არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?

რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?

რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?

ჩაუგდიხართ საგონებელში მოულოდნელად წამოჭრილ პრობლემას ან ახალ პასუხისმგებლობას? დაგღალათ ყოველდღე მძიმე სამუშაოსთან ჭიდილმა, რომ როგორმე თავი ირჩინოთ? შესაძლოა, თქვენც ხართ იმ მილიონობით ლტოლვილს შორის, რომელთაც სახლ-კარის დატოვება მოუწიათ და ახლა შიშში ცხოვრობენ. რომელ ჩვენგანს არ გამოუცდია საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი და სიცარიელის გრძნობა?

იცოდით, რომ იესოს დედა, მარიამი, ყველა ამ სირთულეს შეხვდა? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მან ყველა განსაცდელი დაძლია! რის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან?

მარიამი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მან მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ღვთის განზრახვების შესრულებაში. დღეს მარიამს მილიონობით ადამიანი სცემს თაყვანს. კათოლიკური ეკლესია მას ნეტარად შერაცხავს და რწმენის, იმედისა და ქველმოქმედების მაგალითად წარმოაჩენს. მრავალს სწამს, რომ მარიამი ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალია.

თქვენი აზრით, რა მდგომარეობა უკავია დღეს მარიამს? თავად ღმერთს რა თვალსაზრისი აქვს მასზე?

განსაკუთრებული დავალება

მარიამი იუდას ტომიდან იყო. მამამისს ელი ერქვა. მარიამი პირველად ბიბლიაში უჩვეულო შემთხვევის დროს მოიხსენიება. მასთან ანგელოზი მივიდა და უთხრა: „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“. ამ სიტყვების გაგონებაზე მარიამი შეშფოთდა და „დაფიქრდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება“. ანგელოზმა შეატყობინა, რომ ის ამორჩეული იყო საოცარი, მაგრამ ძალიან სერიოზული დავალებისთვის — მარიამი დაფეხმძიმდებოდა და შობდა ღვთის ძეს, რომელსაც თავადვე გაზრდიდა (ლუკა 1:26—33).

ამ ახალგაზრდა გასათხოვარ ქალს მართლაც რომ განსაკუთრებული დავალება უნდა შეესრულებინა! როგორი რეაქცია ჰქონდა მას ანგელოზის სიტყვებზე? მარიამი შესაძლოა ფიქრობდა, დაუჯერებდა თუ არა ვინმე ამ ამბავს. ასეთი ფეხმძიმობა მას, შესაძლოა, საყვარელი ადამიანის, იოსების, დაკარგვის ფასად დასჯდომოდა, ვისზეც დანიშნული იყო, ან შეიძლება საქვეყნოდ შერცხვენილიყო (კანონი 22:20—24). მიუხედავად ამისა, მარიამი მზად იყო შეესრულებინა ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დავალება.

მარიამს მტკიცე რწმენა დაეხმარა, თავისი ღვთის, იეჰოვას ნების თანახმად მოქცეულიყო. ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი იზრუნებდა მასზე. სწორედ ამიტომ უთხრა მან ანგელოზს: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“. მარიამი დიდ კურთხევად მიიჩნევდა ღვთის ძის დაბადებას, ამიტომ მზად იყო ნებისმიერი სირთულის ასატანად (ლუკა 1:38).

მარიამმა უთხრა იოსებს, რომ ფეხმძიმედ იყო, ამიტომ იოსებმა ნიშნობის გაუქმება დააპირა. ეს ძალიან მტკივნეული იქნებოდა ორივესთვის. ბიბლიაში არ არის ნათქვამი, თუ რამდენ ხანს გაგრძელდა ეს პერიოდი. მაგრამ, როდესაც იეჰოვას ანგელოზი გამოეცხადა იოსებს, ეს მარიამისთვისაც და იოსებისთვისაც დიდი შვება იქნებოდა. ანგელოზმა უთხრა იოსებს, რომ მარიამი ცოლად მოეყვანა, რადგან ბავშვი სასწაულებრივი სახით იყო ჩასახული (მათე 1:19—24).

სირთულეების დასაწყისი

ფეხმძიმე ქალები, უმეტესწილად, თვეებით ადრე ემზადებიან დედობისთვის და, ალბათ, მარიამის შემთხვევაშიც ასე იყო. ის პირველ შვილს ელოდებოდა. მაგრამ მოულოდნელად განვითარებული მოვლენების გამო მარიამი არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით ქვეყნის თითოეული მოსახლე უნდა აღწერილიყო იმ ქალაქში, სადაც დაიბადა. ასე რომ, იოსები და მარიამი, რომელიც ფეხმძიმობის მეცხრე თვეში იყო, როგორც ჩანს, ვირით დაახლოებით 150-კილომეტრიან გზას დაადგნენ. ბეთლემი ხალხით იყო გადაჭედილი. მარიამს მყუდრო ადგილი სჭირდებოდა მშობიარობისთვის, მაგრამ ბოსელის გარდა სხვა ადგილი ვერ იშოვეს. ბოსელში მშობიარობა მარიამისთვის რთული იქნებოდა და, ალბათ, განიცდიდა კიდეც ამას.

უდავოა, რომ თავისი ცხოვრების ამ რთულ პერიოდში მარიამი მხურვალედ მიმართავდა ლოცვით იეჰოვას და დარწმუნებული იქნებოდა, რომ ღმერთი იზრუნებდა მასზეც და ბავშვზეც. მოგვიანებით, რამდენიმე მწყემსი მივიდა ბავშვის სანახავად. როგორც მწყემსებმა თქვეს, ანგელოზებმა ბავშვს „მხსნელი, უფალი ქრისტე“ უწოდეს. სახარებაში შემდეგ ვკითხულობთ: „მარიამი კი მათ თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდა და გულში დასკვნებს აკეთებდა“. მარიამი ფიქრობდა ამ სიტყვებზე, რაც ძალებს მატებდა მას (ლუკა 2:11, 16—19).

რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? ალბათ, ცხოვრებაში ჩვენც ბევრი რამ გვაყენებს ტკივილს. გარდა ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ყველა ჩვენგანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“, რის გამოც შესაძლოა სხვადასხვა გასაჭირსა და სირთულეს შევხვდეთ (ეკლესიასტე 9:11). ღმერთს ხომ არ ვადანაშაულებთ ასეთ დროს? განა უკეთესი არ იქნება, თუ მარიამის მსგავსი თვალსაზრისი გვექნება და ბიბლიის კითხვითა და წაკითხულზე ფიქრით უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას?! ასე მოქმედება სირთულეების ატანაში დაგვეხმარება.

ღარიბი და დევნილი

მარიამი სხვა სირთულეებსაც შეხვდა. ის სიღარიბეში ცხოვრობდა; გარდა ამისა, მარიამი იძულებული გახდა, საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინა. ყოფილხართ მსგავს მდგომარეობაში? ერთი წყაროს თანახმად, „მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი — დაახლოებით სამი მილიარდი ადამიანი — დღეში ორ დოლარზე ნაკლებით ირჩენს თავს“. ეგრეთწოდებულ განვითარებულ ქვეყნებშიც კი მილიონობით ადამიანს ლუკმაპურისთვის მძიმედ შრომა უწევს. ხომ არ გადაიღალეთ იმაზე ფიქრით, თუ როგორ უზრუნველყოთ ყოველდღე თქვენი ოჯახი საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით?

ბიბლია გვამცნობს, რომ იოსები და მარიამი საკმაოდ ღარიბები იყვნენ. საიდან ვასკვნით ამას? მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებში ამის დამამტკიცებელი რამდენიმე ფაქტია მოყვანილი. მაგალითად, სახარებებიდან ვიგებთ, რომ ბავშვის დაბადებიდან 40 დღის შემდეგ იოსები და მარიამი ტაძარში წავიდნენ, რათა კანონით დადგენილი წესის თანახმად მსხვერპლად შეეწირათ „ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი“ * (ლუკა 2:22—24). ასეთი შესაწირავი მხოლოდ მათ უნდა გაეღოთ, ვინც ძალიან ღარიბი იყო და არ შეეძლო მამალი ცხვრის შეწირვა. ამგვარად, როგორც აქედან ჩანს, იოსები და მარიამი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, მათ სასიამოვნო ოჯახური გარემო ჰქონდათ. უდავოა, სულიერი საკითხები მათ ცხოვრებაში პირველ ადგილზე იდგა (კანონი 6:6, 7).

იესოს დაბადებიდან მალევე მარიამის ცხოვრებაში სირთულეებმა კიდევ ერთხელ იჩინა თავი. ანგელოზმა იოსებს უთხრა, რომ ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გაქცეულიყო (მათე 2:13—15). ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა მარიამს ნაცნობი გარემო უნდა დაეტოვებინა. ამჯერად ის უცხო ქვეყანაში უნდა წასულიყო საცხოვრებლად. ეგვიპტეში მრავალი ებრაელი ცხოვრობდა, ამიტომ მარიამი და იოსები ალბათ მათ შორის დასახლდებოდნენ. და მაინც, უცხო მხარეში ყოფნა მათთვის რთული იქნებოდა. მილიონობით ადამიანის მსგავსად, თქვენც ხომ არ მოგიწიათ ოჯახთან ერთად მშობლიური ქვეყნის დატოვება, რომ შვილების კეთილდღეობაზე გეზრუნათ ან საფრთხე აგერიდებინათ თავიდან? თუ ასეა, თქვენთვის ალბათ ძნელი არ იქნება იმის წარმოდგენა, რა სირთულეებს შეიძლება შეხვედროდა მარიამი ეგვიპტეში.

ერთგული ცოლი და დედა

სახარებებში — იმ შემთხვევების გარდა, სადაც იესოს დაბადება და ბავშვობაა აღწერილი — მარიამი ბევრგან არაა მოხსენიებული. მიუხედავად ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მარიამსა და იოსებს, სულ მცირე, ექვსი შვილი ეყოლათ. თქვენ შესაძლოა არც კი იცოდით ამის შესახებ. ვნახოთ, რა წერია სახარებებში ამასთან დაკავშირებით.

იოსები დიდ პატივად მიიჩნევდა იმას, რომ მარიამს ღვთის ძე უნდა ეშვა. ამიტომ მას იესოს დაბადებამდე მარიამთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია. მათეს 1:25-ში ვკითხულობთ, რომ იოსები მარიამს „არ გაჰკარებია, სანამ მან ვაჟი არ გააჩინა“. ამ მუხლში მოცემული სიტყვა „სანამ“ მიუთითებს იმაზე, რომ იესოს დაბადების შემდეგ მარიამსა და იოსებს, როგორც ცოლ-ქმარს, ჩვეულებრივ ჰქონდათ სქესობრივი ურთიერთობა. სახარებებში ნათქვამია, რომ მარიამს და იოსებს ჰყავდათ როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა იესოს ნახევარძმები იყვნენ. მარიამს, სულ მცირე, ორი გოგო ჰყავდა (მათე 13:55, 56). ეს ბავშვები სასწაულებრივად არ ჩასახულან; მარიამი თითოეულ მათგანზე იოსებისგან დაფეხმძიმდა. *

მარიამი ძალიან აფასებდა ღმერთთან ურთიერთობას. მართალია, კანონით არ მოითხოვებოდა, რომ ქალები პასექს დასწრებოდნენ, მაგრამ მარიამი ყოველ წელს მიჰყვებოდა იოსებს იერუსალიმში დღესასწაულზე (ლუკა 2:41). ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მარიამი ყოველწლიურად თითქმის 300 კილომეტრს გადიოდა თავის ქმარ-შვილთან ერთად. უდავოა, დიდი მანძილის მიუხედავად, ეს მგზავრობა მისი ოჯახისთვის სიხარულის მომტანი იქნებოდა.

დღეს მრავალი ქალი მარიამის შესანიშნავ მაგალითს მიჰყვება. ისინი გულმოდგინედ და დაუღალავად შრომობენ, რომ დაკისრებული ბიბლიური ვალდებულება შეასრულონ. ძალიან ხშირად ეს ერთგული ცოლები დიდ მოთმინებასა და თავმდაბლობას ავლენენ. იმაზე ფიქრი, თუ როგორ აფასებდა მარიამი ღმერთთან ურთიერთობას, ეხმარება მათ, რომ სულიერი საკითხები საკუთარ სიამოვნებასა და სურვილებზე წინ დააყენონ. მარიამის მსგავსად, მათაც იციან, რომ ქმარ-შვილთან ერთად იეჰოვას თაყვანისცემა ოჯახს უფრო განამტკიცებს და აერთიანებს.

ერთხელ, როდესაც მარიამი და იოსები იერუსალიმიდან, პასექის დღესასწაულიდან, ბრუნდებოდნენ, — შესაძლოა, მათ ამ დროს უკვე რამდენიმე შვილი ჰყავდათ, — შეამჩნიეს, რომ 12 წლის იესო მათთან არ იყო. წარმოგიდგენიათ, როგორ იგრძნობდა თავს მარიამი სამი დღის განმავლობაში, სანამ შვილს იპოვიდა? ბოლოს, როდესაც მარიამმა და იოსებმა ბავშვი ტაძარში ნახეს, იესომ მათ უთხრა: „ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“. სახარებაში კიდევ ერთხელ ვკითხულობთ, რომ მარიამმა „გულში ჩაიმარხა მისი სიტყვები“. ეს კვლავაც მეტყველებს იმაზე, რომ მარიამი სულიერად მოწიფული ადამიანი იყო. ის გულდასმით ფიქრობდა ყველაფერზე, რაც იესოს უკავშირდებოდა. წლების შემდეგაც კი მარიამს, ალბათ, კარგად ეხსომებოდა იესოს ბავშვობის ეს და სხვა შემთხვევები, რასაც შემდეგ სახარებების დამწერებს მოუყვებოდა (ლუკა 2:41—52).

საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავება

რა ვიცით იესოს მამობილის, იოსების შესახებ? წინა აბზაცში აღწერილი შემთხვევის შემდეგ, რომელიც იესოს ბავშვობას უკავშირდება, იოსები მეტად აღარ მოიხსენიება სახარებებში. ზოგის აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ იოსები მანამდე დიდი ხნით ადრე მოკვდა, ვიდრე იესო მსახურებას დაიწყებდა. * როგორც უნდა იყოს, ჩანაწერები იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროს, როცა იესო დედამიწაზე თავის მსახურებას ამთავრებდა, მარიამი ქვრივი იყო. სიკვდილის პირას მყოფმა იესომ თავისი დედა მოციქულ იოანეს ჩააბარა (იოანე 19:26, 27). იესო ალბათ ამას არ გააკეთებდა, იოსები ჯერ კიდევ ცოცხალი რომ ყოფილიყო.

მარიამი და იოსები ერთად ბევრი რამის მომსწრენი გახდნენ. მათ ანგელოზები გამოეცხადნენ, შემდეგ ისინი მტერს დაუსხლტნენ ხელიდან და მათ რამდენჯერმე მოუწიათ საცხოვრებლის შეცვლა. გარდა ამისა, მარიამმა და იოსებმა დიდი ოჯახიც შექმნეს. წარმოიდგინეთ, რამდენჯერ დასხდებოდნენ ისინი საღამოობით ერთად და ისაუბრებდნენ იესოზე, მის მომავალსა და იმ სირთულეებზე, რასაც ის შეხვდებოდა ცხოვრებაში! დაფიქრდით, რამდენჯერ დაარიგებდნენ ისინი იესოს და რამხელა ღვაწლს ჩადებდნენ მის სათანადოდ აღზრდაში! ამ ყველაფრის შემდეგ მარიამი მოულოდნელად ძვირფას ადამიანს კარგავს და მარტო რჩება.

თქვენც დაგეღუპათ მეუღლე? კვლავაც გრძნობთ ტკივილსა და სიცარიელის გრძნობას მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მრავალი წელი გავიდა? უდავოა, მარიამს სწამდა, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა, რაც მისთვის მანუგეშებელი იქნებოდა (იოანე 5:28, 29). * ცხადია, ასეთი ნუგეში მარიამს ყველა პრობლემას არ გადაუჭრიდა. დღეს მცხოვრები მრავალი მარტოხელა დედის მსგავსად, მისთვისაც რთული იქნებოდა ქმრის გარეშე შვილებზე ზრუნვა.

გონივრულია დავასკვნათ, რომ იოსების სიკვდილის შემდეგ ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა, ძირითადად, იესოს დააწვებოდა. როდესაც იესოს ძმები გაიზრდებოდნენ, ისინიც შეძლებდნენ ოჯახური პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებას. იესო „დაახლოებით ოცდაათი წლის იყო“, როცა მან დატოვა სახლი და მსახურება დაიწყო (ლუკა 3:23). მშობლების უმეტესობას შერეული გრძნობები ეუფლებათ, როცა მათი შვილები სახლს ტოვებენ. დედ-მამას დიდი დროისა და ძალისხმევის ფასად უჯდება შვილის აღზრდა. მათზე დარდით, შესაძლოა, არაერთი ღამე აქვთ თეთრად გათენებული. ხოლო როცა შვილი სახლიდან მიდის, ისინი შეიძლება დიდ სიცარიელეს გრძნობენ. თქვენი შვილიც ხომ არ გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს? ალბათ, გეამაყებათ, რომ თქვენი შვილი ღირსეული მიზნებისკენ იღვწის, მაგრამ, ამავე დროს, გსურთ, ის თქვენ გვერდით იყოს. თქვენთვის რთული წარმოსადგენი არ იქნება, რას იგრძნობდა მარიამი, როცა იესომ სახლი დატოვა.

წარმოუდგენელი სირთულე

შემდეგი სირთულე მარიამისთვის, ალბათ, ყველაზე წარმოუდგენელი იყო. იესოს ქადაგებას ბევრი გამოეხმაურა, მაგრამ არა მისი საკუთარი ძმები. „სინამდვილეში, მის ძმებს არ სწამდათ ის“, — ამბობს წმინდა წერილები (იოანე 7:5). ეჭვგარეშეა, მარიამი ეტყოდა მათ ანგელოზის სიტყვებს, რომ იესო „ღვთის ძეა“ (ლუკა 1:35). მიუხედავად ამისა, იაკობისთვის, იოსებისთვის, სიმონისა და იუდასთვის იესო უბრალოდ მათი უფროსი ძმა იყო. ასე რომ, მარიამს რელიგიურად დაყოფილი ოჯახი ჰქონდა.

გაუტყდა გული მარიამს? გადაიწურა იმედი, რომ შვილები არასოდეს ირწმუნებდნენ იესოს? რა თქმა უნდა, არა! ერთხელ, გალილეაში ყოფნისას, იესო საჭმელად ერთ სახლში შევიდა. მის მოსასმენად იქ ბევრმა მოიყარა თავი. იცით, კიდევ ვინ იდგნენ გარეთ? მარიამი და იესოს ძმები. როდესაც იესო თავის სახლთან ახლოს ქადაგებდა, მარიამი, როგორც ჩანს, თავის შვილებთან ერთად დაჰყვებოდა მას იმ იმედით, რომ ისინი იესოს მიმართ თვალსაზრისს შეიცვლიდნენ (მათე 12:46, 47).

შესაძლოა, თქვენც გულს გტკენთ იმის დანახვა, რომ თქვენი ოჯახის წევრებს არ სურთ, მიჰყვნენ იესოს. გულს ნუ გაიტეხთ და ხალისს ნუ დაკარგავთ! წლების განმავლობაში მრავალი ადამიანი მარიამის მსგავსად მოთმინებას ავლენს და ოჯახის წევრებს აღძრავს, ჭეშმარიტი ღვთის მსახურები გახდნენ. გამოავლენენ ოჯახის წევრები ღვთისადმი რწმენას თუ არა, ღმერთი ძალიან აფასებს ასეთ მოთმინებას (1 პეტრე 3:1, 2).

ურთულესი განსაცდელი

წმინდა წერილებში მოხსენიებული უკანასკნელი განსაცდელი მარიამისთვის ალბათ ყველაზე ძნელად ასატანი იქნებოდა. მან საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ უარყვეს და როგორი მტანჯველი სიკვდილით მოკლეს მისი საყვარელი შვილი. ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია, რომ შვილის სიკვდილი, განურჩევლად ასაკისა, „უდიდესი დანაკლისია“ და ადამიანზე „ყველაზე გამანადგურებლად“ მოქმედებს. როგორც ათეულობით წლით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, მარიამმა ისეთი ტკივილი განიცადა, თითქოს დიდმა მახვილმა გაუარა (ლუკა 2:34, 35).

ემოციურად ხომ არ გაანადგურა უკანასკნელმა განსაცდელმა მარიამი ან იეჰოვასადმი რწმენა ხომ არ შეუსუსტა? არა! მოგვიანებით ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მარიამი იესოს მოწაფეებს შორის იყო, როცა ისინი ‘ერთსულოვნად ლოცულობდნენ გამუდმებით’. თავისი ოჯახიდან მარიამი იქ მარტო არ ყოფილა. მასთან ერთად იყვნენ მისი ვაჟები, რომლებსაც იმ დროისთვის უკვე სწამდათ, რომ თავიანთი უფროსი ძმა ღვთის ძე იყო. ეს ძალიან მანუგეშებელი იქნებოდა მარიამისთვის! * (საქმეები 1:14).

მარიამს კმაყოფილების მომტანი ცხოვრება ჰქონდა — ის ძლიერ რწმენას ავლენდა და ერთგული ცოლი და დედა იყო. მას მრავალი კურთხევა ხვდა წილად ღვთისადმი მსახურებაში. მარიამმა ბევრი სირთულე და განსაცდელი გადაიტანა. როდესაც ცხოვრებაში მოულოდნელ განსაცდელებს შევხვდებით ან ოჯახური პრობლემები წამოგვეჭრება, მარიამის მაგალითი დაგვეხმარება, მოთმინება გამოვავლინოთ და ერთგულად განვაგრძოთ იეჰოვასადმი მსახურება (ებრაელები 10:36).

რის თქმა შეიძლება იმაზე, რომ მარიამს სხვადასხვა რელიგიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია? ამბობს ბიბლია, რომ მარიამს თაყვანი უნდა ვცეთ?

[სქოლიოები]

^ აბზ. 17 ერთი ფრინველი ცოდვის შესაწირავად მიჰქონდათ (ლევიანები 12:6, 8). მისი გაღებით მარიამმა ცხადყო, რომ, სხვა არასრულყოფილი ადამიანების მსგავსად, მასაც პირველი ადამიანისგან, ადამისგან ცოდვა მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული (რომაელები 5:12).

^ აბზ. 26 იესოს ოჯახის წევრები — დედა და და-ძმები — სახარებებში მოხსენიებულნი არიან, მაგრამ იოსები იესოს მსახურების შესახებ ჩანაწერებში არ გვხვდება. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მარიამი მონაწილეობდა ქორწილში, რომელიც კანაში იყო. მან რაღაც საკითხში ინიციატივაც კი აიღო საკუთარ თავზე. არაფერი მოწმობს იმაზე, რომ იმ დროს იოსებიც იქ იყო (იოანე 2:1—11). ბიბლიის სხვა მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ მშობლიურ მხარეში დაბრუნებულ იესოს ხალხი უწოდებდა არა იოსების ვაჟს, არამედ „მარიამის ვაჟს“ (მარკოზი 6:3).

^ აბზ. 28 ბიბლიაში მოცემული მკვდრეთით აღდგომის იმედთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 7.

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

 ჰყავდა იესოს და-ძმები?

დიახ, იესოს ჰყავდა და-ძმები. ზოგი თეოლოგი თავისებურად ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს ეს ფაქტი, მაგრამ სახარებებში რამდენიმე ადგილას პირდაპირაა ნათქვამი, რომ იესოს ჰყავდა და-ძმები (მათე 12:46, 47; 13:54—56; მარკოზი 6:3). ბიბლიის მკვლევარებს ორი მიზეზი მოჰყავთ თეოლოგების მოსაზრებების გასაბათილებლად. პირველი მიზეზი ის არის, რომ თეოლოგებს სურთ, ამ ფაქტის უარყოფით მხარი დაუჭირონ ეკლესიის სწავლებას, რომლის თანახმადაც მარიამი მთელი ცხოვრება ქალწული იყო. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ თეოლოგებს ვერ მოჰყავთ ამ განაცხადის საფუძვლიანი მტკიცებები.

მაგალითად, თეოლოგების ერთი მოსაზრების თანახმად, იესოს ეგრეთ წოდებული ძმები იოსებს სხვა ქორწინებიდან ჰყავდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მარიამს ცოლად მოიყვანდა. ეს თეორია სინამდვილეს მოკლებულია, რადგან ასეთ შემთხვევაში იესო არ იქნებოდა პირმშო და შესაბამისად არც კანონიერი უფლება ექნებოდა, რომ მიეღო დავითის სამეფო (2 სამუელი 7:12, 13).

თეოლოგებს მეორე არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ძმებში ჩვეულებრივ იგულისხმება იესოს ბიძაშვილები, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ წერილებში „ძმების“, „ბიძაშვილებისა“ და „ნათესავების“ აღსაწერად სხვა სიტყვები გამოიყენება. მკვლევარი ფრანკ გეიბელაინი თეოლოგთა მოსაზრებებს „მცდარს“ უწოდებს და ამბობს: «ყველაზე ლოგიკური ახსნა ის არის, რომ სიტყვა „ძმებში“ . . . იგულისხმება მარიამისა და იოსების შვილები, ანუ იესოს ძმები დედის მხრიდან».

[ჩარჩო 7 გვერდზე]

 მან გაბედულება გამოავლინა და რელიგია შეიცვალა

მარიამი ებრაულ ოჯახში აღიზარდა და იუდაური რელიგიის მიმდევარი იყო. ის დადიოდა ადგილობრივ სინაგოგაში, სადაც ებრაელები ღმერთს თაყვანს სცემდნენ, და იერუსალიმში მდებარე ტაძარში. მაგრამ, როცა მარიამმა მეტი გაიგო ღვთის განზრახვების შესახებ, მან დაინახა, რომ წინაპრების მიერ გადმოცემული ტრადიციები ღვთისთვის მოსაწონი აღარ იყო. იუდეველთა რელიგიურმა წინამძღოლებმა მისი ვაჟი, მესია მოკლეს. ვიდრე ეს მოხდებოდა, იესომ თქვა: „აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (მათე 23:38). ღმერთმა მეტად აღარ აკურთხა ის რელიგიური სისტემა, რომელშიც მარიამი აღიზარდა (გალატელები 2:15, 16).

როდესაც ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა, მარიამი დაახლოებით 50 წლის იქნებოდა. რა უნდა გაეკეთებინა მას? უნდა ეთქვა, რომ იუდეველთა რელიგიურ სისტემაში დაიბადა და ამიტომ არ სურდა, მამა-პაპის ტრადიციებისთვის ეღალატა? ან თავი იმით ხომ არ უნდა ემართლებინა, რომ ასაკში იყო შესული და უკვე აღარ უნდოდა რელიგიის შეცვლა? რა თქმა უნდა, არა! მარიამს კარგად ესმოდა, რომ ამიერიდან ღმერთი ქრისტიანულ კრებას აკურთხებდა. ძლიერი რწმენის წყალობით მან გაბედულება გამოავლინა და რელიგია შეიცვალა.

[სურათი 5 გვერდზე]

ეგვიპტეში გაქცევა

[სურათი 8 გვერდზე]

ყველაზე საშინელი განსაცდელი დედისთვის