ანაწილებდნენ, მრგვალ ფორმას აძლევდნენ, აბრტყელებდნენ და გამოსაცხობად ცხელ ღუმელში დებდნენ, რომელიც გარეთ იდგა (10). სანამ დედა და ქალიშვილები პურის ცხობას თვალს ადევნებდნენ, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და თან პურის სურნელით ტკბებოდნენ.

ნაშუადღევს სარეცხის გასარეცხად ახლომდებარე პატარა მდინარეზე მიდიოდნენ (11). ისინი ტანსაცმელს რეცხავდნენ ტუტით, რომელიც მზადდებოდა ზოგი მცენარის ნამწვისგან (ეს იყო სარეცხი საშუალება, რომელიც შეიცავდა ნატრიუმის ან კალიუმის ჰიდროჟანგს). ტანსაცმლის გავლებისა და გაწურვის შემდეგ სარეცხს გასაშრობად ბუჩქებსა და კლდეებზე ფენდნენ.

ამის შემდეგ გარეცხილი ტანსაცმელი სახლში მიჰქონდათ და თუ რამე დასაკემსი იყო, შენახვამდე ერდოზე აჰქონდათ და იქ კემსავდნენ (12). მოგვიანებით, დედა ქარგვასა და ქსოვას ასწავლიდა გოგონებს (13). საღამო ხანს, ისინი ვახშამს ამზადებდნენ (14). ებრაული ოჯახები სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ. ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, სტუმრებს თავიანთი ღარიბული ვახშმით გამასპინძლებოდნენ. ასეთ ოჯახებს, ძირითადად, ვახშმად ჰქონდათ პური, ბოსტნეული, ხაჭო, ხმელი თევზი და ცივი წყალი.

დღის ბოლოს ბავშვები დასაწოლად ემზადებოდნენ. თუ რომელიმე დღის მანძილზე მუხლს იტკენდა, დედა ძილის წინ დამარბილებელ ზეთს უსვამდა. შემდეგ მბჟუტავი ლამპის შუქზე მშობლები საღვთო წერილს უკითხავდნენ შვილებს და მათთან ერთად ლოცულობდნენ. როცა სახლში სიწყნარე დაისადგურებდა, ქმარი, ალბათ, თავის გამრჯე ცოლს შემდეგი სიტყვებით შეამკობდა: „ვინ იპოვის მარჯვე ცოლს? მარჯანზე ბევრად ძვირფასია იგი“ (იგავები 31:10).

უკეთესის არჩევა. უდავოა, პირველი საუკუნის ღვთისმოშიშ ქალებს ბევრი საქმე ჰქონდათ (ლუკა 10:40). დღესაც ქალებს, განსაკუთრებით დედებს, დატვირთული დღის განრიგი აქვთ. მართალია, თანამედროვე ტექნიკამ გაუმარტივა ქალებს ოჯახური საქმეების კეთება, მაგრამ ბევრ დედას მდგომარეობა აიძულებს, რომ ოჯახიც არჩინოს.

დღევანდელი სირთულეების მიუხედავად, ქრისტიანი ქალები მარიამს ჰბაძავენ და პირველ ადგილზე სულიერს აყენებენ (მათე 5:3). ისინი ზრუნავენ თავიანთ ოჯახებზე, როგორც ამისკენ ბიბლია მოუწოდებთ (იგავები 31:11—31). მაგრამ ითვალისწინებენ იმ პრინციპსაც, რომელზეც იესომ მართას გაუმახვილა ყურადღება. მართა სულიერი პიროვნება იყო და უეჭველია, გულთან ახლოს მიიტანდა იესოს რჩევას. ქრისტიან ქალებს ბევრი საოჯახო საქმე აქვთ, მაგრამ ეს ხელს არ უშლით ღვთის სიტყვის შესწავლასა (15) და ქადაგებაში (მათე 24:14; ებრაელები 10:24, 25). ამგვარად, ისინი „უკეთესს ირჩევენ“ (ლუკა 10:42). ქრისტიანი ქალები ძალიან ძვირფასნი არიან ღვთისთვის, ქრისტესთვის და თავიანთი ოჯახებისთვის (იგავები 18:22).