არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ერთმა რასტაფარმა (ერთ-ერთი რელიგიური მიმდინარეობის წევრი) დაგრეხილი თმა („დრედები“) შეიჭრა და თეთრკანიანების მიმართ სიძულვილი დასძლია, ერთმა მოძალადე ახალგაზრდამ კი, რომელიც ნარკოდილერებისთვის მისაცემ ფულს ხალხს სძალავდა, ცხოვრების წესი შეიცვალა. გავიგოთ, რამ შეცვალა ისინი.

„თეთრკანიანების მიმართ სიძულვილი დავძლიე“ — ჰაფენი ნგამა

ასაკი: 34

ქვეყანა: ზამბია

წარსულში: რასტაფარი

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე ზამბიაში, ლტოლვილთა ბანაკში. დედამ ომის დროს ნამიბიას შეაფარა თავი და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის (სვაპო) წევრი გახდა. ეს ორგანიზაცია იბრძოდა სამხრეთ აფრიკის მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ნამიბიასაც მართავდა.

ჩემი ცხოვრების პირველი თხუთმეტი წელი ლტოლვილთა რამდენიმე ბანაკში გავატარე. სვაპოს ბანაკებში ახალგაზრდებს მოგვიწოდებდნენ, აქტიურად ჩავბმულიყავით განმათავისუფლებელ მოძრაობაში, და თეთრკანიანთა სიძულვილს გვინერგავდნენ.

თერთმეტი წლის ასაკში ქრისტიანად მონათვლა გადავწყვიტე ჩვენი ბანაკის ეკლესიაში, რომელიც კათოლიკური, ლუთერანული, ანგლიკანური და სხვა რელიგიების კონგლომერატს წარმოადგენდა. პასტორთან საუბრის შემდეგ გული იმდენად ამიცრუვდა, რომ მონათვლა გადავიფიქრე. ამის შემდეგ სულ დავკარგე ღვთის რწმენა. თხუთმეტი წლის ასაკში რეგი (მუსიკალური მიმდინარეობა) შემიყვარდა. იმდენად დიდი სურვილი მქონდა, შავკანიანი აფრიკელების ტანჯვას ბოლო მოღებოდა, რომ რასტაფართა მოძრაობას შევუერთდი. აქტიურად ჩავები შავკანიანთა თავისუფლებისთვის ბრძოლაში. გავიზარდე თმა, გავიკეთე „დრედები“, დავიწყე მარიხუანას მოწევა, ხორცს აღარ ვჭამდი. თუმცა, ისევ უზნეო ცხოვრებას ვეწეოდი, ძალადობის ამსახველ ფილმებს ვუყურებდი და ვბილწსიტყვაობდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: 1995 წელს, როცა 20 წლის გავხდი, სერიოზულად დავფიქრდი ცხოვრების აზრზე. რასტაფართა თითქმის ყველა პუბლიკაცია წავიკითხე. ზოგ მათგანში ბიბლიური მუხლები იყო მოყვანილი, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. გადავწყვიტე, ბიბლია წამეკითხა.

ცოტა ხანში ერთმა რასტაფარმა მეგობარმა იეჰოვას მოწმეების გამოცემული ბიბლიის შესასწავლი სახელმძღვანელო მომცა. ბიბლიას ამ პუბლიკაციასთან ერთად დამოუკიდებლად ვიკვლევდი. მოგვიანებით იეჰოვას მოწმეებთან განვაგრძე ბიბლიის შესწავლა.

საკუთარ თავთან დიდი ბრძოლა დამჭირდა, რომ მოწევისთვის და სმისთვის თავი დამენებებინა (2 კორინთელები 7:1). შევიცვალე გარეგნობა, შევიჭერი „დრედები“, შევწყვიტე პორნოგრაფიისა და ძალადობის ამსახველი ფილმების ყურება და გადავეჩვიე ბილწსიტყვაობას (ეფესოელები 5:3, 4). საბოლოოდ, თეთრკანიანების შეყვარებაც კი შევძელი (საქმეები 10:34, 35). გარდა ამისა, თავი დავანებე ისეთი მუსიკის მოსმენას, რომელიც რასიზმს აღვივებდა. ძველ მეგობრებთან ურთიერთობა გავწყვიტე, რადგან კვლავ ბინძურ საქმეებში გამრევდნენ.

ამის შემდეგ მოვძებნე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი და სურვილი გამოვთქვი, მათი რელიგიის წევრი გავმხდარიყავი. მოწმეებმა ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ჩემს ოჯახს დიდად არ გახარებია, რომ იეჰოვასთვის უნდა მიმეძღვნა თავი და მოვნათლულიყავი. დედამ მითხრა, ქრისტიანული რელიგიებიდან რომელიც მინდოდა, ის ამერჩია, ოღონდ იეჰოვას მოწმე არ გავმხდარიყავი. ჩემი ერთ-ერთი ბიძა, რომელიც მთავრობის წარმომადგენელი იყო, ამ არჩევნის გამო სულ მაკრიტიკებდა.

ხალხისადმი იესოს დამოკიდებულებამ და ამ საკითხზე მისი რჩევის გამოყენებამ წინააღმდეგობისა და დაცინვის ატანა უფრო გამიადვილა. როდესაც იეჰოვას მოწმეთა სწავლებებს ბიბლიას ვადარებდი, ვრწმუნდებოდი, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე. მაგალითად, იეჰოვას მოწმეები ბიბლიის მითითებას ასრულებენ და სხვებს სასიხარულო ცნობას უქადაგებენ (მათე 28:19, 20; საქმეები 15:14). ისინი აგრეთვე არ ერევიან პოლიტიკაში (ფსალმუნი 146:3, 4; იოანე 15:17, 18).

კურთხევები: ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება ბევრ რამეში დამეხმარა. მივატოვე მარიხუანას მოწევა, რომელშიც ყოველთვიურად ასობით დოლარი მეხარჯებოდა. მეტად აღარ მაწუხებს ჰალუცინაციები, ემოციურად და ფიზიკურად უკეთ ვგრძნობ თავს.

ჩემმა ცხოვრებამ ახლა აზრი შეიძინა, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. რაც ყველაზე მთავარია, ღმერთთან ახლო ურთიერთობა მაქვს (იაკობი 4:8).

„ვისწავლე საკუთარი თავის ხელში აყვანა“ — მარტინო პედრეტი

ასაკი: 43

ქვეყანა: ავსტრალია

წარსულში: ნარკოდილერი

მოკლე ბიოგრაფია: ბავშვობაში ჩვენი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. გვიცხოვრია პატარა ქალაქებში, დიდ ქალაქშიც და რაღაც პერიოდი აბორიგენთა დასახლებაშიც. სიამოვნებით ვიხსენებ ამ წლებს — ხშირად ბიძებთან და ბიძაშვილებთან ერთად ვთევზაობდი, ვნადირობდი, ხისგან ვაკეთებდი ბუმერანგებსა თუ სხვა ნივთებს.

მამაჩემი მოკრივე იყო და ბავშვობიდან მუშტი-კრივს მასწავლიდა. სულ ხელები მექავებოდა, მინდოდა, ვინმე მეცემა. მოზარდობის წლებში უმეტეს დროს ბარებში ვატარებდი და უზომოდ ვსვამდი. მე და ჩემი მეგობრები ჩხუბისთავები ვიყავით. დანებითა და ბეისბოლის ჩოგნებით არაერთხელ დავსხმივართ თავს 20 ან მეტ კაცს.

ფულს ნავსადგურის თანამშრომლების მიერ მოპარული ნივთებისა და ნარკოტიკების გაყიდვით ვშოულობდი. ნარკოდილერებისთვის მისაცემ ფულს საფანტიანი თოფისა და პისტოლეტის მუქარით ვძალავდი ხალხს. ადამიანების სისხლი მწყუროდა. ჩემი დევიზი იყო: „მოკალი, სანამ სხვა მოგკლავს“.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ადრეც მსმენია იეჰოვას მოწმეების შესახებ, მაგრამ მხოლოდ 20 წლის ასაკში დავინტერესდი, თუ რას ასწავლიდნენ ისინი. დედას ვკითხე, ხომ არ იცნობდა რომელიმე მათგანს. ორის დღის შემდეგ ერთმა მოწმემ, სახელად დიქსონმა ჩვენს კარზე დააკაკუნა. ცოტა ხანი ვისაუბრეთ, რის შემდეგაც მან იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრაზე დამპატიჟა. მას მერე 20 წელზე მეტია, რაც ამ შეხვედრებს ვესწრები. ყველა კითხვაზე მოწმეებმა ბიბლიიდან მიპასუხეს.

გამიხარდა, რომ იეჰოვა თითოეული ჩვენგანით, თვით უღვთო ადამიანებითაც კი ინტერესდება (2 პეტრე 3:9). დავინახე, რომ მოსიყვარულე მამა იეჰოვა ყოველთვის იზრუნებდა ჩემზე, მაშინაც კი, თუ ყველა ზურგს შემაქცევდა. დიდი შვება მომგვარა იმის გაგებამ, რომ ძველი ცხოვრების წესს თუ მივატოვებდი, იეჰოვა მაპატიებდა ცოდვებს. ეფესოელების 4:22—24-ში ჩაწერილმა სიტყვებმა აღმძრა, „ძველი პიროვნება“ მომეშორებინა და შევმოსილიყავი „ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად“.

ძველი ცხოვრების წესის შესაცვლელად დრო დამჭირდა. კვირის განმავლობაში ნარკოტიკებს არ ვეკარებოდი, მაგრამ შაბათ-კვირას ძველ მეგობრებს ვხვდებოდი და ცდუნებას ვერ ვუძლებდი. მივხვდი, რომ თუ ნამდვილად მინდოდა გამოსწორება, ჩემს სამეგობრო წრესთან უნდა გამეწყვიტა ურთიერთობა, ამიტომ სხვა შტატში გადასვლა გადავწყვიტე. ზოგმა მეგობარმა ჩემთან ერთად წამოსვლა მთხოვა. მე მათ ხათრი ვერ გავუტეხე. მგზავრობის დროს მარიხუანას მოწევა დაიწყეს და მეც შემომთავაზეს. ვუთხარი, რომ მავნე ჩვევების მიტოვება მინდოდა. ამიტომ ერთმანეთს შტატის საზღვართან დავცილდით. მალე შევიტყვე, რომ მათ გადაჭრილი თოფის მუქარით ბანკი გაუქურდავთ.

კურთხევები: სწორედ მას შემდეგ გამოვსწორდი, რაც ძველ მეგობრებთან გავწყვიტე ურთიერთობა. 1989 წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. ნათლობის შემდეგ დედა, მამა და დაც გახდნენ იეჰოვას მსახურები.

ჩვიდმეტი წელია, დაქორწინებული ვარ და სამი შვილი მყავს. ვისწავლე საკუთარი თავის ხელში აყვანა. მაშინაც კი აღარ გამოვდივარ მწყობრიდან, როცა განრისხების მიზეზი მაქვს. შევიყვარე ყველა ტომისა და ენის ხალხი (გამოცხადება 7:9). საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ ჭეშმარიტია იესოს სიტყვები: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32).

[ჩანართი 19 გვერდზე]

თავი დავანებე ისეთი მუსიკის მოსმენას, რომელიც რასიზმს აღვივებდა

[ჩანართი 20 გვერდზე]

მე და ჩემი მეგობრები ჩხუბისთავები ვიყავით. დანებითა და ბეისბოლის ჩოგნებით არაერთხელ დავსხმივართ თავს 20 ან მეტ კაცს